გოგი ცაბაძის ახდენილი წინათგრძნობა

25 აგვისტო, 2015

1Gogi_Cabadze_01კომპოზიტორი გოგი ცაბაძე და მისი სიმღერები მსმენელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. შემოქმედი, რომელმაც ქართულ მუსიკალურ ხელოვნებაში უდიდესი საგანძური დატოვა თავისი ნაწარმოებების სახით, დღესაც არ კარგავს აქტუალობას.

მიუხედავად იმისა, რომ გოგი ცაბაძეს თბილისზე მომღერალი კომპოზიტორის იარლიყი ჰქონდა, მას სიტყვა თბილისი სულ 12 სიმღერაში აქვს გამოყენებული, სამაგიეროდ, სიტყვა გული – 74 სიმღერაში.

კომპოზიტორს მისი ვაჟი კახა ცაბაძე იხსენებს:

***

“გოგი ცაბაძე ნამდვილი გენიოსი იყო, რომელიც ათას წელიწადში ერთხელ იბადება და ბედნიერებაა, რომ საქართველოში დაიბადა. საოცრება იყო, კაცმა, რომელსაც ბავშვობაში მამა აღარ ჰყავდა, 37 წლის რეპრესიების წყალობით, ორი ძმა დაკარგა ფრონტზე, 24 წლის და გარდაეცვალა, ამდენს გაუძლო. ბებიაჩემს, როგორც ერის მოღალატის ცოლს, აკრძალული ჰქონდა მუშაობა. თვითონ, მამაჩემს 13 წლის ასაკში ფეხი მოკვეთეს. ამის მერე დაიწყო სიმღერების წერა. რომ ჰკითხეს, რა გინდა გოგიო, თქვა, პიანინო მიყიდეთო. ყველაფერი უფლის ნებიდან მოდის. კაცმა, რომელმაც ამდენი ტანჯვა გამოიარა, მთელი ცხოვრება სიმღერით იცხოვრა და სიმღერით წავიდა ამ ქვეყნიდან. ამაზე დიდი უფლის წყალობა ალბათ არ არსებობს. მერე კი ამბობდა, ფეხი რომ არ მოეკვეთათ ჩემთვის, ფეხბურთელი ვიქნებოდიო.”

***

“დედაჩემმა მთელი თავის სიცოცხლე აჩუქა მამას. შეუღლების შემდეგ, ერთი დღეც არ უმუშავია, მთელი პრობლემები, თუკი რამე იყო, ყველაფერს გოგის არიდებდა. სულ ვამბობ ხოლმე, თუ არსებობს ქუჩა, უნდა იყოს თამრიკოს და გოგის ქუჩა, თუ არსებობს სკოლა, უნდა იყოს თამრიკოს და გოგის სკოლა. ეს ყველამ იცის, დედაჩემი მართლა გამორჩეული მეუღლე იყო. ესეც უფლის ნება იყო, რომ დედაჩემი შეხვდა გოგის და არა სხვა ქალი.”

***

“მამაჩემმა იმ პერიოდში იცხოვრა, როცა რელიგიაზე ღიად არ საუბრობდნენ. არასოდეს მინახავს მამა მლოცველი. თავისებური კაცი იყო, არ უყვარდა თავისი ფიქრებისა და გრძნობების სააშკარაოზე გამოტანა. რაც შეეხება მის შემოქმედებას, არ მახსოვს მისთვის სიმღერები დაეწუნებინოთ, თუმცა ჩემი ერთ-ერთი სიმღერა, “სულხან-საბას ლოცვა რომში” დააპატიმრეს. წითელი ხაზი გადაუსვეს რადიოს ფონდში. ალბათ, მამასაც უწუნებდნენ სიმღერებს, მაგრამ კონკრეტულად არც ერთი არ მახსენდება. ძალიან რელიგიური კაცი არ იყო მამაჩემი, მაგრამ შევიწროვებას და კომუნისტურ რეჟიმს ნამდვილად არ უყურებდა. ჩვენს ოჯახში აღდგომაც იყო და შობაც. ყოველთვის მივდიოდით საფლავზე და ეკლესიაშიც დავდიოდით. იმ პერიოდში ეკლესიაში ერთად ვერ ვივლიდით. ყველაზე ხშირად მცხეთას ვსტუმრობდით ხოლმე და სვეტიცხოველში მივდიოდით.”

