17 აპრილი, 2015

ქართულ ფილმებს ნიონის კინოფესტივალზე აჩვენებენ

1nioniნიონის კრეატიული დოკუმენტური ფილმების ფესტივალის ფოკუსში წელს საქართველო მოხვდა. ქართული დელეგაცია ფესტივალზე საქართველოს 19-22 აპრილს წარადგენს და ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც XXI საუკუნის ქართული დოკუმენტური კინოს რეტროსპექტივა ასე ფართოდ, საერთაშორისო მასშტაბით გაიმართება.

ამ თემაზე ეროვნული კინოცენტრი ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა. ფესტივალის წარმომადგენლებთან თანამშრომლობა 2014 წლის ბერლინალეზე დაიწყო.

წელს ნიონის ფესტივალის საკონკუსო პროგრამაში ქართველი რეჟისორის, ნინო გოგუას ფილმი „მადონა” მონაწილეობს. ფესტივალის ფარგლებში ნაჩვენები იქნება 15 ქართული თანამედროვე დოკუმენტური ფილმი, რომლებიც ფესტივალის წარმომადგენლებმა თავად შეარჩიეს: არჩილ ხეთაგურის „ახმეტელის 4″, დავით კანდელაკის “ამერიკა ერთ ოთახში”, გიორგი მრევლიშვილის “ანარეკლი”, სალომე ჯაშის „ბახმარო”, ანა ციმინტიას “ბიბლიოთეკა”, ზურაბ ინაშვილის „გემღერებოდეს დედაო”, დათო ჯანელიძის„მეიდანი სამყაროს ჭიპი”, სალომე ჯაშის „დადუმებულები”, ნინო ორჯონიკიძის და ვანო არსენიშვილის „ხიდი”, თინათინ გურჩიანის „მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს”, ნინო ჩუტკერაშვილია და შალვა შენგელის „ხელმწიფე”, თამუნა ჯალაღანიას და ვალერი ლეონის „ცხოვრება ტრანზიტში”, ნანა ჯანელიძის „ნეტავ იქ თეატრი არის?”, სოფია ტაბატაძის „პირიმზე” და ნინო კირთაძის „მილსადენი მეზობლად”.

ფილმების ჩვენების გარდა, ქართველ კინემატოგრაფისტებს საშუალება ექნებათ საზოგადოებას საკუთარი პროექტებიც წარუდგინონ. ნიონის ფესტივალის წარმომადგენლების მიერ შერჩეულია 6 ქართული პროექტი, რომელთაგან ერთ-ერთი გამარჯვებულის ტიტულს და ჯილდოს სახით 10.000 ფრანკს მიიღებს.

„დიდუბე, ბოლო გაჩერება”, რეჟისრორი შორენა თევზაძე, პროდიუსერი ნიკა გოგოჭური. „სატრფიალო. პასტორალი”, რეჟისორი თინათინ გურჩიანი, პროდიუსერი თამუნა გურჩიანი. „ტარიელა, ტარიელა”, რეჟისორი გიორგი მრევლიშვილი, პროდიუსერი რუსუდან პირველი. „არხი”, რეჟისორი სალომე ჯაში, პროდიუსერი გრეგორ შტრაიბერი. „პიონერთა სასახლე”, რეჟისორი ანა ციმინტია, პროდიუსერები ესმა ბერიკაშვილი, ბერნარდას ანდრიუსის. „მზის ქალაქი”, რეჟისორი და პროდიუსერი რატი ონელი (ჯებაშვილი).

წელს ფესტივალზე საკმაოდ წარმომადგენლობითი ქართული დელეგაცია გაემგზავრება, რომელთა შორისაც იქნებიან ეროვნული კინოცენტრის დირექტორი ნანა ჯანელიძე, პროდიუსერი ანა ძიაპშიპა, რეჟისორი არჩილ ხეთაგური და ფესტივალზე წარდგენილი ფილმებისა თუ პროექტების ავტორები.

ნიონის ფესტივალის დასკვნით ნაწილში ქართული საღამო მოეწყობა, სადაც ჩვენი ქვეყნის წარდგენა მრავალი კუთხით მოხდება. ასევე დაგეგმილია ეროვნული კინოცერტრის პრეზენტაცია, რომელსაც ნანა ჯანელიძე მოაწყობს, არჩილ ხეთაგურის ლექცია-პრეზენტაცია ქართული დოკუმენტური ფილმის შესახებ და “Focus Talk”, სადაც დისკუსიის მოდერატორი ანნა ძიაპშიპა იქნება.

ნიონის კრეატიული დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი 1969 წელს დაფუძნდა. იგი დოკუმენტური ფილმების პირველი ფესტივალი იყო, რომელმაც გზა გაუხსნა და ასპარეზი მისცა ე.წ. აღმოსავლეთ ბლოკის ქვეყნების დოკუმენტალისტიკას. ფესტივალზე წარდგენილ ფილმებში ყოველთვის მკაფიოდ არის გამოხატული რეჟისორის ხედვა კრეატიული კინემატოგრაფიული ხერხით, თავად ფილმები კი ნოვატორული, დამაინტრიგებელი და დროის შესაბამისია, რაც საზოგადოების დაინტერესებას და დისკუსიაში ჩართვას უწყობს ხელს.