16 ივლისი, 2015

თენგიზ ჩანტლაძე ორჯერ გარდაიცვალა

1chantladzeსაქართველოში ერთადერთი სატირის თეატრის დაარსება თენგიზ ჩანტლაძის სახელთან არის დაკავშირებული, რომელმაც საუკუნეზე მეტხანს იარსება. საბედნიროდ, სატირის თეატრისა და მისი დამაარსებლის შესახებ საკმაოდ დიდი არქივი არსებობს, რომელსაც მისი მეუღლე ზაირა ჩანტლაძე პატრონობს. მას სურს თითოეული ინტერვიუს, ამონარიდს თუ სტატიას თავად უპატრონოს და ამიტომაც არქივი არც ერთი მუზეუმისთვის არ ემეტება.

თენგიზ ჩანტლაძის მეუღლე ჟურნალისტებთან მის შესახებ ყოველთვის გულწრფელად საუბრობს.

***

“როცა თენგიზი ახალი გარდაცვლილი იყო და ვინმეს რომ ეთქვა, შენ კიდევ დიდხანს იცოცხლებო, შეიძლება ძალიან ცუდად დამთავრებულიყო მისი საქმე. ამას ვერც წარმოვიდგენდი, მაგრამ ჩვენმა პატრიარქმა ბრძანა, რიგი არავის დაუდგენია, ვინ როდის მიდის ამქვეყნიდანო და მას ნამდვილად ვეთანხმები. აბსოლუტურად არ მაწუხებს ასაკი, მე მაწუხებს ადამიანებისგან გულგრილობა. ძალიან შეიცვალა ურთიერთობები, ეგ უფრო სავალალოა, თორემ წლების მატება რა მოსატანია, უნდა დაიბადო, გაიზარდო და მერე…”

***

“თენგიზს ძალიან უყვარდა ინტერვიუები და ძალიან დიდი არქივი მაქვს. პირველივე დღეებიდან ყველა გაზეთს, სურათს, აფიშას ვაგროვებდი. არც კი მიფიქრია რომელიმე მუზეუმისთვის ჩამებარებინა ეს არქივი, თუ შევძლებ მინდა რომ ეს ისტორია თვითონ შევინახო და მოვუარო. უკვე მოფიქრებული მაქვს, როგორი იქნება კრებული, რომელშიც თენგიზ ჩანტლაძის მთელი ცხოვრება და შემოქმედება გაერთიანდება თავისი ფოტოებით. ძალიან დიდი პრესა მაქვს. ეს არ არის მარტო ქართულ ენაზე, ეს არის რუსულ ენაზეც. ჩვენ ბევრს ვმოგზაურობდით, გასტროლები გვქონდა მოსკოვში, ლენინგრადში, ჩეხეთში, გერმანიაში. ჩვენ რუსულ ენაზეც გვქონდა სპექატკლები, ეს ბევრმა არ იცის. ეს იცით როგორ მოხდა? როცა წავაწყდით ენის ბარიერს, ავტობუსში, მატარებელში, თვითმფრინავში ზეპირად ვთარგმნიდით ტექსტებს, სულ რეპეტიციები გვქონდა და ვთამაშობდით რუსულად. არავის უთქვამს შენიშვნა, რატომ ასეთი რუსულიო, ალბათ ზომიერი იყო ყველაფერი. მოგეხსენებათ თარგმანი სულ სხვა რამ არის. რაზეც ქართულად გაგეცინება, ის რუსულად სულაც არ არის სასაცილო. ჩვენთვის ეს ბარიერი არასოდეს ყოფილა. ევროპის ქვეყნებშიც რუსულად ვთამაშობდით. ჩვენ რაიკინის თეატრთან გვქონდა ძალიან კარგი ურთიერთობა და პირადად რაიკინთანაც. მისი წარწერებით გვაქვს სურათები, მე და თენგიზს გვაჩუქა, შეხვედრაც გვქონდა. იმდენად დიდი და კარგი ურთოეოთობები გვქონდა, რომ სპეციალურად წავედით ოდესაში მე და თენგო და იქ დავესწარით რაიკინის თეატრის სპექტაკლებს.

