23 ივლისი, 2015

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისთვის 1.400.000 გამოიყო

1kulturuli-memkvidreobaკულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონებში აქტიურ ფაზაში შედის. საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსათვის 1.400.000 ლარი გამოიყო.

– ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. აღნიშნული თანხა 2015 წელს მიმდინარე პროექტების გარდა, დამატებით 13 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციას მოხმარდება, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

წელს განხორციელდება თიანეთის მირზა გელოვანის სახლ-მუზეუმის სრული რეაბილიტაცია. სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდება სენაკის აკაკი ხორავას სახელობის დრამატული თეატრში, ზუგდიდში დადიანების სასახლეთა კომპლექსში, ნიკო დადიანის სასახლეში, სოფელ დიდ ჯიხაიშში ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში, ასპინძის მუნიციპალიტეტში შორეთის XIV-XV საუკუნეების სამონასტრო კომპლექსში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი განხორციელდება საფარის მთავარ ტაძრში და სამრეკლოში, სოფელ ნაბახტევის XV საუკუნის ღვთისმშობლის ეკლესიაში. ეს თანხა ასევე მოხმარდება აწყურის ღვთისმშობლის ტაძრის რეაბილიტაციისათვის საჭირო საპროექტო-კვლევით სამუშაოებს, კვიპროსში ღალიის სამონასტრო კომპლექსის ფიქსაციას, ინვენტარიზაციასა და პოპულარიზაციას, თისელის XIV-XV საუკუნეების გუმბათიანი ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, გელათის აკადემიის შენობის მიმდებარედ აღმოჩენილი არქეოლოგიური ობიექტების დროებითი გადახურვის მოსაწყობად საპროექტო დოკუმენტაციის შედგენასა და გენერალური გეგმის კორექტირების სამუშაოებს, ატენის სიონის სარეაბილიტაციო სამუშაოებს და თბილისში მეტეხის ღვთისმშობლის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოებს.