ბელა მირიანაშვილის საბედისწერო შეცდომა

1 აპრილი, 2015

1bela

კახი კავსაძისა და ბელა მირიანაშვილის სიყვარულზე ლეგენდები დღემდე დადის. ყველას სამაგალითოდ მიაჩნია ბატონი კახის გმირული საქციელი, რომელიც მან საყვარელი ქალის მიმართ გამოიჩინა და წლების განმავლობაში ხელის გულზე ატარა საყვარელი მეუღლე.

კახი კავსაძე ხშირად იხსენებს, რომ მეოთხე კურსზე იყო, როცა ინსტიტუტის ფოიეში თვალი რომ მოჰკრა ბელა მირიანაშვილს და თვალთ დაუბნელდა. კახი კავსაძე დიდხანს უხმოდ ერტფოდა საყვარელ ქალს და დიდხანს ვერაფრის თქმას ვერ ახერხებდა. საბოლოოდ გადაწყვიტა მსახიობმა თავისი გრძნობების აფიშირება და მეგობრებთან ვახშამზე მისულმა საჯაროდ განაცხადა, გაიცანით, ეს ქალი ჩემი ცოლიაო. ბელა და კახი შეუღლდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ბელა მირიანაშვილს უკვე ჰყავდა შვილი ნანუკა ხუსკივაძე, ამას წყვილისთვის ხელი არანაირად არ შეუშლია.

ირაკლიზე ორსულობა ბელა მირიანაშვილისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. ხუთი თვის ორსული ავად გახდა, სიცხიანმა მაინც ითამაშა სპექტაკლში, რამაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გამოიწვია. მსახიობს ფილტვების ანთება დაემართა, მაგრამ ანტიბიოტიკებზე იმის შიშით თქვა უარი, ნაყოფს არ ავნოსო. მშობიარობის შემდეგ, ბელა მირიანაშვილის ჯანმრთელობა კიდევ უფრო გაუარესდა და საბოლოოდ ის ლოგინს მიეჯაჭვა.

„მე ვიცოდი, რომ სცენაზე ვეღარ დავბრუნდებოდი და ამიტომ უფრო დიდი ზეამოცანა დავისახე მიზნად: რაც შეიძლება მაგრად დავხვედროდი ავადმყოფობას, რაც შეიძლება შორს გადამეწია მოსალოდნელი დასასრული, რომ ჩემი ოჯახისთვის დიდი ტრავმა არ მიმეყენებინა. და ვგონებ, ეს შევძელი კიდეც. ალბათ, სიყვარულმა შემაძლებინა. თუმცა თავს არაფრით ვიიმედებ. ვიცი, რომ წინ კიდევ უფრო რთული პერიოდი მომელის,“ – წერდა ბელა მირიანაშვილი.

ბელა მირიანაშვილმა დაავადებასთან ბრძოლაში 23 წელი გაატარა. 1992 წლის აგვისტოს ბოლოს მან მოსკოვში გადაღებებზე მყოფ მეუღლეს დაურეკა და თბილისში ჩასვლა სთხოვა. რასაკვირველია, კახიც მაშინვე თბილისში გაჩნდა. ისინი ერთად შეხვდნენ მარიამობის დღესასწაულს და სწორედ ამ დიდებულ დღესასწაულზე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა ულამაზესი მსახიობი ბელა მირიანაშვილი.

კახი კავსაძე:

“ამბობენ, ადამიანებს სიკვდილის წინათგრძნობა აქვთო და ამის მჯერა. ჩემმა ცოლმა ბოლო სიტყვები რუსულად მითხრა: “ასტავ მენია ვპაკოე, ნე ლიშაი ბლაჟენსტვა”. ჩემი ცოლი 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულზე გარდაიცვალა, დაიძინა და წავიდა. ძალიან მისუსტებული იყო და მინდოდა გამერთო, რაღაცას ველაპარაკებოდი, ვართობდი ჩემი ჭკუით. მითხრა, “ია ჩუსტვუიუ სუბსტანციუ”, არა გრცხვენია, როგორ გეკადრება, რეებს ლაპარაკობ-მეთქი, ისევ დავიქოქე და გაუჩერებლად ვლაპარაკობდი. უცბად “ასტავ მენია ვპაკოიეო”, მითხრა და გავჩუმდი. მივხვდი, რომ მიდიოდა. არადა ჩემი აქტიურობით ხელს ვუშლიდი, მინდოდა, მდგომარეობიდან გამომეყვანა, მაგრამ თავი დამანებეო, ბელამ მითხრა. ვერც კი მივხვდი, როდის წავიდა. პულსი ჰქონდა ძალიან ნელი. ვიცი, რომ როცა ადამიანი მიდის, ყვირილი და წივილი მას გარდაცვალებაში ხელს უშლის. ნოდარ დუმბაძეს აქვს ჩემთვის მოყოლილი. ერთხელ მოვკვდიო, მითხრა, ჩემმა ცოლმა დაიწყო კივილი, თავი არ მქონდა, თორემ ისე ჩავცხებდი თავშიო, რომ მეორედ აღარ ამოეღო ხმაო. როცა ადამიანი მიდის, დაწრეტილი არ არის და ხმამაღალი კივილი მას აწუხებს. როცა ორგანიზმი დაიწრიტება, დაკარგავს გონებას და ფიზიკაც აღარ არის, მერე შეგიძლია, ხმა ამოიღო და რაღაც თქვა. ბელასთან დიდხანს ჩუმად ვიჯექი მასთან. მერე გამოვედი და ვთქვი, რომ ბელა გარდაიცვალა. ასეთი რაღაცეები რომ არსებობს, განა სასწაული არ არის? თუმცა ხანდახან უფრო მგონია, რომ ამაში განსაკუთრებული და სასწაული არაფერია. მთავარია, ადამიანმა სწორად განსაზღვროს ყველაფერი და მეტად გააანალიზოს სიტუაცია.

როდესაც ჩემი ცოლი გარდაიცვალა, ორმოცი არ გვქონდა ჯერ გადახდილი. ორმოცის რიტუალი უნდა ჩაგვეტარებინა, ვიჯექი და აქტიურად ვფიქრობდი, რა და როგორ უნდა გაგვეკეთებინა. უცბად ისეთი ნივთი გადმოვარდა კარადიდან, რომ მისი უბრალოდ ჩამოვარდნა შეუძლებელია. უნდა გადმოაყირავო კარადა, რომ ის ნივთი იქიდან გადმოვარდეს. გავოგნდი, ახტა და გადმოვარდა. ხმამაღლა დავუძახე, ბელა, აქა ხარ? კიდევ დამიმტკიცე, რომ აქა ხარ-მეთქი. უცბად ახტა ჩანგალი და გადმოხტა. ასეთი რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში. რაც დრო გადის, ჩემთვის ვფიქრობ, ხომ არ მომელანდა-მეთქი. როცა მაშინ იყო, მართლა მახსოვს, ნამდვილად მახსოვს, რომ ასე მოხდა. არის რაღაცეები, რაც კიდევ არაერთხელ მარწმუნებს, რომ ღმერთი არსებობს და მისი ყველას უნდა გვჯეროდეს. უფლის ძალიან მჯერა, მჯერა რას ჰქვია, ყველა ასე უნდა იყოს. ჩემი ცოლი იტყოდა ხოლმე, ისეთი რთული ორგანიზმი, ისეთი რთული ფიზიკა, ისეთი რთული ნაწილი სამყაროსი, როგორიც ადამიანია, როგორ შეიძლება სულ გაქრესო. ამოდენა ენერგია როგორ შეიძლება, რომ გაქრეს? ის ფიზიკურად ქრება, თორემ როგორ შეიძლება ადამიანი, რომელიც ცოცხალი იყო, ასე უკვალოდ გაქრეს? რა თქმა უნდა, ადამიანი ცხოვრებას მერეც აგრძელებს, უბრალოდ, ჩვენ ვერ ვხედავთ.”

გააზიარეთ

 
...