13 ივლისი, 2015

”ჩვენ გვჭირს ეროვნული გამოთაყვანება”

1otia-ioselianiოტია იოსელიანი და მისი შემოქმედება ქართულ მწერლობაში სისადავითა და უბრალოებით გამოირჩევა. მისი ნაწარმოებები ერთი წაკითხვით მარტივი ჩანს, თუმცა მათში ისეთი სიღრმეებია, მას მხოლოდ დაკვირვებული მკითხველი თუ შეამჩნევს.

მწერალი ენამახვილობითაც გამოირჩეოდა და მისი გამონათქვამები ხალხში დიდი პოპულარობითაც სარგებლობდა. თითოეული მათგანი ადამიანმა თავისუფლად შეიძლება ცხოვრების წესად გაიხადოს.

“არტინფო” გთავაზობთ ოტია იოსელიანის გამონაქვამებს, რომელიც ბევრ რამეზე დაგვაფიქრებს.

***

მხოლოდ დაჩოქილ ლოცვას ისმენენ ღმერთები.

მაცხოვარმა თქვა, ოფლითა თქვენითა მოიპოვეთ პური თქვენი არსობისაო. სახელმწიფო, რომელსაც თავისი გამოსაკვები პური ვერ მოჰყავს თავის მიწაზე, სახელმწიფო არ არის, მათხოვარია. მათხოვარი კი ვერაფერს ღირებულს ვერ შექმნის. სანამ ამ პურს შენ თვითონ არ მეიყვან შენს მიწაზე, მანამდე არაფერი გეშველება. ჩვენ რომ ნამათხოვრები პური გვეჭამა, რავარც დღეს ვჭამთ, “ვეფხისტყაოსანს” დავწერდით კი არა, წამკითხავიც არ გვეყოლებოდა დღეს.

ოფლისა და სისხლის დაუღვრელად დამოუკიდებლობა არავის დაუმკვიდრებია.

წიგნი უზენაესია. ესენი ანადგურებენ წიგნს. პრეზიდენტი ეუბნება რამდენიმე ათას პირველკლასელს: ჩვენ გვჭირდება ინგლისურის და კომპიუტერის მცოდნე ახალგაზრდობაო. ჩვენ გვჭირდება სტუდენტობა ინტერნეტზე მიერთებულიო. ვერ ამოვხსენი ვერაფრით, ვინ გვიშვრება ამას და რატომ. ვერც ის გავიგე, რად გვჭირს ეს უშველებელი.

ჩვენ გვჭირს ეროვნული გამოთაყვანება.

მე შენ გეტყვი, მდიდარი ენა არ გვაქვს, თუ სიტყვები გვაქვს საძებარი?! ეგ გვაქვს და ფასი არ ვიცით ამ საგანძურის. „ვეფხისტყაოსანში“ რაც სიტყვებია, არ გვყოფნის საწერად და სალაპარაკოდ?! რასაც ის არ ხმარობს, ჩვენ რატომ ვხმარობთ, თუკი იმ გენიოსს არ დაჭირვებია?!

საპატრონოა არა მხოლოდ ენა, არამედ მთელი ქვეყანა. რას დაამსგავსეს, ხომ ხედავთ. მტრისას, ჩვენ რომ დღეში ვართ. დანგრეული და დაქცეული საქართველო, თუმცა ჩვენი ბრძოლის მთავარი იარაღი მაინც სიტყვაა, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ სიტყვით, ოღონდ ჯერ სიტყვაზე ვიზრუნოთ.

თავიდან ყველაფერი ძნელია.

მგონია, ადამიანი იმაზე ადრეც კი, სანამ ანბანის სწავლას დაიწყებდეს, რაღაცისთვის უკვე მოწოდებულია და მერე ოჯახი, სკოლა და ინსტიტუტი მასში მხოლოდ იმას ზრდიან, რისთვისაც ის გაჩნდა.

ადამიანებს ერთმანეთის დანდობა და სიყვარული იმიტომ გვჭირდება, რომ ცხოვრებაა დაუნდობელი და კაცთმოძულე.

ყოველ ადამიანს აქვს ამ ქვეყნად კუნჭული, სადაც ის თავისი ცხოვრებით ცხოვრობს.

გამოცდილებით, თავგადასულობით რომ ჭკუის სწავლა შეიძლებოდეს, რაც ჩვენს ქვეყანას თავს გადახდენია, ჩვენში, ბრძენი კი არა, სულელი იქნებოდა სანთლით საძებარი.

არავინ იცის, ადამიანები გულწრფელად როდის ტირიან ან იცინიან, მაგრამ ვინც დარდისგან გასიებული ცრემლებს ჩუმად ყლაპავს, გწამდეთ, მეგობრებო! ის მართლა ტირის.

ბედნიერების წყურვილია, რომ ადამიანს მწყურვალს სტოვებს.

ბრძენი და უბირი ერთმანეთის გვერდით იზრდებიან, ცხოვრობენ და ბერდებიან. ერთმანეთს ყოველდღე ხვდებიან და არ იცნობენ.

ადამიანი ბუნების შვილია. გარემო-ბუნების ხელყფა მშობლის ხელყოფაა.

