იპოლიტე ხვიჩია – გენიალური კომიკოსი უცნობი ისტორიებით

8 აგვისტო, 2015

1ipoliteიპოლიტე ხვიჩია – ეს სახელი და გვარი ოქროს ასოებით არის ჩაწერილი ქართული კინოს და თეატრის ისტორიაში. მხოლოდ სახელის – იპოლიტეს წარმოთქმაც საკმარისია, რომ სახეზე ღიმილი მოგეფინოთ.

ქართული თეატრის და კინოს ერთ-ერთმა თვალსაჩინო წარმომადგენელმა მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება საყვარელ პროფესიას მიუძღვნა. კომედიური ჟანრის მსახიობად შერაცხული, ტრაგიკულ როლებზე ოცნებობდა, თუმცა რა დავალებასაც მისცემდნენ რეჟისორები, ყველაფერს ზედმიწევნით გულმოდგინედ ასრულებდა. მისი პერსონაჟები დაუვიწყარი და განუმეორებელია.

მსახიობს დიდ სიამოვნებას ჰგვრიდა ფილმების ჩამოთვლა, რომელშიც იპოლიტეს თამაშობდა: “პიერი მილიციის თანამშრომელი”, “შეხვედრა წარსულთან”, “მალე გაზაფხული მოვა”, “ქალაქი ადრე იღვიძებს”, “ღიმილის ბიჭები”, “ბზიანეთი”, “მეზობლები”, “მხიარული რომანი”, “რაჭა ჩემი სიყვარული”, “ანარეკლი”, “დილის ნისლივით”, “მუქარა შუაღამისას”.

ერთხელ, კანის ფესტივალზე, ფილმში “ბურთი და მოედანი” იპოლიტეს “კუჭკუჭიმ” ჟან გაბენიც კი გააოცა. რეზო ჩხეიძის გვერდით მჯდომ ფრანგ მსახიობს თარჯიმნის მეშვეობით უთქვამს:
– რატომ არ ვიცნობ ამ კაცს, ეს რა გენიოსი გყოლიათ?
ფესტივალებთან დაკავშირებით ერთხელ ჰკითხეს იპოლიტეს:
– ფესტივალებზე რატომ არ დადიხარ, მოსკოვში წასვლა მაინც რა გაგიხდაო?
– იმიტომ რომ, ეშინიათ, ჩემნაირი რუსული მოსკოვში არ ისწავლონო.

მსახიობს არასოდეს დაუმალავს, რომ ყველაფერს თავისი საყვარელი მაყურებლისთვის აკეთებდა. ამას ეს ლექსიც მოწმობს:

მე მინდა, რომ ხალხის გულში
დავბინავდე, ჩავესახლო,
რაც შევქმენი ცხოვრებაში,
თქვენ გეკუთვნით, ჩემო ხალხო.

დეე, გული თქვენ სიხარულს,
მარცვალ-მარცვალ მიპოვნიდეს,
თქვენი ჭირი შემეყაროს
თქვენს ხვიჩია იპოლიტეს.

“არტინფო” იპოლიტეს ცხოვრების საინტერესო ეტაპებს გაგაცნობთ.

***

ციფრი 13 და მისი შებრუნებული ვარიანტი 31 საკრალური აღმოჩნდა მსახიობისთვის.
31-ში დაიბადა.
31-ში გარდაიცვალა.
13 “იპოლიტე” შეასრულა კინოში.
იპოლიტე ამ ციფრს, 13-ს ასე გამოთქვამდა: “დუჟინს პლუს ერთი”.
ერთ-ერთ ინტერვიუში იპოლიტემ ჰკითხება კორესპონდენტს:
– რამდენი შეკითხვა გამოგვივიდა?
– თერთმეტი.
– თუ შეიძლება, კიდევ ორი შეკითხვა რომ დავუმატოთ? ცამეტი ჩემი ციფრია. კარგად მაქვს დაცდილი: ოჯახში 13 სული ვიყავით: დედა, მამა და 11 შვილი. ქუთაისში ლერმონტოვის 13-ში ვცხოვრობდი, ქუთაისიდან თბილისში წითელი პარტიზანების (დღეს იპოლიტე ხვიჩიას სახელობის) 13 სახლში გადმოვედი, რესპუბლიკის დამსახურებული არტისტის წოდებაც 1953 წლის 13 ივნისს მივიღე; სასტუმროში ყოველთვის 13 ნომერი მხვდება; სახალხო არტისტის წოდებაც 1960 წლის 13 ივლისს მივიღე; ახალი ბინა სევასტოპოლზე – 13 ივნისს და ა.შ.

