თამარ სხირტლაძე – იუბილარი მოუშუშებელი ტკივილით

2 მაისი, 2015

1tamar2 მაისს ქართული თეატრის ერთ-ერთი გამორჩეული მსახიობის თამარ სხირტლაძის დაბადების დღეა. იუბილარ მსახიობს ასაკი სულაც არ უშლის ხელს იმაში, რომ მთელი თავისი არსებით აკეთოს საყვარელი საქმე და ერთგულ მაყურებელს სიამოვნება მიანიჭოს. ახალგაზრდებს დღემდე უკვირთ მისი შემართება და ენერგია, მაგრამ როგორც თავად ამბობს, სხვაგვარად არ შეუძლია.

მიუხედავად იმისა, რომ თამარ სხირტლაძეს კინოშიც უმუშავია, მისთვის მთავარი მაინც თეატრია, რადგან თეატრი ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც ყოველ ჯერზე განუზომელ სიამოვნებას ანიჭებს არტისტს.

თეატრზე უარი ვერც იმ უდიდესმა ტკივილმა ათქმევინა, რასაც ერთადერთი შვილის გარდაცვალება ჰქვია. თაზო თოლორაია, რომელიც მაყურებელში ბოლომდე “ღიმილის ბიჭად” დარჩა, მძიმე სენით გარდაიცვალა, მაგრამ ტკივილისგან განადგურებულმა დედამ შეძლო და თეატრსა და კინოში მუშაობა გააგრძელა.

“არტინფო” გთავაზობთ საინტერესო ისტორიებს თამარ სხირტლაძის ცხოვრებიდან.

“19 წლის ვიყავი, როცა დედა გავხდი. თეატრის გამო ერთადერთი შვილის ამარა დავრჩი. ერთხელ ჩვენს მეზობლად საფრანგეთში მცხოვრები ქართველები გადმოვიდნენ. თაზო ამ ოჯახში ფრანგულში ემზადებოდა. ამ ქალს რომ არ ეცალა, თაზო მისმა შვილმა ამეცადინა. თაზო ალეწილი ჩამოვიდა, ეგღა მაკლია, იმ წიპუკამ მამეცადინოსო. მაგრამ კალატოზიშვილების უმცროს ქალიშვილს ნინოს და თაზოს ერთმანეთი შეუყვარდათ და ბათუმში გაიპარნენ. მაშინ თაზო 19 წლის იყო. მათ გაუჩნდათ ქალიშვილი რუსო. ნინომ და თაზომ ექვსი წელი იცხოვრეს ერთად. თაზო ძალიან პოპულარული იყო. მისი პირველი ოჯახის დანგრევაც ამან გამოიწვია. ძალიან განვიცადე.

მერე თაზომ მარინა წულუკიძე შეირთო ცოლად. მარინა კინომსახიობთა თეატრში კონცერტმეისტერად მუშაობდა. მას თაზოზე ეხუმრებოდნენ და მასაც ეტყობა გრძნობა გაუჩნდა. ერთხელაც ზუგდიდში გაიპარნენ. მერე კი გაუჩნდათ თაკო.”

***

”თაზოს უკურნებელი სენის შესახებ თავიდან არ ვიცოდი. რომ გავიგე, ჩემი მეუღლისთვის არ მითქვამს. კოტე ყველაფერი იყო თაზოსთვის, დედაც და მამაც, ამიტომ გამიჭირდა თქმა. ერთი თვე მარტო ვატარე ტკივილი. თაზოს გარდაცვალებამდე ორი კვირით ადრე, სულ უფრო და უფრო უკან-უკან რომ მიდიოდა მისი ჯანმრთელობა, კოტემ გამწარებულმა უთხრა ექიმს, „რა გახდა მისი მორჩენა, კიბო ხომ არა აქვსო?“ ექიმმა თავი დაუქნია. ჩემი ქმარი ლოგინად ჩავარდა, ნერვების ანთება დაემართა. 40 დღე ტკივილისგან კიოდა. თაკო თხოვდებოდა, კაბა მზად ჰქონდა, თაზო რომ გარდაიცვალა და ქორწილი ჩაეშალა. თაზოს გარდაცვალების დროს მისი ორივე შვილი თაკოც და რუსოც ფეხმძიმედ იყვნენ.”

***

”იმ პერიოდში მე და მედიკო ჩახავა სამეფო უბნის თეატრში ვთამაშობდით „აქ, ამ სავანეში“, რომელიც თემურ ჩხეიძემ დადგა. თემურს დავურეკე, მე, ალბათ, ვეღარ შევძლებ თამაშს-მეთქი. მაგრამ მედიკო და თემური გვერდით დამიდგნენ, ძალა დამატანეს. კოტემ ტელეფონში რომ გაიგონა ეს ლაპარაკი, მითხრა, თუ გინდა კარგად გავხდე, წადი რეპეტიციაზეო. მედიკომ გადამატანინა ეს დიდი ტკივილი, შვილზე თუ დავიწყებდი ლაპარაკს, სხვა თემაზე მიწყებდა ლაპარაკს.”

