27 აგვისტო, 2015

გოდერძი ჩოხელი: ,,მე დავბრუნდები საიქიოდან!”

1goderdzi-choxellliგოდერძი ჩოხელი თავისი შემოქმედებით ყველაზე სევდიან და ამავე დროს მართალ შემოქმედად არის მიჩნეული. მისი ნაწარმოებები ადამიანთა განუზომელი სევდის მატარებელია. 54 წლის ასაკში გარდაცვლილმა მწერალმა, რეჟისორმა და სცენარისტმა პირობა დადო, რომ საიქიოდან აუცილებლად დაბრუნდებოდა:

“მე დავბრუნდები საიქიოდან, ბალახად მოვალ, ნისლად და წვიმად,
წამალბალახა ყვავილს მოვიტან, რომ ვუმკურნალო, ვისაც რა სტკივა.
მე დავბრუნდები საიქიოდან, მაღალი ღმერთის სუნთქვას მოვიტან,
მე დავბრუნდები თავისუფალი სიკვდილისა და სიმარტოვისგან.
მე აღარ წავალ საიქიოში, ყველგან ვიქნები ქარში, წვიმაში,
ვიქნები მზეში, მზის ამოსვლაში, ცისკრის ვარსკვლავთან ვივლი დილაში.
მე აღარ წავალ, სულ აქ ვიქნები, საუკუნიდან საუკუნეში,
მაღალი ღმერთის სუნთქვა ვიქნები, სიყვარულს დავთეს ყველას გულებში.”

“არტინფო” გოდერძი ჩოხელის ცხოვრების საინტერესო პერიოდებს მისი მეუღლე ნინო მელაშვილი გაგაცნობთ:

***

“გოდერძი ჩოხელი ყველასგან განსხვავებული ადამიანი იყო. ხშირად იგონებდა პერსონაჟებს იმისთვის, რომ მკითხველისთვის ჭეშმარიტება დაენახვებინა. “მინდოდა ეგეთი ლუკა ვყოფილიყავი, როგორც “მგელშია”, ეგრე მევლო ქვეყანაზე, ბოლოს ყვავილებით ხელში და მთელი სურნელი, რაც უფლის მადლს ნიშნავს, მეფრქვია ქვეყანაზე.” მჯერა, რომ ასე ივლის გოდერძი ჩვენ შორის იმ სურნელოვანი ყვავილით ხელში ღვთის მადლის გამამრავლებელი და სიკეთის მქადაგებელი და მგლებისგან განიწმინდება ეს ქვეყანა. იმქვეყნიური ცხოვრების არ ეშინოდა, მაგრამ სულ ამბობდა, “არ ვიცი, დავიმსახურებ თუ არა საიქიოს, ვნახო, როგორები არიან დავითი, თამარი, ილია, ვაჟა, ომარ გვასალია, დედაჩემი. მოვხვდები იქ, სადაც ისინი არიან? მე მგონი, იმდენი ცოდვა მაქვს, ვერა ვარ ისეთი, ღმერთს რომ უნდა ვიყო.” სიკვდილის შიში არ ჰქონია, “ადამიანთა სევდაში” სიკვდილი ახალგაზრდა ბიჭია. “სიკვდილი ჩემთვის ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადასვლაა მხოლოდ. სიკვდილის არასოდეს შემშინებია. ხომ გამოვცადე კიდეც, მაგრამ არც ახლა მეშინია მისი. მხოლოდ იმის მეშინია, რომ სიკვდილის შემდეგ ჯოჯოხეთში არ მოვხვდე.” სიკვდილის არა, მაგრამ იმის მერე რა მოხდებოდა, ამის ეშინოდა. “მე დავბრუნდები საიქიოდან, ბალახად მოვალ, ნისლად და წვიმად, წამალბალახა ყვავილს მოვიტან, რომ ვუმკურნალო, ვისაც რა სტკივა. მე დავბრუნდები საიქიოდან, მაღალი ღმერთის სუნთქვას მოვიტან, მე დავბრუნდები თავისუფალი სიკვდილისა და სიმარტოვისგან. მე აღარ წავალ საიქიოში, ყველგან ვიქნები ქარში, წვიმაში, ვიქნები მზეში, მზის ამოსვლაში, ცისკრის ვარსკვლავთან ვივლი დილაში. მე აღარ წავალ, სულ აქ ვიქნები, საუკუნიდან საუკუნეში, მაღალი ღმერთის სუნთქვა ვიქნები, სიყვარულს დავთეს ყველას გულებში.”

