ნიკო გომელაური: ,,წავედი… ალბათ მომბეზრდა ბრძოლა”

12 ივლისი, 2015

1niko”მხოლოდ ერთი რამ მანამდეც, მერეც, სულ სიყვარული, სულ სიყვარული!”, ”ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ქვეყანაზე ბოროტებისთვის კი არა, სიყვარულისთვის ვართ გაჩენილები. ნამდვილი გრძნობით ნათქვამი “მიყვარხარ” არასოდეს გაუფასურდება” – ეს ნიკო გომელაურის სიტყვებია, რომლიც სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება.

ნიკო იყო მსახიობი, რომელმაც შეძლო და თავისი ერთგული მაყურებელი, საკუთარი ლექსების წყალობით ასევე ერთგულ მსმენელად აქცია.

“არტინფო” ნიკოს ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპებს წარმოგიდგენთ.

***

“მამა 4 წლის ვიყავი პირველად რომ ვნახე, მიმაგრებაში გამოუშვეს, მანამდე ციმბრიში იხდიდა “სროკს”. პოლიტიკურზე არ იჯდა, ასეთი ბედნიერება მე ვინ მომცა? აფერისტობის მუხლით დააპატიმრეს. აფერისტი იყო მართლაც, აბა ვინ? მაღალი, აზარტით სავსე თვალებით. უზარმაზარი ხელები იღლიაში ამომდო და ამიყვანა, მეგონა ცას მიმარტყმევინებდა თავს. თავისუფლად ვყვები მისი ცხოვრების შესახებ, ბაქოსთან მის ურთიერთობებზე. რა არის ამაში დასამალი? ადამიანები მაშინ მალავენ რამეს, როცა რამის რცხვენიათ და მე არ მრცხვენია, მით უმეტეს მამას მაგივრად საერთოდ არ მრცხვენია. მას იმდენი კარგი თვისება ჰქონდა და კარტს თუკი თამაშობდა რა მოხდა? მაშინ არ შეიძლებოდა, თორემ ახლა ნახევარი თბილისი თამაშობს.”

***

“როცა მამა დაიჭირეს, დედა არ გათხოვილა. მას მერეც არ გათხოვილა, როცა ერთმანეთს დაშორდნენ. აღარ აეწყო მათი ურთიერთობა, არ ვიცი ეს რისი ბრალი იყო. როცა მამა დაჭერილი იყო, დედას მის შესახებ არაფერი მოუყოლია. მერეც არ მოუყოლია ამის შესახებ. თვითონ მამაც იშვიათად ყვებოდა ციხის ისტორიებს, არ ჰგავდა იმათ, ვინც ციხეში ყოფნით ამაყობს. კი არ მალავდა, უბრალოდ არ უყვარდა ამის აფიშირება.”

***

“ჯეჯი, ჯეჯიკო, ჯე – დღეს ასე ვეძახი შვილს. ნიკო, ნიკუშ, ნიკ – მჯერა ჩემი შვილი ასე დაუძახებს ჩემს შვილიშვილს და აფერისტი მამა მყავდაო, არტისტიო, მომიხსენიებს შვილიშვილის მამა. ამაში ხომ სიკეთე იგულისხმება? აფერისტი იყოო, ამაში სითბოა და სიყვარულია. ნათესავებმა გამლანძღეს, რა არის მამაზე ეგრე თქმაო და ვიცი, ასე მგონია, რომ მამაჩემს არ ეწყინებოდა.”

