11 აგვისტო, 2015

ანზორ ერქომაიშვილი: ,,ფოლკლორის გათანამედროვება სადავო საკითხია’’

1anzor_erqomaishviliiiანზორ ერქომაიშვილი სიამაყით ამბობს, რომ მისი გვარი 300 წელია ქართულ გალობას ემსახურება. თავად არც კი ახსოვს, როდის დაიწყო სიმღერა, მაგრამ ფაქტია, რომ მისი ამ საქმეში ჩართვა ქართული კულტურისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა.

არაერთი თაობის აღმზრდელი, ათეული წლებია ანსამბლ “რუსთავს” ხელმძღვანელობს, პარალელურად კი ქართული ფოლკლორით დაინტერესებულ მომავალ თაობებს წინაპრების მიერ დანატოვარი საუნჯით ამდიდრებს.

“არტინფო” ანზორ ერქომაიშვილის საინტერესო ისტორიებს გთავაზობთ.

***

როდის დავიწყე სიმღერა, არ მახსოვს. როგორც დედა და ბაბუა იხსენებდნენ, თურმე ლაპარაკთან ერთად დამიწყია სიმღერა. დედ-მამა კარგი მომღერლები იყვნენ, მაგრამ ალბათ, ბაბუას უხაროდა, თვითონ რომ მასწავლიდა, ამიტომ ჩემში სიმღერის სიყვარული ბაბუის დამსახურებაა. 3-4 წლის ვიყავი, როცა ჩემი პირველი ნათლობა შედგა სცენაზე. ბაბუამ და მამამ სკამზე დამაყენეს და მამღერეს. ისე გაერთნენ სიმღერით, რომ ნამეტანი ჩაახვიეს იმპროვიზაცია, მე ავცდი ტონალობას და გავჩერდი, მოვტრიალდი და, ბაბუ, შემეშალა-მეთქი, ვუთხარი. ამ დროს დარბაზი გაჭედილი იყო, ატყდა ერთი ამბავი, ბაბუამ მითხრა, შენ კი არა, ჩვენ შეგვეშალა, სწორად არ ვიმღერეთ, ახლა თავიდან ვცადოთო. მართლაც, თავიდან ვიმღერეთ და არაფერი შემშლია. დარბაზი ტაშით დაინგრა, მიკვირდა, რატომ მიკრავენ ტაშს, სახლში ხომ ამას ყოველდღიურად ვმღერით-თქო. 7 წლისა უკვე თბილისში ოლიმპიადაზე წამომიყვანეს და კრიმანჭული მამღერეს ტრისტან სიხარულიძესთან ერთად. ოპერის ანთებული შუქი თვალებში მანათებდა, ვერაფერს ვხედავდი, ვიმღერე და გამოვიქეცი, ხალხმა ტაშით დაანგრია იქაურობა, მიმაბრუნეს სცენაზე და ხელი დავუქნიე პუბლიკას. ოპერაში სიმღერის დროს დამაჯილდოვეს პირველი გამოშვების საბჭოთა საათით. ბიძაჩემი ატარებდა იმ საათს, ისეთი დიდი იყო. იმ დროს საათი არავის ჰქონდა. სოფლად ხალხი აბრეშუმის ფაბრიკის საყვირის ხმაზე იღვიძებდა. ჩემი და სხვა სოფლიდან საათის სათხოვნელად მოდიოდნენ მეზობლები. თუ ვინმეს ცოლი მოჰყავდა, საათს მთხოვდა, რადგან ასეთ სიძეს დიდი დაფასება ჰქონდა. თბილისში რომ ჩამოვედი, სასწავლებელში ჩავირიცხე, ბაბუა ყოველთვის მაკონტროლებდა, საკუთარ მეგობრებს ჩააბარა ჩემი თავი მომღერალ ძმებს ვასილ და ლევან მახარაძეებს, გრიგოლ კოკელაძეს, ვასილ მახარაძის გუნდში დავდიოდი, იქ ვნახე პირველად ცნობილი მომღერლები თეოფილე ლომთათიძე, ილიკო ჯაყელი, დათიკო მდინარაძე. ვასილ მახარაძემ ჩემი თავი წარუდგინა თეოფილე ლომთათიძეს, ყაბალახით და ჯოხით იყო ეს დიდი მომღერალი. როცა გაიგო, არტემ ერქომაიშვილის შვილიშვილიაო, უცებ კრიმანჭული წამოიწყო, ისე უცნაურად მღეროდა, გამიკვირდა, ვერ მივხვდი, რას აკეთებდა. მისი ხმა ხან გაფრინდებოდა, ხან ჩამოფრინდებოდა, 2-3 ტაქტის შემდეგ. ავყევი ბანით, თუმცა გულში ვიძახდი, ღმერთო, მიშველე-თქო. მართლაც, ბოლომდე შევასრულეთ სიმღერა “ალიფაშა”, გავუძელი ამ რთულ სიმღერას, გადამეხვია, კი ყოფილხარ არტემის შვილიშვილიო. ასეთი თავისუფალი ინტერპრეტაციით ცდიდნენ ადრე მომღერლებს, ეს მეთოდი გამოიყენა ჩემთანაც ცნობილმა კრიმანჭულის მთქმელმა თეოფილე ლომთათიძემ.

