უნიკალური რჩევები დედა ტერეზასგან

24 ივლისი, 2015

1deda-terezaდედა ტერეზამ თავისი საქმიანობით ქველმოქმედება ხელოვნების დონეზე აიყვანა და მსოფლიოში ათასობით ადამიანისთვის მისაბაძი პიროვნება გახდა. ალბანელმა კათოლიკე მონაზონმა დააფუძნა ორგანიზაცია “ქველმოქმედების მისიონერები” და 40 წლის განმავლობაში ინდოეთში კალკუტის ღარიბებს, დავრდომილებს და ობლებს უვლიდა. ჰუმანიტარული საქმიანობისთვის დედა ტერეზა ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა.

“არტინფო” ცხოვრებისეული სირთულეების მარტივად დასაძლევად დედა ტერეზას უნიკალურ რჩევებს გთავაზობთ.

***

ჩვენთვის არ არსებობს განსხვავება ეროვნებაში, კანის ფერში, რელიგიაში. ყველა ადამიანი ჩვენთვის ღვთის შვილია. ყველა იმსახურებს ჩვენს დახმარებას, ყველა შექმნილია, რათა უყვარდეს და უყვარდეთ. ქველმოქმედება – ეს არის დიდი ძალა, რომელიც აკავშირებს და აერთიანებს ადამიანებს. ქველმოქმედება აახლოვებს და ამეგობრებს. მხოლოდ ქველმოქმედებას ძალუძს აღაფრთოვანოს ყოველი სულიერი, რადგან ეს საქმე უფლის ხელიდან მომდინარეობს.

თქვენ ხართ მატერიალურად უზრუნველყოფილი, თქვენ გაქვთ ყველაფერი ამ ქვეყანაზე, მაგრამ თქვენი გული მწუხარებით სავსეა. დავუშვათ, თქვენ არ განაღვლებთ ის, რაც არ გაქვთ, უბრალოდ მიდით ადამიანებთან და ჩაეხუტეთ, მოეფერეთ, გამოხატეთ სიყვარული. თუ ამ რჩევას დაყვებით, თქვენ იბრწყინებთ, როგორც შუქურა.

ადამიანები სულელები, ალოგიკურები და ეგოისტები არიან. არა უშავს, შეუნდეთ მათ.

თუ თქვენ გააკეთეთ სიკეთე და ხალხმა ბრალი დაგდოთ საიდუმლო პირად მიზნებში, არა უშავს, აკეთეთ სიკეთე.

თუ თქვენ მიაღწიეთ წარმატებას და გამოგიჩნდენ ცრუ მეგობრები და ნამდვილი მტრები, არა უშავს, მიაღწიეთ წარმატებას.

თუ თქვენ პატიოსანი და გულღია ხართ, ხალხი მოგატყუებთ თქვენ, არა უშავს, იყავით პატიოსანი და გულღია.

რასაც თქვენ აშენებდით წლობით, ის შეიძლება ერთ წუთში დაინგრეს. არა უშავს, აშენეთ.

თუ თქვენ მოიპოვეთ ბედნიერება, სხვებს შეშურდებათ. არა უშავს, იყავით ბედნიერი.

სიკეთეს, რომელიც დღეს გააკეთეთ, ხალხი ხვალ დაივიწყებს. არა უშავს, აკეთეთ სიკეთე.

იყავით განსხვავებული ხალხისგან საუკეთესოთი, რაც გაგაჩნიათ, თუმცა ეს არასდროს არ იქნება საკმარისი, მაგრამ არა უშავს, იყავით ის ვინც ხართ.

რასაც თქვენ აკეთებთ, ხალხს არ სჭირდება. ეს მხოლოდ თქვენ და ღმერთს გჭირდებათ. არა უშავს, ილოცეთ ერთად და უერთგულეთ მარტომ.

სიცოცხლე – შესაძლებლობაა, გამოიყენე იგი,
სიცოცხლე – სილამაზეა, აღფრთოვანდი მისით,
სიცოცხლე – ნეტარებაა, იგემე იგი,
სიცოცხლე – ოცნებაა, შეასხი მას ხორცი,
სიცოცხლე – გამოწვევაა, მიიღე იგი,
სიცოცხლე – ვალია შენი ამქვეყნიური, აღასრულე იგი,
სიცოცხლე – ბედისწერაა, თამამად შეები,
სიცოცხლე – სიმდიდრეა, ნუ გაფლანგავ,
სიცოცხლე – ქონებაა, გაუფრთხილდი,
სიცოცხლე – სიყვარულის სასმისია, შესვი ბოლომდე,
სიცოცხლე – მორევია უბედურებათა, სძლიე ყოველი,
სიცოცხლე – საგალობელია, გაასრულე იგი,
სიცოცხლე – ბრძოლაა, გახდი მებრძოლი,
სიცოცხლე – უსასრულობაა შეუცნობადის, უშიშრად შეაბიჯე მასში,
სიცოცხლე – გამართლებაა, ნუ გაუშვებ ხელიდან,
სიცოცხლე – ისე მშვენიერია, არ მოაშთო,
სიცოცხლე – შენი სიცოცხლეა, იბრძოლე მისთვის!

გააზიარეთ

 
...