15 სექტემბერი, 2015

მიხეილ ჯავახიშვილი – უსამართლობას შეწირული გენიოსი

1mixeil-javaxishvilis-istoriaყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ მწერალი მიხეილ ჯავახიშვილი 1937 წლის რეპერსიებს შეეწირა. ის ქვიშხეთში დააპატიმრეს და ორთაჭალის ციხეში საშინლად აწამეს. მის წამებაში ლავრენტი ბერიაც მონაწილეობდა. საბოლოოდ მწერალი დახვრიტეს. მისი უფროსი ქალიშვილი 22 წლის იყო, უმცროსი კი 8-ის. წლების განმავლობაში მწერლის ოჯახი გარიყული იყო, მათ სამშობლოს მოღალატის შვილები ერქვათ და მათთან ურთიერთობა სიკვდილის ტოლფასი იყო, მაგრამ იყვნენ ისეთი ადამიანებიც, ვისაც სჯეროდათ მიხეილ ჯავახიშვილის უდანაშაულობის და პატიოსნების. 17 წლის მანძილზე ის ქვეყნის მოღალატის და ხალხის მტრის სახელს ატარებდა და მხოლოდ რეაბილიტაციის შემდეგ შეძლო ამ იარლიყის მოშორება.
მას თავისუფლად შეეძლო 1924 წლის მოვლენების შემდეგ საფრანგეთში წასულიყო და უზრუნველი ცხოვრება დაეწყო, მაგრამ სამშობლოზე ფიქრი მოსვენებას არ აძლევდა. ის ხშირად აკეთებდა ჩანაწერებს უბის წიგნაკში და აი, ერთ-ერთი მათგანიც: “ბნელ ღამეს მამადავითის სასაფლაოზე ავედი. ილია გაცოცხლებულიყო, წამომყვა, საქართველო დავატარე. ყველაფერი ვანახე… დიდხანს მესაუბრა… ვეღარ გაუძლო, ვიღუპებითო და ისევ საფლავში ჩავიდა”.

“არტინფო” მწერლის ტკივილიან და ტრაგიკულ ცხოვრებას შემოგთავაზებთ:

 

მიხეილ ჯავახიშვილი ბავშვობიდანვე განსხვავებული ბავშვი იყო. შეუპოვარი და უშიშარი ხასიათი ჰქონდა. ღამე ტყეში უშიშრად გაათენებდა. მისი შემოქმედება, მისი გამოსვლები ყოველთვის უკავშირდება მის ბუნებას. თითოეული ნაწარმოები მის ბიოგრაფიასთან არის დაკავშირებული. მისი შვილები ხშირად იგონებდნენ, რომ მწერალს შეეძლო საათობით ჩაფიქრებული და გარინდული მჯდარიყო. რაზე ფიქრობდა ან რა აწვალებდა, არავინ იცოდა. ყველაფერს გულში იხვევდა. წუხდა თავისი ერის გამო. ერთხელ, სახლიდან ფეხით მიდიოდა მწერალთა კავშირში, ზამთარი იყო და ციოდა. მას გზაზე დაუთვლია, რამდენი ადამიანი იყო უპალტოოდ ქუჩაში მოსიარულე. ის არ იყო განდგომილი მწერალი, რომელიც მხოლოდ წერს. ის ქვეყნის ავ-კარგზეც ფიქრობდა. ოჯახში თავის დარდზე არ საუბრობდა. მწერალი ოჯახში მხიარული და მოსიყვარულე იყო. არ შეეძლო ის არ ეთქვა, რაც ხდებოდა, რასაც ხედავდა და რაც აწუხებდა. ციხეში, თავის საკანში უთქვამს: ჩემმა პირდაპირობამ და პოპულარობამ დამღუპაო.

