19 აგვისტო, 2015

ჰამლეტ გონაშვილის გარდაცვალების საიდუმლო

1hamletჰამლეტ გონაშვილი დღემდე შეუცვლელია ქართულ კულტურაში. მას ქართულმა საზოგადოებამ საქართველოს ბულბული უწოდა. 57 წლის ასაკში ტრაგიკულად გარდაცვლილი მომღერალი დღემდე უდიდესი სიყვარულით სარგებლობს მსმენელში.

ჰამლეტ გონაშვილის დაღუპვის საიდუმლო მისმა დედამ და მეზობლის ქალმა ბოლომდე ერთგულად შეინახეს და სამარეში ისე ჩავიდნენ, რომ სიმართლე არავის გაუგია.

ჰამლეტ გონაშვილის დიდი პაპა, თომა გონაშვილი, მღვდელი იყო, რომელსაც შვიდი შვილი ჰყავდა. იგი კახეთში მსახურობდა და სიცოცხლის ბოლომდე უფლის ერთგული დარჩა. ჰამლეტი რელიგიურ საკითხებში გარკევეული კარგად იყო, თუმცა ეკლესიურად არ ცხოვრობდა. ჰამლეტის ოჯახიდან პარტიის წევრი არავინ იყო, სამაგიეროდ, პარტიული იყო მისი მეუღლე. ამის მიუხედავად, ის ეკლესიაშიც დადიოდა და სანთლებსაც ანთებდა. როცა სახლში მოვიდოდა და მომღერალს ქმარს ეტყოდა, ეკლესიაში ვიყავი, შენ მაგივრად სანთელი დავუნთე მიცვალებულებს, ვინც შენი ხელიდან შენდობას ელისო, არაფერს ეტყოდა. ბოლოს მაინც ეკითხებოდა, როგორ შეხვედი ეკლესიაში და სანთელი როგორ დაანთეო.

ჰამლეტ გონაშვილს უფლის დიდების სწამდა. თვითონ ეკლესიაში არ დადიოდა, მაგრამ იმ პერიოდში საეკლესიო საგალობლები ჩაწერა ანსამბლ “რუსთათან” ერთად, რაც მის რწმენაზე მეტყველებდა. საგალობლები დისკის სახით გამოვიდა და ახლაც გაყიდვაშია. იმ პერიოდში პატრიარქთან არავის ჰქონდა მჭიდრო ურთიერთობა, გამონაკლისი არც ჰამლეტ გონაშვილი იყო. როცა ოჯახი მისი გარდაცვალების წლისთავს აღნიშნავდა, უწმინდესთან შეხვედრა დაიგეგმა და გადაწყდა, რომ პანაშვიდს საპატრიარქოში გადაუხდიდნენ. გამოითქვა სურვილი, რომ ანსამბლ “რუსთავს” საპატრიარქოში ცოცხლად ემღერა, მაგრამ ვერ გაბედეს საპატრიარქოში სიმღერა, ამიტომ საპატრიარქოს კაპელამ იმღერა. ორი წლის შემდეგ კი ანზორ ერქომაიშვილმა პატრიარქის საგალობლები და ლოცვები ჩაწერა.

მომღერალმა ისიც კი არ იცოდა, მონათლული იყო თუ არა. როდესაც გარდაიცვალა, მისმა დედამ თქვა, ჰამლეტი სახლში ვიმშობიარე, მესამე დღეს ძალიან ცუდად გავხდით მეც და ჩემი შვილიც, მოგვიყვანეს სახლში დეკანოზი და იქვე მონათლეს სამი დღის ჰამლეტიო. ამის შემდეგ დედაც გადარჩა და შვილიც.
მომღერლის მეუღლის თქმით, ჰამლეტ გონაშვილს ამ პერიოდში რომ ეცხოვრა, ძალიან გაუჭირდებოდა. მისი მტკიცებით, მისთვის ნამდვილად სჯობდა, მაშინ გარდაცვლილიყო და დღევანდელობას არ მოსწრებოდა. იგი ტრადიციების მოყვარული, პატრიოტი კაცი იყო, მთელი საქართველო ფეხით ჰქონდა მოვლილი, ბიოლოგი იყო სპეციალობით. ისტორია უყვარდა, ბავშვები სულ თან დაჰყავდა. ქვაც რომ ეგდო ქუჩაში, იმასაც კი სხვანაირად აღიქვამდა. ერთხელ სამხრეთ საქართველოში საბაობაზე იყო წასული. საღამოს სახლში რომ მივიდა და მეუღლემ კარი გააღო, მომღერალი არ ჩანდა, ულამაზესი თაიგული მოეტანა, თან ეუბნებოდა, სამხრეთ საქართველოს ბუნება ჩამოგიტანეთო.

ჰამლეტ გონაშვილის ორივე შვილი დადიოდა ანსამბლ “მართვეში”, უმცროსმა უფრო დიდხანს იარა, უფროსმა კი მალევე დაანება თავი. ორივემ მუსიკალური ათწლედი დაამთავრა, უმცროსმა ფორტეპიანოს განხრით, მაგრამ პროფესიულ სცენაზე არც ერთი დგას.

