როგორ გადაურჩა რეპრესიებს ლადო გუდიაშვილი?

9 აგვისტო, 2015

1lado-gudiaSviliალბათ ბევრისთვის უცნობია, რომ ქართული მხატვრობის გამორჩეული ფიგურა ლადო გუდიაშვილი სასწაულებრივად გადაურჩა 1937 წლის რეპრესიებს. კომუნისტებმა მხატვარი საკუთარ ნამუშევართან მიიყვანეს და აიძულებდნენ, ეღიარებინა, თითქოს მას ნახატში ფაშისტური სვასტიკები ჰქონდა ჩახატული.

“არტინფო” გენიალურ მხატვარს სულ სხვა კუთხით გაგაცნობთ.

***

ლადო გუდიაშვილი იმდენად თავაზიანი პიროვნება იყო, რომ არასდროს ერეოდა სხვის საქმეში. მას აწუხებდა საკუთარი მოდელები და მათ წარმოსახვაში იმდენად იყო ჩაფლული, რომ დანარჩენ გარესამყაროს ღიმილით შესცქეროდა. მხატვარი 1919 წელს დამოუკიდებელი საქართველოდან გავიდა ევროპაში. მან პარიზში ყოფნისას თმები გადაიპარსა, რის გამოც ყაჩაღს მიამსგავსეს და კინაღამ დაიჭირეს. ის ყაჩაღი ლადოს ნამდვილი ორეული აღმოჩნდა. დამნაშავის სურათი რომ აჩვენა ქართველ მხატვარს პოლიციელმა, მსგავსება აშკარა იყო, თუმცა, დაჭერას გადაურჩა, რადგან უმალ გაერკვნენ სიტუაციაში. ლადო გუდიაშვილი ევროპაში დიდ მხატვრად აღიარეს, მაგრამ მისთვის სამშობლო ღმერთივით ერთი იყო. ყოველგვარ კეთილდღეობაზე უარი თქვა და დაბრუნდა, აქ კი ლენინისა და სტალინის იდეოლოგიით ოკუპირებული სამშობლო დახვდა. მაშინ მხატვრის შემოქმედებაში დიდი გარდატეხა მოხდა. თუმცა, პარალელურად 40-იანი წლების გრაფიკულ ნამუშევრებში პირდაპირ ღიმილით ჰყვებოდა სათქმელს. “ტვინის ჭყლეტა”, “ცენზურა”, “მაიმუნის სამიზნე” – ამ ნამუშევრებს მრავლის თქმა შეუძლიათ. მას ფორმალიზმშიც დასდეს ბრალი. ის პაოლო იაშვილთან, ტიციან ტაბიძესთან მეგობრობდა, ყველანი მისი მეგობრები იყვნენ, მაგრამ მხატვარი რეპრესიებს გადაურჩა, ეს ალბათ მისი ბედისწერაც იყო. ბედია, რომ გალაკტიონი ცოცხალი დარჩა. ლადოს მფარველი ანგელოზი ჰყავდა, მისი მეუღლის ნინას სახით.

