10 ივლისი, 2015

ლილი იოსელიანი: ”მთელი ოჯახის ტრაგედიამ ჩემ თვალწინ ჩაიარა”

1lili-ioselianiლილი იოსელიანი – ეს სახელი და გვარი ქართულ თეატრალურ სამყაროში გამორჩეულად საყვარელია და ოქროს ასოებით არის ჩაწერილი. ამ ქალბატონის აღზრდილია ქართული სათეატრო ხელოვნების არაერთი ცნობილი წარმომადგენელი.

მრავალი ტკივილისა და ტანჯვის მიუხედავად, ლილი იოსელიანი არც ცხოვრებაზე და არც ადამიანებზე არასოდეს გაბოროტებულა.

“არტინფო” გთავაზობთ საინტერესო ეპიზოდებს ამ დიდებული ქალბატონის ცხოვრებიდან.

***

“ჩემს მშობლებს ოთხი შვილი ჰყავდათ. ოჯახში პირველი შვილი მე ვიყავი. ჩემზე ერთი წლით უმცროსი იყო ჩემი და. ჯაბა მესამე შვილი გახლდათ, ჩემზე სამი წლით პატარა. მეოთხე შვილი მერაბი იყო. თვეების ვიყავი, როცა მშობლებმა მომნათლეს. ორი ნათლია მყავდა, ერთი ქალი და ერთი კაცი. მერე ჩემი და-ძმებიც მონათლეს. კარგად მახსოვს, მერაბი დედამ მღვდელს სახლში მიუყვანა, რომელიც ნავთლუღში ცხოვრობდა, რათა მოძღვარს ჩუმად მოენათლა. სამწუხაროდ, მერაბი 6 წლის ასაკში გარდაიცვალა. ექიმებმა მენინგიტი დაუდგინეს. ეპილეფსიაც ემართებოდა. მისმა სიკვდილმა ძალიან იმოქმედა ჩემზე. რამდენიმე ხნის შემდეგ ჩემი და გარდაიცვალა ტუბერკულოზით. მაშინ ის უკვე თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტი იყო. დოდო ალექსიძეს ძალიან უყვარდა, ამბობდა, ნიჭიერი მსახიობი დადგებაო. ჩემი დის სიკვდილიც მწარედ განვიცადე. ის მხოლოდ ჩემი და არ იყო, მეგობარიც გახლდათ. მერე მშობლები დამეხოცნენ, ჯერ მამა, მერე დედა. დამრჩა ჯაბა. სამწუხაროდ, მის სიკვდილსაც მოვესწარი. არადა, ყველაზე უფროსი მე ვიყავი.”