***

ბაბუაჩემი არტემ ერქომაიშვილი ცნობილი მგალობელი და ლოტბარი გახლდათ, მან გალობის სრული კურსი დიდ მგალობელთან მელქისედეკ ნაკაშიძესთან გაიარა, დაახლოებით 2.000 საგალობელი ისწავლა. მელქისედეკ ნაკაშიძე ანტონ დუმბაძის მოწაფე იყო. იმ პერიოდის გალობის კილოს გურიაში დუმბაძის კილოს ეძახიან, რადგან იგი ფენომენალური მეხსიერების იყო, ყველა საგალობელი იცოდა და მომავალ თაობას გადასცემდა. ბაბუამ 1911 წელს სამგალობლო სკოლა დაასრულა, გაანაწილეს მარტვილში, სადაც არაჩვეულებრივი მგალობელი, იმ დროისთვის ღრმად მოხუცებული დიმიტრი (დიტო) ჭალაგანიძე მოღვაწეობდა. მასთან შეხვედრას ბაბუა ასე მიყვებოდა – ახალგაზრდა ვიყავი, როცა დიტო ჭალაგანიძესთან წარმადგინესო. მან მითხრა, კარგია, ჩვენთან იცხოვრე, ერთმანეთს შევეჩვევით, ძალიან მიყვარს ახალგაზრდები, ბევრ რამეს გასწავლიო. ამ დროს ბატონ დიტოს აღელვება შევატყვეო, თურმე ერთი დიდებული გარდაცვლილიყო და მის პატივსაცემად დაკრძალვაზე საგალობლები უნდა შეესრულებინათ, ბანი არ მოვიდა, მხოლოდ ორი მგალობელი იყო. ბაბუამ უთხრა, ნუ შეწუხდებით, მე გიმღერებთ, რომელსაც გნებავთ, იმ ხმას შევასრულებო. მართლაც, ბაბუას ძალიან ძველი და გრძელი საგალობელი – “სიჭაბუკის ყვავილი დააჭკნო სიკვდილმა” შეუსრულებია. დიტო ჭალაგანიძე მისით აღფრთოვანებულა. მალე რევოლუციამ მოუსწრო, აირია ქვეყანა, დაიწყო ეკლესიების დარბევა, ბაბუა ბათუმში გადაიყვანეს. საცოდაობა იყო, როცა მისი მასწავლებელი, მელქისედეკ ნაკაშიძე, 1931 წელს ბათუმში გაჭირვებული გარდაიცვალა. ეს თავადური წარმომავლობის, განათლებული კაცი ბათუმში სამსახურის სათხოვნელად ჩავიდა. ნებისმიერ თანამდებობას თანხმდებოდა, ოღონდ ლუკმა-პური ჰქონოდა. როგორც თავადი და მგალობელი, არ გაიკარეს კომუნისტებმა, ბაბუა დაეხმარა, რამდენადაც შეეძლო. მას შემდეგ ბაბუას ეთნოგრაფიული გუნდი ჰყავდა ბათუმში, იმარჯვებდა ოლიმპიადებზე, ოღონდ ჩვეულებრივ სიმღერებს ასრულებდა და არა საგალობლებს, რომლებიც იკრძალებოდა. მას აიძულებდნენ, ემღერა პარტიაზე, მთავრობაზე, ხელისუფლებისთვის რომ არ დაეთმო, დახვრეტდნენ.

