იპოლიტე ხვიჩიას აუხდენელი ოცნება

4 სექტემბერი, 2015

1ipoალბათ გაგიკვირდებათ როცა გაიგებთ, რომ ცნობილ ადამიანებსაც აქვთ აუხდენელი ოცნებები. წარმატების და პოპულარობის მიუხედავად, მათი ცხოვრება ისე გადის, რომ ისინი მთავარი ოცნების რეალობად ქცევას ვერ ახერხებენ.

ყველასთვის გამორჩეულად საყვარელი ქართველი მსახიობი იპოლიტე ხვიჩია მთელი ცხოვრება იმაზე წუხდა, ტრაგედიისთვის დაბადებული კაცი კომედიაში ვიღუპებიო. ტრაგიკული როლის თამაში მისი მთავარი ოცნება იყო.

“არტინფო” ამ ლეგენდარული მსახიობის თეატრალური ცხოვრების უცნობ ეტაპებს შემოგთავაზებთ.

 

უკვე ყველამ კარგად იცის, რომ იპოლიტეს ნამდვილი გვარი ყვინჩია იყო. ის მისი მრავალშვილიანი მშობლების მეექვსე შვილი გახლდათ. მისი სამსახიობო ნიჭი პატარაობიდანვე გამოვლინდა. მომავალი მსახიობი საათობით იდგა სარკის წინ და თავის უფროს ძმას ბაძავდა. იპოლიტეს პირველი ზიარება თეატრალურ სამყაროსთან მისივე სკოლაში მოხდა, სადაც უფროსმა ძმებმა დრამატული წრე დააარსეს. მსახიობი თავიდან თითქოს მოიხიბლა ამ სამყაროთი, მაგრამ სრულიად მოულოდნელად 14 წლის ასაკში თბილისში ჩამოვიდა და სწავლა სამრეწველო ეკონომიკურ ტექნიკუმში გააგრძელა. იპოლიტე ხვიჩია სასწავლებლის დამთავრების შემდეგ სხვადასხვა ქალაქების ქარხნებში მუშაობდა.
მისმა ძმამ საშამ ხონის მუშა-ახალგაზრდობის თეატრი ჩამოაყალიბა და მისი სამხატვრო ხელმძღვანელი და რეჟისორი იყო. მას “ვარდელის” ფსევდონიმი ჰქონდა და ორ პიესაზე მუშაობდა – “ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს” და “ჩათრევას ჩაყოლა სჯობია”. საშამ იპოლიტეც მიიწვია თეატრში და 22 წლის ასაკში მისი სამსახიობო კარიერაც დაიწყო.

 

იპოლიტე ხვიჩია საკუთარ ძალებს არ იშურებდა, თავგამოდებით მუშაობდა, წარმატებებსაღ აღწევდა, მაგრამ ერთ რამეზე წუხდა – მე, ტრაგედიისთვის დაბადებული კაცი, კომედიაში ვიღუპებიო! მან საკუთარი დედაც კი მიუგზავნა საშა-რეჟისორს “დამეხსნას თავისი კომედიური როლებითო”. მოგვიანებით მსახიობი თავად გახდა სამსხატვრო ხელმძღვანელი ტყიბულის მეშახტეთა ცენტრალურ კლუბში და ორი წლის განმავლობაში ხან მსახიობი იყო და ხანაც რეჟისორი.

 

ქუთაისის თეატრში დირექტორად და სამხატვრო ხელმძღვანელად დოდო ანთაძე მივიდა. ის დასს ახალი მსახიობებით აკომპლექტებდა და იპოლიტეც მიიწვია. მათი მოლაპარაკების დროს დიალოგი მცირეოდენი იუმორითაც წარიმართა:
– მობრძანდი, დაბრძანდი, წარმომიდექი…
– ახლა არ ვიდექი და დაჯექიო? მე იპოლიტე ვარ ყვინჩია…
– ააა… ყვინჩია, არა? მერე? შევცვალოთ “ყ” “ხ”-თი, რა მოხდება, ამით, დაშავდება რამე ვითომ?
– არც არაფერი, ერთი ოხერია ორივე!
ასე გახდა კუშიე ყვინჩია იპოლიტე ხვიჩია.

