როგორ შეიქმნა უფლის დატირების საგალობელი?

10 აპრილი, 2015

1nairaწითელი პარასკევი ერთ-ერთი უმძიმესი დღეა მთელ წელიწადში. ყოველი წლის წითელ პარასკევს, ქრისტეს გარდამოხსნის შემდეგ, მომღერალი ნაირა ნაჩხატაშვილი სამების ტაძარში უფლის დატირების საგალობელს “საჩინოს” ასრულებს და გულით დასტირის უფალს ჩვენსას, იესო ქრისტეს, რომელმაც ჩვენი ცოდვებისთვის ასეთი სატანჯველი დაითმინა და ჯვარს ეცვა.

ნაირა ნაჩხატაშვილი:

ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ ვსწავლობდი მუსიკალურ ტექნიკუმში საგუნდო-სადირიჟორო განყოფილებაზე. მიიჩნევდნენ, რომ ერთ-ერთი წამყვანი სოპრანო ვიყავი. ერთხელაც ჩემმა პედაგოგმა მიმიწვია თავისთან კაბინეტში, მითხრა, რაღაც მინდა მოგასმენინო და კარი ჩაკეტეო. ამ ფაქტმა ძალიან გამაკვირვა. შევედი ოთახში და მითხრა, დაგიკრავ მუსიკას, არაფერს გეტყვი და რა მუსიკაა, უბრალოდ მაინტერესებს, შენში რის ასოციაციას გამოიწვევსო. როცა მოვისმინე, მაშინვე ვუთხარი, საოცრად ზეაწეული მუსიკაა და ტაძარს მოუხდება, საგალობლად აღიქმება-მეთქი. ძალიან მრავალხმიანი მუსიკა იყო და საოცრად მომეწონა. ჩემმა პედაგოგმა მიპასუხა, მინდოდა ეს სიტყვები შენგან გამეგო. თუ სურვილი გაქვს, რომ იგალობო, მაშინ ამის უფლებას გაძლევო. ეს იყო ჩემი ლეილა მასწავლებელი, რომელიც ახლა არის სიონის ქალთა გუნდის ხელმძღვანელი. თურმე ლეილა მასწავლებელს ერთ-ერთ ქადაგებაზე მოუსმენია უწმინდესისგან, რომ მას სურდა ეკლესიაში ყოველდღიური წირვა-ლოცვა ჩატარებულიყო და გალობაც ხშირად შესრულებულიყო. იმ პერიოდში მხოლოდ საუფლო დღესასწაულებზე და შაბათ-კვირას წირვა-ლოცვაზე სრულდებოდა ღვთისმსახურება.

***

1979 წლიდან, როცა პატრიარქი ეკურთხა. მას შემდეგ სულ ეკლესიაში ვარ და ვგალობ. ტაძარში რომ მივედი, ნოტები გამზადებული მომცეს. პირველივე დღეს რომ დავიძინე, მთელი ღამე ანგელოზებთან ერთად საგალობლებს ვგალობდი, საგალობლები ჩამესმოდა. თითქოს მოფრინდნენ სერაფიმები და ისინი მასწავლიდნენ, როგორ უნდოდა გალობა. მეც სულ ვცდილობდი, იმ ხმოვანებაზე შემესრულებინა ჩემი გალობა. ასეთი მადლი მომეცა უფლის ნებით. უწმინდესი როგორც კი აკურთხეს, ერთი წლის შემდეგ მოვედი ტაძარში და მასთან ერთად დავიწყეთ სიარული მგალობლებმა საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში. უამრავი ეკლესია მაქვს ნანახი.

***

უწმიდესის მიერ დაწერილ საგალობელს “წმინდაო ღმერთოს” ვგალობ ხოლმე. ილია მეორის მიერ დაწერილი “კირიელეისონი” ულამაზესია. საგალობელი უმანკო, პატარა ბავშვის მიერ უნდა შესრულდეს. მარიამ როინიშვილს საოცარი ხმა აქვს და მას ეს საგალობელი ძალიან უხდება. გალობა ღვთისმსახურებაში ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ერთი ქალბატონი იეღოველი გამხდარა, ერთ-ერთ პანაშვიდზე მოუსმენია ქრისტეს დატირებაც და საგალობლები ჩემი შესრულებით. თურმე პანაშვიდიდან ეს ქალბატონი წამოსულა ფეხით სამებაში, მოსულა ფეხშიშველი და ტირილი დაუწყია: ღმერთო ჩემო, როგორ შეიძლება, რომ ამას ვუღალატე, ეს ხომ ჩემი მართლმადიდებლობაა, ეს ხომ ნამდვილი სიკეთეაო. ტელეფონის ნომერიც დამიტოვა, მაგრამ არ დავურეკე, იმიტომ, რომ ქებას დამიწყებდა და ეს სრულიად ზედმეტი იყო.