***

ერთხელ, გადაღების დამთავრების შემდეგ, იპოლიტემ გადამღები ჯგუფი ოჯახში მიიპატიჟა. მოილხინეს. სადღეგრძელოები, სიმღერები, ანეკდოტები ერთმანეთს შეუნაცვლეს. სუფრასაც ჩიტის რძე არ აკლდა, მაგრამ ეროსი მანჯგალაძე არ ეშვებოდა იპოლიტეს – “სულ ესაა, ამაზე დამიძახე?”
შეწუხებული იპოლიტე მეუღლეს დაუძახებდა და ყურში ჩურჩულით ახალი კერძის შეკვეთას აძლევდა. “ხაჭაპუროვნაც” (ასე ეძახდნენ ქალბატონ ლუბას) ამატებდა და ამატებდა ახალ-ახალ “შემოქმედებას” მაგიდას, ეროსი კი არ ისვენებდა და დროდადრო ახსენებდა მასპინძელს “სულ ესაა, ამაზე დამიძახეო?!” ბოლოს იპოლიტე წამოხტა და გასძახა მეუღლეს:
– ლუბა, გაპუტე ვერიჩკა და შეწვი! (ვერიჩკა იპოლიტეს სიდედრს ერქვა).

***

“ბურთი და მოედნის” გადაღების დროს კუჭკუჭის სტადიონზე სარბენად დიდი შავი ტრუსები დასჭირდა, სტუდიაში კი იპოლიტეს ზომისა ვერ აღმოაჩინეს. გადაღება ორი დღით გადაიდო.
საღამოს, შინ მისულმა იპოლიტემ, აივანზე გასაშრობად გაფენილ სიდედრის კუთვნილ, შორტებივით სრულ, მოგრძო ნიფხავს მოჰკრა თვალი.
მეორე დღეს ვერიჩკამ შეძრა N13 სახლის მცხოვრებნი. მეზობლების აივნები რომ შემოიარა, ეზოშიც ჩავიდა და იქაც ბევრი ეძება, მაგრამ ვერ იქნა და ვერ მიაგნო თავის “იმას”.
– რას ეძებ, ვერიჩკა? – ეკითხებოდნენ გაოცებული მეზობლები. ვერიჩკა კი, ვითომაც არ ესმოდა, რას ეკითხებოდნენ, უადგილოდ და უმიზეზოდ უღიმოდა მათ.
გვიან ღამით გადაღებიდან დაბრუნებულმა იპოლიტემ, ოჯახის წევრების გაღვიძებას რომ მოერიდა, აივანზე დაიძინა და…
დილაადრიანად რძისა და მაწვნის ბოთლების გამოსატანად აივანზე გასული ვერიჩკას კივილმა ყველა გააღვიძა.
– დედაია! ამას რას ხედავს ჩემი დასაფსები თვალები! სად იყო ბიჭო, მაი ტრუსიკი?
– კაი ახლა, ვერიჩკა. რა მოხდა მერე. ამ ასაკში შენ ტანზე ჩაცმულს მაინც ვერავინ ნახავდა და ახლა ეს ნიფხავი მსოფლიოს მოივლის…. აბა?!

***

“ფეოლას” გადაღება ბათუმში მიმდინარეობდა. ამ დროს სესილია თაყაიშვილიც ოჯახთან ერთად ისვენებდა იქ.
გადაღებიდან ზღვისკენ მიმავალ იპოლიტეს ქუჩაში უკვე მზით ნასიამოვნები სესილია შეხვდა.
– აუ, სესილია, გამომასწარი?
– რა გინდა, ბიჭო, რა?
– რა და, შენი ნახვა მინდოდა საბანაო კოსტუმში.
– უჰ, მეხი კი დაგაყარე. ა, და შემხედე! – სესილიამ გაიხსნა ხალათი და საბანაო კოსტუმში მოეჩვენა იპოლიტეს.
– დიდუუ! ყვავს დააჩხავლებს…
– დამეკარგე აქედან….

