4 აგვისტო, 2015

რაში ადანაშაულებდნენ ვახუშტი კოტეტიშვილს?

1vaxushti-kotetishvili2015 წელი ვახუშტი კოტეტიშვილისთვის საიუბილეოა. მისი დაბადებიდან 80 წელი შესრულდა. ვახუშტი კოტეტიშვილი თავისი შემოქმედებით და საქმიანობით ყოველთვის გამორჩეულ სიმაღლეზე იდგა, თუმცა მას არც გაკიცხვა აკლდა. ლიტერატორს და მთარგმნელს ახალგაზრდების გარყვნასაც აბრალებდნენ. უამრავი განსაცდელის მიუხედავად, ის მაინც ღმერთის მადლობელი იყო.

“არტინფო” ვახუშტი კოტეტიშვილს გაგახსენებთ.

***

“უცნაური, ახირებული კაცი ვარ. ჩემი მოღვაწეობის სფერო რამდენიმეა – თარგმანი, ორიგინალური პოეზია, პროზა, მეცნიერება, ფოლკლორი და ა.შ. განწყობილების გარეშე სტრიქონის დაწერა არ შემიძლია. ასეთ ტანჯვაში ვარ. ევროპული და აღმოსავლური ლიტერატურის შედევრები მაქვს ნათარგმნი. ჩემი მხრიდან უხერხულია ამაზე საუბარი, მაგრამ ვიცი, რომ ჩემი თარგმანები კარგად მიიღო მკითხველმა. როცა მეკითხებიან, რა შედარებას გააკეთებდით აღმოსავლურ და ქართულ მწერლობას შორისო, ვამბობ, რომ ერთიც ძალიან დიდია და მეორეც. ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, ქართული ჩემი მშობლიურია და ამით ყველაფერია ნათქვამი. ქართული ლიტერატურა მეტად საინტერესო მოვლენაა. მხოლოდ რუსთაველი რომ ავიღოთ, ის მთლიანად მოიცავს მთელი შუასაუკუნეების ევროპულ და აღმოსავლურ პოეზიას. რუსთაველის შემდეგ შუასაუკუნეების ქართულ და აღმოსავლურ ლიტერატურას შორის უზარმაზარი მსგავსებაა. მაგალითად, თეიმურაზი უნიჭიერესი პოეტია, მაგრამ აღმოსავლური გავლენა ძალიან დიდია მის შემოქმედებაში. ეს ყველაფერი გადახარშა ქართულმა კულტურამ და მერე უცბად გამოჩნდა დავით გურამიშვილი, რომელმაც სულ სხვა, ახალი პოეზიის მოწმენი გაგვხადა. ქართული ლიტერატურა დამოუკიდებელია და თავისი ადგილი აქვს მსოფლიო კულტურაში. დავით გურამიშვილი სწორედ დამოუკიდებელი ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი წარმომადგენელია. ევროპული გავლენა უფრო იგრძნობა XX საუკუნეში. ცისფერყანწელების და გალაკტიონის პოეზიაში. ქართულ მწერლობაში უდიდესი მოვლენა იყო გალაკტიონი, მის მერეც იყვნენ საინტერესო პოეტები, მაგალითად, ანა კალანდაძე. რაც შეეხება აღმოსავლურ ლიტერატურას, გამომდინარე იქიდან, რომ ინდონეზიური და ბანგლადეშური არ ვიცი და ძირითადად ვთარგმნიდი სპარსულიდან, შემიძლია გითხრათ, რომ თანამედროვე სპარსულ ლიტერატურაში ნამდვილადაა საინტერესო ძვრები და სიახლეები. მაგრამ მე ძველი კლასიკოსები მირჩევნია. როცა ხდება კულტურული ზეგავლენა, ეს იძლევა უფრო ახალ, უკეთეს შედეგს, ვიდრე ეს იქამდე იყო. ვინაიდან კარჩაკეტილი კულტურა, კარჩაკეტილი ხელოვნება ძალიან მალე ამოწურავს თავის თავს, თუ არ გამდიდრდა ურთიერთობებით.”