***

”რუსთავის თეატრში რომ ვთამაშობდი სპექტაკლს „ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი“, აკაკი ვასაძე იყო ამ სპექტაკლში დაკავებული. მოულოდნელად გარდაეცვალა ერთადერთი ვაჟი. დაკრძალვის მეორე დღეს მსახიობები შევიკრიბეთ თეატრში და ვასაძეც მოვიდა. ჩვენ გაოგნებული სახეები გვქონდა, მან კი გვითხრა, „გიკვირთ, რომ მე გუშინ შვილი დავასაფლავე და აქ მოვედი? მე ჩემ შვილს როცა მინდა და სადაც მინდა იქ ვიტერებ, მაგრამ ეს ჩემი საქმეა, რომელსაც ვერ ვუღალატებო“. წინათ ვამტყუნებდი, ერთადერთი შვილი მოუკვდა და როგორ არის-მეთქი? ნურავინ იტყვის ამას წინასწარ. ჩემ შვილს ღამე ვიტირებ თუ სასაფლაოზე, ამას სხვა ვეღარ მოისმენს.”

***

ერთხელ ხერხემლის მალა მქონდა გატეხილი, საოპერაციო ვიყავი, მაგრამ სპექტაკლებს მაინც ვთამაშობდი. ექიმმა გოგლიკო მაღალაშვილმა, რომ იტყვიან, ოპერაციის გაკეთება „დამაძალა“. ოპერაციის წინ დამესიზმრა, კიბეზე ავდიოდი და თაზო დავინახე, სინათლეში იყო. ამდენ ხანს გალოდინე, ძლივს მოვაღწიე-მეთქი, ვუთხარი. მეგონა წამიყვანდა მაგრამ, დიდი ოპერაცია გადავიტანე და არაფერი დამემართა.

***

”ერთადერთი, რაც დრო გადის, უფრო მეტად მჭირდება და მენატრება ჩემი შვილი. ეს ამოუვსებელი ტკივილი და მშობლისთვის მოუშუშებელი იარაა. კოტე მისთვის სულ ლოცულობს. მეც ვლოცელობ, მაგრამ კოტე ნამეტანს შვრება. მწამს, მაგრამ როცა გრძნობ, რომ არ ხარ ეკლესიური და არ ხარ ამას მიჩვეული, ძალიან ძნელია, უცებ ამ ყველაფერს მიეჩვიო. ფარისევლობის ღმერთთან ძალიან მეშინია. კოტე სულ კითხულობს ლოცვებს, მაგრამ როცა სახლში არ არის, ჩემი შვილის გამო სანთელს ვანთებ, წავიკითხავ იმ ლოცვასაც, მაგრამ ღებულობს თუ არა ღმერთი ამ ჩემს ლოცვას, არც კი ვიცი. შვილის სასაფლაოზე სიარული ძალიან მიჭირს. მეგონა, მარტო მე ვიყავი ასე, მაგრამ მედიკო ჩახავა მომიყვა, რომ საერთოდ არ ყოფილა იმ შვილის სასაფლაოზე, რომელიც 32 წლის ასაკში გარდაიცვალა. მჯერა, რომ ჭირისუფალმა ბევრი არ უნდა იტიროს. დედაჩემი სანთელსაც კი არ ანთებდა. მერე მეზობლებმა უთხრეს, სანთელი მაინც აანთე ხანდახანო. ძმა გარდამეცვალა 21 წლის, რომელსაც დაკერებული ფეხსაცმელები ჩააცვეს. ომის პერიოდი იყო და მაშინ ფეხსაცმელს ვერსად იყიდდი. სიზმარი ვნახე, ბავშვი ვიყავი, მაგრამ მაინც კარგად მახსოვს. სიბნელეში იჯდა და ფეხსაცმელებს კერავდა.

მშობლისთვის ძალიან ძნელია შვილის სიკვდილი და ეს დიდი ტრაგედიაა. ერთმა მშობელმა მითხრა, იცით, რა ბედნიერი ვარ, ჩემი შვილი გარდაიცვალა და ახლა სამოთხეში არისო. იმ ქალსა და ჩემ შორის ხომ არის განსხვავება?! იმ ქალს ასე სწამს და სჯერა, მე კი არ მჯერა. ძალიან მიჭირს ამის დაჯერება. ფარისევლობა ღმერთთან არ შემიძლია. კოტესაც რამეს თუ ვეტყვი, მაშინვე ღმერთო, მაპატიე-მეთქი, ვეუბნები”

***

იცით რა არის ჩემთვის მიუღებელი?! მაინცდამაინც ვიღაც უნდა გარდაგეცვალოს, რომ ეკლესიაში სიარული დაიწყო? ბევრი მერე იწყებს სანთლის ანთებას, სასაფლაოზე სიარულს და ლოცვას. ეს არ არის ეკლესიურობა. ჩემთვის მიუღებელია ის ადამიანი, რომელსაც ჯვარი უკეთია გულზე, მაგრამ შეუძლია კაცი მოკლას. არ მჯერა იმ ადამიანების, როცა სამნი სცემენ ერთს და ჯვრები უკეთიათ გულზე. კოტე მარლთა სუფთა კაცია. მას აქვს იმის უფლება, რომ სანთელი აანთოს და ილოცოს, მაგრამ ყველას არ აქვს უფლება არც ჯვრის ტარების, არც ტაძარში შესვლის და არც სანთლის ანთების. თუ ადამიანმა შეგნებულად გამამწარა, ცუდი გამიკეთა და მთელი ცხოვრება შეგნებულად მებრძვის, რაღა უნდა ვაპატიო? ცუდი არ გამიკეთებია, არ გადამიხდია სამაგიერო, არც კი მითქვამს, ღმერთო, ცუდად გახადე-მეთქი. არ შემიძლია ასეთ ადამიანს ვაპატიო და ჩავიხუტო გულში.”

 

გააზიარეთ

 
...