10 მარტი, 2015

საქართველო ბოლონიის წიგნის ბაზრობაზე წარსდგება

bo5საქართველოს ბოლონიის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე პირველად წარსდგება. პროექტი კულტურის სამინისტროსა და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ხორციელდება.

პირველად ქართული საბავშვო ლიტერატურა ბოლონიის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე საქართველოს ეროვნულ სტენდზე იქნება წარმოდგენილი. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ეროვნული სტენდის ფარგლებში, ქართული საბავშვო ლიტერატურა უცხოეთში, კერძოდ, ბოლონიის წიგნის ბაზრობაზე წარდგება. სტენდზე, საბავშვო წიგნზე ორიენტირებული 6 ქართველი გამომცემელი იქნება წარმოდგენილი. სტენდის კონცეფცია ქართველ გამომცემლებთან კონსულტაციების შედეგად შემუშავდა და დაიხვეწა. კონცეფციისთვის გამოიყენეს საგანგებოდ, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისთვის შექმნილი საავტორო ნამუშევარი, რომელიც ახალგაზრდა ქართველ ილუსტრატორს ანა ჩუბინიძეს ეკუთვნის.
ბოლონიაში დაგეგმილ ღონისძიებებში ჩართულნი არიან „წიგნის ხელოვნების ცენტრის“ წარმომადგენლებიც, რომლებიც საბავშვო წიგნის კრიტიკოსებს, ილუსტრატორებს და გამომცემლებს შეხვდებიან. ეროვნულ სტენდზე მოეწყობა ასევე 20-მდე ქართველი ილუსტრატორის ნამუშევრების გამოფენა.

კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით, ბოლონიის წიგნის საერთაშორისო ბაზრობის გარდა, საქართველოს ეროვნული სტენდი 2015 წლის გაზაფხულზე, ტრადიციულად, წარმოდგენილი იქნება ლაიფციგის და ლონდონის წიგნის ბაზრობებზეც. განახლებულ ეროვნულ სტენდებზე გამოიფინება ქართული ლიტერატურის უცხოენოვანი თარგმანები და ქართველი გამომცემლების უახლესი გამოცემები.

12 მარტს ლაიფციგის წიგნის ბაზრობის ფარგლებში მოეწყობა გერმანული გამომცემლობა „რაიჰარტის“ მიერ გამოცემული შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ – სასაჩუქრე გამოცემის პრეზენტაცია. ქართული წიგნის სექტორის განვითარებისა და საზღვარგარეთ პოპულარიზაციის მიზნით, დაგეგმილია ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლების შეხვედრები საერთაშორისო ბაზრობების წარმომადგენლებთან, უცხოელ გამომცემლებთან, ლიტერატურულ აგენტებთან და მთარგმნელებთან.