3 მაისი, 2015

ზუმბა: ,,მომატყუეს!”

1zumbaმუსიკოსი ზაზა კორინთელი, იგივე ზუმბა საგანგებო წერილს ავრცელებს, რომელშიც იმ უპასუხისმგებლობასა და ტყუილზე საუბრობს, რაც მას და მის ჯგუფს “ზუმბალენდს” შეემთხვა:

“დიდხანს ვფიქრობდი საჯარო გამეხადა თუ არა ეს ინფორმაცია, მაგრამ მთელი რიგი გარემოებების გამო მაინც გადავწყვიტე დამეწერა.

იმედი გვაქვს თქვენი თანადგომის ნებისმიერი სახით!

“2015 წლის 24 მაისს აშშ-ში, ქალაქ ნიუ-იორკში, გაიმართება ფესტივალი “ქართველები ამერიკაში” – “GEORGIANS IN USA AWARDS 2015“.

ეს გახლავთ ღონისძიება, სადაც New York State Assembly – დააჯილდოვებს წარჩინებულ ქართველებს (ბიზნესმენებს, მუსიკოსებს, სპორტსმენებს, ექიმებს და სხვა პროფესიების თვალსაჩინო ადამიანებს), რომლებსაც თავისი წვლილი შეაქვთ ყოველდღიურ ამერიკულ ცხოვრებაში და ამით ასახელებენ სამშობლოს, საქართველოს.

ბატონო ზაზა! გვაქვს პატივი, მოგიწვიოთ (ეთნო-ჯაზ ჯგუფი “ზუმბალენდი”) ღონისძიებაზე “GEORGIANS IN USA AWARDS 2015” მონაწილეობის მისაღებად, როგორც ერთ-ერთი ნომინანტი ქართული ხელოვნების უცხოეთში პოპულარიზაციის საქმეში. ასევე, დაგეგმილია ჯგუფის სოლო კონცერტები ფილადელფიაში 30 მაისს, ჩიკაგოში 6 ივნისს.

ეთნო-ჯაზ ჯგუფი “ზუმბალენდი”-ის მონაწილეობა ფესტივალში “GEORGIANS IN USA AWARDS 2015″ ხელს შეუწყობს ქართული ხელოვნების პოპულარიზაციას აშშ-ში, ქართულ-ამერიკული კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას, ქართველი ემიგრანტების უშუალო კავშირს სამშობლოსთან და მის კულტურულ სიახლეებთან. იმედი გვაქვს, არაჩვეულებრივ საღამოებს გვაჩუქებთ.

პატივისცემით,

ფესტივალის დამფუძნებელი და ორგანიზატორი

03.26. 2015 NY თამრიკო დავითაშვილი”

ამ ტურნის ორგანიზება დაახლოებით 2 თვის წინ დავიწყეთ. ორგანიზატორებმა ამერიკული მხრიდან ყველა საორგანიზაციო საკითხი მოაგვარეს (რეკლამა, დარბაზების და ტექნიკის დაქირავება, დაბინავება, კვება, შიდა ტრანსპორტირება) და შესაბამისი ხარჯებიც უკვე გაწიეს. ჩვენ, ქართულ მხარეს, გვევალებოდა მხოლოდ ავიაბილეთების და სხვა საორგანიზაციო ხარჯების მოძიება (10-12000 აშშ დოლარის ფარგლებში). ჩავთვალეთ, რომ ეს იყო კულტურის პოპულარიზაციისა და ქართულ დიასპორასთან დაკავშირებული ეროვნული საკითხი და თან ჩვენთვის კომერციული დატვირთვაც არ ჰქონდა. მივმართეთ შესაბამის სახელმწიფო ინსტანციებს. თავიდან მათი მხრიდან გამოითქვა თანადგომის სურვილი. შევაგროვეთ ყველა საჭირო დოკუმენტაცია, დავჯავშნეთ ბილეთებიც და გადავედით მომზადების აქტიურ ფაზაში (მიმდინარე ყოველდღიური რეპეტიციები სპეციალურად ამ ტურნესთვის შექმნილი პროგრამისთვის).

რამოდენიმე დღის წინ გაირკვა, რომ ჩვენს სახელმწიფოს “ამ საქმისთვის არ სცალია, შესაბამისი რესურსებიც არ გააჩნია და სხვა, უფრო მნიშვნელოვანი პრობლემებით არის დაკავებული”.
დრო ძალიან ცოტაა, სასწრაფო რეჟიმში გვიხდება პარტნიორების მოძებნა კერძო სექტორიდან, ასევე პირადი და მეგობრული კონტაქტების გამოყენება.

ძალიან მნიშვნელოვანია ამ ტურნეს პროფესიონალურ დონეზე ჩატარება, მით უმეტეს, რომ რეკლამები მიდის, მოსაწვევების და ბილეთების დარიგება უკვე დაწყებულია და მაყურებელი გველოდება.

პარტნიორობის შემთხვევაში, ძალიან კარგი შეთავაზებები გვაქვს სამშენებლო კომპანიებისთვის, მათი აშენებული ბინების გაყიდვების რეკლამისათვის ამერიკის ქართულ დიასპორაში. იმედი გვაქვს თქვენი თანადგომის ნებისმიერი სახით!

პატივისცემით,

ზაზა კორინთელი”