7 თვისება, რომელიც ბედნიერებას გვპარავს

19 მარტი, 2015

7-tvisebaნებისმიერი თვისება ადამიანის ცხოვრებაზე უდიდეს გავლენას ახდენს და უფრო მეტიც, მას შეუძლია რადიკალურად შეცვალოს თითოეული ჩვენგანის ცხოვრება. თუკი ჩვენი თვისებების მართვას ვისწავლით, ცხოვრებას უმარტივესად გავიუმჯობესებთ.

“არტინფო” გთავაზობთ იმ 7 თვისების ჩამონათვალს, რომელიც ბედნიერებას გვპარავს. თუკი ჩვენ ამ თვისებებისგან გავთავისუფლდებით, ცხოვრება კიდევ უფრო ლამაზი და სახალისო გახდება.

1. სრულყოფილებისკენ სწრაფვა:

ძალიან კარგია, როცა ადამიანი სრულყოფილებისკენ ისწრაფვის, მაგრამ არც ის უნდა დაავიწყდეს, რომ არსებობენ ადამიანები, ვინც მათზე რაღაცით უკეთესია: უფრო კარგი სახლი აქვთ, უფრო ლამაზი მეუღლეები ჰყავთ, უფრო მეტი ფული აქვთ, უფრო პრესტიჟული პროფესია აქვთ, უფრო კარგი ტანი აქვთ და ა.შ. ასეთი ადამიანი ბედნიერებას ძალიან იშვიათად შეიგრძნობს და ეს გრძელდება მანამ, სანამ არ ნახავს, რომ ვიღაცამ რაღაც მასზე უფრო კარგად გააკეთა. ამას სპეციალისტები პერფექციონიზმს უწოდებენ და ამტკიცებენ, რომ გამუდმებით ასეთ რეჟიმში ცხოვრებას ადამიანი სტრესამდე მიყავს, რაც თავის მხრივ იწვევს უძილობას, გულთან დაკავშირებულ პრობლემებს და ნაადრევ სიკვდილსაც კი.

2. უკმაყოფილო ადამიანებთან ურთიერთობა:

ჩვენ ყველანი საზოგადოების წევრები ვართ და მათთან ურთიერთობას ვერსად გავექცევით. აუცილებელია მრავალფეროვან ადამიანებთან ურთიერთობა, რადგან თითოეული მათგანი ჩვენზე თავისებურ გავლენას ახდენს. შეუძლებელია იყო ბედნიერი, როცა შენს გარშემო ყველა გაუთავებლად წუწუნებს და მოთქვამს, რომ ცხოვრება უსამართლოა. პესიმისტებისთვის ეს ჩვეულებრივი მდგომარეობაა და ისინი ცხოვრების ყველა სფეროს ასე ტრაგიკულად აღიქვამენ. მოერიდეთ მოწუწუნე ადამიანებთან ურთიერთობას. თუკი თავადაც მიდრეკილი ხართ ასეთი ფიქრებისკენ და წუწუნი უკვე ჩვევად გექცათ, საკუთარ თავზე სერიოზული მუშაობა მოგიწევთ.

3. განუწყვეტელი ფიქრი წარსულსა და მომავალზე:

გახსოვდეთ, იცხოვრეთ დღეს და მოცემულ სიტუაციაში! ის, ვინც გამუდმებით ფიქრობს წარსულსა და მომავალზე, კარგავს თავის აწმყოს. ხშირად ადამიანი იციკლება რაიმე ნეგატიურზე და სულ უფრო იშვიათად ახსნედება კარგი ამბები. ამით ადამიანი თავს იტანჯავს, განსაკუთრებით ძილის წინ, როცა განუწყვეტლივ ფიქრობს, რომ რაღაც არასწორად გააკეთა. ნუ იფიქრებთ ძველ შეცდომებსა და წარუმატებლობებზე. თუკი რამე არ გამოგივიდათ, უბრალოდ გააანალიზეთ არსებული სიტუაცია და იარეთ წინ!

4. საკუთარი თავის სხვებთან შედარება:

საშინელი თვისებაა, როცა საკუთარ თავს გამუდმებით ვიღაცას ადარებ. თუკი ლიდერი ხართ, ყოველთვის გახსოვდეთ, რომ აუცილებლად გამოჩნდება სხვა, ვინც თქვენზე უკეთესი იქნება და ეს თქვენ საშინელ დარტყმას მოგაყენებთ. წარმატების საიდუმლო ის არის, რომ ყოველ ახალ დღეს უნდა იყოთ უკეთესი და უკეთესი. როცა რაღაცას აფასებთ, საკუთარი თავი ისევ და ისევ მხოლოდ საკუთარ თავს შეადარეთ. თქვენს შვილებსაც კი არ უთხრათ, რომ მათ სხვა სჯობია. ამან შეიძლება თქვენს შვილს კომპლექსი გაუჩინოს და ეს მთელი ცხოვრება გაყვეს, რაც დიდი დანაშაულია.

5. ნეგატივზე ფოკუსირება:

რთულია, მაგრამ მაინც აუცილებლად უნდა მოახერხოთ ნეგატივისგან თავის მაქსიმალურად დაცვა. იმაზე დიდი სასჯელი არაფერია, როცა სულ ცუდზე ფიქრობ. გასაგებია, რომ ვიღაც გაქურდეს, ვიღაც მოკლეს, ვიღაც დაჭრეს, მაგრამ ეს ცხოვრებაა, რომელიც სამწუხაროდ, ხანდახან სასტიკია. ასეთი ამბების მოსმენა არ მოგიტანთ ბედნიერებას, ამიტომ მაქსიმალურად იმუშავეთ საკუთარ თავზე, რომ მხოლოდ სასიამოვნო ამბებზე იფიქროთ.

6. გარშემომყოფთა მოსაზრებებზე დამოკიდებულება:

გამოუტყდით საკუთარ თავს, რომ სანამ რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებთ, ჯერ იმაზე ფიქრობთ, რას იტყვიან გარშემომყოფები. ეს არ არის კარგი გადაწყვეტილება. პირველ რიგში დაფიქრდით იმაზე, გულით გინდათ თუ არა ამ გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა და თუ ეს ასეა, მაშინ აუცილებლად განახორციელეთ საკუთარი იდეა და ამისთვის სულაც არ არის საჭირო ყველა საქმის კურსში ჩაყენოთ.

7. ცხოვრების გართულება:

ცხოვრება საინტერესოა, მაგრამ მარტივი სულაც არ არის. ბევრი ცხოვრებას ძალით ირთულებს. ადამიანებმა უნდა იფიქრონ იმაზე, რომ დატკბნენ ცხოვრებით და საკუთარ თავს პრობლემები თავად არ შეუქმნან.

გააზიარეთ