 

მიხეილ ჯავახიწვილს და ლავრენტი ბერიას არასოდეს ჰქონდათ კარგი ურთიერთობა. მწერალი ახლოს არ იკარებდა სისხლისმსმელ ჩეკისტს. მან ბევრი უდანაშაულო ადამიანი გაწირა. მწერალი ჩეკისტთან შეუპოვარი იყო. თავად ბერია ყველანაირად ცდილობდა, რომ ჯავახიშვილი მასთან მისულიყო და დაახლოებოდა. ერთხელ, ნინო გეგეჭკორი შეხვედრია მწერალს და უთქვამს, “ბატონო მიხეილ, ჩვენ არ გვკადრულობთ? იქნებ მობრძანდეთ ჩვენთან სახლში. თქვენ ლავრენტი პავლოვიჩი დიდ პატივს გცემთ. სამსახურიდან დაღლილი რომ მოდის, თქვენს “არსენა მარაბდელს” ვუკითხავო…” ასეთი მიპატიჟების მიუხედავად, მიხეილ ჯავახიშვილი მათთან სტუმარად არ მივიდა. თავისი მეუღლისთვის მწერალს ბევრჯერ უთქვამს: “მე მასთან ვერ მივალ და გუნდრუკს ვერ ვუკმევ”. თუმცა, მეუღლე სთხოვდა: “მიდი, ცუდი პერიოდია, იქნებ გადარჩე დაჭერას ან გადასახლებასო”. ის კი ჯიუტად იდგა უარზე.

 

ბერიამ ჯავახიშვილს სიამაყე ვერ აპატია. მას უყვარდა მლიქვნელი ხალხი. ბერიასთან მისული ბევრი მწერალი გადარჩა. მასთან მისვლით ყველამ ქედი მოიხარა. მიხეილ ჯავახიშვილი კი არ აპირებდა ქედის მოხრას ამ უვიც ჩეკისტთან. რადგან მწერალი ვერ დაიმორჩილა, გადაემტერა. მას ჩამოუყალიბდა აზრი, რომ ჯავახიშვილი მისთვის საშიში პიროვნებაა. სამწუხაროდ, ამ აზრის ჩამოყალიბებაში ბერიას “დაეხმარნენ” ის დამსმენები, რომლებიც ჯავახიშვილის გამოსვლებს, აზრებს და სიტყვებს ბერიას მოახსენებდნენ. ერთხელ, მწერალს გზაზე თავისი კოლეგა მწერალი შეხვედრია. გამოტეხვის მიზნით, მამასთვის უთქვამს: “ბატონო მიხეილ, ნახეთ, რა კარგი დრო დაგვიდგა”. მამას კი პირდაპირ მიუხლია: “რა კარგი დრო არის, ჩეკისტი გვაზის თავზე!” როდესაც ბერიამ მწერალი აწამა, წამების და ცემის შედეგად ის იატაკზე დაეცა. ბერიამ მწერალს გულზე დაადგა ფეხი და უთხრა: “აი, ახლა გაზის ჩეკისტი თავზე”. ალბათ, მიხეილ ჯავახიშვილს იმ წუთში გაახსენდა ის მწერალი, რომელსაც ეს სიტყვები უთხრა, მაგრამ საზოგადოებისთვის დღემდე უცნობია მისი ვინაობა.

 

მიხეილ ჯავახიშვილი ბევრ კოლეგას არ უყვარდა, რადგან ის გამორჩეული იყო. ამიტომაც ებრძოდნენ მწერლები. პროლეტარი მწერლები საშინელ დღეში აგდებდნენ. მასთან სახლში მწერლები ხშირად მიდიოდნენ და პრეფერანსს თამაშობდნენ. მიხეილ ჯავახიშვილი კარტს კარგად თამაშობდა, ხშირად უგებდა კიდეც. ერთხელ, ერთ-ერთმა მოთამაშემ ვეღარ მოითმინა და ამოხეთქა: “რა არის ბატონო მიხეილ, მწერლობაშიც გვჯობნით და კარტის თამაშშიცო”. იყო რამდენიმე მწერალი, რომლებსაც არ ავალებდნენ ჯავახიშვილის დასმენას, ისინი თავად იჩენდნენ ინიციატივას “კეთილი” საქმის გასაკეთებლად. ამით კი ცდილობდნენ, ხელისუფლების მხრიდან პატივისცემა დაემსახურებინათ.
მწერლის ქალიშვილები ხშირად ამბობდნენ, მიხეილ ჯავახიშვილი ერთხელ მაინც რომ მისულიყო ბერიასთან და თავისი პატივისცემა დაედასტურებინა, გადარჩებოდა, ისევე როგორც ბევრი საზოგადო მოღვაწე გადარჩაო. მართლაც მწერალი ბერიასთან მივიდა და მხოლოდ ერთადერთხელ, ისიც იმიტომ რომ მეტეხის პლატოზე არსებული უძველესი, წმინდა შუშანიკის სახელობის ეკლესია უნდა დაენგრიათ, მაგრამ ჯავახიშვილმა, შევარდნაძემ და ორმა სხვა პიროვნებამ არ დაანგრევინეს ტაძარი. მწერალი ამ ეკლესიის გადასარჩენად მივიდა და დაუმტკიცა, რომ უწიგნური იყო. ჯავახიშვილმა ის უთხრა ბერიას, რასაც მასზე ფიქრობდა. თუმცა, ისიც იცოდა, რომ ამ სიტყვებს ჩეკისტი არ აპატიებდა და არც აპატია.