***

“რეჟისორობაზე ფიქრი პატარაობიდან დავიწყე, მამაჩემმა კარგად იცოდა როგორც მუსიკა, ასევე, თეატრის მძიმე კულისები და აღშფოთდა, როცა გაიგო, რეჟისორობა მინდოდა. ეს ქალის საქმე არაა, შენ ხათრიანი და მოკრძალებული ხასიათი გაქვს და მაგ პროფესიას ვერ გაუძლებო, მითხრა და მამის ყველა ნათქვამი მართლაც ახდა. იმ პერიოდში თბილისში თეატრალური ინსტიტუტი არ არსებობდა. უნივერსიტეტში დასავლეთ ევროპის ფაკულტეტზე ჩავაბარე გერმანულის განხრით, მაგრამ მეოთხე კურსი მივატოვე და მოსკოვში წავედი მატარებლით. სახლში წერილი დავტოვე, “არ გეწყინოთ და არ ინერვიულოთ, ფული მაქვს და მოსკოვში წავედი-მეთქი.” ძალიან მიკვირს, როგორ შევძელი ომის დროს, მშობლების ნებართვის გარეშე სახლიდან გაპარვა, მაგრამ, ალბათ შინაგანმა ძალამ და სცენისადმი უსაზღვრო სიყვარულმა გადამადგმევინა ეს ნაბიჯი. ტანად ძალიან პატარა ვიყავი, ზომაზე მეტად გამხდარი, ორი ნაწნავით. საბუთების შესატანად რომ მივედი, გაკვირვებულებმა შემომხედეს და მითხრეს, გოგონა, აქ საბავშვო ბაღი არ არისო. როგორც იქნა, საბუთები მიიღეს. მისაღებ გამოცდაზე რომ დამინახეს, ხუმრობა დაიწყეს და ჩემზე ერთობოდნენ. მე ამ დროს პუშკინის ლექსი “ზამთრის ღამე” წავიკითხე. უცებ ყველა გაშეშდა, აღფრთოვანება ვერ დამალეს. ჩავირიცხე ინსტიტუტში, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, მაგრამ, მამაჩემი ჩამოვიდა მოსკოვში. მას, როგორც რკინიგზელს, საკუთარი ვაგონი ჰქონდა, იმ ვაგონში ჩამსვა და ძალით წამომიყვანა თბილისში, ისე, რომ დიპლომის აღება ვერ მოვასწარი. იმ დროს თბილისში მარჯანიშვილისა და რუსთაველის სტუდიები იყო, მაგრამ ისეთი პერიოდი იდგა, რომ სტუდიები დახურვის წინაშე აღმოჩნდა. ერთ დღესაც, გაზეთში წავიკითხე განცხადება, რომ აკაკი ხორავამ რუსთაველის თეატრთან დააარსა თეატრთან და ხელოვნებასთან დაკავშირებული ინსტიტუტი და მე გავხდი ამ ინსტიტუტის სტუდენტი. დაიწყო ძალიან რთული და ტკივილიანი გზა და ეს მოხდა ცნობილი რეჟისორისა და პედაგოგის, გიორგი ტოვსტონოგოვის წყალობით. ამბობდნენ, რომ რეჟისურა კაცური პროფესიაა და, ნიჭის გარდა, დიდ ფიზიკურ დატვირთვასაც მოითხოვს. შეიძლება, მამაკაცებს მეტი გონებრივი შესაძლებლობები ჰქონდეთ, რაშიც ყოველთვის ეჭვი მეპარებოდა, მაგრამ, ქალი რომ ცხოვრებისეულ ტკივილებს უძლებს, ამას მამაკაცი ვერ გაუძლებს. ვცდილობდი დამერღვია სტერეოტიპი და დამემტკიცებინა, რომ რეჟისურა სწორედაც რომ ქალის საქმეა. ცხოვრების შეგრძნება სცენაზე, მტკიცე ნებისყოფა და უკომპრომისობა ქალისთვის უფრო დამახასიათებელია. რა მნიშვნელობა აქვს სქესს, მაშინ, როცა რეჟისორისთვის, პირველ ყოვლისა, უსაზღვრო ფანტაზია, რეჟისურის უნარი და კარგი განათლებაა საჭირო? სწორედ ეს არის სამი ძირითადი „საიდუმლო”, რასაც რეჟისურა ეფუძნება.”

***

“პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი, როცა ტოვსტონოგოვმა თავის ასისტენტად დამნიშნა, სტუდენტების ჯგუფებსაც მაძლევდა და მისი ხელმძღვანელობით ვასწავლიდი თითქმის ჩემს ტოლ სტუდენტებს. ამან გამოიწვია ერთგვარი უკმაყოფილება, ალბათ, იქიდან დამებედა ბევრი მოწინააღმდეგე და მტერი, რომლებიც საკმაოდ მრავლად იყვნენ ჩემს ირგვლივ მთელი ცხოვრების განმავლობაში. ჩემი სტუდენტებიდან გამორჩეულად მახსოვს დოდო აბაშიძე. მისი ჯგუფი ერთ-ერთი პირველი ჯგუფი იყო ჩემთვის, საინტერესო ადამიანები იყვნენ, მაგრამ, დოდოს გარდა არც ერთი არ გამხდარა მსახიობი. დოდო ნიჭიერი ადამიანი იყო, თუმცა, ძალიან გულუბრყვილო. ერთხელ მივეცი ეტიუდი, უნდა განესახიერებინა ადამიანი, ვინც დიდხანს იდგა რიგში. ოო, როგორი ხალასი იყო. დოდო კი არ თამაშობდა, როლს რომ მისცემდი, მთლიანად იქ იყო, გარდაიქმნებოდა. თამაში არის წარმოსადგენი, გარდაქმნა კი განცდაა. დოდო იყო თავიდან ბოლომდე განცდა. ჩვენ მეგობრებად დავრჩით მის სიკვდილამდე; ჩემი მოწაფე იყო ეროსიც. ჩვენ ერთ პერიოდში ვიყავით სტუდენტები. ის სამსახიობოზე სწავლობდა და მე ავიყვანე ჯგუფში, რომელიც იმ სპექტაკლზე მუშაობდა, რომელიც ტოვსტონოგოვმა მე დამითმო. ეროსი მთავარ როლს თამაშობდა; უნიჭიერესი სტუდენტები იყვნენ თენგიზ არჩვაძე და ოთარ მეღვინეთუხუცესი, ჩემი მოსწავლე იყო თენგიზის შვილი ნატოც, რომელმაც, პირადი ცხოვრების მოუწყობლობის გამო, ვერ შეძლო დიდი პროფესიული კარიერის გაკეთება. ოთარ მეღვინეთუხუცესი უნიჭიერესი სტუდენტი იყო, სულითა და გულით ითავისებდა როლს, ის არ თამაშობდა გმირს, გმირი ხდებოდა ტვინით, სისხლით, თან ისეთი შრომისმოყვარე იყო, ისე მოწყურებული ცოდნას, არ ისვენებდა, სულ მუშაობა უნდოდა. ყველა, ვინც ინსტიტუტში ნიჭიერი და კარგი სტუდენტი იყო, კარგი მსახიობი დადგა.”