***

უფლის დატირებას ჩვენ ვეძახით “საჩინოს”. ძალიან უნდოდათ, რომ დავით გურამიშვილის ეს ნაწარმოები შექმნილიყო საგალობლად. იყო დიდი სურვილი, რომ მას გალობის სახე მისცემოდა. ყოველ ორშაბათს ან სამშაბათს იყო ბავშვთა ლოცვის დღე. ეს რიტუალი რომ შესრულდებოდა, სანამ ჩაიკითხავდნენ ბავშვების სახელებს, მანამ ყველას დალოცავდნენ. საგალობელი უნდა შესრულებულიყო. კომპოზიტორებს დაევალათ ამ ლექსის მიხედვით მუსიკის შექმნა. მოიტანეს თავისი ნაწარმოებები და უკვე გადაწყვეტილი იყო, რომ ჩემი სოლო ნომერი იქნებოდა. მოვისმინეთ მის უწმიდესობასთან ერთად, მაგრამ ვერც ერთი მუსიკა მოერგო ტექსტს. კომპოზიტორები რომ წავიდნენ, მის უწმიდესობას ვუთხარი, ეს ხომ ქართველი კაცის დატირება, გოდებაა, იტიროს ქალმა და ამით დამთავრდება ყველაფერი-მეთქი. როგორო, მკითხა გაკვირვებულმა. ჩვენი მგალობელი გოგონებიც იქვე იყვნენ და ვუთხარი, გამიჩერეთ ბანი და სექსტაზე წამომყევით-მეთქი. იქვე შეიქმნა ეს საგალობელი. პატრიარქი გაოცებული გვეუბნებოდა, ეს არის, ზუსტად ასეთი მინდა იყოს ეს საგალობელიო. ეს ნამდვილად იყო სულიწმინდის ნაკარნახევი, გამოდის, რომ უფლის დატირების ავტორი თავად გავხდი. იმის შემდეგ ძალიან მეხმარება ეს საგალობელი, რისთვისაც მადლობას ვწირავ უფალს. რაც შეეხება წითელ პარასკევს უფლის დატირებას, ეს დღე რომ თენდება, უკვე მძიმე დღეა. არ ვემზადები, მაგრამ თავიდანვე სევდიანი ვარ, გადმოდის ის მწუხარება და ვტირი უფალს. თითოეულ სიტყვას განსაკუთრებულად ვიაზრებ.

***

ტაძარში რომ შევალ, თვითონ ვარ განწყობილი გალობისთვის. ბოდბეში ღამისთევის ლოცვები გვქონდა, ეპისკოპოსები და უწმიდესი იყვნენ და მთელი ღამე იკითხებოდა ლოცვები “უფალო იესოს” ფონზე. მთელი ღამე როგორ შეიძლება ერთი და იგივე იგალობო, მაგრამ ეს ისეთი საგალობელია, აბსოლუტურად ჩართული ვიყავი ლოცვაში, დილამდე ხალხი ისე იდგა ეკლესიაში, უფლის მადლით იყვნენ აღვსილნი და უფალს მადლობას სწირავდნენ იმისთვის, რომ ასე ლამაზად გაატარეს დრო ტაძარში.

***

ერთხელ მსოფლიო პატრიარქი ჰყავდა მოწვეული უწმიდესს. ჩატარდა წირვა და ღვთისმსახურების შემდეგ მსოფლიო პატრიარქი სამადლობელს ხელის ჟესტებით გამოხატავდა. ჩვენ თავი დავუხარეთ მადლიერების გრძნობით. უწმიდესმა დამიძახა და ამბიონზე ამიყვანეს. ქალს ერთადერთხელ აქვს ამბიონზე ასვლის უფლება – ჯვრისწერის დროს. ჩემზე ბედნიერი იმ წუთას არავინ იყო, ამბიონზე ვიდექი მსოფლიო პატრიარქისა და ჩვენი უწმიდესის გარემოცვაში. ამაზე დიდი მადლი არ არსებობს.

***

მიუხედავად იმისა, რომ მგალობელი ვარ, მაინც სულ ვთხოვდი ხატებს, რომ უცხოეთში სცენაზე ჩემი სათქმელი მეთქვა. რატომღაც სულ ქალებს შევთხოვდი ამას – ღვთისმშობელს, წმიდა ნინოს, წმიდა ბარბარეს. ძალიან მინდოდა პროფესიული კარიერის მოწყობა, მაგრამ იმასაც კარგად ვხვდებოდი, რომ უფალი ეკლესიიდან არ გამიშვებდა. ჩემი ქალიშვილი ოპერის წამყვანი სოლისტია – მაყვალა ასპანიძე, ყოველთვის მიკვირდა, რაშია საქმე, ხომ იცოდა ღვთისმშობელმა, რომ ძალიან მინდოდა იმ სცენაზე ყოფნა. 24 წლის ასაკში ჩემმა შვილმა იმღერა “აიდა”, დარბაზში ვიჯექი და სულიწმიდის მადლით განვიცადე ის სიხარული, რასაც უფალი მიმზადებდა ჩემი შვილის მიერ “აიდას” შესრულებით. ახლა უკვე მშვიდად ვარ. ჩემს გზას ჩემი შვილი გააგრძელებს და ჩვენს ოჯახში გალობა არ შეწყდება. ახლა ყოველდღე ვიცი, ვისთვის უნდა ვთხოვო ამა თუ იმ ხატს. თუ ვინმე ხეიბარს ვნახავ, მათთვის ვლოცულობ, შემდეგ – მათხოვრებისთვის, შემდეგ – შეჭირვებულებისთვის, მინდა ყველა კარგად იყოს. სულ ასე ვლოცულობ: უფალო, ადამიანებს ისე შეაყვარე ჩემი თავი, რომ მტერი არ იყოს ჩემი, ჩემზე ილოცოს და მეც ვილოცებ მასზე. ეს ამართლებს: მტერი მოყვარედ მიქციე, სიმშვიდით დაუმთავრე ნებისმიერი გასაჭირი და შეეწიე-მეთქი და ეს ასეც არის.

გააზიარეთ

 
...