***

“მწერალი წერს იმას, რაც მას აღელვებს, რაც მას აფიქრებს და რისი გამოთქმაც უნდა. მკითხველს თუ ეს აინტერესებს, ხომ კარგი, თუ არადა, თავისი გზით იაროს. მკითხველზე არ უნდა იფიქროს მწერალმა. მისთვის მთავარი ჭეშმარიტება უნდა იყოს ნაწარმოების მხატვრული და ლიტერატურული სახე. როცა ჩემი კრებული “მოუკრეფავნი” გამოვიდა, ნამდვილად არ ველოდი საზოგადოებას ასეთ უარყოფით რეაქციას იმიტომ, რომ მეგონა, ცოტა მაღალ დონეზე იდგა ჩვენი საზოგადოება. რა გაუკვირდათ, არ ვიცი. არ არსებობს ფოლკლორი, სადაც არ იქნება ასეთი სახის ნიმუშები. რა ვქნათ? ამოვაგდოთ? მაშინ “ვეფხისტყაოსანს” რა ვუყოთ? ამოვიღოთ ის ეპიზოდი, როდესაც დავარი ნესტან-დარეჯანს ლანძღავს? თუ რუსთაველს ეპატიება, რატომ არ ეპატიება გლეხ მიტუას, რომ თქვას თავისი სათქმელი? მეორე მხრივ, ეს საინტერესო მოვლენაა. მეცნიერი-ფოლკორისტი ვარ და ჩემი საქმეა მოვიძიო ასეთი ნიმუშები და ვიღაც ბალავაძეს მოსწონს თუ არა, ეს აბსოლუტურად არ მაინტერესებს. ჩემთვის უფრო საინტერესოა ქართული ფოლკლორი. ამბობენ, ვახუშტი კოტეტიშვილი მომავალ თაობებს რყვნისო. მინდა მათ ვკითხო, საკუთარი დედის გინება მე ვასწავლე ამ ახალგაზრდობას? წაიკითხონ “მოუკრეფავნი” და ასეთ რამეს იქ ვერ იპოვნიან. ყველაფერს ცოდნა და განათლება სჭირდება. მე მყავს ძალიან კარგი მკითხველები, ვერ დავემდურები. ესენი ძირითადად არიან ჩემი სტუდენტები, რომლებსაც შევყარე პოეზიის სენი და ეს არის ჩემი გამარჯვება, როგორც პედაგოგის.”

***

“უამრავ ქვეყანაში მიმოგზაურია და დიდი განსხვავებაა ქათველ და უცხოელ მკითხველს შორის. მაგალითად, ამერიკაში ძალიან ბევრმა არ იცოდა, ვინ იყო ფოლკნერი და ჰემინგუეი, რაც იმდროინდელ საქართველოში იშვიათობა იყო. მაგრამ დღეს საქართველოში უარესები ხდება. ტელევიზორში ერთ-ერთ გადაცემაში იყო გამოკითხვა. ქუჩაში აჩერებდნენ ახალგაზრდებს და სთხოვდნენ, დაესახელებინათ ილია ჭავჭავაძის ერთ-ერთი ნაწარმოები, ისინი კი ვერ პასუხობდნენ. ეს ძალიან სამარცხვინოა.”

***

“ერთხელ ბაზარში ვიყავი წასული და რაღაცას ვყიდულობდი. შევევაჭრე, გამყიდველი მეუბნება, გიცანით და როგორ არ დაგიკლებთო. მაგრამ შევატყე, რომ ბოლომდე ვერ მიხვდა, ვინ ვიყავი. ვეუბნები, თუ მიცანი, აბა მითხარი, ვინ ვარ-მეთქი, როგორ ვერ გიცანი, ზურა ხარ, ქაფიანიძეო.”