***

თავის დროზე ცნობილ მომღერალ ვარლამ სიმონიშვილსაც შესთავაზეს ეს, მან არ შეასრულა მათი ნება, ამის გამო დაიჭირეს, ვითომ სხვა მოტივით. საწყალი ისე დაავადმყოფდა ციხეში, ცოცხალ-მკვდარი გამოვიდა, მას შემდეგ დიდხანს არ უცოცხლია. ამბობენ, რომ ვარლამი უნდა დაეხვრიტათ, მაგრამ ბერიას გადაუშლია მისი გვარი, ეს ის ვარლამ სიმონიშვილია, მუშთაიდის ბაღში რომ გამოიყვანა გუნდი და გაიმარჯვაო? ამან უშველა ვარლამს. ბაბუაც გადაურჩა რეპრესიებს. ერთი კია, სინანულით იგონებდა ერთ ამბავს: ბაბუა რეპეტიციაზე მისულა ბათუმში და მომღერალთა ნახევარი გუნდი არ დახვედრია, შეწუხდა, რადგან არ ახსოვდა, ვინმეს დაეგვიანა. ბოლოს შეიტყო, წინა ღამით აუყვანიათ მომღერლები და დაუხვრეტიათ. დღესაც ინახება ჩვენს სახლში მაშინდელი გრამაფონი, ბაბუას ძველი ჩანაწერები ჰქონდა, მათ შორის, საგალობლები და მარტო რომ იყო, ამ გრამაფონით უსმენდა. მაშინ პატარა ვიყავი, ბევრი რამ არ მესმოდა, სიმღერებს მიხსნიდა ხოლმე, მიყვებოდა ცალკეული მომღერლების შესახებ, მაგრამ გალობის შესახებ ერთს არ იტყოდა. ამ დროს თვითონ ჩუმად უსმენდა საგალობლებს. ასევე, ჰქონდა 1911 წელს გამოცემული პატარა სქელი უნიკალური წიგნი საგალობლების ტექსტებით, ერთხელაც მივაკვლიე ამ წიგნს, კითხვა დავიწყე, თუმცა ვერაფერი გავიგე, წითელი მელნით ჰქონდა რაღაცეები მონიშნული, რამდენჯერმე წავასწარი გადაშლილი წიგნით, თავისთვის რაღაცას ღიღინებდა, როცა ვკითხე, რა არის-თქო, არაფერი, ძველ ტექსტებს ვიხსენებო, უცებ დახურავდა და შეინახავდა წიგნს. ისე იყო, ეტყობა, დაშინებული, არავის აგრძნობინებდა, რომ ამდენი საგალობელი იცოდა. რა ვიცოდით, რომ 2 ათასზე მეტ საგალობელს გალობდა. მეგობრების – ვარლამ სიმონიშვილისა და დიმიტრი პატარავას გარდაცვალების შემდეგ, არტემ ერქომაიშვილი ერთადერთი დარჩა, რომელმაც ყველა საგალობლის ყველა ხმა იცოდა, მაგრამ დამხმარე არავინ ჰყავდა და ვეღარ გალობდა. მხოლოდ სკოლის დამთავრების შემდეგ შევიტყვე ბაბუაჩემის გალობის ნიჭი. ბაბუას ჩაწერა მოვასწარი, 22-25 საგალობელი ჩავწერე, წიგნიც გამოვეცი, სადაც საგალობლებია ჩაწერილი. 1966 წელს ბაბუა თბილისში ჩამოიყვანეს და მისგან 104 საგალობელი ჩაწერეს. ამასთან, ყველა ხმა ცალ-ცალკე ჩაიწერა, რადგან ბაბუას დამხმარე ხმა არ ჰყავდა. ამიტომ ჯერ ერთ ხმას იმღერებდა, რასაც მაგნიტოფონზე წერდნენ, შემდეგ მეორე მაგნიტოფონზე მის მეორე ხმას იწერდნენ, ბოლოს ორივეს ერთად უკრავდნენ და ბაბუა ბანს ეუბნებოდა. დღეს ეს ფონდი უნიკალურია, რითაც მგალობლები და მუსიკათმცოდნეები სარგებლობდნენ.

