30 ივლისი, 2015

“ვისაც სერიოზულად აქვს გადაწყვეტილი გახდეს კომპოზიტორი…”

1bidzina-kvernadze– კლასიკური მუსიკა მიგდებულია! – ეს სიტყვები კომპოზიტორ ბიძინა კვერნაძეს ეკუთვნის, რომელიც წლების წინ წარმოთქვა. სამწუხაროდ, მისი სიტყვები აქტუალობას არც დღეს კარგავს.

ბიძინა კვერნაძე და მისი შემოქმედება თითოეული ქართველისთვის გამორჩეულად საყვარელია. მისი მუსიკა სულიერი საზრდოა იმ ადამიანებისთვის, ვისაც ჭეშმარიტად ქართული ხელოვნება უყვარს. კომპოზიტორს დაწერილი აქვს ოპერები და ბალეტები, ინსტრუმენტული კონცერტები, საორკესტრო და ვოკალურ-სიმფონიური ნაწარმოებები, საფორტეპიანო პიესები, საესტრადო სიმღერები, მუსიკა კინოსა და დრამატული სპექტაკლებისათვის, თუმცა მსმენელისთვის ყველაზე გამორჩეული მისი შემოქმედებიდან მაინც “დათა თუთაშხიას” კინოფილმისთვის შექმნილი მუსიკაა.

ბიძინა კვერნაძეს მუსიკისადმი სიყვარული და ინტერესი დედის მხრიდან გამოყვა. მისი დედა მუსიკის მასწავლებელი იყო. თბილისში ზაქარია ფალიაშვილთან მეცადინეობდა, შემდეგ კი სწავლა გერმანიაში გააგრძელა. ბიძინა კვერნაძის დედა 35 წლის ასაკში გარდაიცვალა, როცა კომპოზიტორი 5 წლის იყო. სწორედ დედას სურდა შვილი მუსიკოსი გამხდარიყო, მაგრამ მისი გარდაცვალების შემდეგ მუსიკალურ განათლებაზე საუბარი აღარ ყოფილა.

სამამულო ომის დამთავრების შემდეგ, სიღნაღში ჩავიდნენ ცნობილი მუსიკოსები მუსიკალური სმენით დაჯილდოებული ახალგაზრდების შესარჩევად. მიზანი იყო სასულე ინსტრუმენტებზე შემსრულებელი კადრების მომზადება. გამოცდაზე რაღაც რიტმს დააკაკუნებდნენ და ვინც სწორად გაიმეორებდა, ჩაირიცხებოდა. მოხდა კურიოზი, ბიძინა კვერნაძეს რაღაც შეეშალა და მას მეგობარმა შემდგომში შინაგან საქმეთა სამსახურის გენერალმა, ოთარ ხატიაშვილმა აჯობა, ის მიიღეს, კომპოზიტორი კი გარეთ დარჩა. მისი დის დიდი მონდომების შემდეგ, კომპოზიტორი ჩარიცხეს ინტერნატის ხანდაზმული ბავშვების განყოფილებაზე, რომელსაც წვევამდელების ჯარიდან დახსნა შეეძლო. როცა საქმე მიდგა მუსიკალური საკრავების განაწილებაზე, 1I-17 წლის ბავშვებმა დაიტაცეს ლამაზი, პრიალა ინსტრუმენტები, დარჩა მხოლოდ კონტრაბასი, რომელიც კომპოზიტორს ერგო. ახლადდამთავრებული ომის შემდეგ შიმშილი იყო და ბიძინა კვერნაძე აყუდებულ კონტრაბასზე ჩამოეკიდებოდა ხოლმე სულის მოსათქმელად.

პირველი წელი მისთვის ყველაზე რთული აღმოჩნდა – ნოტები, ფორტეპიანო, კონტრაბასი. უკვე თავის დანებებას აპირებდა, როდესაც გამოჩნდა ტერეზა არონიშიძე და კომპოზიტორის ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. ერთ წელიწადში საბავშვო პიესებიდან პირდაპირ შოპენის ეტიუდების დაკვრა დააწყებინა, პარალელურად კომპოზიციას სწავლობდა ალექსანდრე შავერზაშვილთან და ანდრია ბალანჩივაძესთან.

როცა ბიძინა კვერნაძემ საგამოცდო კომისიას წარუდგინა თავისი ნაწარმოებები, იგი ფრიადოსნის ნიშნით ჩაირიცხა კონსერვატორიის თეორიულ საკომპოზიციო ფაკულტეტის პირველ კურსზე. შემოქმედების პირველ პერიოდში საკმაოდ დიდი ადგილი ეკავა ხალხურ მუსიკას. ფოლკლორის საფუძვლიანი შესწავლა ზეგავლენას ახდენდა მუსიკოსის ფორმირებაზე. ის ახალგაზრდებსაც ურჩევდა დაეუფლებოდნენ ამ განძს. ფოლკლორთან დამოკიდებულების უბადლო ნიმუშად კი “აბესალომ და ეთერი” მიაჩნდა.

