ევროკავშირმა საქართველო 1 მილიონი ევროთი დააფინანსა

3 აპრილი, 2015

1twinningსაქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ინსტიტუციონალური განვითარებისთვის, პროექტის ბიუჯეტი ევროკავშირმა 1 მილიონ ევროთი დააფინანსა. ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების, ტვინინგის პროექტი „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინსტიტუციონალური განვითარების მხარდაჭერა“ ოფიციალურად დაიხურა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკა ანთიძემ ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს დეტალურად გააცნო ტვინინგის პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტიობების მნიშვნელობა, მიღწეული შედეგები და შემდგომში მათი იმპლემენტაციის აუცილებლობა.

პროექტის „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინსტიტუციონალური განვითარების მხარდაჭერა“ მნიშვნელობიდან და მასშტაბიდან გამომდინარე, ტვინინგის პროგრამა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში 18-თვის ნაცვლად, 22 თვე მიმდინარეობდა. ამ ხნის განმავლობაში ევროპელი ექსპერტები ქართველ კოლეგებთან ერთად სამი ძირითადი მიმართულებით მუშაობდნენ:

1. კულტურული მემკვიდრეობის ადმნინისტრირებისა და მართვის ეფექტური მოდელის შემუშავება;

2. კულტურული მემკვიდრეობის სფეროს მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩოს გაუმჯობესება;

3. სააგენტოს თანამშრომელთა და შესაბამის დაინტერესებულ მხარეთა კვალიფიკაციის ამაღლება და ცოდნის გაღრმავება.

ტვინინგის პროექტის შედეგად, ადმინისტრაციის მართვის სისტემის გაძლიერებისათვის და მისი საქმიანობის ხარისხის ამაღლებისათვის, შემუშავდა ბენეფიციარებისთვის საჭირო დოკუმენტები, მომზადდა საკანონმდებლო წინადადებები და რეკომენდაციები, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში ჩატარდა ტრენინგ კურსები და სასწავლო ვიზიტები.

ტვინინგის პროექტის დახურვის ღონისძიება გახსნა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ ბორის იაროშევიჩმა.

სპეციალურად ამ დღისთვის საქართველოში ჩამოვიდა დანიის კულტურის სამინისტროს წარმომადგენელი იესპერ დალი და ტვინინგის პროექტის მუდმივ მრჩეველ ალესანდრო ბიანკისთან ერთად, ტვინინგის პროექტის ფარგლებში განხორციელებული ცალკეული პროექტებისა და ქვეპროექტების შესახებ ისაუბრა.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფედერიკა ფავი, ევროკავშირის წარმომადგენელი საქართველოში ოლივერ რაისნერი, საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, არქიტექტურისა და საეკლესიო ხელოვნების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე აბბა ალავერდელი, მიტროპოლიტი დავითი, პროექტის მუდმივი უცხოელი მრჩეველის ქართველი პარტნიორი ივანე ვაშაყმაძე, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე დავით ბუჯიაშვილი.

ღონისძიებას ესწრებოდნენ კულტურული მემკვიდრეობის სფეროს სპეციალისტები, არასამთვრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები.

ევროკომიის ინიციატივა დაძმობილება/„ტვინინგი“ თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, აკავშირებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და ბენეფიციარი ქვეყნების საჯარო სექტორს.

დაძმობილების/”ტვინინგის“ პროექტებმა ბენეფიციარი ქვეყნისთვის კონკრეტული შედეგები უნდა გამოიღოს, ამ ქვეყანასა და ევროკავშირს შორის არსებული ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამისად.

გააზიარეთ

 
...