ეთერ კაკულიას ცხოვრების უცნობი ისტორიები

29 ივნისი, 2015

kakulia1ეთერ კაკულიამ სიცოცხლის შესანარჩუნებლად მეგობრების, ოჯახის წევრების, რიგით მსმენელის აქტიური მხარდაჭერით იბრძოლა, მაგრამ, სამწუხაროდ, მისი ბრძოლა უშედეგოდ დასრულდა. უკურნებელმა სენმა ყველაზე ხალისიან, ენერგიულ და სიცოცხლეზე შეყვარებულ ადამიანს 102 წლამდე სიცოცხლე არ დააცადა. მომღერალი ბოლო პერიოდში ხშირად სტუმრობდა პატრიარქს და რწმენაში კიდევ უფრო ძლიერდებოდა.

“არტინფო” გთავაზობთ საინტერესო ისტორიებს ეთერ კაკულიას ცხოვრებიდან, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებად არის ცნობილი.

***

ფალიაშვილის ქუჩაზე მეორე სართულზე ვცხოვრობდით. ქვემოთ ღრმა სარდაფი გვქონდა. მამას აშენებული სახლი იყო და კიდევ აკეთებდა რაღაცეებს. აივანზე დავაბიჯე რაღაცას ფეხი, თურმე იქ ღრმული ყოფილა და ზემოდან, მეორე სართულიდან ჩავვარდი პირველი სართულის სარდაფში, სადაც უამრავი ლურსმანი იყო ჩასობილი, მამა კიდევ რაღაცას აშენებდა. ამ ფიცრებში ლურსმნები ამოზნექილი თავით იყო და, ამის მიუხედავად, არც ერთი ნაკაწრი არ მქონია. ამის შემდეგ, როგორ შეიძლება არ დაიჯერო, რომ უფალი არ არსებობს? მაშინ რამ გადამარჩინა? აბსოლუტურად უფალი განაგებს და ხედავს ყველაფერს.

***

იესო ქრისტეს ჩემს მეგობარს ვეძახი. ძალიან მიყვარს ჩემი მაცხოვარი. თავთან მიდგას მისი ხატი და რომ ველაპარაკები, ვგრძნობ, რომ მისმენს. როცა მას გულწრფელად ვესაუბრები, ვხედავ, რომ თვალებს ხუჭავს და კვლავ ახელს. ბევრს არაფერს ვთხოვ, მაგრამ განა შეიძლება, ცოცხალმა ადამიანმა რამე არ შესთხოვო უფალს? ყველაზე ორიგინალური ის არის, რომ რაზეც უფლის ხატი დგას, იქვე სასანთლე მაქვს. სანთლების ხშირი დანთებისგან ისინი ჩამოიღვენთა და მაცხოვრის ფორმა მიიღო. ეს ძალიან გვიან შევამჩნიე. უკვე წლებია ასეა – არც გადადის, არც დნება და არც ფორმას კარგავს. მტვერს რომ ვწმენდთ, მაშინაც კი არ იცვლის ფორმას. ეს არის შესამოსელში გამოსახული მაცხოვარი. გაოგნებული ვარ ამის ნახვით.

***

საბჭოთა პერიოდში ეს თემა არ იყო წინ წამოწეული. ერთხელ მე, მამაჩემი, ჩემი ძმა და ბიძაშვილი წავედით ქვაშვეთში. ძალიან გვინდოდა სანთლების დანთება. უამრავი ხალხი იყო, ეტყობა, რაღაც დღესასწაული იყო. ეკლესიაში რომ უნდა შევსულიყავით, უცებ წინ გადამიდგა ერთი ახოვანი ახალგაზრდა მამაკაცი და მითხრა, თქვენ მაგალითს უნდა აძლევდეთ ახალგაზრდობას, არ გრცხვენიათ, რას აკეთებთ, როგორ იქცევითო. ეს მთელ ხალხში ხმამაღლა გამომიცხადა, ისე შემრცხვა, უკან დავბრუნდი და ეკლესიაში ვეღარ შევედი. ეს ისტორია მთელი ჩემი ცხოვრება დამამახსოვრდა. ახლა დავდივარ არაჩვეულებრივ ეკლესიაში და მყავს ძალიან კარგი მოძღვარი. ორთაჭალაში არის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია, იქ მამა ბესარიონია ჩემი მოძღვარი, რომელსაც 11 შვილი ჰყავს. ეს ჩემთვის ნამდვილი საოცრებაა. რომ შევალ ეკლესიაში და დავინახავ მამა ბესარიონს, ახალი სიცოცხლე მემატება. მამა ბესარიონს დავუსჯივარ კიდეც, მაგრამ ეს არ იყო რთული ფორმა. მან დამავალა დილა-საღამოს ლოცვების კითხვა. მერე ამას ისე მივეჩვიე, რომ ახლა ყოველდღე დილა-საღამოს ლოცვებს ვამბობ. ახლაც, როცა ვსაუბრობ, ვუყურებ მაცხოვარს და ასე მგონია, რომ მისმენს და ყველაფერი ესმის. ტყუილად კი არ ჰქვია უფალს გულთამხილავი და ყოვლისშემძლე. ძალიან ხშირად მიყვარს ეკლესიაში სიარული მაშინ, როცა ეკლესიაში არავინ არის. როცა სიჩუმე და სიმშვიდეა, მაშინ უფრო კარგად ვარ. ისეთი გრძნობა მაქვს, ვერაფერს შევადარებ. როცა მარტო ვარ, ჩემთვის ვლოცულობ და შევთხოვ მაცხოვარს. საოცარი სიჩუმეა, ხატები შემომცქერიან, სანთლებს ვანთებ და სულიერად სულ სხვანაირი ვხდები. ისეთი განტვირთვა მემართება, ზურგიდან ტვირთი რომ ჩამოგივარდება და მსუბუქად რომ გრძნობ თავს. ეკლესიიდან ასეთ დროს საოცრად დამშვიდებული გამოვდივარ.