***

“სანამ სიარული შემეძლო, ეკლესიაში სულ დავდიოდი. 1937 წელს ახალგაზრდა ვიყავი, მაგრამ მახსოვს, მიუხედავად ყველაფრისა, თითო-ოროლა კაცი მაინც შედიოდა ეკლესიაში. ეკლესიასთან დაკავშირებით ერთი ამბავი მასხენდება: მაშინ საშუალო სკოლას ვამთავრებდი. სტუმრად წავედი ჩემს მეგობართან, რომელიც სიონის ახლოს ცხოვრობდა. როცა წამოვედი, გამომაცილა. საღამო ხანი იყო. სიონის ტაძარს რომ მივუახლოვდი, ეკლესიაში შესვლა შევთავაზე. ჩემს მეგობარს გაუხარდა და მკითხა: შენც დადიხარო? შევედით სიონში. ტაძარში არავინ იყო, მხოლოდ ეკლესიის მსახური ანთებდა სანთლებს. ცოტა მოშორებით, კუთხეში, დავინახე ვიღაცა ბიჭი, რომელიც მუხლმოდრეკილი იდგა და თავი ჰქონდა დახრილი. როცა დავაკვირდი, გავოცდი. ეს ბიჭი ჩემი ჯაბა აღმოჩნდა. მაშინ ის 12 წლის იქნებოდა. არ ვიცოდი, ეკლესიაში თუ დადიოდა. არ დავენახვე, ისე გამოვედი ეკლესიიდან. ორი დღის მერე შევეკითხე: ღმერთი გწამს-მეთქი და მანაც დამიდასტურა, კიო. ხშირად დავდიოდი სიონში. როცა უკვე თეატრალურ ინსტიტუტში ვმუშაობდი, მერე პატარა სამებაში დავდიოდი. იოანე ნათლისმცემელი გამორჩეულად მიყვარს. ეს წმინდანი ჯაბას უყვარდა და ალბათ, მეც იმიტომ მიყვარს. ერთხელ ვკითხე, რატომ გიყვარს-მეთქი და მანაც პრიმიტიულად ამიხსნა: ყველაზე გამორჩეული წმინდანია და იმიტომო. ხალხი მას ღმერთად მიიჩნევდა, ის კი გაიძახოდა, ღმერთი არა ვარ, ვინც ჩემ შემდეგ მოვა, ის იქნება ღმერთიო. რომელი ადამიანი იტყვის, ღმერთი არა ვარ, თუ მას სული სპექტაკი არა აქვსო. ჯაბა სულ სხვანაირი იყო. მაგრამ მას სულ სხვანაირად იცნობდნენ. რა არ დააბრალეს ქურდობა, ბანდიტობა. რამდენიმე ხნის წინ, გადავწყვიტე, ჩემი ძმის შესახებ მემუარები დამეწერა. დავიწყე წერა, მაგრამ მთელი 600 გვერდი შემთხვევით დამეწვა.”