***

სიკო დოლიძის ფილმში “ქალაქი ადრე იღვიძებს” იპოლიტე მუშის როლს ასრულებდა. ამ როლის ასათვისებლად იპოლიტეს ხშირად უხდებოდა ელმავალმშენებელ ქარხანაში ყოფნა, სადაც ერთი მუშა, სახელად თორნიკე, ძალიან დაუახლოვდა და თითქმის ყოველ დღე იპოლიტესთან ერთად მიირთმევდა ქალბატონ ლუბას გამოტანებულ საუზმეს.
იპოლიტეს, ცოტა არ იყოს, აღიზიანებდა თორნიკეს ყოველდღიური თანამეინახეობა. ერთხელაც კვერცხი აიღო და ითხლიშა მოტვლეპილ შუბლზე, გაფცქვნა, მეორე კი თორნიკეს გაუწოდა, იმასაც მოტვლეპილი შუბლი ჰქონდა, თორნიკემაც ითხლიშა კვერცხი, ოღონდ მოუხარშავი, იპოლიტე ნეტარებით შეაცქერდა კვერცხის გულით მოთხუპნულ თორნიკეს ცხვირპირს.
საღამოს შინ დაბრუნებულმა კარებშივე მიახარა ლუბას – ისე ითხლიშა, ეჭვიც არ შეპარვიაო…

***

რეზო ჭარხალაშვილის მოკლემეტრაჟიანი ფილმის “მეზობლების” გადაღება ქართლში, მდინარე ქსანზე მიმდინარეობდა. იპოლიტეს მოპარული შვიდთუმნიანი ღორით 4-5 მეტრის სიმაღლეზე გადებულ დიდ მორზე უნდა გადაევლო.
– ვერ გადავალ! – უკან დაიხია იპოლიტემ.
– გადახვალ! – ჩააცივდა რეჟისორი.
– რომ ჩავვარდე? – გაგიჟდა იპოლიტე.
– რა გიჭირს მერე? გაცურავ….. – იყვირა რეჟისორმა.
– თუ არაფერი მიჭირს, შენ გადავარდი, ცურვა არ ვიცი, კაცო, ცურვა! – იკივლა იპოლიტემ.
– მომიყვანეთ მყვინთავები! – იხუმრა რეჟისორმა.
– გადი, იპოლიტე, აგერ ვართ ჩვენ!… – წაახალისეს გადამღები ჯგუფის წევრებმა.
– აგერ კი ხართ, იქ კი არ მეყოლებით, რომ ჩავვარდე?! – ბურდღუნით დაიძრა მორისაკენ. თან საჩვენებელი თითით წყლისკენ უთითებდა, მეორეთი კი ღორს მიათრევდა.
– ეს სცენარით გათვალისწინებული არ არის, – არ ცხრებოდა რეჟისორი.
– წინ, იყურე წინ! – უძახდნენ მსახიობები, მაგრამ ამის თქმა და ფეხის დაცდენა ერთი იყო. იპოლიტემ ღორთან ერთად მდინარეში მოადინა ზღართანი. ატყდა დიდი ვაი-ვიში, არც იპოლიტე ჩანდა და არც ღორი. ცოტა ხანში გამოჩნდა ღორი, რომელსაც კბილები ჩაევლო იპოლიტეს წითელ-ყვითელი ყვავილებით მოჩითული პერანგისთვის და დიდი მონდომებით ექაჩებოდა სახალხო არტისტს.
— კარგია, ძალიან კარგი, ერთი დუბლი კიდევ?! – იხუმრა გულშემატკივრებიდან ერთ-ერთმა!
– გადაირია ეს ხალხი, მგონი, მომილოცეთ რომ ამ ტრიუკიდან უვნებელი გადავრჩი – აკივლდა განწირული იპოლიტე.
უცებ მოიხედა და ღორი არსადაა…
– დიდუ! სადაა სიმწრით გადარჩენილი მწვადი? ფუი, იმის გაქცევა იქნება! დამიჭირეთ! მომიყვანეთ! – ყვიროდა, როგორც შეეძლო.