***

“აღსარებას ამბობდა, მაგრამ თან სულ ამას დააყოლებდა: “ერთი უცნაურობა მჭირს. მღვდელთან მიჭირს აღსარების თქმა. ეკლესიაში რომ შევალ და სანთელს ავანთებ, პირდაპირ ღმერთს ვეუბნები აღსარებას. ამ დროს საოცარი ჟრუანტელი დამივლის ხოლმე. არ ვიცი, რა არის ეს, ვერ ამიხსნია.” ბოლოს იმდენი საქმე ჰქონდა გოდერძის, რომ არ ჰქონდა დრო, ეკლესიური ყოფილიყო და მიჰყოლოდა ეკლესიური გზით ცხოვრებას. მეუფე დანიელი იყო ბოლოს მისი მოძღვარი, მოდიოდა, აღსარებას იბარებდა და აზიარებდა კიდეც. ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ცუდად იყო და მეუფე დანიელი ჩვენთან სახლში მოდიოდა, თუმცა, თუ თვითონ შეეძლო, უწმინდესთანაც მიდიოდა და სიონშიც დადიოდა. ბოლო 5-6 წლის განმავლობაში მეუფე დანიელი სტუმრობდა ჩვენთან. უნდოდა, გოდერძის სული დაემშვიდებინა. გოდერძი ხშირად ამბობდა: “როგორ წარმომიდგენია სული? როცა ქართულ ხალხურ სიმღერას ვისმენ, თითქოს წინაპრების სულს ვხედავ, ერთად შეკრულს, აგუგუნებულს, ზეცისკენ მიმავალს… მთავრდება სიმღერა და – ისევ მიწაზე ვენარცხები.” მეუფე ხშირად გვსტუმრობდა, გოდერძის მასთან საუბარი საოცრად ამშვიდებდა. რაც მოხდა 2003 წლის მაისში, ამით ყველა გაოგნებული იყო. თვითონ ამბობდა, “თავი რომ მოვიკალიო”, განა დანა დავირტყიო, არა, თავი რომ მოვიკალიო. ამის შემდეგ ჰქონდა სულიერი ბრძოლები, ამ დროს ძნელია ეკლესიაში სიარული, მიუხედავად იმისა, რომ ტაძარში გინდა სულიერი შვების პოვნა. ვისაც ბრძოლები გამოუცდია, გაიგებს, რასაც ვგულისხმობ. “სული ნამგალს ჰგავს, ჩაჟანგება იცის ნამდვილად, სულ ეკიდება შენი წარსული, არსებობს ყანა, რომ ბოლომდე კარგად მოიმკას, სულს გაფხავება უნდა ქასურით. ქასური სალესი ქვაა, ხოლო გაფხავება გალესვას ნიშნავს. კარგია, რომ რაღაცით სული გააფხავო, მაგრამ რეცეპტი არ არსებობს, თუ როგორ უნდა იშოვო ის სალესი ქვა. სული მძიმდება წარსულით, იმ ყოფით, რა ყოფაშიც ხარ. სულს თითქოს ჟანგიც ეკიდება. სულიდან ჟანგის მოცილება ალბათ ისევ ღვთის რწმენით უნდა შეძლო. თუმცა არც ესაა მთლად შენზე დამოკიდებული. ხშირად სული ისეთ მდგომარეობაშია, რომ რწმენაშიც მერყეობს, თითქოს ღმერთს შორდება და აღარ იცის, რა ქნას. ხშირად კეთილად მშურს ხოლმე იმ ადამიანების, რომლებიც ალალად არიან ღმერთს მინდობილნი. მათ უბრალოდ სწამთ და ყველაფერი ისეა, როგორც სწამთ. უბედურებაა, როდესაც იცი, რომ უნდა გწამდეს და მაინც რაღაცა გიშლის ხელს”. ასე იხსნებოდა ყველასთან საუბრისას. ყოველთვის ალალად ამბობდა თავის გულისტკივილს და ბავშვობაზეც უდიდესი სიამოვნებით საუბრობდა: “ბებიაჩემი მეუბნებოდა ხოლმე, მარცხენა მხარზე ეშმაკი აზის ადამიანს, ხოლო მარჯვენაზე ანგელოზიო. ანგელოზი სიკეთისკენ გიბიძგებს, ეშმაკი კი პირიქით. ამ დროს სული ვეღარ ერკვევა, რომელია ეშმაკის ხმა და რომელი – ანგელოზის. ასეთ დროს სული თითქოს გზაგასაყარზე დგას, სადაც წერია: მარცხნივ წახვალ, დაიღუპები, მარჯვნივ წახვალ, მაინც დაიღუპები. მას კი დაღუპვა არ უნდა. ასეთ დროს არის სული უსუსური და უმწეო. ღმერთმა არ უნდა დაუშვას, რომ სული იმ მხარეს წავიდეს, საითაც დაიღუპება და მჯერა, რომ არც უშვებს. არსებობენ სულიერად მონათესავე ადამიანები. ბოროტი სულები ერთმანეთს გვანან, რადგან მათ ბოროტი სურვილები აერთიანებთ. კეთილი სულები ენათესავებიან ერთმანეთს. ალბათ სწორედ ამიტომ არის ეკლესია სულის ნავსაყუდელი. იქ ხომ ღვთის მოყვარული სულები მიილტვიან. ბედნიერია ყველა ის ადამიანი, ვინც მთელ ცხოვრებას ლოცვაში ატარებს, რაც მხოლოდ რჩეულთა ხვედრია. სულზე ლაპარაკი თითქოს ადვილია, მაგრამ იმას, რასაც ადამიანი სულიერად განიცდის, სიტყვით ვერ გადმოსცემს. შეიძლება ლექსიც დაწერო, მოთხრობაც, მაგრამ არ არსებობს სიტყვები, რომლებმაც შენი სულის მდგომარეობა ბოლომდე გამოააშკარავოს. სული ხომ ამოუცნობია.”