***

“ჯაბა პირველად რომ დაიჭირეს 15 წლის იყო. ვითომ ქურდობისთვის, მაგრამ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ჯაბა გაგზავნეს სოხუმში, დრანდის ძნელად აღსაზრდელ ბავშვთა კოლონიაში, საიდანაც გამოიქცა, მაგრამ გზაში დაიჭირეს. გადაგზავნეს რუსთავის კოლონიაში. იქიდანაც გამოიქცა. კიდევ დაიჭირეს, კიდევ გამოიქცა. გამოაცხადეს საკავშირო ძებნა. ამ პერიოდში მეორე მსოფლიო ომი ახალი დაწყებული იყო. ოჯახშიც მოვიდა პოლიცია, მთელი სახლი გაჩხრიკეს. მეზობლებიც კი დაკითხეს, მაგრამ ვერსად იპოვეს. არავინ ვიცოდით, სად იმალებოდა ჯაბა. მერე მიყვებოდა როგორ გამოიქცა ციხიდან. ზედამხედველს კარების დაკეტვა დავიწყებია, როცა პატიმარს პარაშა გაუტანია. ჯაბასაც ამით უსარგებლია და გამოქცეულა. მას საკნიდან გამოჰყოლია მეგობარი. ორი ღამე ნათლიაჩემის სადარბაზოში გაუთენებიათ, მერე მე მომადგნენ თეატრალურ ინსტიტუტში. საღამო ხანი იყო, ლექციას ვატარებდი, როცა ჩემი სტუდენტი აუდიტორიაში შემოვიდა და მითხრა, ქალბატონო ლილი, თქვენ ქვემოთ ვიღაც გკითხულობთო. გული ამიძგერდა, ჯაბა ხომ არ არის-მეთქი. როგორ ჩავედი კიბეებზე, არ ვიცი. მართლაც, ჯაბა დამხვდა თავის მეგობართან ერთად. ღამის გასათევად სახლში ვერ მივიყვანდი, ვერც ნათესავთან წავიდოდით. გადავწყვიტე, ჩემი სკოლის მეგობართან, ელიკო გელდიაშვილთან მიმეყვანა. გზაზე მე და ჯაბა ხელოვნებაზე ვსაუბრობდით, ვიღაცას ყური რომ დაეგდო ჩვენი საუბრისთვის, ეჭვს ვერ აიღებდა. ელიკოს მშობლები სახლში არ აღმოჩნდნენ. ამიტომ მასთან დამალვა ვერ მოხერხდა. დარდიანი მივყვებოდი გზას და ვფიქრობდი, სად წამეყვანა ძმა და მისი მეგობარი. მოულოდნელად შემხვდა ოთარ ანდრონიკაშვილი, რომელმაც თავისი სახლი ჯაბას და მის მეგობარს დაუთმო, თვითონ კი ღამის გასათევად ჩვენთან წამოვიდა. გარედან კარებს ბოქლომი დავადეთ, ვითომ სახლში არავინ იყო. დილით ადრე ავდექი და საჭმელი წავუღე ბიჭებს. როცა კარები გავაღე, ჯაბამ მითხრა, ამაღამ აქ ვერ დავრჩებით, წუხელ ამ ეზოში მილიცია იყოო. რა უნდა მექნა, წავიყვანე დეიდასთან. დეიდაჩემის ქმარი დმანისის რაიონის რაიკომის მდივანი გახლდათ. მთელი ოჯახი დმანისში იყო, მათ თბილისის ბინაში კი უმცროსი ბიძა ათენებდა ღამეს. ჯაბა და მისი მეგობარი იქ დავტოვეთ. მე და ბიძაჩემი ჩემს მშობლებთან დავბრუნდით. მეორე დღეს გავიგე, რომ ოთარი დაიჭირეს და მილიციის სამმართველოში ჰყავდათ. წავედი და ოთარი დავიხსენი. არ დავუშვებდი უდანაშაულო ადამიანის ციხეში ჩასმას. იმ ღამეს, როცა ჩემი ძმა და მისი მეგობარი ოთარის ბინაში იყვნენ, იმ ეზოში ვიღაცის ბინაში ქურდები შესულან. პოლიციაც იმიტომ მისულა, იმ ქურდებს ეძებდნენ. მეზობლებს უთქვამთ, ოთარის ბინიდან საუბარი ისმისო. პოლიციას უბრახუნებია კარებზე, მაგრამ ჯაბა ხომ არ გაუღებდა? ამიტომ მალევე წასულან. მეორე დღეს კი ოთარი დაუჭერიათ. მე დავუდექი თავდებად, რომ ის დამნაშავე არ იყო და იმავე დღეს გაათავისუფლეს. ჩვენი ნათესავი რუსეთში უნდა წასულიყო, რომელსაც რუსეთის ერთ-ერთ პატარა ქალაქში, ბაროვიჩში ჰყავდა მეგობარი. ამ პატარა ქალაქში იყო ქვანახშირი, როგორც ჩვენთან ჭიათურაშია. ნათესავმა შემოგვთავაზა, სხვა პასპორტით ჯაბას საქართველოდან გავიყვან და იქ, იმ პატარა ქალაქში დავაბინავებო. ჩემმა ამხანაგებმა ჯაბასაც და მის მეგობარსაც გაუკეთეს ყალბი პასპორტები. ჩემმა მასწავლებელმა და პროფესორმა, რომელიც მაკეტის ისტორიას და კოსტიუმის ისტორიას მასწავლიდა, ისე გააკეთა ორივე პასპორტი, რომ ადვილი შესამჩნევი არ ყოფილიყო სიყალბე. ჯაბა ამ პასპორტით ბაროვიჩში გაემგზავრა. მისი მეგობარი კი სხვა ქალაქში, სადაც დედის ნათესავები ეგულებოდა.”

