კონსტანტინე გამსახურდია: ,,ჩვენი უბედურება ეგაა – სხვის ფანდურზე ბუქნაობა გვიყვარს”

17 ივლისი, 2015

1konstantine-gamsaxurdiaკლასიკოსი მწერლის კონსტანტინე გამსახურდიას ნაწარმოებები ყველა დროში აქტუალურია. მისი შემოქმედება კი არ ჩამორჩება თანამედროვეობას, პირიქით, უსწრებს კიდეც.

კონსტანტინე გამსახურდიას შეგონებები, გამონათქვამები თუ ამონარიდები მისი ნაწარმოებებიდან ადამიანებს სიცოცხლის არსზე ჩააფიქრებს.

“არტინფომ” კლასიკოსი მწერლის საუკეთესო გამონათქვამები შეკრიბა.

***

ჩვენი უბედურება ეგაა – სხვის ფანდურზე ბუქნაობა გვიყვარს.

ლიტერატურა, რომელიც თანადროულობას ვერ გაუსწრებს ნაბიჯს, უნაყოფო კალმის წრიპინია.

არც ასაკი და არც სქესი შეღავათს არ იძლევა ხელოვნებაში.

ვინც კრიტიკას ვერ ითმენს, მას უთუოდ ცუდად აქვს თავისი შემოქმედების ბუჰხალტერიაში საქმე.

ზოგს ენა როდი აბია, თავათაა ენაზე მიბმული, ამიტომაც იღუპება მყრალი ენის მეოხებითა.

ხელოვნებაა თვით უკვდავება. მხოლოდ ოსტატს ვერ ეწევა სიკვდილი… ათასეული წლები წალეკავენ ირგვლივ ყოველივეს. მხოლოდ სვეტიცხოველი დარჩება როგორც ღმერთთან და სიკვდილთან მებრძოლი იაკობი.

ზოგიერი კაცის ცხოვრება უნიჭო მწერლის რომანსა ჰგავს… ბოლომდის ჩაათავებ და ასე იტყვი: ნეტავ არ წამეკითხაო.

სასაცილოა, თავისი სიბრძნით მოქადული ბრძენი, მაგრამ არანაკლებ საუგოა, თავის გმირობით, თავი რომ მოჰქონდეს გმირს.

ძლიერს უფრო მეტად უჭირს ამ ქვეყნად. მიტომაც მუდამ დაღრენილნი დადიან ლომები, ვეფხვები და ავაზები, ხოლო თრითინები, თაგვები და ციყვები მუდამ მხიარულად დაცუნცულებენ.

შრომაა საძირკველი ყოველივე წესიერებისა და მორალური სისპეტაკისა.

ადამიანი შეკითხვებშიაც ისევე ამჟღავნებს თავის რაობას, როგორც პასუხებში.

ადამიანები გრძლად ნათქვამ სისულელეს უფრო იოლად იგებენ, ვიდრე სხარტად ნათქვამ სიბრძნეს, ხოლო სიტყვებსაც შეშასავით ალაბით ზომავენ.

არასდროს აჩქარებულად არ უნდა წამოიწყო დიდი საქმე, თორემ უთუოდ დააჩქარებ ხელის მოცარვას.

არასოდეს არავინ გამხდარა ოსტატი, ვინც კარგი შეგირდი არ ყოფილა, მაგრამ არც ის გახდება ოდესმე ოსტატი, ვინც თავის ოსტატის ნათქვამს თუთიყუშივით იმეორებს მარადჟამს.

ვინც შეგირდი არ ყოფილა, ვერასოდეს გახდება ოსტატი. ვერც იგი გახდება ოდესმე ოსტატი, მუდამ ოსტატებს ვინც შეჰყურებს პირში.

მხოლოდ მოკლე თქმაში გამოჩნდება ოსტატი.

არც ზედმეტად ბევრი, არც ზედმეტად ნაკლები.

არასოდეს წამოგცდეს, რომ შენ სხვას სჯობიხარ, მაგრამ არც ის დაგავიწყდეს, რომ შენ უფლისწული ხარ და არც იმისთვის ხარ დაბადებული, რომ მუდამ სხვებს მიბაძო.

იდეები ზოგჯერ თავისთავად არაფერს ნიშნავენ, და საქმე იდეები კი არ არის, არამედ ამ იდეების სინამდვილეში გამოყენება.

მარტოოდენ ბრძნული აზრების წარმოთქმისაგან ჯერ არავინ ცხონებულა.

სჯობს გაგულისება მეფისა, ვიდრე მრუდე რჩევით ომის უფსკრულში მისი გადაჩეხვა.

უნდა ეცადო უმცირესი შეითვისო, მაგრამ უაღრესად შეიგნო.

ჭკვიანი მეხომალდე არასოდეს კარგი ამინდის მიხედვით არ ააწყობს თავის გემს.