***

იპოლიტე და რეზო ხობუა პარტნიორები იყვნენ ერთ-ერთ სპექტაკლში. მოხდა ისე, რომ სპექტაკლის წინ მივიდა იპოლიტე რეზოსთან და სთხოვა – დღეს იქნებ ეს სცენა “გავიტანოთ” ძალიან მეჩქარებაო. რეზოს მეტი რა უნდოდა, სანამ სპექტაკლი დაიწყებოდა, მივიდა საგრიმიოროში, გამოართვა მორიგეს დიდი ბოქლომი, იპოლიტეს პალტოს ღილკილოებში გაუყარა და ასე დაუმაგრა საკიდარზე. თავისი სცენის შემდეგ იპოლიტე ამოვარდა საგრიმიოროში, სასწრაფოდ გაიხადა, ჩაიცვა თავისი ტანსაცმელი და ემზადება გასაქცევად, მაგრამ აღარ მოყვა პალტო ხელში… დაკეტილია ბოქლომით. ლამის გაგიჟდა, მიხვდა ვინც მოუწყო ეს ოინი:
– სადა ხარ, რეფერო (ასე ეძახდა რეზოს სიყვარულით) მოგკლავ იცოდე!
მაგრამ რეზო როგორ გამოჩნდებოდა. დააგვიანდა იპოლიტეს იმ დღეს!..
გაიარა რამდენიმე სპექტაკლმა… იპოლიტე “ჩუმადაა”, არადა ყველა ელოდება, რომ, დღეს თუ არა ხვალ, რაღაც უნდა მოხდეს, “საქმე” ასე იოლად არ ჩაივლის. “რეფეროც” ფრთხილობს, მაგრამ ერთ დღესაც ბიჭები მანქანით მოადგნენ, სპექტაკლის შემდეგ საქეიფოდ წავიდეთო… რეზოს ეჩქარება. იპოლიტე იცინის… ახლა რეზო ამოვარდა ოთახში, ტანსაცმლის გამოცვლა დაიწყო, “შიპლეტებში” ფეხები ჩაყო და უნდა გაიქცეს, მაგრამ იატაკზე ცხვირპირით დაენარცხა, წარბიც გაუსკდა… ამბის გასარკვევად მისულებს “შიპლეტები” სულ მცირე ოცდაათი ლურსმნით მაინც დახვდათ იატაკზე დაჭედილი.
იპოლიტე, რა თქმა უნდა, არსად ჩანდა…

***

სიცოცხლის ბოლო წლებში ბატონ იპოლიტეს, ავადმყოფობის გამო, სახლიდან გასვლა უჭირდა, ამიტომ უმეტესად სულისმოსათქმელად აივანზე იჯდა ხოლმე, საიდანაც ხან ეზოში მიმდინარე ბიჭების ფეხბურთს მსაჯობდა, ხან კი ვიღაცას ემასლაათებოდა მაღლიდან.
ერთხელ ეზოში რაღაცის მშენებლობა წამოიწყეს და იპოლიტემ, რა თქმა უნდა, ზევიდან ყველა მშენებელი გაიცნო…
იმ დღეს იპოლიტე, ჩვეულებისამებრ აივანზე დაჯდა, ხელში კი შალითაში გახვეულ ჩვილს ანანავებდა და უმღეროდა. უეცრად, თითქოს ვიღაცამ უკბინაო, მუშებს დაჰკივლა:
– მოდით, მიშველთ, ხალხი არა ხართ?! აღარ შემიძლია ამის ამდენხანს ფერება და აწი თქვენ დაიჭირეთო, ეს თქვა და შალითებში გახვეული ჩვილი მეოთხე სართულიდან გადააგდო.
მუშები თავპირისმტვრევით გამოცვივდნენ ბავშვის გადასარჩენად, მაგრამ ხელი შეახეს თუ არა, “ბავშვი” შალითებიდან “ამოძვრა” და იქვე დაიწყო ხტუნვა.
ატყდა ერთი სიცილ-ხარხარი და სიმწრის ოფლის წმენდა…
იპოლიტემ ხუთლიტრიანი, ღვინით სავსე ტიკი გადაუგდო მუშებს.