***

მახსოვს, კათალიკოს-პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე რომ ჩაბრძანდა ბათუმში. იმდენად პატარა ვიყავი, მამა მიყვებოდა, თურმე საშინელ ჭყლეტაში მოვყევით, რადგან აუარება ხალხი მოასკდა ბათუმის ეკლესიას. მართალია, მამაჩემმა წამიყვანა ამ დიდ დღესასწაულზე, მაგრამ ბებიას უკან წამოვუყვანივარ, არ გაჭყლიტონ ბავშვიო. მიუხედავად ამისა, მამას მაინც მოუხერხებია ეკლესიაში შესვლა. მახსოვს, 107 წლის ასაკში გარდაიცვალა ჩემი დიდი ბაბუა, გიგო ერქომაიშვილი ჩემი ბაბუის არტემ ერქომაიშვილის მამა. კარგად მახსოვს, მოიყვანეს მღვდელი, მოვიდნენ ცნობილი მომღერლები, მათ შორის, ვარლამ სიმონიშვილი. გიგოს მთელი წირვის წესი აღუვლინეს, ისე როგორც მართლმადიდებელ ქრისტიანს ეკადრებოდა. მთელი სოფელი შეშინებული იყო, ყველას ეგონა, ბაბუაჩემს დაიჭერდნენ. ომი ახალი დამთავრებული იყო, რაიკომის მდივანიც მოვიდა, ვასო სიხარულიძე, მაგრამ არავის არაფერი გაუთქვამს. იმ პერიოდში კარგი ხალხიც არსებობდა. ისე დავასაფლავეთ მიცვალებული, ყველა ამბობდა, არტემმა გიგო ღირსეულად დაკრძალაო.

***

კონსერვატორიაში სწავლისას ახალგაზრდებმა ფოლკლორული ანსამბლი “გორდელა” ჩამოვაყალიბეთ. ჩვენი წევრები იყვნენ კუკური ჭოხონელიძე, თემურ ქევხიშვილი, გომარ სიხარულიძე, ბადრი თოიძე, თამაზ ანდღულაძე. “გორდელა” ბაბუაჩემმა დაარქვა, ნადურის სახელი იყო. ხალხურ სიმღერას მაშინ აგდებულად უყურებდნენ, იმ დროს უცხოური ესტრადა შემოვიდა და ქართული სიმღერა სირცხვილად მიაჩნდათ. მალე პოპულარულები გავხდით. ერთხელ კონსერვატორიაში საგალობლების კონცერტი ჩავატარეთ, ხალხი აღტაცებული იყო. პირველად ნახეს ასეთი სანახაობა. შემდეგ საბჭოთა არმიის რიგებში გამიწვიეს, 3 წელი გამიცდა, ბაბუა ბევრს ეხვეწა, ნუ წაიყვანთ, ცოტა ხანს დატოვეთო, რადგან მის სიმღერებს უკვე ვიწერდი, მაგრამ არ დამტოვეს. მალე ბაბუა გარდაიცვალა, რისი ჩაწერაც მოვასწარით, ის დარჩა ბაბუას მოსაგონრად. ამის შემდეგ ანსამბლი “რუსთავი” ჩამოვაყალიბე, რომელსაც დღემდე ვხელმძღვანელობ.