***

“გოდერძიმ თავის მოკვლა ქოზიფას მონასტერში გადაწყვიტა. შემდეგ სულ ამბობდა: “დღემდე ვერ გამირკვევია, რა იყო – განსაცდელი, ბედისწერა თუ სასჯელი ჩემი ცოდვებისათვის. ყოველ შემთხვევაში ვიცი, რომ რაღაც ეტაპი დამთავრდა და დაიწყო უფრო მეტი. აქამდე ყველაფერს სიყვარულით ვქმნიდი, მაგრამ ახლა სულ სხვანაირი სიყვარული გამიჩნდა. რეზო ინანიშვილი სულ მეჩხუბებოდა, ბიჭო, სიკვდილზე ეგრე ხელაღებით ნუ წერ, ვიღაცას შეგვაყვარებ, აიღებ და მერე მოკლავო. ვუმტკიცებდი, სიკვდილი კარგია, მასში ცუდი არაფერია, სიკვდილი და სიცოცხლე ძმები არიან-მეთქი. აკანკალდებოდა და მეტყოდა, გეყოლება შვილიშვილები და მიხვდები, რა კარგი და სანატრელი იქნება სიცოცხლეო. ჩემზე წინასწარმეტყველური სიტყვები აქვს ნათქვამი. ეს “მაგიური მთიული” თავსაც არ დაინდობს, თუ დასჭირდაო. მართლაც არ ვიცი, რატომ დამჭირდა ამის გაკეთება. სიკვდილი ლამაზი იყო. ჩემ და სიკვდილს შორის ლამაზი რიტუალი ჩატარდა. გვერდით ჯვარი მედო და ლოცვანს ვკითხულობდი, როდესაც პირველად დავირტყი დანა. ახლა ისევ აქა ვარ და მივხვდი, რაც შეიძლება დიდხანს უნდა ვიყოთ ამქვეყნად, შეძლებისდაგვარად უნდა ვაკეთოთ ის, რაც ხალხს სასიკეთოდ წაადგება და არა ცუდი რამისთვის. სიცოცხლე სევდა არის ადამიანებისათვის, სიკვდილის სევდა. როგორ ვაპირებ ცხოვრებას, ეს უფალმა იცის. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, ასეთ რამეს თუ ჩავიდენდი, რაც იღბალმა თუ ბედისწერამ გამაკეთებინა. აკი ვთქვი, აქამდე სიყვარულით ვცხოვრობდი-მეთქი და ამის შემდეგ მეტი სიყვარულით ვიცხოვრებ.”