***

ლადო გუდიაშვილმა პირველი მეუღლე საფრანგეთიდან ჩამოიყვანა თბილისში. ის განებივრებული პოეტი ქალი იყო, ვერ გაუძლო აქაურობას, რამდენიმე თვეში მიატოვა საქართველო და წავიდა. იმ პერიოდში ისინი სამხატვრო აკადემიის სარდაფში ცხოვრობდნენ, თანაც საქართველოში საბჭოთა რეჟიმი იყო. ნინო მისი მეორე მეუღლე, საარტისტო სტუდიის მსმენელი იყო, თან ფოსტაში მუშაობდა მბეჭდავად. ლადო გუდიაშვილს სთხოვეს კოსტიუმების შექმნა იმ სტუდიის სპექტაკლისთვის. როგორც კი მხატვარმა ნინა დაინახა, თქვა, თუ შეიძლება მასზე ავაგებ კოსტიუმსო. ასე დაახლოვდნენ და შექმნეს კიდეც ოჯახი. თბილისში, შავ ბაზარზე იდგა ნინა, კალოშებსა და წიგნებს ჰყიდდა, რათა საღებავი და ტილო ეყიდა ლადოსთვის. მისმა გადამრჩენელმა მეუღლემ ჩაკეტა ლადო შინ და ყოველგვარი პირობა შეუქმნა შრომისთვის. ლადოს პროფესორობა ჩამოართვეს, გამოაგდეს აკადემიიდან, გარიცხეს მხატვართა კავშირიდან. ის და დავით კაკაბაძე, ცუდი გაგებით, თითით საჩვენებელნი გახდნენ. გადმოცემით, ბერიას მოსწონდა ლადოს მიერ შექმნილი ქალების პორტრეტები და თითქოსდა უთქვამს მის შესახებ, ეგდოს თავისთვისო. ის შესაბამის სტრუქტურებში არ დაუბარებიათ, მაგრამ მიიყვანეს თავის ნამუშევართან და ეუბნებოდნენ, აი, აქ მოხნული მიწა რომ დაგიხატავს, მასში ფაშისტური სვასტიკებია ჩალაგებულიო. ლადო პასუხობდა, მე ვერ ვხედავ სვასტიკებს, დამანახეთო. ეს ნამუშევარი სადგურის შენობაში იყო დახატული, დიდი ფრესკის სახით. ის შენობა დაინგრა. ლადო გუდიაშვილის მიერ მოხატული უამრავი ნაგებობა შეგნებულად განადგურდა. უაზრმაზარ სასტუმრო “ინტურისტში” ფართის 2/3 სწორედ გუდიაშვილის მიერ იყო მოხატული. ის გააქრეს, ჩამოფხიკეს და სრულად გაანადგურეს.

***

როცა ლადო გუდიაშვილი ქვაშვეთს ხატავდა, ეს იყო უბედნიერესი პერიოდი მის ცხოვრებაში. ამის გამო მან რეჟიმის რისხვაც იწვნია. მხატვარს იაფფასიანი ხრიკი მოუწყეს, დაიბარეს, განცხადება დაწერე, პარტიაში უნდა მიგიღოთო. ლადომ უპასუხა, ჩემი ბიოგრაფიის მქონეს პარტიაში რა უნდაო? მათ მუქარით დააძალეს, განცხადება დააწერინეს, პარტიაში მიიღეს, მაგრამ ერთ თვეში ჩამოართვეს პარტბილეთი. ეს სჭირდებოდათ, რომ მერე ეთქვათ, ლადო გუდიაშვილი პარტიიდან გარიცხულიაო.

***

ყველაზე მეტად ლადო გუდიაშვილის მეგობარი დავით კაკაბაძე განიცდიდა საბჭოთა ხელისუფლების მხრიდან გამოვლენილ აგრესიას. დავით კაკაბაძე თავისი ქვეყნის პატრიოტი იყო. არსებულ წყობას შინაგანად ვერაფრით ურიგდებოდა. ისიც ყოველგვარი სახსრების გარეშე დატოვეს, მაგრამ მას გამოუცდელი ახალგაზრდა მეუღლე ჰყავდა. ის თვისებები, რაც ლადოს ცოლს გააჩნდა, მას არ ჰქონდა. ლადოს მეუღლე იშვიათი სახელმწიფოებრივი ხედვის და გამბედაობის ქალი იყო. დათიკო კაკაბაძე იხვეწებოდა, თუ გეშინიათ, რომ ახალგაზრდა მხატვრებს ჩემგან შეეყრებათ ანტისაბჭოთა ბაცილები, მაშინ ხატვას არ ვასწავლი, მაგრამ ფრანგული ენის სწავლების უფლება მაინც დამრთეთო. მაინც არ მიიღეს, ვერ გაუძლო დათიკომ და გაუჩერდა გული.

