22 სექტემბერი, 2015

ერლომ ახვლედიანი: ,,ამისთვის ღირს ბრძოლა’’

1axvlediani_erlomმწერლისა და სცენარისტის ერლომ ახვლედიანის შემოქმედებამ თაობები გაზარდა. მისი ნაწარმოებები გულგრილს არ ტოვებს არც ერთი ასაკის მკითხველს. სხვადასხვა ენაზე თარმგნილი ერლომ ახვლედიანის შემოქმედება ადამიანს იმ  ღირებულებებზე ჩააფიქრებს, რაც სწორად ცხოვრებისთვის არის მნიშვნელოვანი.

“არტინფო” ერლომ ახვლედიანის გამონათქვამებსა და ციტატებს გთავაზობთ:

***

ჩვენი სამშობლოს თავისუფლების წადილი და სიყვარული მისადმი დაემსგავსა იმ უძვირფასეს განძს, რომელიც ტყვეობის წყვდიადშიც ინარჩუნებს თავის ბრწყინვალებას, მაგრამ ამოიტანეს რა დღის სინათლეზე, ჩაუქრა ფერები და დაკარგა მაგიურობა. იქნებ პირიქით მოხდა და ჩვენს მზესაც დაეფარა ლიბრი, ანდა თვალი მოგვჭრა დიდმა შუქმა. ის რაც უნდა გამხდარიყო ჩვენი ერთად ყოფნის საფუძველი ის იქცა გათიშვის მიზეზად;

***

ჩვენი სამშობლო ყოველმა ჩვენთაგანმა უნდა იხსნას, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავში;

***

ყოველი ცვლილების სარგებლიანობა იზომება არა იმით, რა იცვლება, არამედ იმით, რაც უცვლელი რჩება;

***

ჩემს იდეალებს მუდამ ვეძებდი ჩვეულებრიობაში, ნორმალურობასა და შეუმჩნევლობაში. ამ ვნებამ ეკლესიამდე მიმიყვანა. იგრძნო თავი სიტყვიერ ცხვრად – უდიდესი ბედნიერებაა. მაგრამ ამ სულიერ “კიდობანში” სხვა ამინდია, ხოლო მის გარეთ სულ სხვა. თუ კიდობანში თანდათან ურიგდები სიკვდილს და იყვარებ მას, გარეთ დარჩენილს სიკვდილის შიში გზარავს. ეს არ არის მხოლოდ ფიზიკური გაქრობის შიში, რადგან მანამ ცოცხალი ხარ, შინაგანად სიკვდილის წარმოსახვა ორმხრივ გახსნილია. შეუძლებელია, არ გაქრე და შეუძლებელია, გაქრე. ამას მხოლოდ სიკვდილის შემდეგ გაიგებ. ხუმრობით კი ვიტყვი: მოველი აღსასრულს, რათა საბოლოოდ დავრწმუნდე, რომ უკვდავი ვარ;

***

თუ სხვა შენზე უკეთ აკეთებს იმას, რაც შენ გსურს გააკეთო და ამას აღიარებ, შენს თავზე ერთი გამარჯვება ესაა!

***

შენი უპირატესობა ისიც შეიძლება იყოს, რომ შენ აღიარებ მის უპირატესობას;

***

ნუ დაისახავ მიზნად იყო ორიგინალური, რადგან ამ სურვილზე არაორიგინალური არაფერია. შენ არ უნდა ეცადო, რომ იყო განსხვავებული და ამით შენი განსხვავება უფრო გამოჩნდება. გამოხატვის ფორმის ძიებაში არ დაკარგო შენი შინაარსი;

***

შენი გამორჩეულობა შეიძლება სწორედ ის იყოს, რომ შენ არ ხარ გამორჩეული. გამორჩეულობა, პოპულარობა ხშირად ძალიან მავნეა, ლახვრად ექცევა შემოქმედს, ბევრი მათგანი დაუღუპავს პოპულარობას;

***

თუ შენ გულწრფელად შეიტკბე ის, რომ არ ხარ გამორჩეული, ეს კიდევ ერთი გამარჯვებაა საკუთარ თავზე, იქნებ საბოლოო გამარჯვებაც, რომელიც სულიერი სიმშვიდის გვირგვინს დაგადგამს;

***

საერთოდ, შენი რაობა, შენი არსება არ შეიძლება შედარების საგანი გახდეს. შედარებითი სრულყოფა არ არსებობს, მაგრამ შეგიძლია მიაღწიო სრულყოფას საკუთარ შესაძლებლობებში, ანუ შენ შეიძლება დაემჯობინო საკუთარ თავს;

***

ამისთვის ღირს ბრძოლა!

გააზიარეთ
600x90_E
283x250_B
Загрузка...
loading...