***

“მაშინ ამბობდნენ, გოდერძი ჩოხელი თვითმკვლელობამდე საქმის არქონამ მიიყვანაო, რაც არ არის მართალი. მას მარტო თავისი უმეშევრობა არ აწუხებდა. “ჩემთვის დიდი ტკივილია გაჭირვებული საქართველოს ყურება. სამწუხაროდ, არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც პირადულ ინტერესებს საზოგადოებრივზე მაღლა აყენებენ. სწორედ მათ გამო ვშიშობ და მხოლოდ ღმერთის იმედადღა ვრჩები”. თუმცა გოდერძი იმედს არასოდეს ჰკარგავდა და ასეც წერდა: “რა ნელა იღვიძებს დროებით მიძინებული მამა-პაპათა მიერ ხმლითა და სისხლით შემონახული ჭეშმარიტი სარწმუნოება. რაც მტერს სწადია, ის არ მოხდება. საქართველოში ისევ ყვავილობს ყვავილი მტერთა მომაკვდინებელი, ის ხელთ უპყრია საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს. უბრალოდ არ გვინდა იმ ყვავილის და კიდევ ბევრი კარგის დანახვა. უმადურობაა, გვავიწყდება, რომ საქართველოს მგლები ისევ ეტანებიან, სამი ძვირფასი განძის – ენის, მამულისა და სარწმუნოების წართმევა უნდათ. ზეციერო, როგორ მინდა, მგლებისაგან დაიცალოს ქვეყანა.” ჩვენ სასულიერო აკადემიაში გვქონდა შეხვედრა უწმინდესთან და მაშინ ჩვენმა პატრიარქმა ბრძანა: “ხშირად ვხვდებოდი გოდერძის, საუბარი გვქონდა და მეჩვენებოდა, მთელი ქვეყნის დარდს ატარებდა თავისი მხრებით, გონებით და გულით. ასე წარმომიდგენია, გოდერძი არის დიდი ცრემლი ქართველი ერისა, რომელიც დაეცა ქართულ მიწაზე და მისი სხეული მიიღო სამთავროს წმიდა მიწამ. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული. გოდერძი ცრემლიცაა და იმედიც, სიხარულიცაა და მწუხარებაც”.