***

1957 წელს “ცისფერ გალერეაში” ლადოს გამოფენა უნდა გახსნილიყო. ხელისუფლებას ეს გამოფენა არ აწყობდა, რადგან თავის იდეოლოგიურ ჩარჩოებში ვერ მოაქციეს მისი ტიპის ხელოვანი ადამიანები. გამოფენის მიმართ საზოგადოების მხრიდან ინტერესი დიდი იყო, ამიტომ გალერეის კარები მოწოლილი ხალხის ნაკადმა შეანგრია. მარლენ კიტიამ საკუთარი პროთეზის ფეხი დაუდო კარს და დამთვალიერებლები დარბაზში შეუშვა.

***

ფიროსმანს ძალიან უნდოდა ლადო გუდიაშვილის დახატვა. ნიკალას უთქვამს, დაჯექი, დაგხატავო, მაგრამ ლადომ ვერ შებედა. მისთვის ფიროსმანი იყო ღვთიური მოვლენა, უდიდესი მოწიწებით იხსენებდა ყოველთვის, მერე სულ ნანობდა, დავმჯდარიყავიო, მაგრამ ვერ გავუბედეო.

***

ლადო გუდიაშვილს ფრესკებისადმი სიყვარული მას შემდეგ გაუჩნდა, როცა პირველად გელათში შევიდა. მაშინ მხატვარი ახალგაზრდა იყო და ყველაზე დიდი განცდა ამ ეკლესიაში დაეუფლა. ამბობენ, რომ დედამისმა გერმანელ მხატვარს ზომერს მიუტანა ლადოს ძმის ნახატი, თუმცა მას ლადოს მინახატი უფრო მოსწონებია. ლადომ ძმის ნამუშევარს საკუთარი ნახატი მიახატა. ეს რა არისო? უკითხავს გერმანელს. დედამ უთხრა, საკუთარ ძმას ალბომი გაუფუჭა ლადომო. გერმანელ პედაგოგს კი უთქვამს, ამ მინახატის ავტორისგან ნამდვილი მხატვარი გამოვაო.

***

მხატვარმა მარჯანიშვილის თხოვნით, გიორგი შავგულიძეს ცეკვა შეასწავლა. ლადო კინტაურს კი არ ასწავლიდა შავგულიძეს, არამედ საკუთარი ესთეტიკით დანახულ კინტოს წარმოაჩენდა. მხატვრის მიერ დახატული კინტოები ცალი მხრით აწეული, სხვანაირი დოინჯით, არაჩვეულებრივი თითებით, წელგამოყვანილები არიან. მხატვარი კარგად ცეკვავდა, ეხერხებოდა დაკვრაც. ბოლო წლებში აღარ უკრავდა, რადგან ვერ შლიდა მარჯვენა ხელს, ადრე მოტეხილი ჰქონდა და ცუდად შეუხორცდა. თავისებური მანერითაც ამიტომ ხატავდა. უჭირდა ჰალსტუხის, ღილების შეკვრა.