***

“მიუხედავად იმისა, რომ მისი გარდაცვალებიდან დიდი დრო გავიდა, ამ წლების განმავლობაში ის სულ ჩემთან არის. ერთ-ერთ ოჯახში ვიყავი სტუმრად და სულებზე დავიწყეთ ლაპარაკი. ყველა მეუბნება დაანებე თავი ამ კაცს, არ შეიძლება სულ თენგიზი, თენგიზი რომ გაკერია პირზე, დაასვენე ის კაცი და მისი სულიო. გამიგია, რომ დიდხანს გლოვა არ არის კარგი, თან გლოვასაც გააჩნია. გლოვის სხვადასხვანაირი ფორმა არსებობს, რამდენი ადამიანიცაა ამ ქვეყანაზე, ასე მგონია, იმდენნაირია გლოვაც. იმ საუბარში ვთქვი, რომ თენგიზს მე კი არ ვაკავებ, თვითონ არ მტოვებს, სულ თან დამყვება-მეთქი და ეს სიმართლეა. ძალიან მაინტერესებს ეს თემა. სამწუხაროდ, მწირი ბიბლიოთეკა შემრჩა, საერთოდ, ნარჩენებზე ვცხოვრობ, ყველაფერი დავთმე და წამოვედი. ამ სახლში ჩვენ არ გვიცხოვრია. მე მიყვარს ნგრევა, აშენება – არ ვიცი. ენციკლოპედიებში ჩავიხედე სულებთან დაკავშირებით, ძალიან მწირი ინფორმაცია იყო. შინაგანად ძალიან ხშირად ვგრძნობ, რომ თენგიზი ჩემთან არის. იშვიათი ღამეა, რომ თენგო არ დამესიზმროს, არ შეიძლება, რომ კვირა გავიდეს ისე, სიზმარში არ ვნახო. სულ ვესაუბრები, თუ გავიდა კვირა რომ არ დამესიზმრა, მოკრძალებით ვსაყვედურობ კიდეც. მიუხედვაად იმისა, რომ 26,5 წელი ვიცხოვრეთ ერთად, მაინც მქონდა შინაგანი დისტანცია მის მიმართ, ეს მისი დამსახურება იყო. თენგიზი იყო საოცრად ნიჭიერი, არაორდინალური. სულ სხვანაირი ადამიანი იყო ცხოვრებაში, შეიძლება სცენაზე სხვანარი ჩანდა. დღემე დიდ პატივს ვცემ მის ნიჭს და ვარ პირველ რიგში მისი თაყვანისმცემელი და ბოლოს მისი მეუღლე.”