***

“თავის გადარჩენას გოდერძი ღმერთს მიაწერდა. ამბობდა, ღმერთმა გადამარჩინა, მაშინ რომ მოვმკვდარიყავი, ჯოჯოხეთში მოვხვდებოდიო. საავადმყოფოში დაწერა წერილი, რომელშიც მთელ საქართველოს ეფერება. დანა რომ დაირტყა, მონანიებას და პატიებას ითხოვდა თავისი ქართველებისგან. დეპრესია რომ დაეწყო, ჩვენ არ გვეუბნებოდა, რომ თავის მოკვლა უნდოდა. პირველად რომ თქვა, კვირა დღე იყო, დიდი მარხვა იწყებოდა და შენდობის დღე იყო. წავედით მე და ლუკა სიონის ტაძარში მამა ლავრენტისთან. ლოცვის შემდეგ მამა ლავრენტი წამომყვა სახლში და აღსარება ათქმევინა ხატებთან და ღამე აზიარა, ამხელა პასუხისმგებლობა აიღო თავის თავზე, თან ამხნევებდა, ომში ხარ და გამაგრდი, ბოლომდე იბრძოლეო. შემდეგ ჯვრის მამაში დავდიოდით, სიონში დავდიოდით, უწმინდესთანაც იყო. მეუფე დანიელისა და მეუფე იობის მეთვალყურეობის ქვეშ იყო, ხან გამოკეთდებოდა, ხან ისევ ცუდად იყო. მეუფეებმა ურჩიეს, ქოზიფას მონასტერში წასულიყო. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ უფრო ადვილი იქნებოდა ამ ყველაფრის გადატანა, მაგრამ იქ უფრო გაუმძაფრდა მდგომარეობა. იმ დღეს, როცა თავის მოეკვლა გადაწყვიტა, მთელი ღამე ლოცვა იყო, გათენებისას ეზიარა, სატრაპეზოში უთქვამს მოძღვრისთვის, წავალ, დავწვები, ცუდად ვარო. ცოტა ხანს რომ არ გამოსულა, შეუხედავთ და ეს სურათი დახვედრიათ. გოდერძი ამის შესახებ თავად ყვებოდა. ჟანგიანი დანა ავიღე, ვიცოდი, ჟანგიანი რომ არის, პერიტონიტი ემართება ადამიანს. ძალა არ მქონდა და დანას კედელს მივაბჯენდი და ვეხეთქებოდი, იმის ძალაც არ მქონდა, რომ დამერტყაო. თან დიდი ჯვარი ჰქონდა, უფრო სწორად, ხელჯოხი ჰქონდა, რომელსაც ჯვრის ფორმა ჰქონდა და დავწექი ამ ჯვარზე, ჯოჯოხეთში მოხვედრის შემეშინდა, ნელ-ნელა ძალა მეცლებოდა, მაგრამ მაინც არ მოდიოდა სიკვდილიო. მამაომ რომ ნახა, მაშინვე აღსარება ათქმევინა, რომ ამ ცოდვით დამძიმებული არ წასულიყო ამქვეყნიდან. გამომძიებლებმა წაიღეს ის ლოცვების წიგნი, რომელზეც აღსარება იყო მიწერილი. სამწუხაროდ, ეს წიგნი აღარ დაგვიბრუნეს და იქ რა ეწერა, არ მინახავს. ამ აღსარებით უწმინდესს, მთელ საქართველოს და ოჯახს უხდიდა ბოდიშს და პატიებას ითხოვდა. უწმინდესმა და ქართულმა ეკლესიამ გოდერძის გასამხნევებლად ყველაფერი გააკეთეს. მისი უწმინდესობა ჩვენი ოჯახის სულიერი მამაა, იგი ძალიან ხშირად დაგვხმარებია როგორც სულიერად, ასევე მატერიალურადაც. მეუფე დანიელი საოცარი მეუფეა. არც კი მეგონა, ასეთი თუ იყო, სანამ ახლოს არ გავიცანი. სულ მოდიოდა დედა ელენესთან ერთად და საუბრობდნენ დიდხანს, ლოცვას ატარებდა, პარაკლისს იხდიდა, აღსარებას ჩაიბარებდა, აზიარებდა, სახლს აკურთხებდა ხშირად. მისი დავალებით, ძალიან ბევრი მოძღვარი მოდიოდა ჩვენთან. კვირაში რამდენჯერმე მოდიოდნენ, აღსარებას იბარებდნენ და აზიარებდნენ, რომ სულიერად გაძლიერებულიყო.” როცა გადარჩა, სულ ამბობდა, უფალს ძალიან ვუყვარვარო. მერეც ჰქონდა თავის მოკვლის მოთხოვნილება, მაგრამ აღარ აკეთებდა. იცოდა, რომ მერე ჯოჯოხეთში წავიდოდა. ამას ძალიან ბევრი ადამიანი ვერ გაიგებს. ვისაც ასეთი ბრძოლები განუცდია, მათთვის გაუგებარი არაფერია.

