10 აგვისტო, 2015

გრიგოლ რობაქიძის უცნობი წერილები აღმოჩენილია

1grigol-robaqidzeგრიგოლ რობაქიძის სახელი საბჭოთა კავშირში ტაბუდადებული იყო და რასაკვრველია, მის შემოქმედებაზე ლაპარაკიც იკრძალებოდა. გერმანიაში მცხოვრები ემიგრანტი მაშინ განკვეთილ შემოქმედად იყო აღიარებული და მის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ ვრცელდებოდა.

გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმმა წლების წინ უნიკალური საჩუქარი მიიღო. გერმანიაში მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ, დავით მაღრაძემ მუზეუმში მიიტანა საზოგადოებისათვის დღემდე უცნობი გერმანულენოვანი პირადი წერილები, რომლებიც გრიგოლ რობაქიძის მიერ 1961-62 წლებში დაიწერა. მათ შორისაა, მისი ლექსები და საქმიანი ბარათები.

ბავარიის ქალაქ ინგოლშტადტში საქართველოს დღეები ჩატარდა. ამ დღეების მონაწილე დავით მაღრაძეს გრიგოლ რობაქიძის ნაწერების ასლები მხატვარმა გერდა ვანდა ჰოლეიმ გადასცა. მოგვიანებით, ქალბატონ გერდას ლიტერატურის მუზეუმის მაშინდელი დირექტორი იზა ორჯინიკიძეც შეხვდა და სცადა გარკვევა, თუ საიდან ჩაუვარდა ხელში გრიგოლ რობაქიძის ნაწერები. აღმოჩნდა, რომ მწერლის გარდაცვალების შემდეგ, გრიგოლის მეგობარი ქალის გიტა შტრახვიტცის სახელზე გაგზავნილი ბარათების ასლები თავად გერდა ჰოლეის შვეიცარიაში დაცული გრიგოლ რობაქიძის არქივიდან გადაუღია. გრიგოლ რობაქიძე ყველა გაგზავნილი წერილის ასლს იტოვებდა, ეტყობა სურდა, რომ ქალბატონი გიტა მისი მომავალი ბიოგრაფიის მიღმა არ დარჩენილიყო. ჩვენამდე მოღწეული გერმანულენოვანი მასალაც მხოლოდ ასლებია, დედნები კი მწერლის არქივში უნდა იყოს დაცული.

ლიტერატურის მუზეუმშია გრიგოლ რობაქიძის წერილები გრაფინია გიტა შტრახვიტცისადმი, რომელსაც ქართველი მწერალი პლატონურად ეტრფოდა. როგორც წერილებიდან ჩანს, ის გრიგოლ რობაქიძესთან შეხვედრისას 31 წლის უნდა ყოფილიყო. მათ ერთმანეთი 1961 წელს ჟენევაში გაუცვნიათ. გრაფინიას რობაქიძესთან შეხვედრა რაღაც მისტიურ საბურველშია გახვეული. 19 წლის გრაფინიას გრიგოლ რობაქიძე სიზმარში გამოცხადებია. გაცნობის შემდეგ, პირველი წერილიც ქართველი ემიგრანტისთვის ფრაუ გიტა შტრახვიტცს მიუწერია. ამ ქალბატონის შემდგომი ბედის შესახებ ჯერჯერობით მეტი არაფერი არ არის ცნობილი.

”არტინფო” გრიგოლ რობაქიძის უცნობ წერილებს გაგაცნობთ.