***

“მაშინ არ იწერებოდა ისეთი ნაწარმოებები, რომლებსაც შემდეგ საეკლესიო გუნდი შეასრულებდა. მამას არასოდეს დაუწერია საგალობლები, მაგრამ საკმაოდ ბევრი საგუნდო სიმღერები აქვს ამ თემაზე. მისი საგალობლები საეკლესიო გუნდებს არ შეუსრულებიათ. მამა უფრო საესტრადო კომპოზიტორი იყო. იმ პერიოდში ესტრადაზე იყო შეფარვითი მომენტები. ბატონ მორის ფოცხიშვილს აქვს გენიალური ლექსები. თუნდაც ერთს გეტყვით: “რა საშინელი ყოფილა, ჩემო რწმენავ და ხატო, როდესაც ხატვა არ გინდა და მაინც უნდა ხატო”. ამით ყველაფერია ნათქვამი. სხვანაირად მათი წაკითხვა და დანახვა შეუძლებელია. მამამ ეს რომ წაიკითხა, მოეწონა და დაწერა სიმღერა. სიმღერა კი მხოლოდ იმ შემთხვევაში იმარჯვებს, როდესაც ტექსტი და მუსიკა ერთ დონეზეა. მაშინ რელიგიაზე ხმამაღლა ვერ ილაპარაკებდი. მამაჩემს იმდენი ტანჯვა ჰქონდა გამოვლილი, რომ არაფერს ამბობდა. თავისებური კაცი იყო, თავის საიდუმლოებებს ადვილად არავის გაანდობდა. მამაჩემი პარტიული არასოდეს ყოფილა. პარტიაში უნდა მიეღოთ და მახსოვს, როგორ იმალებოდა. ბოლოს იმ კაცმა შემოუთვალა, კაცო, სხვები მეხვეწებიან და თუ არ უნდა ამ პარტიაში, გამოჩნდეს, სულ ნუ დამკარგავსო. მეგონა სიკეთეს ვუკეთებდი და თუ არ უნდა, თქვასო. საბოლოოდ, მამა პარტიას მაინც ვერ ასცდა.”

***

“მამა ქვეტექსტებით მღეროდა. რატომღაც ყველას მიაჩნია, რომ გოგი ცაბაძე ყველაზე ხშირად თბილისზე მღეროდა. მე კი სულ ვამბობ, თბილისის მომღერალს კი ეძახდნენ, მაგრამ რომ დავთვალე, სიტყვა თბილისი სულ 12 სიმღერაში აქვს გამოყენებული, სამაგიეროდ, სიტყვა გული 74 სიმღერაში გამოიყენა. “თვითონ ღმერთი წამებული შენ ერთს გწყალობს ისევე, მხოლოდ გულში განისვენებს, მხოლოდ გულში ისვენებს, გულო, სანამ გული გქვია, გულო, უნდა მტკიოდე, გულო, უნდა მიერთგულო, მიმყვე საიქიომდე” – საოცარი სიტყვებია. არ ვიცი, სიკვდილსა და საიქიოზე არასოდეს საუბრობდა, მაგრამ ალბათ ფიქრობდა კიდეც. მამას თავისებური დამოკიდებულება ჰქონდა ყველაფრისადმი. რა თქმა უნდა, უყვარდა თბილისი, იმიტომ, რომ იყო ამ ქალაქის შვილი, ამ ქალაქის გადმოსახედიდან ხედავდა საქართველოსაც, სიყვარულსაც, მეგობრობასაც. გოგი ცაბაძე თბილისს კი არ უმღეროდა, მისი სიმღერები თბილისელი კაცის ნამღერი იყო. მამა სიმღერებს ძირითადად მორის ფოცხიშვილისა და პეტრე გრუზინსკის ლექსებზე წერდა. მას მართლაც ოქროს ხანის თბილისში მოუწია ცხოვრება. ამ ქვეყანაში მამაჩემისთვის გული იყო მთავარი და მართლაც გულმა უმტყუნა. მამაჩემს დაახლოებით ას სიმღერაში აქვს გული ნახსენები. ალბათ, ეს ყველაფერი ღმერთის ნებით მოხდა. მამაჩემს წინათგრძნობა ჰქონდა, გული უგრძნობდა, რაც ელოდებოდა.”