***

“ფილმი “ლუკას სახარება” რეალური ისტორიის მიხედვით გადაიღო. მსგავსი რამ კომუნისტების პერიოდში ნამდვილად ხდებოდა. გოდერძი ამბობდა, მართლა იყო ასეთი დირექტორიო, მაგრამ გოდერძიმ უფრო გაამძაფრა და მხატვრული სახე შექმნა. თვითონაც აღნიშნავდა, ამ ფილმს რომ ვუყურებ, თვითონაც მეტირებაო. მთელი სიცოცხლე ეძიებდა ღმერთს. რომანში “ადამიანთა სევდა” ამაზე კარგად აქვს დაწერილი.” გოდერძი ხშირად წერდა, “ღმერთისკენ მიმავალ გზაზე არასწორი გზით ვიარე, არც მოძღვარი ავირჩიე, ხშირად არც ეკლესიაში დავდიოდი, არც ვლოცულობდი, არც ვმარხულობდი და მინდობილი ვიყავი მთლიანად იმაზე, რომ ღმერთს ვუყვარვარ. როგორც ჩანს, ამან გამადიდგულა, გამაამაყა და დამიმკვიდრა ისეთი რწმენა, რომ ღმერთი ყველაფერს მაპატიებს. ამან, როგორც ჩანს, ჩემს სულში გამოიწვია ათასგვარი ჭუჭყი, მწუხარება და ვარამი.” ასეთი გულწრფელი იყო გოდერძი. “ბავშვობაში უფრო ახლოს ვიყავი ღმერთთან, ვიდრე შემდეგში და რამდენჯერმე იყო შემთხვევა, როცა თხოვნა შემისრულდა.” გოდერძი “ბაკურხეველ ხევსურს” იღებდა. ჩოხის წმინდა გიორგის სალოცავში ავიდა. უკვე მაისი იყო და გადაღებებისთვის სჭირდებოდა თოვლი. ფილმს კი სხვანაირად ვერ ასრულებდნენ. ავედი სალოცავში და უფალს ვთხოვე, თოვლი მოეყვანა. მართლა წამოვიდა თოვლიო. “ავანთე სანთელი, კვერზე გამოვსახე ჯვარი და დავიწყე ლოცვა ალალი, მხურვალე გულით. არ ვიცი, რას ვამბობდი, მაგრამ ლოცვა დამთავრებული არ მქონდა, რომ დაიწყო ბარდნა. ისე შემეშინდა, სულ ვკანკალებდი. როცა სახლში დავბრუნდი, უკვე კოჭებამდე თოვლში იდგა ჩემი გადამღები ჯგუფი და ყველა ჩემსავით კანკალებდა.” როდესაც “ადამიანთა სევდას” იღებდა, ისევ დასჭირდა თოვლი და კვლავ ავიდა სალოცავში, გულით ილოცა და შუა აპრილში თოვლი წამოვიდა, აყვავებულ ხეებზე თოვლი იდო. მისი ოპერატორი იგორ ამასიისკი იყო და ისე შეეშინდა, სულ კანკალებდა შიშისგან. შემდეგ გოდერძის დედამისმა სთხოვა, ღმერთისთვის მსგავსი რამის თხოვნა არ გაბედოო და გოდერძისაც აღარასოდეს უთხოვია, უფალო, თოვლი მოიყვანეო. სულ ამბობდა, ცხადად ჩამესმის დედაჩემის ხმა, შვილო, გაიღვიძე, წადი ანგელოზების სანახავადო. ყოფილა გუდამაყარში დღესასწაული ანგელოზთღამეობა. ამაზე მოთხრობა დაწერა, რომელსაც საოცრად ასრულებს: “კიდევ რა მინდა? მინდა გითხრათ, რომ ყველა დედა ამქვეყნიური ანგელოზია და ვისაც ცოცხალი გყავთ, ღმერთმა ყველას დიდხანს გიცოცხლოთ, ვისაც არა, ღვთის საუფლოში გაგინათლოთ. ამის სათხოვნელად ნამდვილად მივალ იმ ადგილზე, სადაც ღმერთი სურვილებს მისრულებდა ჩემს ბავშვობაში. ალბათ დედაჩემის სულიც შემეწევა და არ ჩამითვლის სიტყვის გატეხვად.” ასე წავიდა გოდერძი იმქვეყნად ანგელოზების სანახავად. “მივდივარ საიქიოში მარადისობის ზიარად, დავცალე ჩემი კუთვნილი, სიცოცხლით სავსე ფიალა. მივდივარ, მიმაქვს ფოთლებით ქვეყნად არყოფნის იარა. წინ შემეგება უფალი, მაკოცა, ხელი მომხვია, მითხრა, მშვიდობა შენს მოსვლას, რა უცოდველი მოხველო. ანგელოზთ კარი გამიღეს, მე მგონი შინ სამოთხეა.” გოდერძი სათქმელს ყოველთვის ლექსით ამბობდა და ამაზე მისი პოეზია ნათლად მეტყველებს. “რატომღაც მგონია, რომ ლექსის ამოთქმა უპირველესად მოყვასისა და ღმერთის წინაშე ლოცვაა. ამ ლოცვის დროს პოეტები გულსა და სულს ანთებენ სანთლად და ამ “სანთლის” ალთან წარმოთქმული “ლოცვა” იმდენად ანათებს, რამდენადაც მოყვასისა და ღმერთის წინაშე მსხვერპლად შემწირველია მთქმელის გული და სული. ძალიან მინდა ჩემგან წარმოთქმულმა ლოცვებმა თუნდაც სულ მცირედ მაინც გაგითბოთ გული. ამით ძალიან ბედნიერი ვიქნები.”