 

მისი როლები მაყურებელს სიცოცხლის ძალას მატებდა, მაგრამ თავად არ სურდა კომედიური როლები და მთელი ცხოვრება იხვეწებოდა, რა დაგემართათ, ერთი ტრაგიკული როლი რა გაგიხდათ ჩემთვისო. მას ეს ნატვრა ერთხელ კინაღამ რეალობად ექცა კინოში, მაგრამ მაშინ ამ როლს სხვა შემსრულებელი გამოუჩნდა. როგორც არ უნდა ეფიქრა იპოლიტეს საკუთარ თავსა და შესაძლებლობებზე, იგი მაინც შეუდარებელი კომიკოსი იყო. სცენაზე მის ყოველ გამოჩენას, ჯერ ღიმილი შემდეგ კი თავშეუკავებელ ხარხარი მოსდევდა მაყურებლისა. იპოლიტესათვის დამახასიათებელი განუმეორებელი იმპროვიზაციის უნარი კი ხშირად მრავალ კურიოზად ქცეულა სცენაზე თუ მის მიღმა.

 

ქუთაისში “ყვარყვარე თუთაბერი” ყოველთვის ანშლაგით მიდიოდა. ამ პიესის მთავარი გმირის შემსრულებელი კაპიტონ აბესაძე მუდამ თვითდაჯერებული იყო იმაში, რომ სცენაზე ვერანაირი მოულოდნელობა და კურიოზი ვერ გამოიყვანდა მდგომარეობიდან. მაგრამ არსებობდა ისეთი კურიოზიც, რომელსაც “იპოლიტე” ერქვა და კაპიტონის წარმოსახვაში ვერ თავსდებოდა.
იმ დროს, როცა ყვარყვარე თავის კაბინეტში შესული ჩამოძონძილი, ჩამოკონკილი, ფეხსაცმელმობრეცილი, ქუდჩამოფხატული წვინტლიანების, ყაყუტას, ქუჩარას და ლირსას ჩაყრას ბრძანებს ციხეში, პიესის მიხედვით გათვალისწინებულია, რომ ისინი ბადრაგს უნდა გაჰყვნენ, მაგრამ ქუჩარამ (იპოლიტემ) ასე გააგრძელა როლი:
დასტაცა ტელეფონის ყურმილს ხელი და უკუღმა ჩასძახა:
რევკომო, ალო, რევკომო! რევკომო, მოგვხედე, გვიშველე, ბატონო, არავინაა, მოგვხედოს ამ უპატრონოებს?
ტელეფონის ყურმილის უკუღმა მომარჯვება და ეს “რევკომო!” ისეთი მოულოდნელი იყო ყვარყვარეს როლის შემსრულებლისთვის, რომ მან (კაპიტონ აბესაძემ) ენა ვეღარ მოაბრუნა და სიცილი აუვარდა.
ამის შემხედვარე ქუჩარამ (იპოლიტემ) როლი ასე გააგრძელა:
აბა! რავა გეგონა შენ, რევოლუცია მარტო შენთვისაა, შენ გგონია, შენს მეტი, არავინ გვიპატრონებდა?
კულისებში დოდო ანთაძემაც ვერ შეიკავა თავი სიცილისაგან, გონს რომ მოეგო, “ფარდაო” დაიძახა. მაგრამ სპექტაკლის შემდეგ კრიტიკამ იპოლიტეს ეს იმპროვიზაცია არ მოუწონა.”

 

იპოლიტემ თავის მოღვაწეობაში ერთხელ კიდევ მიიღო საყვედური, ოღონდ ამჯერად თეატრის ხელმძღვანელობისაგან, მაგრამ ეს საყვედური, იმპროვიზაციისთვის კი არა, კაცური პრინციპების გამო შეხვდა:
მაშინ საქართველო თავის საყვარელ მსახიობს, გიორგი შავგულიძეს გლოვობდა. ამ დროს ქუთაისის თეატრში განაწილებული იყო პოლიკარპე კაკაპაძის “კოლმეურნის ქორწინების” როლები. ხარიტონის როლზე იპოლიტე ხვიჩია გახლდათ დანიშნული და რეპეტიციებიც უკვე დაწყებული იყო. თეატრი დედაქალაქში საგასტროლოდ ემზადებოდა და მისმა მაშინდელმა ხელმძღვანელმა და მთავარმა რეჟისორმა აკაკი ვასაძემ “კოლმეურნის ქორწინება” საგასტროლო რეპერტუარში შეიტანა.
იპოლიტე ხვიჩიამ იმდენად განიცადა გიორგი შავგულიძის გარდაცვალება, რომ სპექტაკლზე არ მივიდა, “ჟორას შემდეგ ამ როლს ვეღარ ვითამაშებო”, თქვა.
აკაკი ვასაძემ იპოლიტეს უარი არ მიიღო და ოფიციალური საყვედურიც კი გამოუცხადა მას…

 

