მედეა ჩახავა: ,,ეს ჩემი აღსარებაა”

15 მაისი, 2015

1medea chaxavaმსახიობმა მედეა ჩახავამ 88 წელი იცოცხლა და მთელი შეგნებული ცხოვრება თავის პროფესიას შეალია, სიცოცხლის ბოლომდე იდგა სცენაზე და მაყურებლისთვის დიდი სიამოვნება მოჰქონდა.

მედეა ჩახავამ დატოვა უნიჭიერესი შთამომავლობა და მას მეორენაირად მედეა ჩახავას დინასტიასაც უწოდებენ. თითოეული მათგანი ქართული კულტურის სამსახურშია და მაყურებლის გაოცებას აგრძელებს.

“არტინფო” გთავაზობთ საინტერესო ისტორიებს მედეა ჩახავას ცხოვრებიდან, რომელიც მკითხველისთვის ნაკლებად არის ცნობილი:

***

ჩემი ყველაზე დიდი სიმდიდრე ჩემი შვილები, შვილიშვილები და შვილთაშვილებია. თემური, მაკა, ივიკო, მათი შვილები, შვილიშვილები – ეს ნამდვილი სასწაულია. მესამე, მეოთხე თაობას მოვესწარი. ჩვენი დიდი ოჯახის წევრები იყვნენ სოფიკო (ჭიაურელი ავტ.) და მისი შვილებიც. მისი გარდაცვალება ჩვენთვისაც სამწუხარო იყო. სოფიკო აღმერთებდა ჩემს შვილებს. ის მთელი ცხოვრება ნანობდა, რომ კოტესთან შვილი არ გააჩინა. სულ ვეუბნებოდი, რას ნანობ, სოფიკო, კოტესთან თუ შვილი ვერ გააჩინე, აგერ ბატონო, ჩემი შვილები, კოტესები არიან ესენიც-მეთქი. სოფიკოს მართლა ძალიან უყვარდა ჩემი შვილები და მე მისი შვილები. ჩვენ ერთმანეთში არც მეგობრობა გვაკლდა, არც იუმორი და არც ერთმანეთის გატანა.

***

ამქვეყნად მართლაც რომ ყველაფერი უფლის ნებაა. მისი მადლი თუ არ აქვს ადამიანს, მაშინ ის ადამიანი თვითონ ვერაფერს გააწყობს. ამის ნათელი მაგალითი მაქვს და ამიტომ ვამბობ. ქუთაისში გამართეს ჩემი შემოქმედებითი საღამო. თბილისიდან წავედი ავტობუსით, ჩემი მეგობრებით, ოჯახის წევრებით, ახლობლებით. ქუთაისში რომ ჩავედი, გამოირკვა, რომ ქუთაისელებს თავად არაფერი ჰქონდათ მზად და ჩვენგან ელოდნენ საღამოს მოწყობას და სპექტაკლს. ჩვენ პირიქით გვეგონა, დაპატიჟებულები ვიყავით და სპეციალურ ღონისძიებას გამართავენო. უკვე იწყებოდა საღამო. მოულოდნელად შემხვდა ქალი, რომელმაც მაჩვენა 40 წლის წინ ჩემთან გადაღებული სურათი. ძალიან გამიხარდა, გადავკოცნე და ჩქარ-ჩქარა გავედი სცენაზე. ძალიან თბილი დახვედრა მომიწყო მაყურებელმა, მერე ჩემები მომყვნენ სცენაზე, შემომიერთდნენ, მაგრამ ამ თბილი მიღების შემდეგ რა უნდა გაგვეკეთებინა, არ ვიცოდით. სურათი მეჭირა ხელში, რომ დავხედე, დავიწყე დარბაზისთვის ამ ამბის მოყოლა. ხომ აქ ხარ-მეთქი, ვიკითხე, კი, აქ ვარო. მოვიწვიე სცენაზე და ვუთხარი, მოყევი, როგორ დამსდევდი კუდში პატარა ქუთაისელი გოგონა-მეთქი. ამოვიდა ეს ქალი, მოყვა ჩვენს ამბებს, მერე დარბაზი აყვა, ზოგმა კითხვა დასვა, ზოგმა რაღაც ისტორია გაიხსენა და ისე გამოვიდა, რომ საღამოც თავად მიმყავდა, კითხვებსაც ვპასუხობდი და ისტორიებსაც ვყვებოდი. უცბად ასე გამიხსნა გონება ღმერთმა და ორიგინალური საღამო ჩავატარეთ. ჩემი მეგობრები გაოგნებულები მიყურებდნენ. მსგავსი არაფერი გვინახავსო, ამბობდნენ. ამბობენ, მსახიობობა ცოდვააო. როგორ შეიძლება, პროფესია მსახიობობა ცოდვა იყოს? მაყურებლის სიყვარული მართლა დიდი ბედნიერებაა და ესეც ღვთის დიდი საჩუქარია. ამა თუ იმ პროფესიაზე ასე ერთი ხელის მოსმით ლაპარაკი დაუშვებელია. ყველა პროფესიაში არიან როგორც კარგი, ასევე ჭეშმარიტების გზას აცდენილი ადამიანები.