***

“ინსტიტუტი რომ დავამთავრე, განაწილებული ვიყავი სოხუმის თეატრში, ვასო ყუშიტაშვილი იყო დიდებული რეჟისორი და ოთხი აგვირჩია გამოშვებიდან – ორი ქალი და ორი ვაჟი. დედამ წამიყვანა სოხუმში და ჩათვალა, რომ ვერ დამტოვებდა უცხო ქალაქში, თვითონ ოჯახს ვერ მიატოვებდა და ჩემთან ვერ დარჩებოდა, ამიტომ უკან წამომიყვანა. ის ერთი წელი არსად ვმუშაობდი. ჩემს ჯგუფელს იცნობდა თენგიზი ძალიან კარგად, მე არ ვიცნობდი და უთხრა, თუ ვინმე არ არის დაკავებული თეატრში, ჯგუფს ვაკეთებ და იქნებ ჩემთან მოხვიდეთო. შევიკრიებთ ერთ-ერთი თანაკურსელის ოჯახში, იქ თვითონ თენგომ წაგვიკითხა პროგრამა. ამ ფრაზას ყველგან ვამბობ, რომ მომეწონა პროგრამა, მაგრამ თენგიზი უფრო. მაშინ უკვე პოპულარული იყო. მან სტუდენტობის წლებიდან დაიწყო თამაში, ჯერ უნივერსიტეტის თვითშემოქმედებაში და მერე პოლიტექნიაკური ინსტიტუტის თვითშემოქმედებაში, მაშინ ძალიან მაღალ დონეზე იყო უნივერსიტეტის და პოლიტექნიკური ინსიტეტუტის თვითშემოქმედება. იქ ბევრი ცნობილი ხელოვანი აღიზარდა. თენგიზზე გაუთავებლად შემიძლია საუბარი. ასე მოხდა ჩვენი შეხვედრა, ასე გაგრძელდა… ამ თეატრს შეეწირა თენგიზი, გარკვეული დროის განმავლობაში არსებობდა ეს თეატრი, მაგრამ… ჩვენ შენობას შევეწირეთ და პირველ რიგში, თენგიზი. არ ვიცი, რატომ მოხდა ასე. აფექტის ადამიანი იყო თენგიზი, საშინელი ემოციური, სხვებიც იყვნენ, მაგრამ რატომ აღმოჩნდა ასეთი საბედისწერო ეს შემთხვევა, არ ვიცი. თანაც შენობაში იყო თენგიზი, როცა ანგრევდნენ, თან თავისი ინიციატივაც არ იყო, როცა იქ იყო. არ მინდა დეტალებზე საუბარი. საშინელებაა ტყუილი, ხომ ასეთი აფექტის კაცი იყო, მაგრამ მეორე წუთში ბეკეკასავით, ბავშვივით ხდებოდა. ალბათ ცოტა იოლად უნდა შეეხება ამ ყველაფრისთვის, შეიძლება დრო გავიდოდა და გამოჩნდებოდა რაღაც შენობა. სხვათა შორის, იმ დღეს ვაპირებდით თბილისიდან გასვლას, ქობულეთში უნდა წავსულიყავით, მაგრამ დილიდანვე უხასიათოდ იყო, საღამოს 5 საათზე კი გული გაუსკდა და გარდაიცვალა. ჩვენი თეატრი სულ ბოლოს მედიცინის მუშაკთა სახლში იყო. თენგიზის გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ, ამ თეატრს მისი სახელი მიენიჭა, თანაც სახელმწიფო თეატრი იყო. რატომღაც მინიატურების თეატრად მოიხსენიებენ, არადა, როცა სახელმწიფო თეატრი გავხდით, მას ეწოდა თენგიზ ჩანტლაძის სახელობის სატირისა და იუმორის სახელმწიფო თეატრი. ერთი ხელის მოსმით ასეთი სახელობითი თეატრის განადგურება არ შეიძლებოდა. თეატრი მუნიციპალური გახდა და მერიამ აღარ დაგვაფინანსა. იჯარას ვეღარ ვიხდიდით და რანაირად? ნებისმიერ თეატრს მსოფლიოში რაც არ უნდა ძლიერი შემადგენლობა ჰყავდეს, ვარსკვლავი ხომ ჰყავს? ხომ არის ერთი, ვისთვისაც და რისთვისაც დადის მაყურებელი. ეს არ თქვას არავინ, შეიძლება ბევრი ძლიერი მსახიობი გყავდეს, მაგრამ ერთი ლიდერი ყოველთვის არის. ამ თეატრისთვის თენგიზი იყო ასეთი და რთული იყო მისი გარდაცვალება. თანაც ასეთი ფორმის თეატრისთვის, რომელიც სპეციფიური და ერთადერთი იყო. უნდა ყოფილიყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ღირსეულად შეაფასებდნენ თენგიზის და თეატრის ერთადერთობას, მაგრამ ასე არ მოხდა. თეატრი წლებია აღარ არსებობს. ბოლო ხანებში თენგიზი ყოველთვის ამბობდა, ჩემი გარდაცვალების შემდეგ თუ აღარ აირსებებს ეს თეატრი, მე მეორედ გარდავიცვლებიო და ეს მოახერხეს. თენგიზი ერთხელ არ გარდაცვლილა, ორჯერ გარდაიცვალა.”