 

სტალინმა მიხეილ ჯავახიშვილი მოსკოვში წითელი დროშის შრომის ორდენით დააჯილდოვა. იქ შეხვდა ბერიას, მაგრამ მათ შორის საუბარი არ ყოფილა. სტალინი იცნობდა, როგორც მწერალს. მისი სამაგიდო წიგნი იყო “არსენა მარაბდელი”. ბერიამ სტალინთან ისე დაახასიათა ჯავახიშვილი, ისეთი ფაქტები აჩვენა, რომ სტალინს უთქვამს: “ძალიან სამწუხაროა ეს ამბავი”. სტალინმა აღარ გადაამოწმა ბერიას ფაქტები და ხელი მოაწერა მწერლის დახვრეტის ბრძანებას. ლავრენტი ბერია ასე სასტიკად არცერთ მწერალს არ მოქცევია. მისი ბრძანებით მიხეილ ჯავახიშვილი ორჯერ მოკლეს, ერთხელ სულიერად და მეორედ ფიზიკურად. ხალხის თვალში მწერალი დამნაშავე უნდა გამოსულიყო. შალვა დადიანის პირველი მეუღლე ქეთევან ირემაძე მწერლის მეუღლეს მოუყვა, რომ მწერალთა კავშირში ბერიამ კრება ჩაატარა და ყველას დასანახად ფურცელი ააფრიალა, სადაც ჯავახიშვილის აღიარება ეწერა. ბოლოს კი უთქვამს: “სამწუხაროა, რომ ასეთი რანგის მწერალმა ასეთ სამარცხვინო საქმიანობას მიჰყო ხელი. ის სამშობლოს მოღალატე და ჯაშუშია”. ბერიამ ნიადაგი შეამზადა და ხალხის თვალში მწერლის სახელი დააკნინა. მას მოკავშირეები უნდოდა, რომლებიც დაუდასტურებდნენ, რომ ჯავახიშვილი მართლაც მოღალატე და ჯაშუში იყო. ამიტომაც მოექცნენ მწერლები ასე სასტიკად. 1937 წლის 8 ივნისს პრეზიდიუმის სხდომაზე საშინლად გალანძღეს და ათასი უბედურება დააბრალეს. მაგრამ მწერალი სასოწარკვეთილებაში არ ჩავარდნილა. ის სულ ამბობდა: “ეგენი ვერ მომერევიან, მსხვილი ძვალი მაქვს და ყელზე დავადგებიო…”

 

მიხეილ ჯავახიშვილს შეეძლო 1924 წლის მოვლენების შემდეგ საზღვარგარეთ წასულიყო და ბოლშევიკურ ხელისუფლებას გარიდებოდა. ის საფრანგეთში სწავლობდა და ფრანგული ენაც კარგად იცოდა, მაგრამ თავად არ ისურვა სამშობლოს დატოვება. ის ხედავდა, რომ ქვეყანაში არსებობდა დიქტატურა, განუკითხაობა და ცდილობდა, რაღაცით მაინც ეშველა თავისი ხალხისთვის. როდესაც მიხეილ ჯავახიშვილი “ჯაყოს ხიზნებს” წერდა, თავის უბის წიგნაკში ასეთი ჩანაწერი გააკეთა: “ჯაყოს 1924 წლის სექტემბერ-ოქტომბერში ვწერდი. ვწერდი და ვგრძნობდი, რომ ჩემს გულს ცეცხლი ედებოდა, ხოლო სული იმ დროს სისხლში მქონდა ამოვლებული”. ამ რომანში ბევრი ისეთი ფაქტია ჩადებული, რომელიც იმ დროს მწვავედ იდგა ერის ცხოვრებაში.

გააზიარეთ
600x90_E
283x250_B
Загрузка...
loading...