როგორ გადაარჩინა ზურაბ ანჯაფარიძემ ოთარ თაქთაქიშვილის ,,მინდია”?

12 აპრილი, 2015

1zurab12 აპრილი ცნობილი ქართველი საოპერო მომღერლის ზურაბ ანჯაფარიძის დაბადების და გარდაცვალების დღეა.

როგორც ამბობენ, ვანო სარაჯიშვილის შემდეგ ზურაბ ანჯაფარიძე იყო ერთადერთი საოპერო მომღერალი, რომელსაც ჰქონდა ჭეშმარიტად ქართული ხმა. ის საოცრად თავმდაბალი ადამიანი იყო და სიცოცხლის ბოლომდე ასეთი დარჩა. მას, როგორც პიროვნებას, მზეს ადარებდნენ. საოპერო მომღერალი 69 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ზურაბ ანჯაფარიძის სახელი ზეცაში ერთ-ერთ ვარსკვლავს მიენიჭა. ის პირველია მსოფლიოში საოპერო მომღერლების შორის, რომელსაც ასეთი პატივი ხვდა წილად.

ირინა არხიპოვა ქართველ მომღერალს სწერდა: შენი სახელი ყველას პირზე აკერია, როდესაც წახვედი, კიდევ უფრო მეტად დაგაფასეთო.

ზურაბ ანჯაფარიძემ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში დავით ანდღულაძის კლასში ისწავლა. სხვადასხვა წლებში იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრისა და დიდი თეატრის სოლისტი.

სასიამოვნო ტემბრის ხმამ, უშუალობამ, არტისტიზმმა, ეროვნული ინტონაციის უტყუარმა გრძნობამ მომღერალი ქართული ვოკალური სკოლის ტრადიციების საუკეთესო გამგრძელებელთა რიგებში ჩააყენა.

რეჟისორი გიზო ჟორდანია დიდ თეატრში ოთარ თაქთაქიშვილის “მინდიას” დადგმას ასე იხსენებს:

“მოსკოვში გაფრინდა მთელი ჯგუფი, საპერეტიციო დრო ძალიან ცოტა იყო. მზიას პარტიის შემსრულებელი უნდა ყოფილიყო მედეა ამირანაშვილი, მაგრამ ავად გახდა, ვერც ოლღა კუზნეცოვა იყო ფორმაში, მაგრამ სპექტაკლი მაინც უნდა დადგმულიყო. ვერ მღეროდა ოღლა, დირიჟორიც დაიბნა, არ იცოდა რა ექნა, ზურაბ ანჯაფარიძე მივარდა ოლღას, პირზე ხელი დააფარა და კრინით გააგრძელა სოპრანოს პარტია. დირიჟორმა გივი აზმაიფარაშვილმა ორკესტრის ბრახუნით გადაფარა ეს ყველაფერი. პრაქტიკულად, ზურაბმა დაამთავრა დუეტი ერთმა, იგრიალა ტაშმა და გარდა ოთარ თაქთაქიშვილისა, გივი აზმაიფარაშვილისა და რამდენიმე მუსიკოსისა, არავის არ გაუგია რა მოხდა რეალურად სცენაზე.”

ზურაბ ანჯაფარიძეზე საინტერესო მოგონებები აქვს მის მეუღლეს მარინა ანჯაფარიძე მაჭავარიანს:

“1984 წელს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი საგასტროლოდ იმყოფებოდა მოსკოვის დიდ თეატრში. ზურიკოს ჰქონდა მთავარი პარტია გია ყანჩელის ოპერაში „და არს მუსიკა”… რეპეტიციაზე რომ მივედით, მე-16 სადარბაზოდან შეგვიყვანეს, რომელიც განსაკუთრებული ხალხისთვის იყო განკუთვნილი, დარბაზი მთლიანად ჩაბნელებული იყო. ზურიკოს ხომ საოცარი იუმორი ჰქონდა, ხელი ჩამკიდა და მითხრა: ნახე, ჩემი წასვლის შემდეგ თეატრი როგორ ჩაბნელებულაო. ზურიკო ხელის ფათურით გაიყვანეს სცენაზე, მე კი რის ვაი-ვაგლახით გადავედი დარბაზში. უცბად, იქ, სადაც ზურა იდგა, მიანათეს პროჟექტორები და დარბაზი გავსებული აღმოჩნდა თეატრის პერსონალით. ყველა ერთად ყვიროდა: „ზუ-რი-კო! ზუ-რი-კო!“ – აი, ასეთი დახვედრა მოუწყეს 14 წლის განშორების შემდეგ. მეორე დღეს, სპექტაკლის შემდეგ, ჩვენთან მოვიდა ივანე კოზლოვსკი და მთხოვა, ერთი საათით ზურიკო და მე სტუმრად მივსულიყავით მასთან. იქ მისულებს მოსკოვის მთელი მუსიკალური ელიტა დაგვხვდა. კოზლოვსკიმ პირველი სადღეგრძელო ზურიკოზე ასე წარმოთქვა: გავუფრთხილდეთ ამ ადამიანს, რომლის დანახვაზეც ხალხს სახე უნათდება და ვისურვებდი, ამქვეყნად მოგვევლინოს მისი გაგრძელება, რადგანაც, არ შეიძლება ამ გენის, ამ სახელისა და გვარის წაშლა დედამიწიდანო. კოზლოვსკის სიტყვები ხუთ წელიწადში ასრულდა – ქვეყანას მოევლინა უმცროსი ზურიკო ანჯაფარიძე.”