“ჰამლეტი ძალიან განიცდიდა, რომ მას არ ჰქონდა სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომი. უკვე დაქორწინებულები ვიყავით, როცა უნდოდა დაუსწრებლად უნივერსიტეტში ჩაბარება და დამთავრება. ამბობდა, ქართველ კაცს უნივერსიტეტის დიპლომი როგორ არ უნდა ჰქონდესო. ახლა ცოტა დამშვიდებული ვარ, რომ მის ერთ შვილს უნივერსიტეტის დიპლომი აქვს. ასე დავაყენე გზაზე ორი ბიჭი უპატრონოდ, თუმცა ღმერთი რომ არა, მარტო ვერაფერს შევძლებდი,” – იხსენებს მომღერლის მეუღლე.

ჰამლეტ გონაშვილის გარდაცვალება ბურუსით იყო მოცული. მეზობლის ქალმა და მომღერლის დედამ ეს საიდუმლო თან წაიღეს. მას არც სიზმრების სჯეროდა და არც ცრურწმენების, რეალისტი კაცი იყო. საღამოობით სახლში ვახშამზე ორ ჭიქა ღვინოს სვამდა. ამ ორ ჭიქაში გარდაცვლილებს აუცილებლად მოიგონებდა, მაგრამ როგორც ცოცხლებს, ისე მოიხსენიებდა ხოლმე. სულ ამბობდა, მიცვალებულებს ცოცხლები ღმერთმა კარგად უმყოფოსო. როცა მეუღლე ეტყოდა, ვერ გავიგე, გარდაცვლილების სადღეგრძელოს სვამ თუ ცოცხლებს ადღეგრძელებო, ასე პასუხობდა, ის მიცვალებული თავისი ცოცხლებით აგრძელებს სიცოცხლეს, გენიალური სიტყვაა გარდაიცვალა, ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადავიდაო. ჰამლეტ გონაშვილს გარდაცვალებამდე ორი წლით ადრე ცოლისძმა გარდაეცვალა და სულ ამბობდა, ზურაბი ჩვენთან ერთად არის, ყველა მის მომგონებელშიაო. მას სიკვდილის არ ეშინოდა, მისი აზრით, სიკვდილი არ ნიშნავდა, რომ ყველაფერი დამთავრდა, ადამიანი ერთი სახიდან მეორეში გადადის.

“რაც წლები გადის, მისი სიტყვების ჭეშმარიტებაში ვრწმუნდები. ჰამლეტი ახლა უფრო ახლოს არის ჩემთან და უფრო ჩემშია, ვიდრე მაშინ, როდესაც იგი ცოცხალი იყო. არ მიყვარს სიტყვა ქვრივი, ჩემს თავს გონაშვილის ქვრივად არ მივჩნევ და ვერც ვამბობ ამ სიტყვას. მე ჰამლეტის მეუღლე ვარ. ჰამლეტი ცოცხალია და ის ჩემ გვერდით არის. თუკი რამით შემეძლო მისთვის მეუღლეობა გამეწია, ამ წლების განმავლობაში ამას ყოველდღიურად ვამტკიცებ. თუნდაც მისი შვილების გაზრდით, მისი ოჯახის განმტკიცებით, ყველაფრით გრძელდება. ჰამლეტი ფიზიკურად ჩემთვის შესახები არ არის, მაგრამ სულიერად ყოველთვის ჩემ გვერდით არის. სულ ვგრძნობ, რომ მეხმარება. ჰამლეტმა თავისი გარდაცვალებისთვის და კიდევ ბევრი უბედურებისათვის მამზადებდა, რომელიც თავს დამატყდა. ძმა გარდამეცვალა, ორი წლის შემდეგ თვითონ გარდაიცვალა, 10 წლის შემდეგ თბილისის ომის დროს ძმისშვილიც მომიკლეს. როდესაც ქმარი მომიკვდა, ჩემი შვილები 10 და 12 წლისები იყვნენ, მამა ადრე გარდაცვლილი მყავდა. ძმა, რომელიც ჰამლეტის სიცოცხლეშივე გვეხმარებოდა, ორი წლით ადრე გარდაიცვალა. მასაც სამი პატარა შვილი დარჩა, ჩემს მულსაც ორი შვილი ჰყავდა, მეუღლე კი არა. რომ მიმოვიხედე, გარშემო მხოლოდ ქალები და ბავშვები დავრჩით. ღმერთის ძალით და შეწევნით, ყველამ შევძელით ჩვენი შვილები ფეხზე დაგვეყენებინა. განა ეს სასწაული არ არის?”

სანამ ჰამლეტ გონაშვილი დაიღუპებოდა, ორი თვით ადრე, ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში კონცერტის წინ ჰქონდათ რეპეტიცია. საიდანღაც რაღაც სოლი ჩამოვარდა ჭერიდან, დაბლა დაეშვა და მილიმეტრებით ასცდა მომღერალს, ცხვირწინ ჩაუარა. მაშინ თქვა, ღმერთო, მილიმეტრებში გადავურჩი სიკვდილსო.

“ჰამლეტი დაიღუპა სოლით, რომელიც მიწაში იყო ჩარჭობილი, ხიდან რომ ჩამოვარდა, სოლზე დაეცა. როგორც ჩანს, სოლი მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა.”