***

გრაფინია გიტა შტრახვიტცისა და გრიგოლ რობაქიძის მიმოწერა მწერლის მკვლევარებისთვის უაღრესად საინტერესოა. დიდი ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად, ეს სიყვარული პლატონური და იმდენად ამაღლებულიცაა, რომ საზოგადოებას შესაძლოა, გრიგოლ რობაქიძის ზეაწეული გრძნობიერების გათვალისწინებით, მწერლის ფანტაზიის ნაყოფადაც კი ეჩვენოს. გრიგოლ რობაქიძის გერმანული ენის ზედმიწევნით და ღრმა ნიუანსებში ცოდნის შესახებ ბევრი თქმულა, განსაკუთრებით ქართულ პრესაში. ამ წერილების მთარგმნელის, ქეთევან შერვაშიძის თქმით, ეს ბარათები გერმანულადაც გრიგოლ რობაქიძისთვის დამახასიათებელი სიმბოლურ-მეტაფორული სტილითაა ნაწერი, შესაბამისად, ქართულად თარგმნისას დიდ სიფაქიზესა და სიფრთხილეს მოითხოვდა. გრიგოლი გიტა შტრახვიტცს შემდეგი სიტყვებით მიმართავდა: “ჩემო შეუდარებელო გიტა!” ან კიდევ “ძვირფასო გიტა, გრაფინია შტრახვიტც!”, ზოგან გრიგოლის მიმართვა ასე იწყებოდა: “ჩემო ძვირფასო შეგირდო!” გრიგოლი წერილის დასაწყისშივე არ ღალატობდა ჩვეულ სტილს და ბარათს ასეთნაირადაც იწყებდა: “ჩემო ღვთიურო მეგობარო: ენგადი! ჩემო შეუდარებელო სიყვარულო: გიტა!”

***

გრიგოლ რობაქიძე შეხვედრის პირველ წუთებს ახსენებდა საოცნებო ქალს: “სიბილასავით ამბობ, იმ მომენტში, როდესაც ჩვენ ერთმანეთს ვეხვევით, შენ სხვა გზას გადიხარ, მე სხვას. შეიძლება, მაგრამ ჩემს გზას შენთან მოვყავარ, ისევე, როგორც შენსას – ჩემთან. მაღალი ღმერთი წვრილმანებშიც მონაწილეობს. თუ მაღალი ღმერთი არაა, ადამიანი ხომ დაადასტურებს? ხომ გახსოვს ის შემთხვევა, როცა ქალაქში მოულოდნელად ერთმანეთს შევეჯახეთ. ასეთი რამ ათასში ერთხელაც არ ხდება. არ იყო ეს საოცრება? დღეს კიდევ ერთი დეტალი, თუმცა ნაკლებ მნიშვნელოვანი. შენს წერილში იდო ბარათი, მასზე გამოსახული სტელით – ქვადიის მეფე, რომელიც გველების მეფედაა წოდებული. მერე, ჩემი “გველის პერანგის” ქართულ გამოცემაზე იგივე ნახატია. ეს “დამთხვევაა”? გიტასადმი მიწერილ წერილებში გრიგოლ რობაქიძის შეგონებანიც იკითხება. იგი ერთგან წერდა, რომ “სრულყოფილი სიყვარული სდევნის შიშს, ვინაიდან შიში ტანჯვაა, ხოლო მშიშარა არასდროს არის სრულყოფილი სიყვარულში”. გრიგოლ რობაქიძე მხატვრულად აზროვნებდა, იგი წერდა გიტას: “მე შენს ქალურ არსებას “ქალწულებრივი” განსაკუთრებული მნიშვნელობით ვუწოდე. გერმანული ენა ამბობს: ზღვა (დი ზეე) მდედრობითი სქესისაა, ტბა (დერ ზეე) – მამრობითი სქესის. გენიალურია. ქალი ნამდვილად უსაზღვროა, როგორც ზღვა და კაცი ნამდვილად შემოსაზღვრულია, როგორც ტბა. არსებობს კიდევ შემზარავი ქალური “რაღაც”. თუ ის ერთხელ ქალში გამომჟღავნდა, იგი პიროვნებიდან უპიროვნო არსებად გადაიქცევა: ბრმა, ქაოტურ, ალოგიკურ, უხეშ. აქ შენ ბედნიერი გამონაკლისი ხარ. ის “რაღაც” ქალური შენს პიროვნებას აქცევს უფრო ზეპიროვნებად და არა უპიროვნო არსებად. “ბრმის” ნაცვლად ხდები “ნათელი”. აქედანაა შენი შეუდარებელი ნათელმხილველობის უნარი. თუ ყველაფერ ამას თავს მოვუყრით, მე ვიტყოდი: შენი ქალური არსება შეედრება მაგდალინელს, ის წმინდაა, “ქალწულებრივი”.

