15 მაისი, 2015

ზაზა ჭილაძე ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულია

1zaza-chiladzeწიგნის სახლში “ლიგამუსი” ილიაუნის ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული დასახელდა. წელს ილიაუნის პროფესორებისა და სტუდენტებისაგან შემდგარი ჟიური ირჩევდა 2010-2014 წლებში ქართულად გამოცემული საუკეთესო უცხოური რომანის მთარგმნელს.

გამარჯვებული ქართველი კლასიკოსის ოთარ ჭილაძის შვილი ზაზა ჭილაძე გახდა. მის მიერ თარგმნილი უილიამ ფოლკნერის “დროშები მტვერში” გამომცემლობა ”დიოგენემ” 2013 წელს გამოსცა.

უილიამ ფოლკნერი გასული საუკუნის უდიდეს ამერიკელ მწერლად მიიჩნევა. “დროშები მტვერში” მისი რიგით მესამე რომანია, რომელიც პირველად 1929 წელს გამოქვეყნდა სათაურით “სარტორისი”, მაგრამ, ამავე დროს, ესაა პირველი რომანი, რომელშიც სრულად გამოჩნდა ფოლკნერის, როგორც ლიტერატურული ფორმის ოსტატის, ხელოვნება და მისი, როგორც მოაზროვნის, მასშტაბები.

“დროშები მტვერში” უილიამ ფოლკნერის რომანებიდან პირველია, რომლის მოქმედებაც მწერლის მიერ გამოგონილ “იოკნაპატოფას ოლქში” ხდება. 1929 წელს გამოქვეყნებულ წიგნს გამომცემლის დაჟინებით “სარტორისი” დაერქვა, რომანის ტექსტი კი მნიშვნელოვნად შემოკლდა. “დროშები მტვერში” ავტორისეული სახელწოდებით და სრულად მხოლოდ ფოლკნერის გარდაცვალებიდან 11 წლის შემდეგ გამოიცა. ეს არის მდიდარი სამხრეთული ოჯახის დრამატული ისტორია, რომელიც პირველი მსოფლიო ომის შემდგომ წლებში ვითარდება.

ზაზა ჭილაძეს ეკუთვნის ფოლკნერის კიდევ ორი რომანის “აგვისტოს ნათელისა” და “გვამის შემგინებლის” ქართული თარგმანებიც.