ადამიანი მიწის შვილია და დედას რომ მოსწყდება, ყველა და ყველაფერი დედინაცვლად ექცევა.

ადამიანი მიწას არ უნდა მოაშორო, რომ უკაფავ-უხნავ-უთესველად მომკა არ ისწავლოს.

ვინც არ მომკვდარა, მან სიცოცხლის ფასი არ იცის.

ჭირის დღე მძიმე-მძიმედ გადის, მიჯახირობს, მიიზლაზნება, თუ გათენდა, დაღამება არ ეღირსება და თუ დაღამდა – გათენებას არ დაადგება საშველი. მაგრამ ერთი კია – ცხოვრებას ასწრებ. ბედნიერი უკან მოხედვას ვერ ახერხებს, წუთისოფელი ხელიდან ისე გამოეცლება.

ა, ბატონო, გაზაფხული კარზეა მომდგარიდა გაჭინჭყლებული მკაცრად ითხოვს: ან ხვნა თესვას უნდა მიეჩვიოთ, ან ჭამა-სმას უნდა გადაეჩვიოთ.

გაზაფხული უმერცხლოდაც მოვა, მერცხალი არ მოვა უგაზაფხულოდ.

ვენახს ვწამლავდი “მაშინით”. დამიძახეს მეზობლებმა, წვრილთვალება კაცი გკითხულობსო. რაღას ვიზამდი, გამევედი ჭიშკარში მაშინაჩამოკიდებული. რო დამინახა, უკან გაბრუნდა, იზვინიტე, ია ქოლეგა იშჩუო. ვინ არის მერე შენი კოლეგა-მეთქი. ონ ფისატელო! მაშინ მე ვიქნები-თქვა. არაო! ონ დრამათურგო! მაინც მე ვიქნები-თქვა. არაო, ონ ოჩენ ზნამენითი დრამათურგო!.. მოკლედ, ძლივს დავაჯერე.

ოცდაათი წლის ახალგაზრდა არ გამიგია მე. ახალგაზრდა არის თხუთმეტი წლის. ოცი წლის კაცია უკვე, კაცი! თუ თხუთმეტი წლის არაფრად ვარგა, არც სამოცდათხუთმეტის არ ივარგებს. ჭკუა ხანში კი არ არის, ჭკუა თავშია. ოთხმოცი წლის შტერი არავის უნახავს?

ბევრი ვაკეთე და ვაშენე, მეყოფა, აწი სხვებმა აშენონ და აკეთონო, რომ იტყვი და ხელებს დაიბან, იცოდე, იმ დღიდან ანგრევ, თუ რამე გიშენებია.

ერთგული, უღალატო შრომა გამოიღებს ნაყოფს.

ვისაც ერთი ძირი ხე არ დოურგავს, ის ჩრდილში არ უნდა შეუშვა, სულ პაპანაქებაში უნდა არონიო.

ეჭვით უნდა უყურო ყოველნაირ საკუთარ ღირსებას, თორემ თავმა თავისადმი მიკერძოება იცის და დაგღუპავს.

დამარცხებას ათასი გამამართლებელი საბუთიც რო ჰქონდეს, მაინც დამარცხებაა.

ერთ მოყვარე მტერს ასი გადამთიელი მტრის ოდენი ვნების მოტანა შეუძლია.

დედისათვის ყვავის ბახალაც შვილია და არწივის მართვეც, მაგრამ ქვეყნისთვისაა სხვადასხვა.

ენაა ერის სისხლი, ჯიში და ჯილაგი. წარმომავლობა, რაც ისტორიას დაავიწყდა, ენას ახსოვს. ერები რომ გადაშენდნენ, მათი ენა ცოცხლობს. ენა მკდარი ერების ძეგლია.

ბავშვობას და ყრმობას ადამიანი კი არ შორდება, რაც დრო გადის, უახლოვდება. პატარაობისას გინდა, რომ მოზრდილი იყო, მალე დაკაცდე, დამოუკიდებლობა მოიპოვო და ამდენად გაურბიხარ, თორემ მოწიფულობაში თვალი უკან გრჩება და ბავშვობას მართლა თუ ვერ უბრუნდები, იქ კი ტრიალებ.

დიდი ხნით უსაშველოდ შეყვარებულ ქალთან პირველი პაემანი გახსოვთ? გახსოვთ, აბა რა ჯანდაბა დაგავიწყებთ.

ქალი რავარი ასატანია, მარა, რომ გიყვარს, რა გინდა რო ქნა!

ეშმაკის მოტყუებაც შეიძლება, მაგრამ ეშმაკზე ეშმაკი უნდა იყო.

მილიარდობით ტვინის უჯრედები აქვს კაცს, მარა, თუ არა განავითარე, რათ გინდა მერე. აკოტრიალე ეს თავი აქეთ-იქით, გამოვა რამე?

– ბატონო ოტია, „დიდების მემორიალს“ რას ერჩოდნენ, ხომ ვერ მეტყვით?
– რას გაიგებ გიჟებისას? ისე, გიჟსაც გააჩნია, მაგას გიჟიც არ იზავდა!