***

“როცა ჯაბა პოლიტიკაში წავიდა, ძალიან მეწყინა. არ მინდოდა მისი პოლიტიკაში წასვლა. ის არ იყო დიპლომატიური. უფრო პირში მთქმელი და პირდაპირი გახლდათ. საშინლად სძულდა საბჭოთა კავშირი. როცა დაიშალა, ძალიან გაუხარდა. ერთხელ ჯაბა რომ დაიჭირეს, კომის ბანაკში გადაასახლეს. ეს იყო შორეულ ციმბირში, სადაც სპეციალურად შექმნილი იყო განსაკუთრებულად საშიშ დამნაშავეებისთვის კოლონია. ზამთრის პერიოდში მომიხდა იქ ჩასვლა. გზაც არ ვიცოდი. ხალხმა მასწავლა. 20 კილომეტრი ფეხით გავიარე, ძლივს მივედი კოლონიაში. უკვე საღამო ხანი იყო. კოლონიის უფროსმა მითხრა, რომ ძმას ვერ მაჩვენებდა, რადგან სამი თვით კარცერში იყო ჩასმული. უფროსს ავუხსენი, რომ საქართველოდან ვიყავი ჩასული, რომ უკან მალე უნდა დავბრუნებულიყავი. ვთხოვე, გამონაკლისი დაეშვა, მაგრამ სასტიკი უარი მითხრა. ბოლოს ვკითხე, რა დააშავა იმისთანა, სამი თვით კარცერი რომ მიუსაჯეთ-მეთქი? უფროსიც მომიყვა, რომ ჯაბა ვიღაც პატიმარს გამოსარჩლებია. ამ პატიმრის გულისთვის ზედამხედველი უცემია, ზედამხედველის ცემისთვის 3 წელი დაუმატეს, არადა ჯაბას მარტო ეს არ ჩაუდენია. როდესაც კარცერში მიჰყავდათ, დერეფანში დამლაგებლისთვის ცოცხი წაურთმევია, ცოცხის თავით მხარი დაუზიანებია, დასისხლიანებული პერანგი ცოცხისთვის ჩამოუცვია და ყვირილი დაუწყია, ლანძღავდა და აგინებდა საბჭოთა ქვეყანას და მის ხელისუფლებას. ზედამხედველებს, ვისაც ჯაბა კარცერში მიყავდათ ხელი არ შეუშლიათ. მერე ციხის უფროსი მეუბნებოდა, თქვენი ძმა აქ შეცდომით არის მოხვედრილი, ქურდი კი არ არის, არამედ საბჭოთა კავშირის მტერიაო. ეს მომენტი აღწერილი აქვს “ლიმონათის ქვეყანაში”. კოლონიიდან ისე წამოვედი, ძმა არ მინახავს. რაც ჩავუტანე, იქვე დავტოვე. გარეთ რომ გამოვედი, თოვდა, სიარული ჭირდა. ვიგრძენი, რომ ფეხები არ მემორჩილებოდა. ორივე ფეხი მომეყინა. რას გავაწყობდი. სიკვდილის მოლოდინში თოვლზე დავწექი. ალბათ ღმერთს არ უნდოდა ჩემი სიკვდილი და გადავრჩი. რამდენიმე ხნის შემდეგ, ძაღლების ხმა გავიგე, გამიხარდა, დავინახე ძაღლების მარხილი მოდიოდა. ყვირილი დავიწყე, მიშველეთ-მეთქი. მარხილის პატრონმა გადამარჩინა. სადგურამდე მიმიყვანა, ფული შევთავაზე, მაგრამ არ აიღო. ასე წვალებით დავბრუნდი სახლში.”