***

“როგორც კარგია ერთადერთობა, ამას თავისი სიძნელეებიც ახლავს, ალბათ საუკუნე სჭირდება, რომ თენგიზ ჩანტლაძე განმეორდეს. ასე ვლაპარაკობ თენგიზზე, არა როგორც ცოლის პოზიციიდან, არამედ როგორც მაყურებელი. პირველ რიგში ვიყავი მისი მაყურებელი და მერე მეუღლე. პარტნიორობაში კი არავითარი უპირატესობები არ მქონია. არასდროს დადგმულა სპექტაკლი და არასდროს მითამაშია ის როლი, რომელიც მინდოდა. დაჩაგრულად არასდროს მიგრძვნია თავი. პრივილეგირებულიც არასოდეს ვყოფილვარ. ისეთი თეატრი იყო, რომ პირველი არასდროს ვიქნებოდი. იყო სპექატკლები, უსიტყვო როლი მქონდა და ორივე განყოფილებაში ვიჯექი სცენაზე, თანაც სიტყვას არ ვამბობდი. გევიცებით, ეს არ მწყინდა. ალბათ ეს იყო ჩემი როლი. თენგო იყო იმპროვიზატორი, ამიტომ მისი პარტნიორობა საკმაოდ რთული იყო, უცებ რას იტყოდა, კაცმა არ იცოდა, მერე შენც ხომ უნდა გაგეგრძელებინა დიალოგი და გეპასუხა, თანაც სისულელე ხომ არ უნდა გეთქვა, ცოტათი მაინც უნდა ყოფილიყავი მის დონესთან მიახლოებული. ეს საკმაოდ რთული, მაგრამ საინტერესო იყო. მუდმივი მოულოდნელობების რეჟიმში ვიყავი. თენგიზი იყო ადამიანი დღესასწაული. ჩვენ შვილები არ გვყოლია და არ ვნანობ, რომ საუკეთესო წლებმა ასე გაიარა. ძალიან გთხოვთ ჩემს მაგივრად გული ნუ დაგწყდებათ. ყველა დედას ვეთაყვანები დედაჩემის ჩათვლით, მაგრამ გული არ მწყდება. ალბათ ღმერთის ნება იყო. ჩვენ გვქონდა ბევრი შესაძლებლობა, მაგრამ არ მოვინდომეთ თავის დროზე. არ ვიცი ცუდად მოვიქეცით თუ არა, მაგრამ ყოველთვის მეუბნებოდა, შენ ნუ წუხხარ, მე არ მაწუხებს ეს საკითხი, იმიტომ რომ შენ ის ჩემზე მეტად გეყვარებოდაო. ასე რომ, ნუ შეგებრალებით! მახსოვს, სულ ცოტა ხნის შეუღლებულები ვიყავით და სენაკში ჩავედით გასტროლზე. გავცივდი და ძალიან მაღალი სიცხე მქონდა. იქ ადგილობრივ გაზეთს უნდოდა ჩვენთან ინტერვიუ, მაგრამ ცალ-ცალკე ერთი და იგივე კითხვები უნდა დაესვათ ჩვენთვის. როცა ორივე ჩაგვწერა, გაოცებული იყო ჟურნალისტი, მსგავსი არაფერი გამიგია, აბსოლუტურად ერთნაირი პასუხები გაქვთო. არადა დაშტამპული კითხვები არ ყოფილა, სხვადასხვა თემები იყო და მაინც ერთნაირი პასუხები გვქონდა.”

***

“ადიდებდა თენგიზი ჩაპლინს, ძალიან უყვარდა, ჩვენს სახლში სულ ჩაპლინის მუსიკა ისმოდა. თენგიზს მოიხსენიებდნენ ქართველ რაიკინად. ის ზომიერად სევდიანი იყო, თან ბევრი ტკივილიც წაიღო. წინათგრძნობა ჰქონდა თუ არა არ ვიცი, მაგრამ მითხრა, სემი გარდაცვალების შემდეგ ღმერთმა ერთ კვირაზე მეტი არ გაცოცხლოსო და წარმოგიდგენიათ, რა უსინდისო ვარ?! ერთი კვირა მომცა ვადა თენგომ და ამდენი წელია რაც ის აღარ არის, მე კი ცოცხალი ვარ. პატრიარქი ძალიან დამეხმარა და შემიმსუბუქა ეს ტკივილი. ამ ქვეყანაზე სამწუხაროდ, ბევრი ტკივილია, რიგით ადამიანებსაც ბევრი ტკივილი აქვთ. მგონია, რომ ეს ტკივილიც გაძლიერებს და გამაღლებს ადამიანს. ღმერთის ნებაა ყველაფერი. ძალიან საინტერესოა ცხოვრება. ამდენი ტკივილის და ამდენი საოცრებების მიუხედავად, რაც გადავიტანე, ცხოვრება ისევ მაინტერესებს და მინდა, რომ ყველაფერი კარგად იყოს.”

გააზიარეთ
600x90_E
283x250_B
Загрузка...
loading...