30 ივნისი, 2015

სვეტიცხოველში მარიამ დედოფლის ფრესკა ნადგურდება

1mariam-dedofaliისტორიკოსი ვლას ვაწაძე სვეტიცხოველში ვახტანგ გორგასლის საფლავის ქვის შეცვლას ეხმაურება და საზოგადოებას არა ამაზე ხმაურის ატეხვას, არამედ მარიამ დედოფლის ფრესკის განადგურებაზე რეაგირებას სთხოვს:

– გორგასლის საფლავის ქვასთან დაკავშირებით რატომ არის ატეხილი ამხელა აჟიოტაჟი, მაშინ როდესაც სვეტიცხოველში მარიამ დედოფლის ფრესკა ნადგურდება! ნუთუ არავის აინტერესებს? – ამბობს ისტორიკოსი და სოციალურ ქსელში ერთი თვის წინ გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს, სადაც ფრესკის რღვევა თვალნათელია.

ვლას ვაწაძე:

– აი ესე ნადგურდება 17 საუკუნის ფრესკა სვეტიცხოველში, ტელევიზიები კი გორგასლის საფლავს მისტირიან. დააკვირდით ქვემოთ, ფრესკის შლის პროცესი დაწყებულია. არადა, ეს გახლავთ საკმაოდ საინტერესო ფრესკა, ისტორიული იმ დედოფლის, რომელსაც დიდი ამაგი მიუძღვის სვევიცხოვლის და, ზოგადად, მაშინდელი სხვა ეკლესიების წინაშე. ის გახლდათ როსტომ მეფის მეუღლე. მეფემ ისლამი მიიღო, ცოლი კი ქრისტიანი დარჩა და სიცოცხლის ბოლომდე ქრისტიანულ ეკლესიებს მფარველობდა, წირვა-ლოცვაზე კი კათოლიკურ ეკლესიაში დადიოდა. მისი ინიციატივით არის მოხატული სვეტიცხოვლის რამდენიმე კედელი. ფრესკაზე ის მცირეწლოვან ოტიასთან ერთადაა გამოსახული. მარიამ დედოფალი დაკრძალულია იმ ფრესკის წინ, რომელზეც თვითონაა გამოსახული. დამნაშავე იმაში, რომ ფრესკა ნადგურდება, სააგენტოა, რომელმაც არ იცის რა ხდება იმ ძეგლებზე, რომელიც მის დაქვემდებარებაშია. ისევე, როგორც არაფერი იცოდა გორგასლის საფლავის ქვის გამოცვლის შესახებ, დღეს კი ეკლესიას აკრიტიკებს. ეს ფოტო 1 თვის წინ არის გადაღებული. არა მგონია, სააგენტოს ამაზე რაიმე რეაგირება ჰქონოდეს.

1mariam