***

“ჟურნალისტები ხშირად მეკითხებიან, შვილების გარდა რამე მაკავშირებს თუ არა ეკა ნიჟარაძესთან. ამ კითხვაზე ყოველთვის ასე ვპასუხობ: 6 წელი ეკასთან ერთად ვიყავი, 12 წელი მას მერე ნინასთან ვარ და შეურაცხყოფას მაყენებს ამით. რა გინდათ თქვათ, რომ ანგარების გამო ვარ ნინასთან თუ ეკას ჯინაზე-მეთქი. უი, არ ვიცოდით ეკას გარდა კიდევ თუ გყავდათ მეუღლეო. საერთოდ სულ ცალმხრივად მიყვარდა, ორჯერ შევუყვარდი ქალს და ორივე ცოლად მოვიყვანე. რაც თავი მახსოვს, სულ შეყვარებული ვიყავი საბავშვო ბაღიდან, მაგრამ ყოველთვის ცალმხრივად. ჰოდა, სადაც ვნახე რომ შევუყვარდი, დავავლე ხელი და ცოლად მოვიყვანე. მე და ნინა ჯვრისწერის შემდეგ, წავედით გრიბოედოვის თეატრში, სადაც დავრჩით და იქ ვცხოვრობდით. მოხდა ისე, რომ გამოგვაგდეს მე და ნინა ჩემიანებმა, კეთილისმსურველებმა, ძალიან ახლობელმა ადამიანებმა. მათ იფიქრეს, რომ ნინა ბინის წამრთმევია, ბავშვებს წაართმევსო და სასწრაფოდ გადააფორმეს ეს ბინა ბავშვებზე. არა უშავს, ხდება ხოლმე, ეშლებათ ხანდახან ადამიანებს. თქვეს, ჩვენ ხომ არ გეუბნებით რომ დაშორდით, იყავით ერთად, მაგრამ აქ ნუ იცხოვრებსო. მაშინ სხვა საცხოვრებელი არ გვქონდა და ვცხოვრობდით გრიბოედოვის თეატრის საგრიმიოროში, 6 კვადრატულ მეტრში რამდენიმე თვე. იმის ფულიც არ გვქონდა, რომ ბინა გვექირავებინა.”

***

“ეკა უფრო მეტად მინდობდა, როცა ვსვამდი. მაშინ ახალგაზრდები ვიყავით და არ იყო არანაირი საშიშროება. ნინა უფრო მეტად მლანძღავს, უნდა რომ ამარიდოს ამ ხიფათს. ახლა აღარ ვსვამ, მარტივად შევძელი თავის დანებება და აღარც მენატრება ის დრო. 16-17 წლის წინ ვთქვი წამალზე, კაიფზე უარი. 7-8 წელი საკმაოდ სერიოზული მომხმარებელი ვიყავი და მთელი ტანჯვა გამოვლილი მაქვს. ერთ დღესაც მივხვდი, რომ აღარ მსიამოვნებს და ვთქვი არა. არა და მართლაც არა! მორჩა იქ ყველაფერი! ისევე როგორც ქალებთან ურთიერთობაში, ვთქვი, რომ არა, სხვა ქალი არ მეყოლება ნინას გარდა. აქ მარტო ფიზიკურ ღალატზე არ არის ლაპარაკი. ხომ ამბობენ, რომ თუ გაიფიქრე, ეგეც ღალატიაო. როცა რეალურად არ არსებობს ღალატის ფაქტი, მაგრამ ხომ შეიძლება თავში გაივლოს და რატომ უნდა ატკინო გული ადამიანს, რომელიც სიცოცხლეზე მეტად გიყვარს და არ გინდა მის გარეშე სიცოცხლე?! ეს არ არის ადვილი გადასაწყვეტი, აქამდე უნდა მიხვიდე, არ ვიცი ამას ასაკი სჭირდება თუ გამოცდილება, მაგრამ ღმერთის წინაშე ვამბობ, რომ ეს სიმართლეა.”

 

***

ნიკოს მეუღლე ნინა ჩოდრიშვილი მსახიობთან გატარებულ ცხოვრების წლებს ასე იხსენებს:

***

“ნიკო ყოველთვის რეჟისორს და ოპერატორს ექვემდებარებოდა, ასრულებდა იმ ამოცანებს, რომელსაც კინოსა თუ თეატრში უსახავდნენ. როდესაც შემდეგ რაღაც არ მოსწონდა, ამას საშინლად განიცდიდა. სულ ვჩხუბობდით, რადგან ნიკოს განცდა სმაში გამოიხატებოდა. როცა რაღაც არ მოეწონებოდა, შეეძლო ამის გამო, საკუთარი თავისთვის კატასტროფა მოეწყო, დაეწყო სმა, ერთი, მეორე, მესამე დღე და აღარ გაჩერებულიყო. მერე ამ მდგომარეობიდან ძალიან რთულად გამოდიოდა. სულ ვეუბნებოდი, შეიძლება, ასეთი პატარა რაღაცის გამო, საკუთარი თავის ასე დასჯა-მეთქი? ერთხელ მომიტრიალდა და მითხრა, ეს შენთვის არის პატარა რაღაც, ჩემთვის კი ცხოვრებააო. აქედან გამომდინარე, უნდა გავითვალისწინო ყველაფერი, რაც კი მას ოდესმე ჩემთვის უთქვამს.”

