ანა კალანდაძე – კარჩაკეტილი პოეტის საიდუმლოებები

12 ოქტომბერი, 2015

ana-kalandadzeქართული პოეზიის დედოფლად წოდებული ანა კალანდაძე თავისი ლექსებით თითოეული ქართველისთვის გამორჩეულად ახლობელი ადამიანია. განსაკუთრებულად ფაქიზი სულის პოეტს კოლეგებიც განსაკუთრებული სითბოთი ეპყრობოდნენ და ხელისგულზე ატარებდნენ. ისინი დღესაც ერთხმად აღიარებენ, რომ მას სუსტი ლექსები თითქმის არ ჰქონდა. ალბათ ბევრისთვის დაუჯერებელია, რომ იყო დრო, როცა ანა კალანდაძის პოეზია იკრძალებოდა.

“არტინფო” ანა კალანდაძის ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპებს გაგახსენებთ.

ანა კალანდაძე ფაქიზი სულის პატრონი იყო. მან ლექსების წერა 11 წლის ასაკში დაიწყო და დრთოა განმავლობაში მისი შემოქმედება უსაზღვროდ პოპულარული გახდა. მართალია პოეტის ცხოვრების გზა ია-ვარდებით მოფენილი არ ყოფილა, მისი ლექსების ბეჭდვაც ბევრჯერ აკრძალეს და უსამართლო დამცირებაც არაერთხელ აიტანა, მაგრამ მისთვის განსაკუთრებით მტკივნეული აღმოჩნდა ის ფაქტი, როცა პარტიის წევრობა დააბრალეს. ერთმა მწერალმა დაწერა, თითქოს ანა კალანდაძე პარტიის წევრი იყო. ეს რომ წაიკითხა, ძალიან ეწყინა, რადგან არასდროს ყოფილა პარტიის წევრი და რატომ მაბრალებენო. თანაც არ უნდოდა, ეწყენინებინა იმ პიროვნებისთვის, ვინც ეს აზრი გამოთქვა, ის ცნობილი ქართველი მწერალი იყო. პოეტმა გადაწყვიტა, დაეწერა განცხადება, გაზეთში გამოექვეყნებინა, ოღონდ ის პიროვნება არ მოეხსენიებინა. მართლაც, ასე მოიქცა, დაწერა, რომ არასდროს ყოფილა კომუნისტური პარტიის წევრი და დაბეჭდა მაშინდელ პრესაში. ახლა ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ მის პოეზიაში იყო ლექსები სტალინზე, ლენინზე, რომლის დაწერასაც პოეტს აიძულებდნენ. საბჭოთა ხელისუფლება მხოლოდ აქტუალურ თემაზე დაწერილ იდეურ ლექსებს ითხოვდა და წმინდა ლირიკას ებრძოდა. ანა კალანდაძე თავისი შემოქმედებით წმინდა ლირიკოსი იყო. ამის გამო იგი გააკრიტიკეს, რაც გულთან მიიტანა. განიცდიდა, თანაც ორმაგად განიცდიდა, რადგან მოკრძალებული და ამავე დროს მგრძნობიარეც იყო. ვიდრე სტალინი ცოცხალი იყო, ლიტერატურაში ეს რეჟიმი გრძელდებოდა, შემდეგ, 60-იან წლებში, უფრო ადვილად შეიძლებოდა ლირიკული ლექსების დაბეჭდვა.

პირველად რომ გამოჩნდა ანა კალანდაძე და დიდი პოპულარობა მოიხვეჭა, რამდენიმე თვის შემდეგ ჟურნალ “ზვეზდას”, ასევე, სხვა რუსული ჟურნალების გამო დადგენილება გამოვიდა და დაიწყო რეჟიმი მწერლობაში. ამ გაუგებრობაში მოჰყვა ანა კალანდაძე, თანაც ახალგაზრდა იყო და ამიტომაც გააკრიტიკეს. არა მარტო გააკრიტიკეს, მერე არც იბეჭდებოდა მისი ლექსები და მისი წიგნები დამახინჯებულად გამოდიოდა.

როცა საბჭოთა მწერლების დელეგაცია იტალიაში გაემგზავრა, საქართველოდან მხოლოდ ორი პოეტი გაუშვეს, ვახტანგ ჯავახაძე და ანა კალანდაძე. იტალიაში ხუთი მამაკაცი გაემგზავრა და ერთი ქალი ახლდათ – ანა კალანდაძე. მათთან ერთად იყო აზერბაიჯანელი მწერალი ფიქრედ გოჯა, რომელიც ქართველ პოეტს ანა-ხანუმს ეძახდა. მოგვიანებით ანამ ფიქრედს ლექსი მიუძღვნა და ქვემოთ მიაწერა, ანა-ხანუმისგანო. იტალიაში ითარგმნა ქართველი პოეტების ლექსები და უნდა გამოცემულიყო წიგნი, მაგრამ ის წიგნი ჯერ კიდევ გავრცელებული არ იყო და ანა კალანდაძის ლექსები იტალიელებისთვის მაშინ ცნობილი არ იყო.

