8 აპრილი, 2015

,,აღდგომიდან ამაღლებამდე’’ იწყება

1agფესტივალი “აღდგომიდან ამაღლებამდე” წელს მეათედ გაიმართება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაეზთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა კურთხევით ფესტივალი თბილისში დაიწყება და რეგიონებში გაგრძელდება.

მთელი ფესტივალის განმავლობაში, კონსერვატორიის დიდი დარბაზის ფოიეში მოეწყობა მხატვარ ნინო ფერაძის ნამუშევრების გამოფენა.

ფესტივალი 16 აპრილს კონსერვატორიის დიდ დარბაზში ნინო მაჩაიძის კონცერტით გაიხსნება. მასში მონაწილეობას მიიღებენ ტენორი შალვა მუქერია, თბილისის ოპერის თეატრის ორკესტრი და გუნდი და დირიჟორი დავით კინწურაშვილი. საკონცერტო პროგრამაშია არიები და დუეტები ცნობილი ოპერებიდან. კონცერტის შემოსავალი მოხმარდება “საქართველოს სოლიდარობის ფონდს” ონკოლიგიური სენის მქონე ბავშვების დასახმარებლად.

19 აპრილი ფესტივალს რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზი უმასპინძლებს. ქართული მუსიკის საღამო მიეძღვნებათ იუბილარ კომპოზიტორებს: ოთარ ტატიშვილი 60, გიორგი შავერზაშვილი 65 და ელიზბარ ლომდარიძე 70. კონცერტში მონაწილეობენ პიანისტი ალექსანდრე ვასაძე, მევიოლინე ნათია მდინარაძე, საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი და დირიჟორი რევაზ ჯავახიშვილი.

20 აპრილს რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში ქართული ფოლკლორისა და ეთნო-ჯაზის საღამო გაიმართება. მსმენელის წინაშე წარსდგებიან ანჩისხატის გუნდი დავით შუღლიაშვილის ხელმძღვანელობით და ეთნო ჯაზბენდი “ირიაო” დავით მალაზონიას ხელმძღვანელობით.

15 მაისს ფესტივალს კონსერვატორიის მცირე დარბაზი უმასპინძლებს. საფორტეპიანო მუსიკის კონცერტზე დაუკრავენ ბოსტონის კონსერვატორიის სტუდენტები ანა ლარსენი და ბაოჩაო ლანი.

16 მაისს კონსერვატორიის დიდ დარბაზში ალექსანდრე სკრიაბინის სონატებისა და ფანტაზიების საღამო მოეწყობა, რომელიც კომპოზიტორის გარდაცვალების 100 წლისთავს მიეძღვნება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებნ ქართველი და უცხოელი პიანისტები თამარ შალვაშვილი, ქეთევან ბადრიძე, მაქსიმ მოგილევსკი, დიმიტრი ლევკოვიჩი, ანა ლარსენი, იორგოს მანოურისი, ცოტნე ცოცხალაშვილი, სერგეი მარკოსიანი. ამავე დღეს კონსერვატორიის მცირე დარბაზში ებრაელი დრამერი ხენ ციმბალისტა საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში დაინტერესებულ საზოგადოებასთან შეხვედრას გამართავს.

17 მაისს კონსერვატორიის მცირე დარბაზში საფორტეპიანო მუსიკის კონცერტი გაიმართება. აუდიტორიის წინაშე წარსდგებიან ბოსტონის კონსერვატორიის სტუდენტები ლანა სურანი და გიორგოს მანოურისი. კონსერვატორიის დიდი დარბაზში კი კამერული მუსიკის კონცერტი მოეწყობა, სადაც დაუკრავენ თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი “საქართველოს სინფონიეტა”, სოლისტი და დირიჟორი ხენ ციმბალისტა – დასარტყამი საკრავები (ისრაელი). პროგრამაშია ვივალდის, ბახის, პიაცოლას, ლევიტასის და როზაუროს ნაწარმოებები.

18 მაისს კონსერვატორიის დიდ დარბაზში ალექსანდრე სკრიაბინისადმი მიძღვნილი კონცერტი-მარათონი გაიმართება და ის კომპოზიტორის გარდაცვალების 100 წლისთავს მიეძღვნება. ღონისძიებაში ჩაერთვებიან ქართველი და უცხოელი პიანისტები ქეთევან ბადრიძე, მაქსიმ მოგილევსკი, ტომერ გევირცმანი, შონ ბოტკინი, თამარ ლიჩელი, ანი ტაკიძე, დიმიტრი ლევკოვიჩი, თამარ შალვაშვილი, ბაიჩაო ლანი, ლენა ანიკინა-სურანი, ცოტნე ცოცხალაშვილი, სალომე ჩიტაია, ირმა გიგანი, დავით ხრიკული და ალექსანდრე ვასაძე. საკონცერტო პროგრამაშია სკრიაბინის ეტიუდები, პრელუდიები და პოემები.…

19 მაისს კონსერვატორიის დიდი დარბაზი საფორტეპიანო კონცერტების საღამოს უმასპინძლებს. სოლისტების ამპლუაში წარსდგებიან სერგეი ბაბაიანი და ალექსანდრე კორსანტია, ასევე თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი “საქართველოს სინფონიეტა”. საღამოზე შესრულდება ბეთჰოვენის კონცერტები.

28 აპრილიდან ფესტივალი რეგიონებში გადაინაცვლებს. ჩოხატაურში თბილისის მერიის ბიგ-ბენდი გამართავს კონცერტს და მიუძღვნის დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის პირველი თავმჯდომარის ნოე რამიშვილის გარდაცვალებიდან 85 წლისთავს.

29 აპრილს თბილისის მერიის ბიგ ბენდი ბაღდათის კულტურის ცენტრში გადაინაცვლებს, სადაც კონცერტს გამართავს.

30 აპრილს ფესტივალის მესვეურები ხარაგაულში ჩავლენ და კულტურის ცენტრში მოაწყობენ კონცერტს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ თბილისის მერიის ბიგ ბენდი და თსუ „გორდელა“თამაზ მამალაძის ხელმძღვანელობით.

რიგით მეათე ფესტივალის “აღდგომიდან ამაღლებამდე” დახურვის საზეიმო ცერემონიალი 21 მაისს ბათუმის სამუსიკო კოლეჯის საკონცერტო დარბაზში ჩატარდება. დასკვნითი საღამოზე დაუკრავენ პიანისტი თამარ ლიჩელი და მევიოლინე გია იაშვილი, ასევე ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი დავით მუქერიას დირიჟორობით. საკონცერტო პროგრამაშია მენდელსონის, სრულიად საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქი ილია II-ის ნაწარმოებები. “Cross-Opera”, ფანტაზიები ცნობილი ოპერებიდან ვიოლინოსა და ორკესტრისთვის. არანჟირების ავტორი რიჩარდ უაილდსი (პრემიერა).