***

“არავისთვის უცხო არ არის, რომ ზურიკოს თაყვანისმცემელთა დიდი არმია ჰყავდა, ამის გამო, დიდი თავგადასავლები ჰქონდა და ბევრი ისტორია გახმაურდა კიდეც. არც შეიძლებოდა ასეთი უფლისწულის გარეგნობის მქონე კაცის ცხოვრება სხვანაირი ყოფილიყო. ჩემი დედამთილი, ალექსანდრა ბარათაშვილი, იხსენებდა, მოსკოვის დიდ თეატრში ყოველი სპექტაკლის შემდეგ სასწაულები ხდებოდაო. საჩუქრებით დატვირთული კალათები იმ რაოდენობით მოჰქონდათ, სახლში ტევა არ იყოო. უზღვავ ყვავილებს რომ მიართმევდნენ ზურიკოს, თურმე ერიდებოდა ხოლმე და სხვა მომღერლებზე მიანიშნებდა – მათაც მიართვითო. ზურიკო ჩინ-მედლებით არასოდეს ყოფილა განებივრებული, ერთადერთი იყო ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატის წოდება, რომელსაც დიდი სიამაყით ატარებდა. ორჯერ წარადგინეს შოთა რუსთაველის სახელობის პრემიაზე, მაგრამ, არ მისცეს, თვითონ ამბობდა, ხალხის სიყვარული ჩემთვის ყველაზე დიდი ჯილდოაო. დავით საყვარელიძის თაოსნობით, ზურაბ ანჯაფარიძის სახელი მიენიჭა ერთ-ერთ ვარსკვლავს ზეცაში. ეს გახლავთ საერთაშორისო ორგანიზაცია „კოსმოსი-დედამიწა”, რომლის პრეზიდენტია კოსმონავტი გერმანე ტიტოვი. ეს სერტიფიკატი გადმოგვცეს 2010 წლის 10 ივლისს. მთელ მსოფლიოში ზურიკო ანჯაფარიძეა პირველი საოპერო მომღერალი, რომლის სახელიც ვარსკვლავს მიანიჭეს ზეცაში. ყველაფერი ბრუნავს დედამიწაზე. ადრე თუ გვიან ყველაფერი დავიწყებას მიეცემა, მხოლოდ ვარსკვლავები რჩებიან ხელუხლებლად. რაც ზურიკომ იღვაწა მთელი სიცოცხლის განმავლობაში, ეს იყო მისი შემოქმედებისა და მისი პიროვნების დაფასების გვირგვინი…”

***

“ზურაბი და დავით გამრეკელი ბატონ რევაზ ლაღიძის დიდი მეგობრები იყვნენ. საკმარისი იყო მათი თბილისში ერთად გამოჩენა, რომ რეზო ლაღიძე პურმარილით ხვდებოდა და თავისივე ხელით დაჭერილი „ცოცხალით” უმასპინძლდებოდა. ერთ მშვენიერ დღეს, მოსკოვში ზურაბმა და დავითმა თვალი მოჰკრეს რეზოს, გაუხარდათ და იქვე, „ინტურისტის” რესტორანში შეიპატიჟეს. მათი იქ შესვლა შესვენების საათს დაემთხვა და დარბაზშიც ტევა არ იყო. რა ექნათ, არ იცოდნენ. უცებ, მასპინძლებს გენიალურმა გამომგონებლურმა აზრმა გაუელვა: მიმტანს სთხოვეს, რაც სინზე დაეტევა, იმდენი პურმარილი და სასმელი მოეტანა. სამივემ გამოზნიქა მუცელი და ეს სინი ზედ დაიდგეს. ასე და ამგვარად, ღიპებზე დაიწყეს ქეიფი. ვიდრე ხალხი გაკვირვებით უყურებდა, შესვენებაც დამთავრდა, ყველა წავიდ-წამოვიდა და მათაც მაგიდასთან გააგრძელეს დაწყებული „პურის ჭამა”.

გააზიარეთ

 
...