***

“დედათა მონასტერში გოდერძის დაკრძალვის იდეა ჩვენგან წამოვიდა. ოჯახს გვინდოდა, იმიტომ რომ სამთავროსთან მე და გოდერძის ბევრი რამ გვაკავშირებს. დედათა მონასტერში დავიწერეთ ჯვარი, ჩვენი შვილი, ლუკა, იქ მოვნათლეთ, იქ იყო მეუფე ზოსიმე, ახლა წილკნელი ეპისკოპოსია, რომელიც მაშინ იყო მამა ანტონი. ის ჩემი მოძღვარია, მერე ჩვენი ოჯახის მოძღვარი იყო, ამიტომ სამთავროში ძალიან ხშირად დავდიოდით. მცხეთაში თუ წავიდოდით, სვეტიცხოველსა და დედათა მონასტერს ყოველთვის მოვინახულებდით ხოლმე. თვითონ არ უთქვამს, იქ დამკრძალეთო. ალბათ თვითონ ვერც წარმოიდგენდა ამას. გოდერძი ამბობდა, ჩოხში დამკრძალეთო, დანა რომ დაირტყა, მაშინ თქვა, გერგეტის სამებაზე, გორაზე მინდა დამკრძალოთო. იქ შეუძლებელი იყო მისი დაკრძალვა. ჩვენ ვთხოვეთ მეუფე დანიელს, რომელმაც უწმინდესს მოახსენა ჩვენი მოკრძალებული თხოვნა და პატრიარქი დაგვეთანხმა. მისმა უწმინდესობამ გვითხრა, ეს უფლის დაშვება იყო, რომ გოდერძი იქ დაკრძალულიყო, ის ამქვეყანად უკვე მზად იყო სასუფევლისთვისო. რასაკვირველია, ღმერთის ნების გარეშე არაფერი იქნებოდა. მამა გაბრიელის ორი საფლავის ქვემოთ არის გოდერძი დაკრძალული. ძალიან მშვიდად შეხვდა ყველაფერს. ლექსიც აქვს, რომელიც ასე სრულდება: “ლაღი ვარ, ისე ლაღი ვარ, გულმკერდზე ვკოცნი ქვეყანას, მიხარის, ღიმილიანი ჩოქვით მივდივარ ღმერთთანა.” ან კიდევ “საიქიოსკენ მივდივარ, უფლის რწმენით და შიშითა, ღია ჩანს სამოთხის კარი, უფალსაც ვხედავ შიგნითა”.