“არტინფო” მისი ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპებს წარმოგიდგენთ.

***

“ვისაც სერიოზულად აქვს გადაწყვეტილი, რომ გახდეს კომპოზიტორი, უნდა იცოდეს, რომ ფოლკლორის ღრმა შესწავლის გარეშე შეუძლებელია რაიმეს მიღწევა. არიან ნიჭიერი ახალგაზრდები, რომლებიც ეუფლებიან ხალხური მუსიკის საიდუმლოს და ღრმა ანალიზს უკეთებენ მას, მაგრამ მუსიკოსებში, ასევე მხატვრებში შეინიშნება, რომ პირდაპირ უნდათ ჩახტნენ ავანგარდიზმში. უნდა გვახსოვდეს, რომ პიკასოც და დალიც დიდი ავანგარდისტები იყვნენ, მაგრამ როგორ ფლობდნენ კლასიკური ხატვის ტექნიკას?!”

***

“აშკარად მომძლავრდა სათანადო გემოვნებით გამორჩეული უცოდინართა მხარდამჭერი საზოგადოებაც და თავისი დონის დამფინანსებლებიც იოლად იპოვა. ფულმა ჯერ ვერ მოასწრო საზოგადოების გაკეთილშობილება და ამას ეთმობა დიდი საეთერო დრო, საესტრადო დარბაზები. მაგრამ ღმერთმა ნუ ქნას, ყველაფერი ასე იყოს! ჩვენ გვყავს მაღალი პროფესიული დონის, ძალიან ნიჭიერი საესტრადო მუსიკის წარმომადგენლები, რომლებიც, იმედია, იმძლავრებენ ამ წრეგადასულ მდაბიოობაზე. არაფერს ვამბობ კლასიკურ მუსიკაზე, იგი, როგორც ინტელიგენცია, მიგდებულია მხოლოდ მოყვარულების იმედზე. რა ჩემი დარწმუნება გჭირდებათ, მისი და საერთოდ მაღალი კულტურის მოვლა ყველაზე დიდი პირობაა საზოგადოების გასაჯანსაღებლად.”

***

“ნიჭიერთა ათწლედს რომ ვამთავრებდი, რომანსი დავწერე ვაჟას ლექსზე. ზურაბ ანჯაფარიძე დამინახავდა თუ არა, ამ რომანსს მიმღეროდა. ვეხვეწებოდი, დაივიწყე-მეთქი. იმ რომანსთან ერთი ამბავია დაკავშირებული: 1948 წლის დადგენილების თანახმად ამოწმებდნენ, რამდენად სწორად მიმდინარეობდა იდეოლოგიური მუშაობა შემოქმედების დარგში. სტუდენტებმა ვაჩვენეთ ჩვენი ნამუშევრები, მოსმენას ესწრებოდა მაშინდელი მუსიკალური ელიტა, პროფესორები. მე წარვადგინე რომანსი, რომელიც ვაჟას ლექსზე დავწერე. შესრულება ვთხოვე მაშინ ჯერ ყველასათვის უცნობ ზურაბ ანჯაფარიძეს, რომელსაც ვიცნობდი და მიყვარდა ქუჩიდან. ყველა აღფრთოვანებული დარჩა ზურიკოთი, მე ვიღას გავახსენდი. იმ დღიდან დაიწყო მისი კარიერა. შემდეგ წლების მანძილზე ერთად ვიყავით.”

***

“დიმიტრი კაბალევსკიმ მე და ჩემი მეგობარი სულხან ნასიძე ივანოვოს დასასვენებელ კომპლექსში მიგვიწვია და 1905 წლის რევოლუციის თემაზე კანტატა დაგვიკვეთა. თავგამოდებით ვიმუშავეთ, მერე მოსკოვში ჩავედით, რომ ნაწარმოები მოესმინათ და ჰონორარიც გადაეხადათ. იცით რა ხალხი უსმენდა ორი ლაწირაკის შემოქმედებას? შოსტაკოვიჩი, კაბალევსკი, ხაჩატურიანი, ხრენიკოვი, შებალინი. დიმიტრი შოსტაკოვიჩმა ისიც ბრძანა, ამავე თემაზე ახლახან დავასრულე ჩემი მეთერთმეტე სიმფონია, მალე მისი პრემიერა იქნება და მსურს, ამ კონცერტის მეორე განყოფილებაში თქვენი ნაწარმოები აჟღერდესო!”

