რისი ეშინია გივი ბერიკაშვილს?

15 მაისი, 2015

1giviგივი ბერიკაშვილი იუბილარია. სრულიად საქართველოსთვის საყვარელ მსახიობს 83 წელი შეუსრულდა. მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი მშობლიურ თეატრს ხანმოკლე პაუზის შემდეგ დაუბრუნდა და დღემდე მისი აქტიური წევრია.

“არტინფო” გთავაზობთ ნაწყვეტებს გივი ბერიკაშვილის ინტერვიუებიდან, რომლებიც სხვადასხვა დროს გამოქვეყნდა.

***

ჩემთვის უდიდესი ბედნიერებაა მარჯანიშვილის თეატრში მუშაობა. ამ სცენაზე დავბერდი. ძალიან ძვირფასი ადგილია ეს თეატრი. 11 წელი მქონდა პაუზა და მერე ისევ დავბრუნდი. როგორც ჩანს, თვალში ვაკლდი ხალხს და სცენაზე რომ გამოვედი “პიგმალიონის” პრემიერაზე, ძალიან ამაღელვებელი შეხვედრა მომიწყო მაყურებელმა, რაც ჩემს ცხოვრებაში არ დამავიწყდება. ჩემთვის განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი იყო. ძალიან შეშინებული ვიყავი, არ ვიცოდი, როგორ მიმიღებდა მაყურებელი. თან ისიც მაღელვებდა, ამდენი წლის შემდეგ შევძლებდი თუ არა კიდევ სპექტაკლში თამაშს. მადლობა ღმერთს, მისი წყალობით ყველაფერმა კარგად ჩაიარა და ვნახოთ, როგორ გავაგრძელებ. არ მახსენდება არასდროს, რომ მაყურებლის მხრიდან უარყოფითი დამოკიდებულება ყოფილიყოს ჩემს მიმართ. პირიქით, ისეთი კმაყოფილი ვარ ჩემი მაყურებლის, მეტი რომ არ შეიძლება. თუკი რამ შევძელი, თუკი რამ გავაკეთე ცხოვრებაში, ჩემთვის მთავარი მათი მხარდაჭერა და უფლის წყალობა იყო. ჩემი ვარსკვლავის გახსნაც უფლის წყალობაა. ყველაფერი ღმერთის ნებაა, ჩემო ძვირფასებო, აბსოლუტურად ყველაფერი. სხვანაირად არ შეიძლება იყოს. სხვანაირად ქვეყნის ბედი-იღბალს ვერ გადავწყვეტთ, თუ არ დავემორჩილეთ იმ კანონებს, რომლებიც მამაზეციერმა დაგვიწესა. რაც შეეხება ვარსკვლავის გახსნას, მიმაჩნია, რომ ეს ძალიან კარგი ტრადიციაა. ამასთან დაკავშირებით სულ ვხუმრობდი, მერე მითხრეს, ასე ნუ ხუმრობო. ჩვენ ასე დაგვწერა უფალმა ჯვარი, ყველას გვყავს ჩვენი ბედის ვარსკვლავი სადღაც ცაში. მაინცდამაინც ნუ მიდიხართ იმ ვარსკვლავის ჩამოსატანად, იყოს იქ, სადაც არის, ან არ ჩამოვარდეთ, ან არაფერი დაგემართოთ, ხათაბალაში არ გამხვიოთ-მეთქი. კარგია, როცა გამოჩენილ ადამიანებს მისივე სახელობის ვარსკვლავებს უხსნიან. ჩვენთან, სამწუხაროდ, ჯერ არ არსებობს ამ ვარსკვლავების მოვლის ტრადიცია. რუსთაველზე რომ გამივლია, ხშირად დამინახავს, დგას ორი ადამიანი რუსთაველის თეატრის წინ, ერთი ადგას რამაზ ჩხიკვაძეს, მეორე – მედეა ჩახავას და ლაპარაკობენ, დაბლა კი არ იყურებიან. ასეთი რაღაც არ შეიძლება, ამიტომ ჩვენ მათი გაფრთხილება არ ვიცით. კი მივბაძეთ ჰოლივუდს და კარგიც არის, მაგრამ ვარსკვლავთა ხეივანს უცხოეთში მილიონობით ადამიანი უვლის. ჩვენთან უპატრონოებივით არიან ჩვენი ვარსკვლავები და ეს ცოტა არ მსიამოვნებს. სულ ვხუმრობ, ჩემს ვარსკვლავ სრომ დაადგნენ ფეხებით რა მოსატანია, როცა გენიალურმა ქართველმა მეფემ დავით აღმაშენებელმა დაიბარა “ფეხი დამადგით გულზე ყოველთაო”, მე კიდევ ვიბარებ, ფეხი არ დამადგათ, თორემ არ ვიცი, რას გიზამთ-მეთქი.