***

ჩემმა ყველაზე საყვარელმა მეგობარმა, ნანა ჩხეიძემ, წამიყვანა ამ ეკლესიაში და მამა ბესარიონი გამაცნო. არ ვიცი, რატომ მომინდა ეკლესიაში მისვლა. მანამდე არ ვიყავი ამისთვის მზად, მაგრამ ხომ დგება თითოეული ადამიანის ცხოვრებაში მომენტი, როცა მოძღვრის ყოლა უნდება. ასე დამემართა მეც. შინაგანად მთხოვდა ორგანიზმი, ჩემი სული, რომ ეკლესიაში შევსულიყავი და მოძღვარი მყოლოდა. ჩემს მეგობარს ასე რომ ვუთხარი, გამომიარა და წამიყვანა ეკლესიაში. მიყვარს ძველი ეკლესიები, სადაც ყველაფერი საუკუნეებს ითვლის. წმინდა ნიკოლოზის ტაძარში ყველაფერი ისევეა დატოვებული, როგორც თავის დროზე აშენდა. მამა ბესარიონმა არ შელესა, არ გაალამაზა, სიძველე ტაძარში შემორჩენილია და სულ სხვანაირი გრძნობა მეუფლება.

***

ზოგიერთი ადამიანი, როცა ვინმე გარდაეცვლება, მაშინ ხდება უფრო ეკლესიური. ალბათ ამ დროს ასეთი ადამიანის სული იცვლება და ყველაფერს სხვანაირად აღიქვამს. ტრაგედიის შემდეგ სხვა განზომილებაში გადადის ჩვენი სული და აბსოლუტურად იცვლება ადამიანის ბუნება. არ მიყვარდა ჩემი მშობლების სასაფლაოზე ხშირად სიარული. ამ ბოლო დროს საშინლად მინდება მათ საფლავზე მისვლა. ისინი ვაკეში არიან დაკრძალულები და ბოლო დროს ხშირად ავდივარ. სულ სხვანაირი რაღაც მემართება. საოცარი სიწყნარეა და ხშირად ფიქრობ, რომ წლების შემდეგ შენც იქ მიხვალ. სიკვდილის ძალიან მეშინია. იქ ხომ ვერ ვიმღერებ “მზე ჩემი კარგი მეგობარია”?! თუმცა წმიდა წერილიდან ვიცით, რომ უფალმა ჩვენთვის გაამზადა ჩვენი თვალისთვის უხილავი, ჩვენი ყურისთვის გაუგონარი და ჩვენი გონებისთვის წარმოუდგენელი სასუფეველი, მაგრამ რა ვქნა, ადამიანი ვარ და მაინც აქ მირჩევნია ცხოვრება. თან იქიდან ვინმე უკან დაბრუნებული არ მინახავს და ამიტომ აქ მინდა. თუმცა აქ რომ არავინ დარჩება, ყველამ უნდა ვიცოდეთ. როგორც ჩანს, ეს უჯრედი ჩვენს ტვინში ცოტა მოდუნებულია, სწორედ ეს უნდა გავაცნობიეროთ ადამიანებმა და სულ თუ გვემახსოვრება, რომ გარდავიცვლებით და პასუხი მოგვეთხოვება, იცით, როგორ დადებითად ვიცხოვრებდით?