***

 “ცალ-ცალკე არასდროს არაფერი გაგვიკეთებია, ყველაფერში ერთმანეთს აზრს ვეკითხებოდით და ამაზე ხშირად იყო კამათი. სულ გვერდით ვეჯექი, როდესაც მუშაობდა. „ზონგებს” აკეთებდა და ღამის ოთხ საათზე მითქვამს, წავედი, დავიძინებ-მეთქი. კარგი, ბატონო, წადიო და ამას ისე მეტყოდა, შეგრძნება მქონდა, თითქოს სამშობლოს ვღალატობდი. სულ მრთავდა თავის საქმეში, ან სიტყვის ანალოგს, სინონიმს ვეძებდით ერთად, ან მუსიკას, ან სიმღერის ტექსტს. ჩემთვის ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი, საინტერესო და მთავარი ბედნიერება.”

***

“სულ ბოლოს ერთი ლექსის გამო ვიჩხუბეთ, სადაც ბანანები ფიგურირებდა. არ მომეწონა როგორც ლექსი მთლიანობაში, ისე ეს ბანანების თემაც. დაამთავრა ლექსი და ჩუმად ვარ. ვერაფრით ეტყოდი, არ მომწონსო, რადგან მერე ეგრევე იწყებდა ჩხუბს. მაშინ წადი და შენ დაწერე უკეთესი, შენ რა გესმის, „ვაფშე” რა დებილი ვარ, რომ გეკითხები, შენ რა იციო. მერე ერთ-ორ საათში დამიძახებდა, ნინ, მართალი ხარ, ხომ იცი?! ასე ხომ უფრო უხდებაო? მაგრამ ამას ყოველთვის ვერ ვახერხებდი. „ახალ ლექსში” ერთი ადგილი დღემდე არ მომწონს. მაგრამ, არ გამივიდა, ასე ხედავდა მას სწორად და არ შეუცვლია.”

***

 ”რომ ვეუბნებოდი, პოპულარული ხარ-მეთქი, გამომხედავდა და მეტყოდა, თბილისში პოპულარობას რა უნდაო. ისე წავიდა ამქვეყნიდან, ვერც მიხვდა, რომ რაღაც მნიშვნელოვანი დატოვა… ჩემი ყველაზე დიდი დარდი სწორედ ეს არის. ვერაფრით ვერ აღიქვა ხალხის მიერ მისდამი სიყვარულის მასშტაბი. მეც კი დღემდე მიკვირს. ქუჩაში მცნობენ, მეკითხებიან, როდის იქნება ნიკოს ახალი წიგნიო. ერთ ზაფხულს, ჩემთან უცნობი ადამიანი მოვიდა, დადგა ნიკოს სურათთან, იტირა და მითხრა, მე და ჩემს შვილს ნიკო ძალიან გვიყვარდა, წლებია ამერიკაში ვცხოვრობ, იმ ქვეყნის მოქალაქეც ვარ და ძალიან დიდი სურვილი მაქვს, მისი ხსოვნის პატივსაცემად, რამე მნიშვნელოვანი გავაკეთოო. სწორედ ამ ადამიანის ფინანსური მხარდაჭერით მოხდა ფილმის “ნიკო… აპლოდისმენტები” გადაღება. ნიკო ამ ქვეყნიდან რომ მიდიოდა, იმ დილას მითხრა მემგონი ვკვდებიო, არ მეგონა ასე სწრაფად თუ მოხდებოდა ყველაფერი… მაგრამ, ვუპასუხე, თუ შენ მართლა მიდიხარ, იცოდე რომ ფეისბუქზე 7800 მეგობარი გყავს-თქო, ამით ნიკოს გუნება გამოვუკეთე. არასდროს, ვსაუბრობ ნიკოს სახელით. თუმცა, ამჯერად მადლობას ვეუბნები ყველას მისი სახელით იმისთვის, რომ ნიკოს არ ატანთ სიკვდილს. ის აქ არის, მე ამას ვგრძნობ.”

გააზიარეთ

 
...