17 ივლისი, 2015

ირაკლი ჩარკვიანი: “ისე უნდა მოკვდე, რომ დაიბადო!”

1charkviani-irakliისე უნდა მოკვდე, რომ დაიბადო! – ეს ირაკლი ჩარკვიანის გამონათქვამია. ის თავისი შემოქმედებით ყოველთვის გამორჩეული იყო ყველასგან. მისი ლექსები თუ სიმღერები მუდმივად იყო პოპულარული, მისი პიროვნება კი სულ აქტიური.

ალბათ ამის დამსახურებაა, რომ ირაკლი ჩარკვიანმა საკუთარ თავს მეფე უწოდა და გარკვეული პერიოდის შემდეგ, თვითონვე გააჟღერა მოწოდება – ძირს მეფე!

“არტინფო” მეფის შემოქმედებიდან მნიშვნელოვან ეტაპებს წარმოგიდგენთ.

***

მკითხველი მინიმალურად უნდა დააბინძურო გამონაბოლქვით, არა აქვს მნიშვნელობა ეს მართლა ბენზინზე მომუშავე ძრავაა, თუ შენი სული.

მართალია სული რთულად იბანება, თუმცა ცაში, როგორც ამბობენ, ამ პროცედურის ჩატარება უფრო ეფექტურია, ვიდრე ცოდვილ მიწაზე.

ადამიანების უმრავლესობას ხომ უბრალოდ მოთმინება არ ყოფნიდა მიეცა სიჩუმისთვის შანსი, შესაძლებლობა, საკუთარი თავი გამოევლინა, მიეღო ეს ღვთის საჩუქარი.

ღმერთი აფეთქებას ნიშნავს, წმინდა აფეთქებას, საიდანაც დაიწყო ყველაფერი.

იმედების დამყარება მშობლების საყვარელი გართობაა.

არავითარი განსხვავება არაა შენ იპარავ, თუ გასცემ, ყველაფერი ზედმეტისთვის ისჯები.

რაც უფრო მეტს გასცემ, მით უფრო მეტი ადამიანი გტოვებს და რჩები ღმერთივით მარტო.

ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, შეცდომების გამოსწორება შეუძლებელია, ისინი რჩებიან ისტორიაში, ისევე როგორც მოპოვებული გამარჯვებები.

საბჭოთა კავშირმა ზუსტად იმდენი ხნით დააგვიანა დანგრევა, რომ ჩემი სამი უახლოესი მეგობარი ამ პატარა ქვეყნისთვის, და, უპირველეს ყოვლისა, ჩემთვის წაერთმია.

პოლიტიკურად მშვიდი, სექსუალურად მხნე, ვუმღერი ყველა გოიმს, ეი მომისმინე მე!…
მე ვარ გმირი, რომელიც არასოდეს ჩაიდენს გმირობას. მე ვარ მეფე, რომელიც არასოდეს მოახვევს თავის აზრს ქვეშევრდომებს და იმ ხალხს, რომლებმაც ჯერ ვერ მიაღწიეს სულიერების იმ პიკს, საიდანაც ყველაფერი მოჩანს. მე არ მჭირდება მოწაფეები და არც მოწაფეებს სჭირდებათ მეფე, რომ მათ სულიერი ნახტომი განახორციელონ. ყოველი მათგანი მეფეა და ადრე თუ გვიან, დარწმუნდებით ჩემი სიტყვების სისწორეში.

სულიერ ერთიანობას ჰქვია საქართველო და არა მხოლოდ იმ დაქუცმაცებულ ტერიტორიას. ერთად ვიყოთ. არ დავკარგოთ ერთმანეთი, ჩვენი უჩინარი სიყვარული, რომელსაც ჭეშმარიტი საქართველო ჰქვია.

კულტურისთვის კრიზისულ მდგომარეობაში ხელოვანთა გაერთიანებები უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ვიდრე ინდივიდუალური შემოქმედება.

ხელოვნება თავისი არსით უფრო ბედნიერია, ვიდრე უკვდავება.

ჭეშმარიტ ხელოვნებას, როგორც წესი, ავტორი არ ჰყავს.

ჭეშმარიტი გმირობა ხომ გმირობაზე უარის თქმაა.

ხელების მოძრაობა იმისათვის არის საჭირო, რომ არ ჩაიძირო და არა იმისთვის, რომ ტალღას გაუსწრო. იცურე მშვიდად და სამყარო თვითონ წაგიყვანს იქ, სადაც მიდის.

მიენდე იმას რაც მოგეცა, მშვიდად ამოძრავე კიდურები, იცურე აუღელვებლად… სხეული ხომ ნავია. ხელები – ნიჩბები, მოუსვი ისინი ისე, რომ არ შეაწუხო შენს გვერდით მოცურავენი. ისინიც ეძებენ სწორ და ნეტარ რიტმს. ეცადე შეინარჩუნო მშვიდი ტემპი, არ შეანელო და არც ააჩქარო მოძრაობა, რომელიც თანდათან მუსიკასავით შთანთქავს მთელ შენ არსებას. მიყევი მას და გახსოვდეს, რომ შენი მელოდია განუმეორებელია, ყველაფერთან შესაბამისი და ჰარმონიული.

– გაფრენა ყოველთვის მინდოდა, ახლაც მინდა და გავფრინდები კიდეც, ოღონდ არა თვითმფრინავით…
– რომ ვერ გაფრინდეთ?
– მაშინ ზღვას გადავცურავ!
– რას?
– ზღვას!
– როგორ?
– სიმღერით!
– ხუმრობთ?
– არ ვხუმრობ!
– დაკითხვის ოქმშიც ასე შევიტანოთ?
– კი, ბატონო.
– მაინც როგორ ჩავწეროთ?
– სიტყვასიტყვით.
– მაინც როგორ?
– მე გადავცურავ ზღვას!…

ქალის ცრემლებზე უფრო მოსაწყენი, არაფერია ამქვეყნად.

არის! გარდაცვალება შედგა.

ისე უნდა გახურდე, რომ გადაიწვა,
ისე უნდა გაანათო, რომ დაბნელდეს,
ისე უნდა იცხოვრო, რომ მოგკლან,
ისე უნდა მოკვდე, რომ დაიბადო.

გემუდარებით იცინეთ, იცინეთ, როცა მე წავალ, რა კარგია.

მე ყოველთვის აქ ვიდგები, სადაც ახლა ვდგავარ და ბოლოს აქ დავწვები. უბრალოდ წამოვწვები და გადავიხურავ ბალახის მიწას. სულ ეს არის და ეს.

ინანე მერე, ასი წლის შემდეგ, თუ არ იქნება უკვე გვიანი, რომ შენ უყვარდი და პატივს გცემდა ნაცნობი შენი ი. ჩარკვიანი…

მე ისევ მოვალ, ოღონდ არავის არ გაუმხილო, რომ მე დავბრუნდი.