7 ივლისი, 2015

გურამ საღარაძე – მსახიობი, რომელიც თეატრალურიდან გარიცხეს

1guramმსახიობი გურამ საღარაძე გამორჩეულია ქართველ ხელოვანთა შორის. უბადლო სამსახიობო ნიჭით დაჯილდოვებულმა, მხატვრული კითხვის დიდოსტატის წოდებაც სრულიად დამსახურებულად მოიპოვა.

ხელოვანი ყოველთვის იმედის თვალით უყურებდა ახალგაზრდებს და ამბობდა, რომ კარგი თაობა მოდის. ის თავის ახალგაზრდობასაც ხშირად იხსენებდა, განსაკუთრებით იმ მომენტს, როცა ის და რამაზ ჩხიკვაძე ცელქობისთვის თეატრალურიდან გარიცხეს.

“არტინფო” წარმოდიდგენთ საინტერესო ეპიზოდებს გურამ საღარაძის ცხოვრებიდან.

***

“ნორმალური ბავშვი ვიყავი. ძალადობა არც ბავშვობაში მიყვარდა და არც ახლა მიყვარს. რომ ვხედავ, ვინმეს ჩაგრავენ, ძალიან მაღიზიანებს. თუნდაც ტელევიზიით რომ ვუყურებ, მირბის ირემი და ვეფხვი მისდევს, სხვა არხზე ვრთავ. ბავშვობაში პიონერთა სასახლეში დავდიოდი, სპექტაკლებს ვთამაშობდი, ვკითხულობდი ლექსებს. უსაქმურად არ ვიყავი. რაც შეეხება სკოლას, გადასარევი მოსწავლე არ ვყოფილვარ, ამის გამო ერთ-ორი სკოლაც კი მაქვს გამოცვლილი. ქუჩა დიდ როლს თამაშობს ადამიანის ცხოვრებაში. ჩემს დროს ძალიან დიდი როლი ჰქონდა ქუჩას. აღმაშენებლის, ყოფილი პლეხანოვის გამზირზე ვცხოვრობდი, ჩემი სახლის გვერდზე კინო “ოქტომბერი” იყო, იქიდან იწყებოდა ბირჟა მარჯანიშვილის მოედნამდე. იყო შეხვედრები, ხან გოგოებს დავდევდით, ხან ვპურმარილობდით. ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ქუჩას. ყველამ თავისი ადგილი იცოდა. იცოდა იმ უბნის წესები. ქუჩა აკადემია იყო. დღეს კი ქაოსია ქუჩა. აირია მონასტერი თბილისში, ვერ გაიგებ, ვინ სადაურია, ვინ რას წარმოადგენს, არავის ვაყენებ შეურაცხყოფას, მაგრამ ასე მოიტანა სიტუაციამ. მაშინ თბილისი თბილისელობდა.”

***

“ძალიან კარგი თაობა მოდის. ყველა თაობას თავისი განსაკუთრებული, კარგი თვისება გააჩნია. ძალიან ძნელია, ჩემი თაობის ადამიანმა ბოლომდე გაუგო ამათ სწრაფვებს, მიზნებს, თვისებას თუ ხასიათს. მაღიზიანებს ბოლომდე არაპროფესიონალური დამოკიდებულება საკუთარი საქმისადმი. რა გინდა თეატრალურ უნივერსიტეტში, თუ მსახიობის ოსტატობის ან მხატვრული მეტყველების ლექციაზე არ ივლი. მაშინ სხვა საქმეს შეეჭიდე. ეს ისეთი პროფესიაა, თუ ბოლომდე არ დაეუფლე, დაგჩაგრავს. ისე კი მშვენიერი ახალგაზრდები არიან, თავისი პრობლემებით, გატაცებებით. ძნელია კონკრეტულად ჩამოვაყალიბო, რა აქვს ახალ თაობას მშვენიერი, ახალგაზრდები არიან და ჯერ კიდევ გააჩნიათ ოცნების უნარი. ცხოვრება მშვენიერია თავისი წუხილით, სევდით, გატაცებით, სიყვარულით. სიყვარულის უნარი უნდა გქონდეს, შნო უნდა გქონდეს. აბსტრაქტულად კი არა, უნდა იცოდე, რატომ გიყვარს და რატომ უყვარხარ. ჩემი ცხოვრების მანძილზე გატაცებებიც მქონდა, სიყვარულიც, სევდაც, ტრაგიკული მომენტებიც იყო. თუმცა ყველაფერი ერთად აღებული მშვენიერია. ბედნიერებაა, როცა გატაცებული ხარ და გიყვარს.”

***

“ინსტიტუტში სწავლისას პროფესიულ საგნებს ყოველთვის პასუხისმგებლობით ვეკიდებოდი. ერთხელ ინსტიტუტიდან გაგვრიცხეს მე და რამაზ ჩხიკვაძე. რექტორი ხორავა იყო. ცოტას ვცელქობდით ლექციაზე, პედაგოგმა დაუძახა რექტორს და მოახსენა ჩვენ შესახებ. ბატონმა აკაკიმ გაგვაგდო ინსტიტუტიდან. ერთი კვირა დავხეტიალობდით, ვსეირნობდით. მერე ისევ დაგვიძახა, გაგვკიცხა და დაგვაბრუნა ინსტიტუტში. ბევრ სპექტაკლში ვიღებდი მონაწილეობას. დილიდან საღამომდე ვიყავი ინსტიტუტში, ხან ერთ ჯგუფთან, ხან – მეორესთან. ჩემთვის მთავარი იყო მსახიობის ოსტატობა და მხატვრული მეტყველება. ხშირად ხდება, რომ როცა სადმე სტუმრად ვარ, ლექსის წაკითხვას მთხოვენ და ეს იმდენად მაღიზიანებს, რომ შეიძლება ავდგე და წავიდე სუფრიდან. თუ იშტაზე მოვედი, თხოვნა არც მინდა, თავად ვიწყებ კითხვას. არადა, ისედაც წინასწარ ვიცი, რომ ლექსის წაკითხვა უნდა მთხოვონ და განსაზღვრული მაქვს ხოლმე, ამას წავიკითხავ-მეთქი. მერე ვთამაშობ, ვითომ არ ვიცოდი. ლექსები ბავშვობიდან მიყვარდა. მახსოვს ჩემი პირველი ტაში, პიონერთა სასახლეში. წავიკითხე გიორგი ლეონიძის “არ დაიდარდო დედაო”: “ღიმილის ბიჭი ვიყავი, ბეჭზე არწივი მეხატა, ცხრამეტი წლისა შევსრულდი, ოცი არ გადამეხადა.” ამ ლექსს მერე მღეროდნენ კიდეც. დიდი ტაში დავიმსახურე. ჩემზე ბედნიერი კაცი არ იყო.”