***

სამი კაცის მკვლელი მაქვს ნათამაშევი, მაგრამ ჩემს მაყურებელს მაინც ვუყვარვარ. ეტყობა, აქ სულ სხვა ამბავია. ყველა ადამიანს აქვს თავისი რაღაცა ადამიანური. მსახიობზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, გააჩნია, რა გზას ურჩევ ადამიანებს, როგორ მოიქცეს. თეატრის სცენა ცოტა უცნაური ადგილია და ბევრი რამის თქმის უფლებას გაძლევს, შენიშვნის მიცემის უფლებაც გაქვს, მითითებისაც, შექებისაც და რჩევისაც. ბევრს ლაპარაკობენ, მსახიობები სხვის ტყავში ძვრებიან და ეს ცოდვააო. არადა, რანაირი ცოდვაა მსახიობობა. წარმოაჩინო ადამიანის ცუდი და კარგი და დაანახო საზოგადოებას, რომ ასე არ უნდა მოიქცე და ისე უფრო სწორი საქციელია, ეს ცოდვაა?

***

სიკვდილზე ლაპარაკი არ მიჭირს და ყველგან ვამბობ, რომ მისი არ მეშინია. ერთი რამის უფრო მეშინია-მეთქი, ამას რომ ვიტყვი, ყველა მაგას მეკითხება, ამისთანა რისი გეშინია, განა სიკვდილზე უარესი რამე არისო. ნამდვილად არის. იმდენი კარგი მსახიობი წავიდა ამქვეყნიდან, იქ ერთი კარგი თეატრი ექნებათ გახსნილი, ნეტა მიმიღებენ იმ თეატრში, უმუშევარი არ დავრჩე, ამის მეშინია-მეთქი.

***

გოდერძი ჩოხელი და სოფიკო ჭიაურელი ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებული ტრაგედიაა. ის, რომ მონასტერში მყოფმა გოდერძი ჩოხელმა თვითმკვლელობა სცადა, ჩემთვის ნამდვილი შოკი იყო. კაცმა, რომელიც წავიდა მონასტერში სულიერი სიმშვიდის მოსაპოვებლად, უცბად ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. გოდერძი ჩოხელის წასვლით იმდენი რამ დაკარგა ქართულმა კინემატოგრაფიამ, კინოხელოვნებამ, პოეზიამ, მისი შევსება წარმოუდგენელია. კიდევ ვერ შევეგუე სოფიკოსა და გოდერძის ამქვეყნიდან წასვლას. სამწუხაროა, როდესაც ასეთი ახლობელი ადამიანები და თანაც ასეთ ახალგაზრდულ ასაკში მიდიან ამქვეყნიდან.

***

სულ სამი ნათლული მყავს და კიდევ ერთი საპატიო ნათლული. ეს არის კოტე თოლორაია. არასოდეს მომინათლავს არამართლმადიდებელი აღმსარებლობის ადამიანი. კოტე თოლორაია ჩემს ნათლულებში ყველაზე დიდია. დანარჩენი ნათლულებიც აღარ არიან უკვე ბავშვები. ჩემი ნათლულები არიან თემურ წიკლაურის ქალიშვილი, ვაჟა აზარაშვილის ქალიშვილი და თემურ ჭყონიას ქალიშვილი. განსაკუთრებულია ჩემთვის კოტეს ნათლიობა. ხელში ავიყვანე კოტე და ისე შემოვატარე სანათლავს. ძალიან კარგად ვიცი რა ევალება ნათლიას. აი, ნათლულები ცოტა არ მისრულებენ ხოლმე იმას, რაც მათ ევალებათ. ვხუმრობ, რა თქმა უნდა. ძალიან კარგი ნათლულები მყავს, ყველაფერი წესრიგში გვაქვს, უსაყვარლესი ხალხია, ძალიან მიყვარს ჩემი ნათლულები და ჩვენი ნათელ-მირონი გადავა ცხრა თაობაზე.