კინოსტუდია “ქართულ ფილმის” მიწვევით იპოლიტე სამუშაოდ რუსთაველის თეატრში და “ქართულ ფილმში” გადავიდა და ოჯახთან ერთად თბილისში ჩამოვიდა საცხოვრებლად. რუსთაველის თეატრი დიდი სითბოთი და სიყვარულით შეხვდა თბილისში ჩამოსულ იპოლიტეს. მას ასეთი მისალმება დაახვედრეს:
“ჩვენო ძვირფასო იპოლიტე!
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება რუსთაველის თეატრში! გისურვებთ წარმატებას და მრავალ შემოქმედებით სიხარულს. რუსთაველის თეატრი ღრმად სცემს პატივს თქვენს ნიჭს და დღევანდელი დღეც ამის დადასტურებაა. იყავით მხნედ, როგორც თქვენ მშობლიურ ოჯახში, იყავით ბედნიერი და დღეგრძელი. რუსთაველის თეატრის კოლექტივი”.

 

60-იან წლებში დოდო ანთაძემ რუსთაველის თეატრში იპოლიტესთვის სპეციალურად დადგა ლევან სანიკიძის კომედია “ქუთათურები”. სპექტაკლში იყო ათწუთიანი ეპიზოდი, როცა მაგიდას იპოლიტე ხვიჩია, ემანუილ აფხაიძე, კარლო საკანდელიძე, ჯემალ ღაღანიძე და ხუთი მომღერალი უსხედან, ხსენებული ეპიზოდი კი სინათლის ჩაქრობით მთავრდებოდა.
მსახიობისათვის, რომელიც ოფიციანტს თამაშობდა, კახეთიდან ღვინო ჩამოეტანათ და მასაც უფიქრია, ამაზე უკეთეს ხალხს ვის დავალევინებო, უფიქრია და ღვინით სავსე ჭურჭელი კულისებში დაუდგამს, სპექტაკლისათვის განკუთვნილ ბოთლებშიც ეს ნამდვილი ღვინო ჩაუსხამს.
პიესის მიხედვით, ოფიციანტი ერთხელ უნდა შესულიყო სცენაზე და ცარიელი ბოთლები გაეტანა, ამჯერად კი ათჯერ მაინც მოუწია სავსე ბოთლების შეტან-გატანა. სცენა ათწუთიანიც კი არ იყო, მაგრამ ნახევარ საათს გაგრძელდა სადღეგრძელეობსა და ცეკვა-თამაშში.
ბოლოს ჯემალ ღაღანიძემ იპოლიტეს ჩუმად გადაულაპარაკა:
– გვეყო, ბატონო იპოლიტე, დავამთავროთ!
– შენ ხომ არ გაგიჟდი, რა უნდა დავამთავროთ?! ახლა ვიწყებ ქეიფს! – ჰკრა ხელი, გადააყენა თამადობიდან და დაიწყო სადღეგრძელოები. თამარ მეფიდან მოყოლებული ყველა დიდი მამულიშვილის სადღეგრძელო შესვა და არც მაყურებელი დაივიწყა:
“თქვენს მობრძანებას და ჩვენს დახვედრას გაუმარჯოსო; ვინც გარეთ დარჩა და სპექტაკლზე ვერ შემოვიდა, იმათი ხსოვნისაც იყოსო” და ასე შემდეგ… შიგადაშიგ ვერიჩკასაც ახსენებდა.
ჯემალ ღაღანიძემ მობოდიშებით ყურში ჰკითხა იპოლიტეს:
– ვერიჩკა ვინ არის?
იპოლიტემ კითხვითვე უპასუხა:
– აბა, ვისას ვართ?!
– ვერიჩკასას წუხელ ვიყავით, ახლა სცენაზე ვართ და დროზე დავამთავროთ, – არ ეშვებოდა ჯემალი, რომელსაც თავისი “გაბარიტების” გამო ღვინო ნაკლებად მოეკიდა.
– რა უნდა დავამთავრო?! – წამოხტა იპოლიტე მაგიდიდან, დანა აიღო, ჩაიდო პირში და დაიწყო ცეკვა.
ახლა კარლო საკანდელიძეს მიუბრუნდა ჯემალი ხვეწნით:
– ჩაარტყი, კარლო ბოთლი ძიძავას და შუქსაც ჩააქრობენ (პიესის თანახმად, სანამ საკანდელიძე ძიძავას მუყაოს ბოთლს არ ჩაარტყამდა, სინათლეს არ აქრობდნენ სცენზე. ბოთლის ჩარტყმა ნიშანი იყო გამნათებლისთვის).
– რა ჩავარტყა? ბუტაფორული ბოთლი ოფიციანტმა წაიღო, ნაღდს ხომ არ ჩავარტყამ?! – მოუბრუნდა კარლო.
– ჩაარტყი!
– კი ბატონო, ჩავარტყამ! – წაავლო ნამდვილ ბოთლს ხელი კარლომ და გაეკიდა შეშინებულ ძიძავას, რომელმაც სცენაზე დაიწყო სირბილი და ყვირილი, – მომკლავს, ხალხო, მომკლავს.
გამნათებელმა, როგორც იქნა, ჩააქრო სინათლე. სიცილით დაოსებული მაყურებელი კი იატაკზე გორავდა.
ეს იყო, ალბათ, რუსთაველის თეატრის არსებობის ისტორიაში პირველი და უკანასკნელი შემთხვევა, როცა მსახიობებმა სცენაზე ქეიფი ნამდვილი ღვინით გამართეს.”