***

გიტასთან ურთიერთობისას გრიგოლ რობაქიძე მტკივნეულად განიცდიდა საკუთარ ასაკს. ერთ-ერთ წერილში პირდაპირ წერდა კიდეც, რომ დედამიწაზე სიყვარულის გაცემის დრო უმცირდებოდა: “სამწუხარო მხოლოდ ისაა, რომ ამ დედამიწაზე ჩემი შენდამი სიყვარულისთვის ასე ცოტა დრო დამრჩა. დიდხანს, დიდხანს უნდა მყვარებოდი. ეს ნიშნავს, მემსახურა შენთვის. ქვეცნობიერად მჯერა, რომ გრძნობ ჩემს ტკივილს. ჩემი გული უერთდება შენს გულს და გადაიქცევა შენს გულისცემად. მაგრამ ჩემი გული ერთხელ რომ შეწყვეტს ცემას! მერე? რა მოუვა შენს გულს, გიტა? იყავი მშვიდად! შენი ენგადი დაგამშვიდებს, რადგანაც მისი სუნთქვა ჩემს სუნთქვასთან მისტიურად დაქორწინდება”.

***

გიტასთან მიმოწერაში გრიგოლ რობაქიძე გრაალის თემატიკას უბრუნდებოდა. იგი ლაშარის რაინდად იხსენიებდა საკუთარ თავს და არწმუნებდა გიტას, რომ მისგან მოშორებული ისევე გრძნობდა გიტას ფასს, როგორც ლაშარის რაინდი: “არ იცი, რომ ჩემი გულის თასი გადაიქცა თავისებურ გრაალის თასად შენთვის. ამ თასში შენს გულს მზესავით შეუძლია იბრწყინოს”. მწერალი აღტაცებას ვერ მალავდა, რომ მისი რომანი “გრაალის მცველნი” გიტას წაკითხული ჰქონდა. მეტიც, ეს წიგნი გიტასთვის გრიგოლთან შინაგანი შეხვედრის წყარო გახდა. “ჩემს რომანში იბრძვიან გრაალის თასისთვის. გავიგე, რომ თქვენი სიმბოლო თასი ყოფილა. ჩემი რომანი მზიურს წარმოაჩენს. იქ ცხენის ჯირითშიც კი მზე გამოვლინდება. გავიგე, რომ თქვენ ასტროლოგიურად მზესთან ხართ დაქორწინებული, გილოცავთ ამას”.

***

გრიგოლი გიტა შტრახვიტცს თავისი ლიტერატურული პრობლემების შესახებაც წერდა. გიტასადმი გაგზავნილ ბარათში გრიგოლი დანანებით აღნიშნავდა, რომ ჯერ კიდევ 1948 წლიდან მის მიერ დაწერილი “ნიცშეს პორტრეტი” კარადაში იყო ჩაკეტილი. გრიგოლი ნიცშეს დაუბეჭდაობას იმით ხსნიდა, რომ ერთმა გამომცემელმა რობაქიძის მიერ ადრე დაწერილი ნაშრომის “ჰიტლერის” გამო არ მოინდომა მისი “ნიცშეს პორტრეტის” გამოცემა, მიუხედავად იმისა, რომ მიაჩნდა, ეს ნიცშეს კვლევის თვალსაზრისით, სიახლე იყო. შემდეგ გრიგოლმა “ნიცშეს პორტრეტი” შესთავაზა მისი წიგნების ერთ-ერთ მთავარ გამომცემელს გერმანიაში. 9 თვის მანძილზე ამაოდ ელოდა პასუხს, საბოლოოდ გამომცემელმა გრიგოლს მისწერა, ფილოსოფიურ წიგნებს დღეს გასავალი არ აქვთო. თავად გრიგოლი ნიცშეს შესახებ მისი კვლევის თაროზე შემოდებას იმითაც ხსნიდა, რომ ერთ-ერთ გამომცემელს მიუწერია, ნიცშეს თემა დღეს აქტუალური არააო. თუმცა რეალობა ალბათ სხვა იყო. გრიგოლ რობაქიძე დარწმუნებული იყო, რომ მის წიგნს, სადაც სრულიად ახლებურად იყო წარმოდგენილი ნიცშე, ოდესმე გაუმართლებდა.