***

საგალობელი არასოდეს მიმღერია, მაგრამ ძალიან მინდა, საგალობლით დავიწყო ჩემი სოლოკონცერტი. ჩვენს საყვარელ პიროვნებას, ჩვენს უწმინდესსა და უნეტარესს, ილია II-ს აქვს რამდენიმე არაჩვეულებრივი საგალობელი შექმნილი და მინდა, მისი საგალობელი შევასრულო. ჯერ საპატრიარქოში არ ვყოფილვარ და არ მითქვამს, მაგრამ უახლოეს დღეებში ჩვენს პატრიარქს აუცილებლად ვესტუმრები და ამაზე ლოცვა-კურთხევას ავიღებ. ალბათ პირველი მომღერალი ვიქნები, რომელიც თავის კონცერტს პატრიარქის საგალობლით გახსნის. ულამაზესი საგალობლები აქვს ჩვენს პატრიარქს და მინდა, მათი ერთ-ერთი შემსრულებელი გავხდე. თუ ამის ბედნიერება მექნება, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ექნება.

***

ერთხელ რუსთაველის თეატრში მივეახლე უწმინდესს. ისე დავიბენი, იმდენად მიყვარს, ჩავეკარი. ხომ არ შეიძლება ჩახუტება, მაგრამ გულმა ვერ მომითმინა. თვითონაც ძალიან დადებითად განეწყო. თავი ვეღარ შევიკავე და ვუთხარი, ისე მიყვარხართ, ოფლმა დამასხა-მეთქი. პატრიარქმა ამაზე ბევრი იცინა. აღარ ვიცოდი, რა მეთქვა და სიხარულისგან ყველაფერი გულწრფელად ვუთხარი. საპატრიარქოში არასოდეს ვყოფილვარ და ძალიან მაინტერესებს იქაურობა. ეტყობა, ჯერ არ მოვმწიფდი ამისთვის. უფალი თვითონ გადაწყვეტს, როდის უნდა ვესტუმრო უწმინდესს საპატრიარქოში.

***

ლოცვებს ყოველდღე ვკითხულობ. დედის ლოცვებს ვამბობ ყოველთვის. სანთელი თუ არ დავანთე, ისე ლოცვას ვერ წავიკითხავ. სანთელი სულ სხვა ენერგიას მაძლევს. როცა ის ციმციმებს, მგონია, რომ მაცხოვარი ყველაფერს ისმენს. სანთელს აქვს უდიდესი ძალა და ადამიანზე საოცრად მოქმედებს. სანთელს მხოლოდ ჩვენს ეკლესიაში ვყიდულობ, იმიტომ, რომ ნატურალურია, მამა ბესარიონი თაფლისგან აკეთებინებს და საოცარი სურნელი აქვს. სუფთა სანთელი კარგია, ისევე, როგორც ადამიანების სუფთა გულები, მაგრამ ბოროტს რომ არ სძინავს? მთელი ჩვენი ცხოვრება ბოროტსა და კეთილს შორის ბრძოლაა.

***

გამიგია, რომ თუ წელიწადში ერთ მარხვას მაინც შეინახავ, ეს სულისთვის უკვე კარგია. ყველაზე ხშირად სააღდგომო ან საშობაო მარხვას ვიცავ. პირველად აღსარების თქმა ძალიან გამიჭირდა, არ ვიცოდი, რა უნდა მექნა. მერე უკვე მივეჩვიე. ძალიან მიყვარს ზიარება. ულამაზესი რიტუალია. ვგიჟდები, როცა პატარები ეზიარებიან, ულამაზესები და უსაყვარლესები არიან. ძალიან კარგი ტრადიციაა პატარების ზიარება. ადრე ასე არ იყო და გული მწყდება, რომ ჩემი შვილი არ დამყავდა ეკლესიაში საზიარებლად.

***

როცა ათ მცნებას კითხულობ, გეჩვენება, რომ დედაც გიყვარს, მამაც, კერპი არავინ გყავს, სხვისი არაფერი გშურს, გამოდის, რომ ანგელოზი ხარ. მაგრამ აბა დავაკვირდით, რეალურად ასეა? ერთადერთი, რაც მინდა, ის არის, რომ უფალი იყოს ჩემი კერპი. არასოდეს არავისი შემშურებია, ყველას წარმატება გულწრფელად მიხარია და ყველას სიკეთეს ვუსურვებ. ბედნიერი ვარ, რომ სიბოროტე არ ვიცი, რა არის, ალბათ უფალმა ჩამისახა ასეთი ხასიათი და მიხარია, რომ ასეთი ლაღი ადამიანი ვარ, ამიტომ, სიცოცხლის ბოლომდე ღმერთის მადლობელი ვიქნები.

გააზიარეთ

 
...