***

ლადო გუდიაშვილთან ხშირად იკრიბებოდნენ ცნობილი ადამიანები. ედუარდ შევადნაძესაც კი თავისი სტუმრები სწორედ ლადო გუდიაშვილის სახლში მიყავდა. ერთხელ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე რიჟკოვი მიიყვანა სტუმრად მხატვართან. შევიდა თუ არა სახლში რიჟკოვი, მაშინვე გაკვირვებულმა იკითხა, როგორ მოახერხეთ ამ ყველაფრის შექმნაო. მხატვრის მეუღლე კი არ დაიბნა და უპასუხა, გახსენით საზღვრები და ყველას ყველაფერი შეეძლებაო. ლადო გუდიაშვილს ესტუმრა დანიის დედოფალიც. ულამაზეს დედოფალს თეთრი ვარდების თაიგულით და თეთრი შლაპით სიმპათიური მეუღლე ახლდა თან. სურათების დათვალიერების შემდეგ, როცა სტუმრებიც და მასპინძლებიც სუფრას მიუსხედნენ, მხატვრის მეუღლემ განაცხადა, ლადომ დავალება მომცა, რომ პირველი სადღეგრძელო ვთქვაო. უცებ დაიწყო: “გენიალურ შექსპირს”… სუფრასთან უხერხულობა შეიქმნა, რადგან ყველამ იფიქრა, დანიის ეს დედოფალი ნინას ინგლისის დედოფალი ჰგონიაო. ნინამ პაუზა გააკეთა და კვლავ გააგრძელა: “გენიალურ შექსპირს რომ სცოდნოდა, რომ დანიას ასეთი ბრწყინვალე დედოფალი ეყოლებოდა, “ჰამლეტში” არ დაწერდა, დანია საპყრობილეაო”. უეცრად წამოხტა დანიის დედოფალი და გადაეხვია ნინას. დანიის დედოფლის და მისი მეუღლის სანახავად, ლადო გუდიაშვილის სახლთან უამრავი ადამიანი იყო შეკრებილი. ისინი ტაშით შეეგებნენ მას. როცა ის ჩაჯდა მანქანაში და წავიდა, მიტრიალდა 500-ზე მეტი კაცი და აივანზე მყოფ ლადოს უკრავდნენ ტაშს. მხატვარს სტუმრები ძალიან უყვარდა, მაგრამ განსაკუთრებით მეგობრები ენატრებოდა. როცა ფეხით სეირნობდა ოჯახის წევრებთან ერთად, მათ სთხოვდა, ნუღარ წავალთ ფეხით, არც ერთი ჩემიანი არ მხვდებაო. ქუჩაში მას ყველა უღიმოდა, თავს უკრავდნენ, მხატვარი კი მათ ვერ ცნობდა, სხვა თაობა მოვიდა, ჩემები აღარ არიანო. ბიჭებო, ბიჭებო, მალე მეც მოვალო, ეძახდა გარდაცვლილ მეგობრებს. დიდუბის პანთეონშიც ხშირად დადიოდა, ჩამოუვლიდა ყველა თავისი ყოფილი მეგობრის საფლავს და კოცნას უგზავნიდა. ერთ დღესაც ითხოვა, სასაფლაოები მომატარეთო. მართლაც წაიყვანეს მხატვარი მანქანით, მოინახულა რამდენიმე სასაფლაო. ბოლოს მუხათგვერდშიც ავიდა. მუხათგვერდის შიდა პანთეონიდან მცხეთის ჯვარი კარგად მოჩანს. ეს ხედი რომ ნახა, ლადო გუდიაშვილი გადაირია, აქ მინდა დაკრძალვაო. თანაც ოჯახის წევრებს სთხოვა, კუბო ლურსმნით არ დამიჭედოთო. არ იცოდა, რომ ეს ადრინდელი წესი შეიცვალა და ლურსმანი აღარაა საჭირო. ხომ გახსოვთ, მარჯვენა ხელი მოტეხილი მაქვს, მიჭირს მისი ხმარება, ამიტომ ლურსმნები არ იხმაროთ, რა ვიცით, იმქვეყნად რა ხდება, რომ დამჭირდეს ახდა, ლურსმანმა ხელი არ შემიშალოსო. ამ ამბის შემდეგ მხატვარმა კიდევ ერთი წელი იცოცხლა და 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

***

მხატვრის ოთახში დღესაც კიდია დაუმთავრებელი ნამუშევრები. როგორც მისი შთამომავლები ამბობენ, ლადო გუდიაშვილს მსგავსი რამ ახასიათებდა – ზოგჯერ დაიწყებდა ხატვას, რაღაც მომენტში აღარ სურდა მისი გაგრძელება და ნამუშევარს დაუმთავრებლად ტოვებდა.

გააზიარეთ

 
...