პოეტი ზოგიერთი ლექსის პირველ ვარიანტში თავის სათქმელს ბრჭყალებით ამბობდა. ამის მაგალითია “სხვა საქართველო სად არის”, რადგან საბჭოთა პერიოდში ასეთი ეროვნული სტრიქონების გაჟღერება არ შეიძლებოდა. ცენზურის თავის ასარიდებლად ანა კალანდაძე ირწმუნებოდა გრიგოლ ორბელიანის ფრაზის გამეორების გამო ვსვამ ბრჭყალებსო. თუმცა, ეს მისი ჩვევა და დაუწერელი კანონი იყო – თუკი პოეტი თავის ლექსში რომელიმე პოეტის ნებისმიერ ციტატას, თუნდაც ორ სიტყვას გამოიყენებდა, უეჭველად ბრჭყალებში სვამდა.

ერთხელ ანა კალანდაძის პოეზიის საღამო გაიმართა, პოეტი თავის ლექსებს სავარძელში დამჯდარი კითხულობდა. დავით აღმაშენებლის ლექსის წაკითხვა რომ დაიწყო, ფეხზე წამოდგა “ფეხი დამადგით, გულზე დამადგით ფეხი ყოველთა”. სახელოვანი მეფის მიმართ მოწიწების ნიშნად პოეტი მხოლოდ ამ ლექსის დროს წამოდგა ფეხზე. ბევრ რამეზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ არასდროს მისულა პოეტი გამომცემლობაში და თვითონ არ უთხოვია წიგნის გამოცემა. მურმან ლებანიძეს, სიმონ ჩიქოვანს და ვახტანგ ჯავახაძეს ამ მხრივ ინიციატივა ხშირად გამოუჩენიათ, რომ მისი წიგნი გამოსულიყო.

ანა კალანდაძე კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა, არც ინტერვიუები უყვარდა და არც ხალხმრავლობა. მას ჰყავდა მგობრების გარკვეული წრე, რომლებთანაც ბოლომდე იხსნებოდა და თავის გულისნადებს უზიარებდა. ამას კოლეგები პოეტის განსაკუთრებლობას მიაწერდნენ. ამბობდნენ, დიდი პოეტები მიდრეკილნი არიან მარტოობისკენ და დახურულ ცხოვრებას ეწევიანო. ამის გამო, ანა კალანდაძეს ხშირად ადარებდნენ გალაკტიონს. თუმცა პოეტი თხოვნაზე უარს ვერ ამბობდა და როცა დათანხმდებოდა, მერე კიდევ სწუხდა, ახლა სხვაგან მეპატიჟებიანო. რაკი ხალხი ასეთ სიყვარულს უცხადებდა, იძულებული იყო, წასულიყო მათთან.

ანა კალანდაძე გათხოვილი იყო პოეტ შალვა მჭედლიშვილზე, რომელსაც პოეტი ადრევე იცნობდა. შალვა რეპრესირებული გახლდათ და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, გადასახლებიდან რომ დაბრუნდა, სტალინზე პოემა დაწერა. ყველასთვის უცნობია, რატომ არ გაუმართლა პოეზიის დედოფალს პირად ცხოვრებაში და რატომ დაშორდა მეუღლეს. ბევრი მისი კოლეგა აცხადებდა, რომ ანა კალანდაძე გათხოვილი და ოჯახის ქალი ვერც კი წარმოედგინა. სამწუხაროდ, ანა კალანდაძეს შთამომავალი არ დარჩენია. როცა პოეტი იტალიაში, სიცილიაში იმყოფებოდა, საბჭოთა დელეგაცია წაიყვანეს პოლიციაში, სადაც თითის ანაბეჭდები აუღეს, სურათები გადაუღეს, რადგან მაშინ ყველას ამოწმებდნენ. დაკითხვის დროს, როცა დოკუმენტაციას ავსებდნენ და ანას ჰკითხეს გათხოვილი ხართო, მან კი უთხრა, არა, მე ნაქმარევი ვარო. მიუხედავად იმისა, რომ ანა კალანდაძეს მეუღლე არ ჰყოლია, მას მამაკაცები საკუთარი გრძნობების გამხელას ვერ უბედავდნენ. პოეტს ბევრი მეგობარი მამაკაცი მწერლები ჰყავდა, მაგრამ პოეზიის დედოფალს პატივს სცემდნენ, როგორც პიროვნებას.

პოეზიის დედოფალს ჰყავდა ძმის ოჯახი, რომელიც მის გვერდით ცხოვრობდა. სიცოცხლის ბოლომდე მას სწორედ ძმის ოჯახი პატრონობდა. მისი მეგობრები ამბობენ, რომ პოეტს ორჯერ გაუმართლა ცხოვრებაში, როცა შესანიშნავი დებიუტი ჰქონდა და როცა მისმა ძმამ ზურაბმა შეირთო თინა ყანდარელი. რძალი და ძმისშვილები ხელის გულზე ატარებდნენ ანას, ყველანაირ პირობებს უქმნიდნენ, რომ მხოლოდ საყვარელი საქმით დაკავებულიყო. პრაქტიკულ საქმიანობაში, ოჯახში ანა აბსოლუტურად უმწეო იყო, ისევე, როგორც ყველა დიდი პიროვნება.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ინიციატივით ანა კალანდაძე მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს. მისი კოლეგების აზრით, წარმოუდგენელიც იყო, პოეზიის დედოფალი მთაწმინდაზე არ დაეკრძალათ, რადგან ანა კალანდაძე მარტო პოეტი კი არა, საგალობლების ავტორიც იყო.

გააზიარეთ

 
...