22 აპრილი, 2015

აზერბაიჯანული თეატრები ტრაგედიისთვის გაერთიანდნენ

1azerალიევის სახელობის თბილისის აზერბაიჯანული სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრისა და ჯაბარლის სახელობის ერევნის სახელმწიფო აზერბაიჯანული დრამატული თეატრების დასების მონაწილეობით, 27 აპრილს ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის მოზარდმაყურებელთა თეატრში, წარმოდგენილი იქნება ნოდარ დუმბაძის “დიდროს” მოტივებზე დადგმული სპექტაკლი.

პრემიერა ეძღვნება 9 აპრილის ტრაგედიას. პროექტის ხელმძღვანელები არიან აზერბაიჯანელი იფთიხარ პირიევი და ქართველი ზურაბ სიხარულიძე. სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი, მხატვარი და მუსიკალური გამფორმებელია თურგაი ველი-ზადე, ქორეოგრაფი ასლან მამედოვი, რადისტი გიუნაი ქამილი, კოსტიუმერი მელაჰეთ ისმაილოვა.

ამ ორი თეატრისთვის ეს პირველი ერთობლივი პროექტიადა ერევნის ჯაბარლის სახელობის აზერბაიჯანული დრამატული დევნილი თეატრის მსახიობებიც თბილისში პირველად ითამაშებენ ადგილობრივ კოლეგებთან ერთად. რადგანაც თბილისის ალიევის სახელობის აზერბაიჯანული თეატრი საკუთარ კედლებში ვერ უმასპინძლებს მაყურებელს, ავარიული და ამორტიზირებული შენობის გამო, ამიტომ ამჯერად აზერბაიჯანელ მსახიობებს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრი უთმობს სცენას. სპექტაკლში მონაწილეობენ ასლან მამედოვი, ეჰლიმან ერშალდი, შებნემ ჯაბრაილოვა, ლეილა კასუმოვა, ლეილა შალიევა და აზერბაიჯანის დამსახურებული არტისტები ვაგიფ კარიმოვი და ესმირალდა შაჰბაზოვა.

ერთობლივი სპექტაკლის პრემიერა 27 აპრილს ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის მოზარდმაყურებლის თეატრის მცირე სცენაზე გაიმართება.