9 მარტი, 2015

ქართული ფილმი საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობს

nuca8ქართულ ფილმს “კრედიტის ლიმიტი” სოფიას 19-ე საერთაშორისო ზე აჩვენებენ. სალომე ალექსის იგივე ნუცა ალექსი-მესხიშვილის ნამუშევარი კინოფესტივალის ოფიციალურ საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობს.

ფილმის ჩვენებები 11 და 13 მარტს კინოს სახლში არის დაგეგმილი. ქართულ-ფრანგულ-გერმანული კოპროდუქცია უკვე დაჯილდოვდა არაერთ საერთაშორისო კინოფესტივალზე, მათ შორის ვენეციის კინოფესტივალზე როგორც საუკეთესო ფილმი.

“კრედიტის ლიმიტის” პროდიუსერი, რეჟისორი, სცენარის ავტორი და მემონტაჟე სალომე ალექსია, ოპერატორი ჟან-ლუი პადისი, მუსიკა რეზო კიკნაძეს ეკუთვნის, მხატვრობა სიმონ მაჩაბელს, კოსტიუმები ქეთი ალექსი-მესხიშვილს.

ფილმში მონაწილეობენ ნინო კასრაძე, ზანდა იოსელიანი, ანა ყაჭეიშვილი, ბაჩო ჩხეიძე, ნინო არსენიშვილი, თამარ მამულაიშვილი, დავით დარჩია, გიორგი ყიფიანი, თათული დოლიძე, თამაზ თევზაძე, ლიზა კალანდაძე.

ფილმის მთავარი გმირი, ორმოცი წლის ნინო ერთ-ერთი იმათგანია, ვინც უზრუნველად ცხოვრობდა საბჭოთა კავშირში, დღეს კი ცდილობს და ვერ ახერხებს, ფეხი აუწყოს ახალ ცხოვრებას. ის ყველა ღონეს ხმარობს ადრინდელი ცხოვრების დონის შესანარჩუნებლად, თუნდაც, გარეგნულად. ნინო პროცენტიან ვალებს იღებს, ერთი ვალის გასასტუმრებლად იღებს მეორეს და ნელ-ნელა ჩიხში შედის, საიდანაც უკან დასახევი გზა აღარ რჩება.

სალომე ალექსი – ნუცა ალექსი-მესხიშვილი თბილისის სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულია. ის მუშაობდა კოსტიუმების და დამდგმელ მხატვრად კინოსა და თეატრში. მომავალი რეჟისორი სწავლობდა სარეჟისორო ფაკულტეტზე პარიზის კინოსკოლაში, სადაც რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმი გადაიღო. მისმა მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა „ბედნიერება” ვენეციის 66-ე კინოფესტივალზე მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსის ჟიურის სპეციალური აღნიშვნა დაიმსახურა. რეჟისორმა სულ სამი მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადაიღო.

„კრედიტის ლიმიტი” სალომე ალექსის პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმია, რომლის პრემიერა ვენეციის კინოფესტივალზე სექციაში „ჰორიზონტები” შედგა.
სოფიას საერთაშორისო კინოფესტივალის შემდეგ, ქართველი რეჟისორის ნამუშევარი 2 აპრილიდან საქართველოს კინოთეატრებში გამოჩნდება.