2 მაისი, 2015

თამარ სხირტლაძე – იუბილარი მოუშუშებელი ტკივილით

1tamar2 მაისს ქართული თეატრის ერთ-ერთი გამორჩეული მსახიობის თამარ სხირტლაძის დაბადების დღეა. იუბილარ მსახიობს ასაკი სულაც არ უშლის ხელს იმაში, რომ მთელი თავისი არსებით აკეთოს საყვარელი საქმე და ერთგულ მაყურებელს სიამოვნება მიანიჭოს. ახალგაზრდებს დღემდე უკვირთ მისი შემართება და ენერგია, მაგრამ როგორც თავად ამბობს, სხვაგვარად არ შეუძლია.

მიუხედავად იმისა, რომ თამარ სხირტლაძე კინოშიც მუშაობდა, მისთვის მთავარი მაინც თეატრია, რადგან თეატრი ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც ყოველ ჯერზე განუზომელ სიამოვნებას ანიჭებს არტისტს.

თეატრზე უარი ვერც იმ უდიდესმა ტკივილმა ათქმევინა, რასაც ერთადერთი შვილის გარდაცვალება ჰქვია. თაზო თოლორაია, რომელიც მაყურებელში ბოლომდე “ღიმილის ბიჭად” დარჩა, მძიმე სენით გარდაიცვალა. ტკივილისგან განადგურებულმა დედამ შეძლო მოუშშებელი ტკივილით ცხოვრების გაგრძელება და თეატრსა და კინოში მუშაობაზე უარი არ თქვა.

“არტინფო” გთავაზობთ საინტერესო ისტორიებს თამარ სხირტლაძის ცხოვრებიდან.

“19 წლის ვიყავი, როცა დედა გავხდი. თეატრის გამო ერთადერთი შვილის ამარა დავრჩი. ერთხელ ჩვენს მეზობლად საფრანგეთში მცხოვრები ქართველები გადმოვიდნენ. თაზო ამ ოჯახში ფრანგულში ემზადებოდა. ამ ქალს რომ არ ეცალა, თაზო მისმა შვილმა ამეცადინა. თაზო ალეწილი ჩამოვიდა, ეგღა მაკლია, იმ წიპუკამ მამეცადინოსო. მაგრამ კალატოზიშვილების უმცროს ქალიშვილს ნინოს და თაზოს ერთმანეთი შეუყვარდათ და ბათუმში გაიპარნენ. მაშინ თაზო 19 წლის იყო. მათ გაუჩნდათ ქალიშვილი რუსო. ნინომ და თაზომ ექვსი წელი იცხოვრეს ერთად. თაზო ძალიან პოპულარული იყო. მისი პირველი ოჯახის დანგრევაც ამან გამოიწვია. ძალიან განვიცადე.

მერე თაზომ მარინა წულუკიძე შეირთო ცოლად. მარინა კინომსახიობთა თეატრში კონცერტმეისტერად მუშაობდა. მას თაზოზე ეხუმრებოდნენ და მასაც ეტყობა გრძნობა გაუჩნდა. ერთხელაც ზუგდიდში გაიპარნენ. მერე კი გაუჩნდათ თაკო.”

***

”თაზოს უკურნებელი სენის შესახებ თავიდან არ ვიცოდი. რომ გავიგე, ჩემი მეუღლისთვის არ მითქვამს. კოტე ყველაფერი იყო თაზოსთვის, დედაც და მამაც, ამიტომ გამიჭირდა თქმა. ერთი თვე მარტო ვატარე ტკივილი. თაზოს გარდაცვალებამდე ორი კვირით ადრე, სულ უფრო და უფრო უკან-უკან რომ მიდიოდა მისი ჯანმრთელობა, კოტემ გამწარებულმა უთხრა ექიმს, „რა გახდა მისი მორჩენა, კიბო ხომ არა აქვსო?“ ექიმმა თავი დაუქნია. ჩემი ქმარი ლოგინად ჩავარდა, ნერვების ანთება დაემართა. 40 დღე ტკივილისგან კიოდა. თაკო თხოვდებოდა, კაბა მზად ჰქონდა, თაზო რომ გარდაიცვალა და ქორწილი ჩაეშალა. თაზოს გარდაცვალების დროს მისი ორივე შვილი თაკოც და რუსოც ფეხმძიმედ იყვნენ.”

***

ერთხელ ხერხემლის მალა მქონდა გატეხილი, საოპერაციო ვიყავი, მაგრამ სპექტაკლებს მაინც ვთამაშობდი. ექიმმა გოგლიკო მაღალაშვილმა, რომ იტყვიან, ოპერაციის გაკეთება „დამაძალა“. ოპერაციის წინ დამესიზმრა, კიბეზე ავდიოდი და თაზო დავინახე, სინათლეში იყო. ამდენ ხანს გალოდინე, ძლივს მოვაღწიე-მეთქი, ვუთხარი. მეგონა წამიყვანდა მაგრამ, დიდი ოპერაცია გადავიტანე და არაფერი დამემართა.