13 მაისი, 2015

სამეფო უბნის თეატრში პრემიერაა

1samefo15 მაისს სამეფო უბნის თეატრში პრემიერაა. ბენო ვურჰემი წარმოადგენს სპექტაკლს “საზღვრებთან მოლოდინში”.

წარმოდგენა ცეკვის თეატრისა და ვიზუალური ხელოვნების შერწყმით გვიხატავს წეროვნისა და ბაზალეთის დევნილთა დასახლებებში მცხოვრები მოზარდების ყოფას, მათ სიზმრებს, ოცნებებსა და მტკივნეულ მოგონებებს.

პერფორმანსი 4 კვირიანი ინტენსიური მუშაობის შედეგია და მისი შინაარსი დევნილთა დასახლებებიდან შერჩეული 7 მოზარდის მოგონებებზე, მათ ოცნებებსა და რეალობაზეა აგებული. ამ ისტორიებზე მორგებით შეიქმნა კოსტუმები, მუსიკა და პერფორმანსის შინაარსი. 

როგორია ცხოვრება დევნილთა დასახლებებში, როგორ ურთიერთობენ ადამიანები, რა გავლენას ახდენენ შემზარავი მოგონებები ყოველდღიურ ცხოვრებაზე და რას ნიშნავს ცხოვრობზე საზღვრებთან, მოლოდინში.

ამ პერფორმანსის მთავარი გმირი, სირიიდან დევნილი მხატვარი აბდალა ომარია, რომელიც თავისი მონაწილეობით, ცეკვასა და მხატვრობას ჩვენს თვალწინ აკავშირებს!

სპექტაკლის კომპოზიტორია ნიკა ფასური, კოსტუმების ავტორები არიან მარია საფრონოვა და ეკა ქეცბაია.

საპრემიერო სპექტაკლში მონაწილეობენ დანიილ ბელკინი, ალექსანდრა სოშნიკოვა, სერგეი გოლოვნეა, აბდალა ომარი, ნადია წულუკიძე, ნინო მითაიშვილი, ანა ქურთუბაძე, სალომე ტაბატაძე, მარიამ კახნიაშვილი, გიორგი თედელური, ქეთევან ხაჭაპურიძე, ბარბარე მაისურაძე, გიორგი თვაური და აჩიკო ბოტკოველი.

სამეფო უბნის თეატრში დაგეგმილ პრემიერაზე დასწრება ნებისმიერი მსურველისთვის თავისუფალია.