2 აპრილი, 2015

როგორ აუხდა წინასწარმეტყველება ტიციან ტაბიძეს?

1tabidze

პოეტი, რომელსაც სულით ხორცამდე უყვარდა სიცოცხლე, 44 წლის ასაკში საბჭოთა რეპრესიებმა იმსხვერპლა. 1937 წელს “ცისფერყანწელთა” მოძრაობის ერთ-ერთი დამაარსებელი სიცოცხლეს გამოასალმეს.

სიმბოლისტი პოეტის პირველი ლექსები XX საუკუნის 10-იანი წლების მიჯნაზე დაიბეჭდა. ტიციანი იყო ერთ-ერთი დამაარსებელი, ხელმძღვანელი და თეორეტიკოსი „ცისფერყანწელთა“ სიმბოლისტური ორდენისა, ავტორი ცნობილი წერილისა „ცისფერი ყანწებით“. რედაქტორობდა გაზეთ „ბარიკადს“. ლირიკულ ლექსებთან ერთად წერდა პოემებს, მინიატურებს, წერილებს, ესეებს, ლიტერატურულ ნარკვევებს, თარგმნიდა სხვადასხვა ქვეყნის პოეტთა ნაწარმოებებს.
„მე არ მახსოვს, როგორ ვისწავლე წერა–კითხვა, ოთხი წლისა ვიყავი, როცა ჩვენსავე შენობაში მოწყობილ სკოლაში დავდიოდი და ადვილად ვერკვეოდი ანბანში. ეს ძალიან ახარებდა დედაჩემს,“ – წერდა პოეტი ავტობიოგრაფიაში.

ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში ტიციანი ბიძაშვილთან გალაკტიონ ტაბიძესთან ერთად სწავლობდა. მოგვიანებით სწავლა განაგრძო მოსკოვის უნივერსიტეტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე. სტუდენტობის წლებში ტიციან ტაბიძე აქტიურ საზოგადოებრივ და შემოქმედებით მოღვაწეობას ეწეოდა. მოსკოვის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ტიციანი მცირე ხანს თბილისში, გაზეთ “საქართველოს” რედაქციაში მუშაობდა. გაზეთის ფურცლებზე მან მრავალი კორესპოდენცია და პუბლიცისტური სტატია გამოაქვეყნა.

“არავის ვმსახურებდეთ, არცა ვემონოთ, გარეშე ღვთისა დამბადებელისა.” ასეთი იყო აღთქმა ქართველი ერის ისტორიული ცხოვრების გარიჟრაჟზე ქართლის ცხოვრების გადმოცემით. და ვინ იტყვის, რომ საქართველომ არ იცოდა სიცოცხლე, რომ მან არ იცოდა ბრძოლა და თავისუფლება, სილამაზისთვის არ მიეტანოს მსხვერპლი,” – წერდა ტიციან ტაბიძე.

ცისფერი თვალებით და ღილ-კილში გაკეთებული წითელი მიხაკით ხიბლავდა გარშემომყოფებს ტიციან ტაბიძე. მისი პოეზია თითქოს მარტივია, მაგრამ ამავე დროს ღრმა და საოცრად პატრიოტული. ტიციანმა თავის პოეზიაში იწინასწარმეტყველა თავისი ტრაგიკული აღსასრული. გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრე მან ასეთი ლექსი დაწერა:

“არ გამოცვლილა ხომ პოეზია
მუზები ცისკრის კარებს აღებენ,
მხოლოდ ჩვენ სხვა დრო წამოგვეწია
ჩვენც ალბათ სადმე ჩაგვაძაღლებენ.”

პოეტი კარგად გრძნობდა, რომ საზოგადოებრივი აქტივობა და ასეთი ლექსების წერა ძვირად დაუჯდებოდა და ასეც მოხდა – 1937 წელს ის ანტისაბჭოთა მოღვაწეობის ბრალდებით დააპატიმრეს და დახვრიტეს. არსებობს სხვა ვერსიაც, რომ გადასახლებამისჯილი პოეტი ციმბირის ტრამალზე ჩამოსვეს და თოვლიან ქარბუქში მიატოვეს:

“შემართულია ფეხზე ჩახმახი
და უსიკვდილოდ ვერ გადვურჩები.”

ტიციანს ბრალად სამშობლოს ღალატი დასდეს, არადა პოეტის ლექსში, რომელიც მისი სავიზიტო ბარათია, არის ასეთი გენიალური სიტყვები:

“დავბადებულვარ, რომ ვიყო მონა
და საქართველოს მედგას უღელი.”

მეუღლე ნინა მაყაშვილი მთელი ცხოვრება ტიციანის დაბრუნებას ელოდებოდა. სამწუხაროდ, პოეტის საფლავი არ არსებობს, 1937 წელს რეპრესირებული ხელოვანების უკვდავსაყოფად მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში სიმბოლური საფლავის მემორიალია განთავსებული.