21 აპრილი, 2015

განო მელითაური: ,,გთხოვთ!’’

1ganoკოტე თოლორდავას მეუღლე განო მელითაური ქართულ საზოგადოებას საგანგებო განცხადებით მიმართავს და მის ბოლომდე წაკითხვას სთხოვს:

“მართლა უკანასკნელ ძალას ვიკრებ, რომ ეს სიტყვები თქვენამდე მოვიტანო! გამიხარდება თუ ბოლომდე ჩაიკითხავთ და პოზაში არ ჩამომართმევთ! ჩემი და კოტეს არაჩვეულებრივი მეგობრების კეთილი სურვილების და ინიციატივების შედეგად მომივიდა ხმები, რომ აქ გავრცელდა ჩემი ანგარიშის ნომერი. დილიდან მომდის სმს-ები “თქვენ ჩაგერიცხათ … ენი თანხა”. თუ ოდანვ მაინც გული შეგტკივათ ჩემს სიტუაციაზე, ფიზიკურ პირებს გეხებათ განსაკუთრებით, გთხოვთ, შეწყვიტოთ თანხების გადმორიცხვა, რადგან ძალიან უხერხულ სიტუაციაში მაყენებთ!

გასაგებია ჩვენი ფინანსური პრობლემები, ბინის სესხი და ა.შ. მაგრამ თქვენ ჩემო მეგობრებო, უცნობებო, ნაცნობებო, საერთოდ არ ხართ ვალდბულნი, თუნდაც ის 5 ლარი მოიკლოთ. მართლა მთელი არსებით ვაფასებ თქვენს თანადგომას, გაღებას და გულისტკივილს, თუმცა იგივე თანხები სხვა ჩემზე გაჭირვებულ, თუნდაც ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვებს შეგვიძლია გადავურიცხოთ.

მე მართლა მაქვს იმედი, რომ გამოჩნდებიან კომპანიები, განსაკუთრებით ბანკი, რომლის სესხიც მაქვს ამჟამად, ისინი თითოეულ თქვენთაგანზე არიან ფინანსურად მყარად და შეუძლიათ ჩემი ამ საშინელი მდგომარეობიდან გამოყვანა. უღრმესი მადლობა მამუკა ხაზარაძეს, რომელმაც პირველმა გამოიჩინა ინიციატივა და ამხელა თანადგომა გამომიცხადა. ეს არ იყო პირველი შემთხვევა, მან ჩემი პირველი ფილმის პროექტიც დააფინანსა. უღრმესი მადლობა ბატონ დავით ნარმანიას და თბილისის მერიას, ასევე კულტურის სამინისტროს!

მიყვარხართ ყველანი ძალიან და ბოდიში, თუ ამ აურაცხელ წერილებს ვერ ვპასუხობ. არ განვეკუთვნებით არც მე და არც კოტე იმ ადამიანების რიცხვს, ვისაც ხალხის ამხელა სიყვარული გააღიზიანებს. ამ საშინელ წუთებშიც კი მინდა იცოდეთ – მე ვიგრძენი თითოეული თქვენთაგანის თანამონაწილეობა, გულწრფელობა და დადებითი ემოცია, რომელიც ვერ გადამარჩენს, მაგრამ გადამაგორებინებს იმ აუტანელ პერიოდს, სანამ უზენაესი გადაწყვიტავს კოტეს სამუდამოდ შემახვედროს!”