***

რამდენიმე წლის წინ გერმანიაში, ბერლინის ყველაზე დიდ ეკლესიაში გვქონდა კონცერტი. ზღვა ხალხი მოვიდა, ეკლესია გადაჭედილი იყო, ბიძინა კვერნაძე გახლდათ სტუმრად წამოსული და იხუმრა, იმდენი ხალხი მოვიდა, მღვდლები გარეთ დარჩნენო. ერთ-ერთ მუსიკათმცოდნეს მიჰყავდა ჩვენი კონცერტი, გამოვიდა და თქვა, ახლა თქვენ წინაშე ქართული ანსამბლი წარდგება, ქართველები ის ხალხია, რომლებიც ღმერთს სიმღერითა და გალობით ესაუბრებიანო. დიდი ხნის წინ ერთ კაცს ცუდი სიმღერის გამო შენიშვნა მივეცი. ის გაბრაზდა, რა გინდა ბიძია, როგორც მინდა, ისე ვმღერი, მოგწონს თუ არა, არ მაინტერესებსო. მერე მივხვდი, რომ ის კაცი სწორი იყო. რაც უნდა ცუდად მღეროდეს ვინმე, უფლება არ გაქვს, ხელი შეუშალო. სუფრასთან სიმღერას პროფესიონალიზმი არ მოეთხოვება, მაგრამ სულ სხვაა სცენა. როცა ჩემთან მოყავს მშობელს ბავშვი, რომელსაც სმენა არ აქვს, ამ დროს ვუხსნი, რომ სჯობია მისმა შვილმა სხვა რამეს მოჰკიდოს ხელი. ანზორ კავსაძეს, ძალიან ცნობილ ლოტბარს, ბავშვი გასასინჯად მიუყვანეს, დედამისს ძალიან სდომებია, რომ ემღერა. ანზორმა გასინჯა და უთხრა: ქალბატონო, ეს ბავშვი ყურის ექიმთან თუ გყავდათ, გახვრეტილი თუ აქვსო საერთოდ ყური? ამაზე დღემდე ვიცინით. არასწორად ნამღერი არ მსიამოვნებს. სიმღერა პროფესიონალმა უნდა ასწავლოს. თუ მშობელმა არ იცის როგორ მასწავლებელთან მიჰყავს ბავშვი, სხვას დაეკითხოს და მერე მიიყვანოს.

***

მრავალხმიანობა საქართველოში ყველგანაა, გარდა აღმოსავლეთ საქართველოს მთის ზოგიერთი მხარისა, სადაც ერთხმიანი სიმღერებიც არის, მაგრამ ეს პრობლემას არ წარმოადგენს. დასავლეთ საქართველოში არის ოთხხმიანობა შრომის სიმღერებში. ძირითადად კი ქართული სიმღერები სამხმიანია. ყველა კუთხე მრავალხმიანი სიმღერითაა ცნობილი, მაგრამ კუთხეებს შორის დიდი განსხვავებაა. დასავლეთ საქართველო პოლიფონიური სიმღერებით გამოირჩევა. ეს არის განვითარებული მრავალხმიანობა და პოლიფონია, მაგალითად, როგორიცაა “ხასანბეგურა”. აღმოსავლეთ საქართველოში ზედა ორი ხმის დიალოგი მიდის ბურდონული, გაბმული ბანის ფონზე. სვანეთის მრავალხმიანობა სიძველით და კომპლექსური მრავალხმიანობით გამოირჩევა. იმერული, გურული და მეგრული უფრო ჰგავს ერთმანეთს. ყველა სიმღერა თავის კუთხეს წარმოადგენს და იმ მხარის ხასიათს გამოხატავს. რაჭველები დინჯები არიან და დინჯი სიმღერები აქვთ. გურულების სიფიცხესთანაა დაკავშირებული. კახურ სიმღერებს რომ მღერი, ალაზნის ველი წარმოგიდგება თვალწინ. ჩვენ სტუდენტობის პერიოდიდან დავდიოდით სხვადასხვა კუთხეში. დიდი მაგნიტოფონები იყო და ისინი დაგვქონდა. ხანდახან ცხენითაც ვატარებდით იმ მაგნიტოფონს. ეს 40-45 წლის წინანდელი ამბავია. მაშინ სხვანაირი მომღერლები იყვნენ, ძველი თაობიდან არაჩვეულებრივი მომღერლები იყო შემორჩენილი. მოლხენაც შესაფერისი იცოდნენ. სუფრაზე უფრო ხალისით ვიწერდით. იქ უფრო გახსნილები იყვნენ. ძალიან სასიამოვნო იყო ძველ მომღერლებთან ურთიერთობა. ძალიან ძნელია თქვა, რომელი კუთხე უფრო კარგია. ყველა კუთხეს თავისი დამახასიათებელი ბუნება, ტრადიციები და სასიმღერო რეპერტუარი აქვს. მთათუშეთში სიმღერები ნაკლებად პოლიფონიურია, მაგრამ რა ბუნება იშლება, პოეზიაა უსაზღვროდ განვითარებული. სვანეთში შეგძრავს უშბა და შხარა, სასწაული სანახავია. ხევში ერთხელ რომ გამეღვიძა და ჩემ თვალწინ ცამდე აზიდული მყინვარი რომ დავინახე, კინაღამ გადავირიე. კახეთში ალაზნის ველი და ულამაზესი ყურძნის ბაღებია. აჭარაში ხალიჩასავით ჩანს არაჩვეულებრივი ციტრუსის ბაღები. გურიაში მაშინ ჩაის პლანტაცია ძალიან ლამაზი იყო. რაჭაზე რომ არაფერი ვთქვათ.