***

სასწაულები ხშირად ხდება ჩემს ცხოვრებაში. საოცარი დამთხვევებია ხოლმე და მიმაჩნია, რომ ამაში უფალი მიწყობს ხელს. ვთქვათ, რაღაც დავკარგე, ათჯერ გავივლი იმ ადგილას, სადაც ნამდვილად არ იდო ის ნივთი, მაგრამ მეთერთმეტეჯერ იმ ცარიელ ადგილას ის ნივთი იქ მხვდება, თითქოს ვიღაცა მოვიდა და დადო. არადა, ზუსტად ვიცი, რომ ვნახე იმ ადგილას, ხელიც მედო, ცარიელი იყო და უცებ საიდან მოვიდა, ნამდვილად არ ვიცი. თუმცა მათ შორის იყო შემთხვევა, რომელიც ჩემს ცხოვრებაში არ დამავიწყდება და იგი ჩვენს უწმინდესთან არის დაკავშირებული. მქონდა ბედნიერება საღამო ხანს უწმინდესთან ყოფნისა. ორნი ვისხედით და ვსაუბრობდით. ძალიან შეწუხებული ვიყავი ჩემი ახლობლის შვილიშვილის მდგომარეობით. გაჩნდა ბავშვი და იმდენად უძლური და სუსტი დაიბადა, ვერც იტირა ბავშვმა და მდგომარეობა საშინლად გაურთულდა. დამბლა დაემართა, ცალი ფილტვი არ გაეხსნა. საავადმყოფოში არაფერი დააკლეს, მაგრამ შედეგი რომ არ იყო, გამოუცხადეს მშობლებს, წაიყვანეთ ბავშვი, ბარემ სახლში გარდაიცვალოსო. მშობლები თავზარდაცემულები იყვნენ, მთელი დღე იქ გავატარე, საღამოს კი უწმინდესთან წავედი. პატრიარქმა შემატყო, რა გჭირს, გუნებაზე ვერა ხარო. ვუთხარი, ასეთი ამბავია, გვითხრეს, ბავშვი წაიყვანეთ, სახლში გარდაიცვალოსო. ჩემი რძლის, ნანი ჩიქვინიძის დისშვილის პატარა იყო ასე მძიმედ. ბავშვი თანდათან უფრო მძიმდება და თუ შეიძლება, ასეთ ბავშვს პარაკლისი გადაუხადოთ-მეთქი. უწმინდესმა მაშინვე მითხრა, სასწრაფოდ, როგორც კი მიხვალ, უთხარი, თუ მოახერხებენ, ამაღამ თუ არა, ხვალ დილასვე მონათლონ ბავშვი, ისე პარაკლისი არ მიუვაო. მართლაც, იმ ღამესვე მონათლეს ბავშვი და მოხდა სასწაული. ის ბავშვი გადარჩა, ახლა არის ბუღასავით, ფიზიკურად უზარმაზარი ბავშვია, ისეთი ბიჭია, ავ თვალს არ ენახვება. აი, სასწაული, არ არის აქ უფალი?