***

“კონცერტზე, რომელიც გორში მოეწყო, მამაჩემს გული გაუხდა ცუდად. დაიწყო კონცერტი, გამოვიდა სიტყვით, იმღერა ბოლოს “გოგლაურა” – “გული მღერის, სული მღერის”, მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას, შემოვიდა კულისებში და ფარდის იქით, ოთახში რომ შევიდა, იქ აღესრულა. თითქოს თავისი შემოქმედებით, თავის თავს განაჩენი გამოუტანა. ბედნიერია მამაჩემი, იმიტომ რომ თავისი საქმის აღსრულებისას, თავის იუბილეზე გარდაიცვალა. ის ფაქტი, რომ გოგი ცაბაძე თბილისში არ გარდაიცვალა, ესეც საოცრება იყო. თბილისში არ არსებობს ადგილი, სადაც მამაჩემი გარდაიცვალა. თბილისისთვის გოგი ცაბაძე ცოცხალია. მართლა საოცრებაა, ადამიანი, რომელიც ყოველდღე თბილისს უმღეროდა, თბილისში არ გარდაიცვალა. თბილისს გოგი ცაბაძე ყოველთვის ცოცხალი ახსოვს და ეს ძალიან კარგია.”

***

“გორში კონცერტზე ყველანი ვიყავით წასულები, მთელი ოჯახი. 60 წლის რომ გახდა, მაშინ უნდა გადაეხადათ მისთვის იუბილე. მამას ძალიან უნდოდა კონცერტზე ყოფილიყო “ორერა”, ნანი ბრეგვაძე, ბუბა კიკაბიძე, ვახტანგ სალარიძეც. ორი წლის განმავლობაში ეს ვერ მოხერხდა, იმიტომ, რომ მოსკოვში ბუბას გადაღებები ჰქონდა, ნანის კონცერტები, “ორერაც” გასტროლებზე იყო. ზუსტად იმ დღეს მოხდა, რომ ყველა შეიკრიბა. საოცრება იყო თითქოს, მამაჩემი ამ კონცერტით ყველა თავის ახლობელს დაემშვიდობა. ჩვენ ეს კონცერტი ვიდეოზე გადავიღეთ. მამაჩემის არც ერთი სიმღერა ჩვენ არ ჩაგვიწერია, სურათიც კი არ მაქვს მასთან გადაღებული. მხოლოდ ორი ფოტო მაქვს, სადაც ბავშვი ვარ. ადამიანი, სამწუხაროდ, არ აკვირდები მსგავს რაღაცეებს და ამაზე არ ფიქრობ. სპეციალურად იმ კონცერტისათვის, ჩემმა ძმამ ცხოვრებაში პირველად გამოართვა ვიდეოკამერა თავის მეგობარს. აღმოჩნდა, რომ ცხოვრებაში პირველად და უკანასკნელად გადავიღეთ მამაჩემის მთელი კონცერტი. ძალიან უცნაური იყო ეს ყველაფერი. მართლა ლამაზად იცხოვრა და ლამაზადაც წავიდა ამქვეყნიდან. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ახალგაზრდა წავიდა. ახლა, რაც უფრო ასაკში შევდივარ, უფრო ვხვდები. მისმა გარდაცვალებამ ჩემში სულიერი ცვლილებები მოახდინა. ძალიან ბევრ რამეზე დავფიქრდი. ყველა მის ნაწარმოებს სულ სხვა თვალით შევხედე. მამაჩემის გარდაცვალება ჩემთვის ძალიან დიდი სტრესი იყო. გოგის შემოქმედება გაცილებით სხვანაირად დავინახე, როდესაც არქივის მოწესრიგება მომიწია. გული მწყდება, რომ ეს მას სიცოცხლეშივე ვერ ვუთხარი ის, რასაც დღეს ვფიქრობ მასზე.”

***

“მამის გარდაცვალების შემდეგ, საკმაოდ ბევრი დაუმთავრებელი ნაწარმოებები აღმოვაჩინე. გავბედე და რამდენიმე დავასრულე. მიუზიკლი იყო “ას წელიწადში ერთხელ”, რომელიც დაიდგა კიდეც. ეს მიუზიკლი რომ დაიდგა, ერთ-ერთ ნომერზე იკითხეს, ეს გოგისია თუ კახასიო და ჩემზე ბედნიერი კაცი არ იყო იმ წუთას. სამწუხაროდ, გოგი დღიურებს არ წერდა, თორემ მართლა საინტერესო იქნებოდა მისი მოგონებები, თუნდაც რომელიმე სიმღერის შექმნაზე, ან რომელიმე მეგობარზე.”

გააზიარეთ

 
...