 

ცივი ზამთარი იყო. ბუხუტი ზაქარიაძე სოფლიდან ჩამოვიდა, ჩამოიტანა გოჭი, ქათამი, დედას პურები და ბიჭები შინ მიიპატიჟა. კარგად რომ იქეიფეს, შუაღამისას იპოლიტემ წინადადება შეიტანა:
– ბუხუტის ტუალეტი ეზოს ბოლოსაა, ბარემ სახლებში გავიქცეთ და ამით ბუხუტიც გადარჩება და ჩვენცო.
შევარდა გათოშილი იპოლიტე სახლში. ღამის სამი საათია, ტუალეტში შესვლამდე ჩაიყო შარვალში ხელი, აქეთ მოიძია, იქით მოიჩხრიკა ის “მთავარი”, მაგრამ რად გინდა, სიცივეში მობუზული არსად ჩანდა; არადა, მეტის მოთმენა აღარ შეეძლო და სასოწარკვეთილმა იყვირა:
– ლუბა!
– რა იყო, კაცო, რა მოგივიდა? – გამოეხმაურა ლუბა საძინებლიდან.
– რა და, შენ რომ რამეს ხელს მოჰკიდებ, რომ არ დაიკარგოს, ხომ არ იქნება!

 

ერთხელ იპოლიტე ცოლს ახლობლის პანაშვიდზე გაჰყვა. ოთახში რომ შევიდა, მიმსვლელი თუ ჭირისუფალი მისკენ შებრუნდა და ყველამ ჩუმი სიცილი დაიწყო. იპოლიტემ წონასწორობა შეინარჩუნა, ჭირისუფალს მიუსამძიმრა და ჩქარი ნაბიჯით გაეცალა იქაურობას. ამის შემდეგ ქალბატონი ლუბა იპოლიტესთან ერთად პანაშვიდზე წასვლას ყოველთვის არიდებდა თავს.
ხსენებული უხერხული სიტუაციებით გაწამებულმა იპოლიტემ ერთხელ თხოვნითაც კი მიმართა ახლობლებს:
– თქვენი ჭირიმე, თუ ჩემ დაკრძალვაზე მოხვდებით, შეახსენეთ ჩვენებს, სურათი წინ არ გაიტანონ.
– რატომ, ბატონო იპოლიტე?
– ხალხი სურათის დანახვაზე გაიცინებს, მე კი მინდა, ამ ერთხელ მაინც მომეგებონ ცრემლითო.

 

იპოლიტე ხვიჩიამ სიცოცხლის ბოლო წუთებში ოჯახის წევრები შემოიკრიბა, თვალი გაჭირვებით მოავლო იქ მყოფთ და სიმწრით ჩაიღიმა:
– გიჭირთ ხომ?… მეც ძალიან მიჭირს, მაგრამ შალიკიასაც ძალიან უჭირდა მაშინ… – და მომაკვდავმა სვენებ-სვენებით დაიწყო:
– ადიდებულ რიონს შალიკია მოჰქონდა. ხიდზე გალაკუნა იდგა და მდინარის პირას მდგარ ივანიჩკას ჩასძახა… “რას მიშტერებიხარ ბიჭოოო… მოსდე ის კეტი და ამოსწიე… ეე, მაგერ ჯოხიო… ივანიჩკამ მოსდო ჯოხი და ამოათრია…. ამოათრია და დასცხო ხელოვნური სუნთქვა… ხაპავს და ხაპავს შალიკია წყალს, გალაქტიონმა ხიდიდან დაუძახა… ბიჭო, ამოაყოფიე მაგი ტრაკი წყლიდან, თვარა დაცალა რიონიო”…
იპოლიტემ ხელახლა მოავლო თვალი ყველას:
– წასულია ჩემი საქმე, ხომ?!.. არ იკივლოთ და არ შეძრათ ქვეყანა!
და იპოლიტეს ბაგეზე შეეყინა ბოლო სიტყვა…

გააზიარეთ

 
...