14 მაისი, 2015

თბილისი საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალს უმასპინძლებს

1litfestiმწერალთა სახლის ორგანიზებით წელს პირველად თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი ჩატარდება. კულტურის სამინისტროს ინიციატივით წელსვე დაწესდება ყოველწლიური ლიტერატურული პრემია, რომელიც სხვადასხვა ნომინაციებში გაიცემა. მისი მიზანი ლიტერატურული პროცესების წახალისება და გააქტიურებაა.

ფესტივალი 18-23 მაისს გაიმართება. დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში თბილისს ეწვევა 25-მდე უცხოელი მწერალი და პოეტი, მათ შორის ლიტერატურული წრეებისათვის კარგად ცნობილი ბელარუსი მწერალი სვეტლანა ალექსიევიჩი, უკრაინელი ავტორი სერგეი ჟადანი, ფრანგი მწერალი ფილიპ ბესონი, აგრეთვე, ამერიკელი, გერმანელი, ინგლისელი, იტალიელი და პოლონელი ავტორები.

ფესტივალი ხელს შეუწყობს მსოფლიო ლიტერატურული სამყაროს დაინტერესებას ქართული მწერლობით, მეორე მხრივ კი მისცემს შესაძლებლობას ქართველ ავტორებსა და მკითხველს, დაამყარონ უშუალო კონტაქტი თანამედროვე უცხოელ მწერლებთან.

ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება კონკურსიც. მის შედეგებს მწერალთა სახლის მიერ წარმოდგენილი ჟიური შეაფასებს, რომელიც 5 წევრისგან შედგება. ჟიურის შემადგენლობა ყოველწლიურად შეიცვლება. მასში ის მწერლები და ლიტერატორები შევლენ, რომელთა ნაწარმოებიც ამ წელს საკონკურსოდ არ განიხილება. გამარჯვებულის გამოვლენა ფარული კენჭისყრით მოხდება.

პროექტის მიზანი მიმდინარე ლიტერატურული პროცესების მხარდაჭერა, შემოქმედებითი პროცესების გააქტიურება და ახალი, საინტერესო ლიტერატურული ნაწარმოებების შესაქმნელად ავტორთა წახალისებაა.