***

როდესაც ეკლესიაში სიარული საერთოდ აკრძალული იყო, მაინც დავდიოდი, იმიტომ კი არა, რომ ყველაფერი მესმოდა, მიყვარდა ეკლესია, ღმერთი და მინდოდა მასთან ახლოს ყოფნა. უხეშად ვიტყვი: ხომ არის, როცა გიყვარს ადამიანი და სულ მასთან გინდა ყოფნა, ასე მჭირდა მეც. რაღაც მიზიდულობის ძალას მივყავდი, რაღაც პროტესტი იყო იმასთან დაკავშირებით, რომ აკრძალული იყო და მაინც მივდიოდი. შენიშვნასაც ვერავინ მაძლევდა. მაშინ მილიცია იდგა ეკლესიებთან, მიუხედავად იმისა, მივდიოდი. სად მიდიხართო, რომ მკითხავდნენ, როგორ სად მივდივარ, ეკლესიაში-მეთქი, ვეტყოდი. არ მეშინოდა. ბევრისთვის ამის გამო სამსახურში საყვედური გამოუცხადებიათ, არასოდეს მსგავსი რამ ეკლესიაში სიარულის გამო არ დამმართნია. მინდოდა და მივდიოდი, ალბათ ისიც მიწყობდა ხელს, რომ ადრე დამიწყეს ცნობა კინოდან. ამ ყველაფერს ისიც ემატებოდა, რომ წინაპართა ფესვები მაინც თავისას შვრება. ჩემი ბაბუა იყო მარტვილის მონასტრის მღვდელი. იგი მონასტრის გარშემო მიდამოებშია დამარხული. გოგი გეგეჭკორის ბაბუაც იქ მოღვაწეობდა. ჩვენ მეზობლები ვიყავით, ზაფხულში რომ ჩავდიოდით იქ, ერთად ვისვენებდით და მოყვრობაც კი გვაკავშირებს თურმე. ბაბუა არ მახსოვს, რომ გარდაიცვალა, 2 წლის ვყოფილვარ. ვიცი, რომ ოჯახში სასულიერო პირი გვყავდა და ჩვენ მისი შთამომავლები ვართ. მისგან არანაირი საეკლესიო ნივთი არ დაგვრჩა, ვიგ გაბედავდა მაშინ და ვინ შეინახავდა სახლში სახარებას, როცა გამალებული ჩხრეკა მიმდინარეობდა ყველა ოჯახში? 1921 წელს რომ გადაურჩა, ესეც ბედის წყალობა იყო.

***

მახსოვს ბიბლია პირველად ინგლისიდან ჩამოვიტანე. ამდენ ხანს არ მქონდა ბიბლია წაკითხული კი არა, თვალით ნანახი. ინგლისში გასტროლებზე რომ ვიყავი, სასტუმროში ვითხოვე ინგლისურენოვანი და რუსულენოვანი ბიბლია. კანკალით გადმოვიტანე საზღვარზე. მანამდე არაფერი ვიცოდი რელიგიის შესახებ. რომ წავიკითხე, ვერაფერიც ვერ გავიგე. ძალიან ძნელი გასაგებია ბიბლია ერთი წაკითხვით. რუსულადაც მაქვს წაკითხული, რომელიც უფრო თანამედროვე ენით არის, მაგრამ მაინც ჩაღრმავება სჭირდება. ჩვენი ძველი ქართული ენაც ცოტა ჩახლართულია. უფრო რომ მივიდეს ხალხთან სახარება, უფრო კარგად იკითხება თანამედროვე ქართულ ენაზე, მაგრამ რამდენი სიბრძნეა სახარებაში, ამას ადამიანი ადვილად ვერ ჩაწვდება. ცოდვად არ ჩამეთვლება, თუ დიდი მოკრძალებით და მოწიწებით ვიტყვი, რომ პირადად მაქვს სურვილი, უფრო ჩამწვდომი და გასაგები რომ იყოს. ახალგაზრდებმაც მინდა გაიგონ და გულისყურით წაიკითხონ. თითოეულ სიტყვას იმდენი ქვეტექსტი აქვს, რომ ძალიან დიდი ყურადღებაა საჭირო, რომ სწორად გავიგოთ თითოეული წინადადება. მაპატიოს უფალმა, მაგრამ მძიმე ენით არის მოწოდებული. ამიტომ ბიბლია ცოტა უნდა გათანამედროვდეს, მაგრამ არც ისე, როგორც აღრეულია დღეს ჩვენი ენა. ძალიან მარტივიც არ უნდა იყოს. რუსთაველი ხომ გვესმის, მაგრამ ძალიან მარტივია? უბრალოდ, ბიბლიაში სპეციფიური, საეკლესიო ენა ბევრი ურევია, რაც მაქსიმალურ მობილიზებას მოითხოვს. უფრო შვებით წავიკითხე ბიბლია ბავშვებისთვის. თქვენ გგონიათ, ყველაფერი გავიგე? ვერ გავიგე ყველაფერი, მაგრამ ვიცი, რომ უნდა წავიკითხო, ვალდებული ვარ, წავიკითხო. შეიძლება გავიგე ბიბლიის ერთი მესამედი, მადლობა ღმერთს, რომ ამის გაგება მაინც მოვახერხე. ბოლო დროს ვეღარ ვკითხულობ, დრო არ მაქვს. უფრო ზანტი გახდა ჩემი ცხოვრება, ისეთი ელასტიური არ არის, როგორიც ადრე იყო. წლებს თავისი მიაქვს. თავთან მიდევს ერთი ბიბლია, მეორე ხატებთან გვიდევს, მესამე – წიგნის თაროზე, მეოთხე უწმინდესმა აჩუქა ჩემს შვილთაშვილს, დათა თავაძეს, როცა პატარა მივიყვანე საპატრიარქოში. ისეთი არაჩვეულებრივი, სასწაული ბავშვი იყო, ოქროსფერი თმები ჰქონდა, ხუჭუჭა, წითელი ლოყები და ტუჩები და ცისფერი თვალები. მასზე ჭკუას ვკარგავდი და უწმინდესს სულ ვეუბნებოდი, უნდა გაჩვენოთ-მეთქი. ერთხელაც მივიყვანე და მოვნათლეთ. მაშინ უწმინდესი სიონში ბრძანდებოდა და აჩუქა ბიბლია დათას. როცა ილია II მიაწერა, ვუთხარი, გეხვეწებით, მიაწერეთ ნათლია-მეთქი. რა საჭიროა, ისე იყოს სიტყვიერადო. ვინ დამიჯერებს სიტყვით, რომ ჩემი შვილთაშვილის ნათლია ხართ, დოკუმენტი მინდა-მეთქი. აჩუქა დათას, რომ გაიზრდები, წაიკითხეო. ახლა უწმინდესი ყოველ მესამე ახალშობილს ნათლავს და ეს მართლაც ძალიან კარგი წამოწყებაა. დათა კი სულ სხვა გარემოებაში მოინათლა. ძალიან კარგი იქნება, თუ პატრიარქის მოწოდებით გავმრავლდებით ქართველები. მაგას რა სჯობს?