***

სიმართლე გითხრათ, სოლისტი მომღერალი არასდროს ვყოფილვარ და ფანჯრებთან სერენადებს არ ვუმღეროდი მანდილოსნებს. ამის არც შესაძლებლობა და არც ხმა მქონდა შესატყვისი, შეიძლება დამეფრთხო ვინმე, ჩემი ხმით რომ მემღერა, ამიტომ ძირითადად ანსამბლით ვეფერებოდი ხოლმე საზოგადოებას. არც მეუღლისთვის მიმღერია. მეუღლეს სხვა რაღაცით უფრო მოვწონდი, ვიდრე სიმღერით. ალბათ ხედავდა ჩემში რაღაცას, რისთვისაც ღირდა ჩემთან ურთიერთობა. ახლა მე არ ვიცი, რამდენად ნანობს ამას, მაგრამ სიმღერით არ მომიხიბლავს. ქართული ფოლკლორის გათანამედროვება ცოტა სადავო საკითხია. მე არ ვარ გათანამედროვების მომხრე. ქართულ ტრადიციულ სიმღერას ხელი არ უნდა ახლო. მას თაობიდან თაობას გადასცემდნენ და ასე მოვიდა ჩვენამდე. ამას თუ ჯაზური რითმი დაუდე, არ გამოვა. გარემიქსებასაც აკეთებენ, მაგრამ ხანდახან ისეთ გადაკეთებულს მოისმენ, სიცოცხლე აღარ გინდა. მელოდიები გამოიყენონ, მაგრამ თვითონ სიმღერას ნუ ახლებენ ხელს, დაუტოვონ საუკუნეს და მომავალს. ცეკვაშიც ხდება თანამედროვე ელემენტების შეტანა, მაგრამ ცეკვას ძალიან ფართო შესაძლებლობები აქვს. ახალი ელემენტების გამოყენება ნიჭიერ ქორეოგრაფზეა დამოკიდებული. არის ანსამბლები, რომლებიც უცხოეთში გადის და გააქვთ სიმღერები და ცეკვები, მათ სხვანაირი პროგრამა სჭირდება, გლეხურ პროგრამას ვერ შეადარებ. მაშინ წარმატება არ იქნება, წარმატებას მეორე მხარეც აქვს, იმპრესარიო ყოველთვის ცდილობს ფული მოიგოს, სამაგიეროდ, მეცნიერებისთვის უფრო საინტერესო გლეხური სიმღერა და ცეკვაა.

***

ახალგაზრდობაში ერთი ჩვევა მქონდა – როცა უხასიათოდ ვიყავი, ავდიოდი მწერალთა პანთეონში, ჩამოვჯდებოდი იქ საფლავებთან მარტო და საათობით ვესაუბრებოდი თითოეულ მათგანს. მათ შემოქმედებას ვიხსენებდი და ეს ძალიან მამშვიდებდა და მახარებდა. ახლა ცოტა მიჭირს იქ ასვლა და თუ შემიძლია, კი ავდივარ.