***

“დიდი ტალანტი იყო არამ ხაჩატურიანი. მე მას პირადად დიდხანს არ ვიცნობდი. მოუსმენია ჩემი სავიოლინო კონცერტი 1959 წელს და, როგორც ჩანს, მოეწონა, რადგან შეიტანა ვენის ახალგაზრდობის საერთაშორისო ფესტივალის შემსრულებელთა პროგრამაში. შემდეგ სავიოლინო კონცერტი მოსკოვში შეასრულა მარკოვმა. რამდენიმე ხნის შემდეგ ეს მუსიკოსი ამერიკაში გადასახლდა და ნაწარმოების შესრულება აკრძალეს. ბატონი არამი თბილისში ხშირად ჩამოდიოდა. მეგზურობას მე და გია ყანჩელი ვუწევდით, მერე ჯანსუღ კახიძე გავაცანით. მისი გაიანე ჯანომ ჩაწერა. სულ კითხულობდა, რაზე ვმუშაობდი, რას ვაკეთებდი. ჩემი ახალი ნაწარმოების შესრულების შემდეგ ყოველთვის თავის აზრს გამოთქვამდა ხოლმე. ძალიან პრინციპული, კარგი თვისებების ადამიანი იყო. მას თბილისში მიანიჭეს საქართველოს სსრ სახალხო არტისტის წოდება. ცერემონიალზე ყველა ვიყავით. საპატიო წოდების გადაცემის დროს ოთარ ჩერქეზია არ იყო ჩაცმული ოფიციალურად. კომპოზიტორს იგი გივი ჯავახიშვილი ეგონა. გამგზავრების დროც დადგა. თბილისის ვაგზალზე ხალხმრავლობა იყო. ყველანი იქ ვიყავით, მათ შორის, გივი ორჯონიკიძეც. გამოჩნდნენ ბატონი არამის მეგობარი ქალბატონები, რომლებმაც გადასცეს რაღაც კოლოფი. ხაჩატურიანმა კოლოფს თავი ახადა და გამოგვიწოდა მე და გივის, რა თქმა უნდა, მივირთვით. აღმოჩნდა მკვახე ზღმარტლი, რომელმაც კინაღამ დაგვახრჩო.”

***

“არაჩვეულებრივი კოლეგები მყავდა, ნიჭით, პროფესიონალობით და ადამიანობითაც გამორჩეული. ის ხალხი ისეთ ცხოვრებას ეწეოდა, რომ არ აინტერესებდათ საკუთარი თავის წარმოჩენა. მათი მუსიკა გაიკვლევს გზას, მჯერა. ძალიან კარგი წრე გვქონდა. კარგი ახალგაზრდები ვიკრიბებოდით. ხშირად ეს პეტრე გრუზინსკის სახლში ხდებოდა, ყოფილი ლენინის ქუჩაზე. ვქეიფობდით კიდეც, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ იყო ღრეობა. ერთი ხანობა პეტრესთან სულხან ცინცაძეც ცხოვრობდა. ერთ ოთახში რომ ჩვენთან ერთად მოილხენდა, გავიდოდა მეორე ოთახში და მუშაობდა. იქ დაწერა თავისი მეექვსე კვარტეტი. ლხინი იყო თუ ნადირობა, ხუმრობა თუ ლაღობა, არასოდეს ყოფილა საქმისგან მოწყვეტის, უსაქმურობის მიზეზი. დავდიოდით სათევზაოდ. ჩვენი გატაცება თითქმის ყველამ გაიგო თბილისში. ერთხელ ირაკლი აბაშიძე მეხუმრა კიდეც. რუსთაველზე ვსაუბრობდით მე, რეზო ლაღიძე და პიერ კობახიძე. ირაკლი აბაშიძეც მოვიდა. რეზომ ხუმრობით თქვა, მამაჩემიც რომ შემხვდეს ტყეში, იმასაც ვესვრიო. ირაკლიმ მითხრა, კაცო, შენ მოერიდე ამ ხალხს, თორემ ნამდვილად გესვრიან, ისეთი გვარი გაქვსო!”