***

“წლებია, სახლიდან არ გავსულვარ, სახლში ხატის წინ ვანთებ სანთელს და აქ ვლოცულობ. უფალს ყოველთვის უჭირავს ადგილი ადამიანის ცხოვრებაში, უფრო სწორად, ჩვენ, ადამიანებს, გვიჭირავს მის საუფლოში ერთი პატარა ადგილი, მაგრამ სავალდებულო. მე ისეთ დროს ვიზრდებოდი, როდესაც ეკლესიაში სიარული იკრძალებოდა, მაგრამ ჩემი ოჯახი ყოველთვის ეკლესიურად ცხოვრობდა, ტაძარშიც დავდიოდი. მახსოვს, დიდედას კათოლიკოსთან მივყავდი ხოლმე, კალისტრატე ცინცაძესთან, რომელიც დამლოცავდა, თავზე ხელს გადამისვამდა და პატარა ხატს მაჩუქებდა. მღვდლის შვილიშვილი ვარ. პაპაჩემი დეკანოზი გახლდათ, რომელიც ჯერ სხვადასხვა სოფლის ეკლესიებში მოღვაწეობდა, ხოლო როცა მამაჩემი დაიბადა, ის უკვე სვეტიცხოვლის მთავარი იყო, ასე ერქვა. შემდეგ უკვე თბილისში გადმოიყვანეს წმიდა სამების ეკლესიის მოძღვრად, ბოლოს კი მოღვაწეობდა მამადავითზე, სადაც გარდაიცვალა კიდეც. პაპაჩემი 75 წლის ასაკშიც უჯანმრთელესი ადამიანი ყოფილა. 1933 წლის ზამთარი იდგა, თბილისში დიდთოვლობა ყოფილა. ერთ კვირა დღეს, პაპა მამადავითზე ასასვლელად გაემზადა, ბიძაჩემს უთქვამს, არ წახვიდე ტაძარში, იმოდენა თოვლია, ასვლა გაგიჭირდება და არც მლოცველები ამოვლენო. პაპას არ დაუშლია, რა მნიშვნელობა აქვს, მრევლი მოვა თუ არა, მე ხომ აუცილებლად უნდა ვილოცოო და მაინც წასულა. ბიძაჩემი უკან გაჰყოლია, შიშობდა, მოხუცი მამა თოვლში არ ჩაფლულიყო, ან ცუდად არ გამხდარიყო. მამადავითზე კომუნისტებს სამრეკლოდან ზარები ჩამოუხსნიათ და ეს ჩამოყრილი ზარები რომ დაუნახავს პაპას, გული ცუდად გაუხდა თურმე და ბიძაჩემმა ზურგით ჩამოიყვანა სახლში. მას შემდეგ პაპა ფეხზე აღარ წამომდგარა, ისე გარდაიცვალა. მან ვერ აიტანა მისი რწმენის ასეთი შეურაცხყოფა.”

***

“მგონია, რომ არსებობს მორწმუნეების ორი ტიპი. ერთი, რომელიც არაფერზე ფიქრობს, არაფერს განსჯის, მას უბრალოდ სწამს ღმერთის, მაგრამ ბრმად სწამს. მათ ღვთის ეშინიათ. ღვთის შიში, რასაკვირველია, სათნოებაა, მაგრამ ეს ღვთისმოშიშება ღვთის რიდია სინამდვილეში. ე.ი. არიან ბრმად მორწმუნენი და გულით მორწმუნენი. გერმანელი ფილოსოფოსი ემანუელ კანტი ამბობდა: “ორი რამ მაოცებს ამ ქვეყნად, ვარსკვლავებით მოჭედილი ცა ჩემ ზემოთ და ზნეობრივი კანონი ჩემში”. სწორედ ეს “ზნეობრივი კანონი ჩემში” – აი, ეს არის რელიგია. კანტმა ორი რამ ძალიან კარგად განასხვავა, – არსებობს “საგანი ჩემთვის” და “საგანი თავისთვის”. “საგანი ჩემთვის” – არის შემეცნებადი, “საგანი თავისთვის” – რელიგიის სფეროა, ის უნდა ირწმუნო, მასთან ცდით, ექსპერიმენტით ვერ მიხვალ. ეს არის ფილოსოფიური გააზრება რელიგიისა. მორწმუნე უნდა იყოს კეთილი, მიმნდობი, შემნდობი, ასრულებდეს იმ ათ მცნებას, რომლებიც უფალმა მოგვცა. სამწუხაროდ, ჩვენ, ჩვეულებრივი მოკვდავნი, იშვიათად ვასრულებთ უფლის მცნებებს, ვცოდავთ, მერე ვნანობთ. მე, რასაკვირველია, ცოდვილი ვარ. ცოდვები ჩამიდენია, მოგეხსენებათ, ტიპიური ქართველი კაცი ვარ, მაგრამ ის, რომ მე ვინმე დამეჩაგროს, ვინმესთვის ბოროტება გამეკეთებინოს, გამორიცხულია. თუ ვინმე ცუდს გამიკეთებს, პირჯვარს გადავისახავ და ვამბობ, უფალო, შეუნდე. ჩემს ცხოვრებაში არასდროს არავითარი შურისძიების გრძნობა არ მქონია. ალბათ, ღმერთი ამის გამო თუ მაპატიებს ჩემს შეცოდებებს.”

***

“ძალიან დიდ პატივს ვცემ ჩვენს პატრიარქს. არასდროს დამავიწყდება ჩვენი ერთ-ერთი შეხვედრა. იყო ერთი არაჩვეულებრივი კაცი, ედიშერ გარაყანიძე, რომელიც სიონის მგალობელთა გუნდში გალობდა, მგალობელი-რეგენტი იყო. ამავდროულად, კონსერვატორიაში მუშაობდა მუსიკალური ფოლკლორის კათედრაზე, დოცენტი იყო. მე მას ბიძად ვეკუთვნოდი. ერთხელ ედიშერი ჩემთან მოვიდა, მას სურდა, გერმანიაში სასულიერო აკადემიაში ესწავლა და უწმინდესთან შუამდგომლობა მთხოვა. დაინიშნა პატრიარქთან აუდიენცია, უწმინდესმა ძალიან კარგად მიგვიღო, ღვინით გაგვიმასპინძლდა და ჩვენი თხოვნაც შეიწყნარა. მის უწმინდესობას, ილია II-ს, სხვა დროსაც შევხვედრივარ, მისგან ყოველთვის დალოცვა და კურთხევა მიმიღია.”