როცა ხალხს ამდენი მოღალატე შინა ჰყავს, მაკედონელიც კი ვერ გაამარჯვებინებს მას.

არავინ ისე მამაცად არ იბრძვის სხვის ომში, როგორც სულელი.

გადადებული ომი სჯობია მოუფიქრებლად წამოწყებულ კინკლაობას.

გონიერი მეფე უნდა ეცადოს, რამდენსამე მტერს არ შეებრძოლოს ერთად.

დიაცი არასოდეს არჩიო ომს, რადგან დიაცი მხოლოდ მაშინაა ტკბილი, როცა ომის ნალაფარში მოჰყვება იგი.

ვაჟკაცი იგი როდია ვინც პირველ ომს მოიგებს, არამედ თავის სიცოცხლეში უკანასკნელსაც.

ვინც ციხეს ერთბაშად მოუნდომებს აღებას, მას აღებულიც დაეკარგება.

ომი ცხოვრების აჩქარებული მაჯისცემის გამომჟღავნებაა.

ომი ყველა კაცს არ შეუძლია და ინტრიგობა კი ყველას ძალუძს.

თუ გსურს ღირსეულს მიაყენო ჩრდილი, უღირსის ქებას უნდა მიჰყო ხელი.

საერთო სენია კაცთა: მიცვალებულებს იმადაც აქებენ ხშირად, რომ ცოცხალთ მიაყენონ ჩრდილი.

ერთი კაცი თავის უდიდეს სიბძნეშიაც შლეგად ითვლება მუდამ.

ეს ცხოვრება არც ისე მრუდედ წარუმართავს არსთაგანმგებელს, ყველაფერი იმისათვის შეემთხვევა ამ მიწაზე კაცს, რათა თავის თავს და თავის ღმერთს მიაგნოს ბოლოს.

ამ ქვეყნად არც რაინდია ისეთი, რომელსაც რისამე წინაშე შიში არ ეგრძნოს ოდესმე, არც თუ ბრძენია სადმე, ერთხელ მაინც სისულელე არ ეთქვას.

ოდითგანვე ასე მოგვდგამს ქართველებს, მუდამ ჩვენს სიმცირეს მივსტიროდით, რადგან მტერი აურაცხელი გვყავდა მუდამ, მაგრამ დიდკაცი თუ გამოგვერია, მას ისე დავკორტნით, როგორც დაკოდილ ძერას ყვავები.

ვინც გველს რძეს ასმევს, შხამსაც უორკეცებს მასვე.

როცა მოყვასი შენი საქმეს დაიწყებს რაიმეს, სანამ არ მოათავებს, არ უნდა განიკითხო იგი. ეგეც იცოდე, მხოლოდ ოფოფი შეიცნობა თავითა, ხოლო ჭეშმარიტი საქმე – ბოლოთი.

სპილო ხორთუმითა ჰკლავს თავის მსხვერპლს, გველი – კოცნით, მეფე – ღიმილით, ხოლო მოღალატე – პატივის მიგებითა.

უბედურება ეკალსა ჰგავს, გვერდს ჩაუვლი თუ არა, იგი თავად წამოგედება, ხოლო ბედნიერება – ბულბულს, შესაძლოა ჩვენ გვერდით ჩავუაროთ, იგი გაიტვრინოს და ბოლოს შეუმჩნევლად შორს გაფრინდეს.

ყველაზე უფრო ძნელი დასაპყრობია კაცთათვის საკუთარი გული და ვინც ამას ზედმიწევნით შესძლებს, იგია უბედნიერესი ამქვეყნად.

ბუნების წესია ასეთი: მახინჯი ლამაზთან ყოფნას მიელტვის მუდამ, მანკიერი – უმანკოსთან, რეგვენი ბრძენს აეკიდება ხოლმე, ყბედი – მდუმარეს, ხოლო ლაჩარი – გმირს.

თვით უაღრესი ცილისწამებისგან უმცირესი ჩრდილი მაინც მიადგება ადამიანს.

ვინც ჭეშმარიტად აღზევებულია, მას აღზევება არ ესაჭიროება. სულმდაბალნი მიესწრაფიან აღზევებას მუდამ.

ახალგაზრდობას ცუდი აღზრდა აფუჭებს, კარგ სურათებს – უგემური მიშტერება, კარგ ჩაის – ცუდი ჭურჭელი და კარგ წიგნს… ცუდი მკითხველი.

ეს ცხოვრება ბალღის ნიფხავსა ჰგავს – მასავით მოკლე და დასვრილია.

ვისაც ნამდვილი სიყვარული გამოუცდია, მას უგემია თავად სიკვდილიც, ან თუ ღმერთია სადმე ამქვეყნად, სიყვარულია ალბათ ის ღმერთიც.

სახელი სიკვდილსა ჰგავს, როცა საჭიროა, იგი თავად მოგაკითხავს.

გააზიარეთ