6 მარტი, 2015

სვიმონ ჯანგულაშვილი: “ჩვენში ზეობს უკულტურობა!”

svi2სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდის ხელმძღვანელი სვიმონ ჯანგულაშვილი ანჩისხატის გუნდთან დაკავშირებით არსებულ პრობლემას ეხმაურება:

“ერთხელ ერთმა, მეტად გავლენიანმა და კიდევ უფრო მეტად ბიუჯეტიანმა მიტროპოლიტმა მითხრა – მგალობლებს რა ხელფასი გინდათო? ქრისტიანის მოვალეობა ისედაც ისაა, რომ შაბათ-კვირას ლოცვა-წირვაზე მოვიდესო და რომ მოხვალთ, თან უნდა უგალობოთო ღმერთსო, უსასყიდლოდო…

არადა, ხელფასს ღმერთს კი არ ართმევ რომ სანაცვლოდ გალობა დაუბრუნო, ხელფასი იმაშია საჭირო, რომ სხვა საზრუნავს, სხვა სამსახურს მოსწყდე და შენი დრო, ნიჭი, შრომა, ძალისხმევა, მეცადინეობა მუსიკალურ სრულყოფას, სამგალობლო რეპერტუარის გაზრდას, დახელოვნებას შესწირო.

თვითონ ეპისკოპოსებსა და მღვდლებს ყველაზე მეტად ევალებათ შაბათ-კვირასა და დღესასწაულებზე ეკლესიაში “მოსვლა” და რაღატომ აქვთ ეკლესიისაგან, ღვთისმსახურებისაგან, მრევლისაგან შემოსავალი? განა ისინი ყველაზე მეტად არ არიან ვალდებულნი და მოწოდებულნი, რომ მხოლოდ მოვალეობის, მხოლოდ უანგარო და უსასყიდლო სიყვარულის გამო ემსახურონ უფალს?

ხომ ცხადია, რომ ადამიანს უნდა გქონდეს საშუალება და დრო, რომ შენს პროფესიას და შენს მოწოდებას ემსახურო?

ჩვენ გუნდს ყოველ დღე 3-4 საათიანი რეპეტიციები აქვს, ლიტურგიაც 3-4 საათიანია.. თუ გინდა რომ კარგი გუნდი გყავდეს, კარგი მომღერლებით უნდა დააკომპლექტო. კარგი მომღერალი ცხოვრობს თავისი პროფესიით, მას სხვა შემოსავლის წყარო, ოჯახის გამოკვების სხვა საშუალება არ გააჩნია, გარდა სიმღერისა. შესაბამისად, კარგ მომღერალს უნდა მისცე იმდენი ხელფასი, რომ მან შეძლოს, თავი მიუძღვნას საქმეს.

… და მით უმეტეს, როდესაც საქმე ისეთი რანგის ხელოვანთ ან მეცნიერებს ეხება, როგორიც ანჩისხატელები არიან.

არ ვიცი რა ვთქვა – საქართველოში შრომას არ ვუფასებთ ანჩისხატელებს, საქართველოში არ ვაფასებთ ანზორ ერქომაიშვილს, ქართველები არაფრად მივიჩნევთ ჰამლეტ გონაშვილს, ჩვენ ვლანძღავთ ჩვენგან განსხვავებული გემოვნების ან მოსაზრებების მქონე ღვაწლმოსილ ხელოვანთ.. ჩვენ გარშემო ძალიან ბევრია ასეთი შემთხვევები, როცა არ ვუფასებთ ადამიანს მის შემოქმედებას, მის ღვაწლსა და შენატანს ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობაში…

ეს ნიშნავს რომ ჩვენში ზეობს უკულტურობა, ჩვენ არ გვჭირდება კულტურა, ხელოვნება.. ველურებად გადავიქცევით ნელ-ნელა და გავქრებით.. სამაგიეროდ, აღზევდებიან სხვადასხვა კანტორებში მოკალათებული, ფულზე დახამებული უტიფარი ჩინოვნიკები – ზოგი ჰალსტუხით, ზოგი პანაღიით რომ მალავს საკუთარ უგულობას.”