***

ძალიან მიყვარს ჩემი კახეთი. იქ საოცარი ადგილებია, სასწაული სალოცავებია. სათითაოდ ფეხით მაქვს ყველა სალოცავი დავლილი და ახლაც ვაგრძელებ ამ ტრადიციას. როცა კახეთში ჩავდივარ, ჩავდივარ ალავერდში, პეტერაში, ჩამოვდივარ წმიდა გიორგიში, აქეთ შუამთაა, იქით – იყალთო. ბოდბეს ყოველთვის ვსტუმრობ. გურჯაანის ყოვლადწმინდასაც მოვილოცავ ხოლმე. ასაკთან დაკავშირებით, ცოტა ისე ვეღარ ვარ, როგორც საჭიროა, მაგრამ, მადლობა ღმერთს, იმდენს მაინც ვახერხებ, რომ ჩემს საყვარელ კუთხეს ვეწვიო. რელიგიასთან ჩემი დამოკიდებულება მაქვს. როცა ჩემი პერსონაჟი ლონდრე ჯვარზე გაეკრა, ბევრს ეს მკრეხელობა ეგონა. არადა ლონდრე მკრეხელი არ იყო, ლონდრე წმინდანი იყო. იმაზე, რომ ლონდრე ჯვარზე გაეკრა, კამათი ხშირად იმართებოდა, მაგრამ ფაქტია, რომ კაცმა უარყო ჯარი, ყველაფერი გადააგდო, გაიხადა და ეკლესიას შეაფარა თავი. სწორედ იმიტომ, რომ ტაძარი სუფთა და წმინდა ადგილია და მას ეგონა, რომ ხელშეუხებელი იქნებოდა, მაგრამ იქაც რომ შეახეს ხელი უწმინდურებმა, მერე გაბრაზდა. ეროსი მანჯგალაძე ძალიან განიცდიდა თავისი პერსონაჟის ასეთ საქციელს და სულ შეწუხებული დადიოდა. ლონდრე კი წმინდანი იყო.

***

“სამოთხის გვრიტებში” სასულიერო პირი ვითამაშე. მათთან ყოველთვის ისეთი ახლო ურთიერთობა მქონდა, რომ მათი კონსულტაციები არ დამჭირვებია, თუ მაინცდამაინც ახსნა-განმარტება არ არის საჭირო, მათ არ ვაწუხებთ. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, როდესაც ჩვენს დიღმის კინოსტუდიაში გვქონდა საპროექციო აპარატურა და დარბაზი, მოვიწვიეთ პატრიარქი და ვაჩვენეთ ეს ფილმი. უწმინდესს ძალიან მოეწონა, დაგვლოცა, სურათიც გადავიღეთ და ეს დღე ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი გამორჩეული და ულამაზესია. ბედნიერი ვარ, რომ ჩვენს უწმინდესს ძალიან ახლოს ვიცნობ, დიდი მოწიწებით ვარ მის მიმართ, დიდი ყურადღებით ვუსმენ მის ქადაგებებს. რწმენა უმთავრესია, თუ ესეც დავკარგეთ, მაშინ ქვეყანასაც დავკარგავთ, ქვეყანას, რომელიც ამდენი საუკუნის განმავლობაში შენახულა და დღემდე სწორედ რწმენამ მოიყვანა.

***

როცა რეზო ჩხეიძემ გადაიღო ფილმი “მაცხოვრის საფლავზე ანთებული სანთელი”, მართლა უცნაური რაღაც მოხდა. ჩვენ ყოველთვის კარგი ურთიერთობა გვქონდა და დიდი სიყვარულით მოვდივართ შემოქმედებით გზაზე, მაგრამ არასოდეს ვყოფილვარ რეზო ჩხეიძის ფილმში გადაღებული. მან სწორედ ამ ფილმზე დამიძახა. ერთად რომ ვიმუშავეთ, მითხრა, გივი, სულ სხვანაირად გიცნობდი და სულ სხვანაირი კაცი ყოფილხარ, სხვა მხრიდან ვიყავი შენი მეგობარი და ახლა ვხვდები, რა დიდი შეცდომა იქნებოდა, ამ ფილმში რომ არ გეთამაშაო. ჩვენი მეგობრობა კიდევ უფრო გააღრმავა “მაცხოვრის საფლავზე ანთებულმა სანთელმა”. ყველაფერი ღვთის ნებაა და ჩვენი საუბრის დასასრულს მინდა გითხრათ: დიდი მადლობა ყველას ასეთი სითბოსა და სიყვარულისთვის და შევეცდები, რომ კიდევ ცოტა ხანს არ გავუმტყუნო იმედები ჩემს საყვარელ მაყურებელს და გარკვეული სიამოვნება მოვგვარო. ყოველ შემთხვევაში, სურვილი ამის ნამდვილად მაქვს და ვგრძნობ, რომ მოდუნების უფლება არ მაქვს.

გააზიარეთ