***

“გაზაფხული იდგა, აპრილის თვე, მდინარე მაშავერაზე რეზო ლაღიძეს ასისტენტობას ვუწევდი. ის ბადეს მარჯვედ ისროდა, მე კი კალათი მეჭირა, რომელშიც დაჭერილ თევზებს ვყრიდი. ეს პროცესი რამდენიმე საათს გაგრძელდა. დანარჩენი ჩვენი მეგობრები ამ დროს ცეცხლს ანთებდნენ და ნადავლის მოსახარშად ემზადებოდნენ. მაშავერას ეს მონაკვეთი არ იყო ღრმა. რეზო მდინარის მეორე მხარეს გადავიდა და დამიძახა, შენც გადმოდიო. მე თევზით გავსებული კალათით შუა მდინარემდე რომ მივედი, კოჭში მომხვდა უშველებელი ქვა. სიმწრისაგან წავიჩოქე, თევზის გადარჩენის მიზნით კალათი მდინარეში ამოვავლე და რეზოს გავხედე. მან ჩვეულებისამებრ ახლადდაჭერილ თევზს დრუნჩში აკოცა და მე გადმომიგდო. მერე ერთხანს გაოგნებული მიყურებდა. დაინახა, რომ ცარიელი კალათით შუა მდინარეში ვიდექი, სანაპიროზე კი წყალი დუღდა. მადაზე მოსული ძმაკაცები თევზის მოსახარშად ემზადებოდნენ. წარმოიდგინეთ, რა დღე დამადგებოდა. რეზო მიხვდა, რომ ძალიან შევწუხდი. მთელი დღის ნაშრომი წყალში ჩავუყარე. მერე მითხრა, მაშინ ეს ჭურჭელი, რომელიც საკმაოდ დიდი იყო, მდინარის წყლით გაავსე, ნამდვილი ჩაი მაშავერას ან ხრამის წყლით დუღდებაო. მერე გადავწყვიტე, ეს დავალება მაინც პირნათლად შემესრულებინა და გულმოდგინედ ავავსე ჭურჭელი. თბილისში რომ ჩამოვედით და ჩაის ასადუღებლად მოვემზადეთ, წყლის გადმოსხმის დროს იქიდან ორი ბაყაყი ამოხტა.”

***

“ეკლესიასა და რწმენისადმი ჩემი განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს. კომუნისტების პერიოდში ყველაფერი აკრძალული იყო, თუმცა ქართველი ხალხი მაინც ახერხებდა მადლობა ეთქვა უფლისათვის და რელიგიურ დღესასწაულებს ეკლესიაში შეხვედროდა. ახლა ეკლესიაში სიარული საშიში აღარ არის, ბევრი ახალი ეკლესია აშენდა, წირვა-ლოცვაზე სიარული უკვე შეიძლება და ადამიანების სულიერი მდგომარეობაც უფრო მყარია. ამას რა ჯობია. ეს ყველაფერი კი ჩვენი პატრიარქის, ბრწყინვალე პიროვნების დამსახურებაა. ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს და მხნეობა მისცეს ქართველი ერის სამწყემსად. ჩვენი უწმინდესი რომ არ იყოს, არ ვიცი, რა გვეშველებოდა. ჩვენი პატრიარქი ღმერთმა მოგვივლინა, ილია II უფლის საჩუქარია ქართველი ხალხისადმი, რომელსაც უნდა გავუფრთხილდეთ. ერთხელ ვუთხარი კიდეც, ისე შემაყვარეთ ეკლესია, ბერობას ვაპირებ-მეთქი. მან კი მიპასუხა, თუ ასეთი გადაწყვეტილება გქონდა მიღებული, ცოტა ადრე მოსულიყავიო. ვიცი, რომ ბერობა და სასულიერო ცხოვრების დაწყება ძალიან რთულია. ნებისმიერ ადამიანს უჭირს უარი თქვას ამქვეყნიურ ხიბლზე, თუნდაც ოჯახის წევრებზე და დაადგეს უფლის გზას.”

***

“ჯვარი 78 წლის ასაკში დავიწერე. კამოს ქუჩაზე არის პატარა ეკლესია და იქ ჯვარი მამა ალექსანდრემ დაგვწერა. რატომ გადავწყვიტე, არ ვიცი. ჯვარი უნდა დაიწერო, ისე ცოდვილი ხარო და ჩვენც დავიწერეთ ჯვარი. ძალიან სასიამოვნოდ მახსენდება. ჩემი შვილები, შვილიშვილები ესწრებოდნენ ჩვენს ჯვრისწერას. ეს უდიდესი ბედნიერებაა.ჯვრისწერის ბეჭდები არ გვქონდა. მერე ჩემმა ქალიშვილმა მოაძრო თავის “ბრელოკს” რგოლი და ის გავიკეთეთ. ძალიან საპასუხისმგებლო მომენტი იყო და სასიამოვნოდ მახსენდება. არც დიდი სუფრა გაგვიშლია და არც რესტორანში წავსულვართ. ვიცი, რომ ამას მნიშვნელობა არ აქვს.”