***

ასეთი დიდი ბედნიერება, როგორც XX და XXI საუკუნეში უფალმა აჩუქა საქართველოს ილია II-ის სახით, ალბათ არასოდეს ყოფილა. ასეთი წყალობის გამო ჩვენ ყველანაირი სიმძიმის გადატანის მოვალენი ვართ. ისეთი პიროვნების შთაგონების ქვეშ ვართ, ისეთი პიროვნება გვეფერება, იმედს გვაძლევს და გვმოძღვრავს, რომ ამის ფასი კაცობრიობას არ ეღირსება და ჩვენ გვეღირსა. ეს აღსარებაა ჩემი. მარხვა არ შემიძლია, იმიტომ, რომ დიაბეტი მაქვს, შენდობა მაქვს მოცემული უწმინდესისგან. ავადმყოფისთვის არ შეიძლება მარხვა. რაც შეეხება ეკლესიაში სიარულს, მანქანა აღარ გვყავს და ძალიან მიჭირს ფეხით სიარული, ამიტომ ეკლესიაშიც ვერ ვახერხებ ხშირად მისვლას. ამდენი წლები ზურგზე მაქვს და ფეხით ვერ დავდივარ. ზოგჯერ, როცა სტუმრობა აქვს უწმინდესს, მაშინ მივდივარ. თავის გამართლებას არ ვაპირებ და გულახდილად ვამბობ, კი არ მეზარება, მიჭირს. წლები ჩემთვის სიმძიმეა და არ მინდა რამე, დაკავშირებული უფალთან, სიმძიმეს წარმოადგენდეს. იმქვეყნიურ ცხოვრებაზე არ ვფიქრობ. ფიქრი არაფერს უშველის, არაფერს გაასწორებს. არ მაქვს იმდენი დრო, რომ იმაზე ვიფიქრო, რა იქნება იქ. მჯერა, რომ იქ ის იქნება, რასაც უფალი გვპირდება, რასაც ვკითხულობთ, ვისმენთ. არ შეიძლება, ადამიანის მაღალი მატერია ასე უკვალოდ გაქრეს. მით უმეტეს, რომ ბიბლია გვეუბნება, რომ ადამიანი უკვალოდ არ ქრება. მჯერა, რომ სული უკვდავია და ცოცხლობს სამარადჟამოდ.

გააზიარეთ

 
...