***

“მიუხედავად ჩემი მძიმე ცხოვრებისა, მაქსიმალურად ვცდილობდი, ყურადღება არ მომეკლო ძმისთვის. თუ მქონდა საშუალება, ყოველთვის გვერდში ვედექი და ვეხმარებოდი კიდეც, მაგრამ მილიციის მხრიდან არასოდეს მქონია პრობლემები. ერთხელ, როდესაც ჯაბა ციხიდან გაიქცა, დედაჩემი დაიჭირეს. ახლანდელ საპატრიარქოს ადგილზე რევოლუციის შემდეგ ქალაქის მთავარი მილიციის სამმართველო იყო. ამ სამმართველოს გამომძიებელმა დედაჩემი დააპატიმრა. სამი დღე იჯდა. მერე ბიძაჩემმა, რომელიც დმანისის რაიკომის მდივანი იყო, დაურეკა კანდიდ ჩარკვიანს და სთხოვა, დედა გამოეშვათ. მართლაც, გამოუშვეს, მაგრამ სულიერად განადგურებული იყო. ამ დროს და ახალი გარდაცვლილი მყავდა.”

***

“ჯაბამ გარდაცვალებამდე რამდენიმე დღის წინ მითხრა: ახალი ნაწარმოების შინაარსი მაქვს მოფიქრებული, მაგრამ ჩემს სახლში მობილიზაციას ვერ ვახერხებო. ადრე სხვაგან ვცხოვრობდი, მაგრამ მისი გულისთვის ახლოს გადმოვცვალე ბინა. ამიტომ, ოთახი მოვუწყვე, რათა განმარტოება შეძლებოდა. ბავშვობიდანვე ლექსებს წერდა, მაგრამ როცა დაიჭირეს, ყველაფერი წაიღეს. ოჯახიდან ნივთები მაშინაც წაიღეს, როცა კვირაიამ და შევარდნაძემ დაიჭირეს. ყველა ნაწარმოები დაწერა პატიმრობაში, მხოლოდ “სანიტარული მატარებელი” წავიკითხე და პატარა შენიშვნები მივეცი. ჩემი ძმა ძალიან ნიჭიერი იყო და ჩემი დახმარება არ სჭირდებოდა. თავის დროზე ჩვენმა უწმინდესმა კათოლიკოს-პატრიარქმა ჯაბა ზუსტად ისე დაახასიათა, როგორიც სინამდვილეში იყო და საჩუქრებიც გადასცა. ჯაბა დიდ პატივს სცემდა ჩვენს უწმინდესს, ილია მეორეს.”

***

“ალბათ ჩემმა პროფესიამ შემიშალა ხელი, რომ პირადი ცხოვრება ვერ ავაწყე. მამაკაცები ხშირად როგორც კონკურენტს, ისე აღმიქვამდნენ. ჩემი ცხოვრება ტრაგიკული იყო, დავკარგე ყველა, ვინც ჩემთვის ძვირფასი იყო. მრავალი ტკივილი მაქვს მიღებული ცხოვრებაში, როგორც ფიზიკური, ასევე სულიერი. ჩემს განვლილი ცხოვრებას ძალიან ცუდად ვაფასებ, უკმაყოფილო ვარ. მთელი ცხოვრების მანძილზე პათოლოგიურად მორცხვი ვიყავი. ჯაბა დედას ჰგავდა, პირდაპირი იყო. შინაგანად ყოველთვის დაუცველი ადამიანი ვიყავი. საუბედუროდ, მთელი ჩემი ოჯახის ტრაგედიამ ჩემ თვალწინ ჩაიარა.”