***

“აღმოსავლეთმცოდნე ვარ სპეციალობით და ბუნებრივია, ყურანი წაკითხული მაქვს. სხვადასხვა რელიგიებს გავცნობილვარ. მიმაჩნია, რომ განათლებული ადამიანი სხვა რელიგიებსაც უნდა იცნობდეს. ჩვენი სარწმუნოება არის ჩემი მშობლიური სარწმუნოება. ამაზე ვარ გაზრდილი და ამ პრინციპების დამცველი ცხოვრებაში. ცუდი რელიგია არ არსებობს, ყველა რელიგია არის ღვთის მსახურება. აღმოსავლური მისტიკაა სუფიზმი, რომელიც ირანში იყო გავრცელებული, ამ მიმდინარეობის ყველაზე დიდი თეორეტიკოსი გახლდათ ჯალალ ედინ რუმი, რომელსაც ერთი იგავი აქვს ასეთი: უდაბნოში გზა აებნათ ბერძენს, სპარსელს, თურქს და არაბს. იპოვნეს ერთი დინარი. ბერძენმა თქვა, ამ ფულით ვიყიდოთ სტაფილ – ყურძენი ბერძნულად, არაბმა თქვა, ვიყიდოთ იაბი – ყურძენი არაბულად, თურქმა თქვა, ვიყიდოთ იზიუმ – ყურძენი თურქულად, სპარსმა თქვა, ვიყიდოთ ანგურ – ყურძენი სპარსულად. მოუვიდათ ჩხუბი, რადგან ვერ შეთანხმდნენ. ამ დროს ხიდზე გადადიოდნენ და ეს დინარი მდინარეში ჩაუვარდათ. მათ ოთხივეს ერთი და იგივეს ყიდვა უნდოდათ, მაგრამ სხვადასხვა ენაზე ამბობდნენ. ჯალალ ედინ რუმი ამბობს, რომ ასეა უფალიც – ღმერთი ერთია, უბრალოდ, მას სხვადასხვა ენაზე მიმართავენ ადამიანები. ჩვენი შეცდომაც ეს არის, რომ არ გვესმის ერთმანეთის. XII საუკუნის პროგრესულად მოაზროვნე ადამიანმა ამ იგავით გაილაშქრა სხვადასხვა სისხლისმღვრელ რელიგიურ ომებზე, რომლებიც უფლის სახელით იმართებოდა.”

***

“ტაძარი უფლის სახლია და იქ ღვთის მადლი ტრიალებს. ერთხელ დავწერე ახალი ლექსი, სადაც არის ორი ასეთი სტრიქონი:
“ღვთისთვის ლოცვაა მთავარი და სად, სულ ერთია,
გუმბათოვანი ტაძარია თუ ბაზილიკა”.
ყველა ტაძარი, სოფლის უბრალო საყდარი იქნება ეს თუ უზარმაზარი კათედრალური ტაძარი, ღვთის სახლია. თუნდაც ტაძარში კი არა, ღია ცის ქვეშ, ტრიალ მინდორზე იმყოფებოდე, დაიჩოქე და ილოცე, იქედანაც მიუვა შენი ლოცვა მამაზეციერს. ღმერთი ხშირად გვიგზავნის განსაცდელს და ეს საჭიროა. ჩემი მემუარული რომანი “წუთისოფელი” სწორედ ამით იწყება. იმდენი უბედურება მხვდა წილად ცხოვრებაში, დაწყებული ჩემი დაბადებით, დედაჩემი გადაჰყვა ჩემს დაბადებას, მერე სიკვდილების სერია, მერე სახლი დამიწვეს, ამიფეთქეს, ყველაფერი მომისპეს, მერე ჩემი გაუთავებელი ავადმყოფობა. მგონია, რომ ღმერთმა როგორც იობს, მეც ისე მომიწყო გამოცდა. მადლობელი ვარ ღვთისა, ამდენი უბედურება რომ მარგუნა და მაინც მისი მლოცველი ვარ. მადლობა უფალს, რომ ღირსად მცნო ამ განსაცდელისა.”