***

ბოლოხანს ჯანმრთელობაშერყეული იპოლიტე სახლიდან გასვლას ერიდებოდა. ბევრს კითხულობდა, წერდა მოგონებებს და, რაც მთავარია, თამაშობდა ნარდს. ვაი მისი ცოდვა, ვინც ხელში ჩაუვარდებოდა! მნიშვნელობა არ ჰქონდა, შინაური იყო თუ გარეული, კივილამდე იყო კენჭების ტკაცუნი. ბოლოს მაინც, რა დიდი მოთმინებაც უნდა ჰქონოდა მოწინააღმდეგეს, სახლში წასვლის დროც დაუდგებოდა. წასასვლელად წამომდგარი სტუმრის დანახვაზე ელდანაცემი იპოლიტე რას არ მოიმოქმედებდა, პარტნიორი რომ არ დაეკარგა.

ერთ-ერთი ასეთი მომთმენი და ნარდის დიდი მოყვარული გახლდათ ჟურნალისტი და პოეტი კირა კვეიძე, რომელთანაც იპოლიტე სულ ჩხუბობდა. ბოლოს ყველაფერი იმით მთავრდებოდა, რომ იპოლიტე გაკაპასებულ მოწინააღმდეგეს სახლში გააგდებდა. მეორე დღეს აწკრიალდებოდა ტელეფონი და წინა დღის თამაშის სატელეფონო გარჩევა იწყებოდა, საღამოს 9 საათზე კი ინიშნებოდა ახალი მატჩი.

ერთ-ერთი შეხლა-შემოხლის შედეგად შეიქმნა ასეთი ხელწერილი:

“მე, იპოლიტე ალექსის ძე ხვიჩია, რესპუბლიკის სახალხო არტისტი და სახელმოხვეჭილი კომიკოსი, ვალდებული ვარ ძვირფასი პარტნიორების წინაშე დავიცვა (ნარდში) ხელშეუხებლობის პრინციპი, ანგარიში გავუწიო პარტნიორის მოგებას და არ მივითვისო იგი:

1. ერთის ნაცვლად არ გამოვიყვანო სამი ქვა უსირცხვილოდ (მაინც წამასწრებენ და რა ფასი აქვს).

2. წამდაუწუმ არ ვუწოდო ჩემს ძვირფას და ნიჭიერ პარტნიორს შემდეგი სიტყვები: ჩათლახო, უპატრონო. კრეტინო, დეგენერატო, კიკა და ა.შ.

3. გავუფრთხილდე სხვის წნევას და შარი არ მოვდო ჩემს სასარგებლოდ სხვას პარტიის მითვისებაში.

4. (მეოთხე მუხლის პირობა ხელწერილის სიძველის გამო განაკეცში არ იკითხება).

5. არ ვიტრაბახო სხვასთან ძლივს მოგებული პარტიით და არ დავამცირო წაგებული ნიჭიერი მოწინააღმდეგე.

6. ვაღიარო ერთხელ და სამუდამოდ, რომ კირა და მარიკა ჭეშმარიტად დიდებული ნიჭით დაჯილდოებული მოთამაშეები არიან და მათთან თამაში მგვრის სიამოვნებას და ხანდახან შიშსაც კი.
…ოღონდ ახლა შემირიგდნენ და მეთამაშონ, ამიერიდან ამ პირობის ყველა მუხლს დავიცავ.
რაზედაც ხელს ვაწერ, იპ.ხვიჩია 19.11.78 წელი
P.S. ახლა კი ვარ თანახმა, მარა თუ დავდექი ფეხზე, მოგიკითხავთ კარგებს! თქვენი იპო”

გააზიარეთ

 
...