21 მარტი, 2015

მსოფლიო შედევრების საიდუმლო ამოხსნილია

001aპიზას კოშკი, თავისუფლების ქანდაკება, ეიფელის კოშკი, ფსინქსი მსოფლიოს გამორჩეული ღირსშესანიშნაობებია და მათზე ბევრი რამ არის ცნობილი, მაგრამ არის საინტერესო ფაქტები, რომლებიც საზოგადოების ყურადღების მიღმა დარჩა.

“არტინფო” გთავაზობთ მსოფლიო შედევრების საიდუმლო ფაქტებს, რომლებიც უკვე ამოხსნილია.

 

1. ჩინეთის კედელი – ყველაზე დიდი სასაფლაო

ბევრმა იცის, რომ ჩინეთის კედლის მშენებლობას 1700 წელზე მეტი დასჭირდა, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ მას მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ სასაფლაოს უწოდებენ. ამ კედლის მშენებლობის დროს, მძიმე სამუშაო პირობების გამო, მილიონზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია იმპერატორთა დინასტიებისთვის, რომ კედლის მშენებლობა უწყვეტი ტემპით გაეგრძელებინათ.

01

 

2. ლეონარო და ვინჩის საიდუმლო მუსიკა

2007 წელს იტალიელმა მუსიკოსმა ჯოვანი მარია პალამ განაცხადა, რომ ლეონარდო და ვინჩის ცნობილ ნახატზე “საიდუმლო სერობა” მუსიკალური ნოტები აღმოაჩინა. მუსიკოსის მტკიცებით, თუ ნახატზე სანოტო სისტემას დავხაზავთ, იესო ქრისტეს და მოციქულების ხელები მაგიდაზე დადებულ პურთან ერთად მუსიკალურ ნოტებს შექმნიან, რომლებიც აბსოლუტურად გასაგები გახდება, თუ მათ მარჯვნიდან მარცხნივ წავიკითხავთ. ცნობილია, რომ ლეონარდო და ვინჩი თავის ნახატებს მარჯვნიდან მარცხნივ ხატავდა. ნამუშევარზე არსებული სხვა მინიშნებები გვამცნობს ნელ მუსიკალურ რიტმს და ყოველი ნოტის ხანგრძლივობას. საბოლოოდ კი იქმნება 40 წამიანი ჰიმნი, რომლის შესრულებაც, იტალიელი მუსიკოსის მტკიცებით, ორღანზეა სასურველი. ჯოვანი მარია პალას მოსაზრებას იზიარებენ სხვა სპეციალისტებიც, რადგან მათი თქმით, ნახატზე სივრცე ჰარმონიულად არის დანაწილებული და იქ, სადაც ჰარმონიაა, მუსიკის პოვნაც ადვილად არის შესაძლებელი.

02

 

3. ეიფელის კოშკის საიდუმლო ოთახი

ეიფელის კოშკზე არის საიდუმლო ოთახი, რომელიც კოშკის ზედა ნაწილშია განთავსებული. მისი მფლობელი ინჟინერი, კოშკის შემქმნელი გუსტავ ეიფელია. 1890 წელს, როცა კოშკის გახსნიდან ერთი წელი გავიდა, ფრანგმა მწერალმა ანრი ჟირარმა განაცხადა, რომ გუსტავ ეიფელმა პარიზელებში საერთაშორისო ზიზღი დაიმსახურა. ეს შური და ზიზღი გამოწვეული იყო გუსტავის მიმართ არა იმიტომ, რომ ის იყო ძალიან მდიდარი, არამედ იმიტომ, რომ მას ეიფელის კოშკზე საკუთარი საიდუმლო ოთახი ჰქონდა.

03

 

4. ედვარდ მუნკის “ყვირილი”

ედვარდ მუნკის “ყვირილი” XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარია. ის იმდენად ღირებულია, რომ მისი მოპარვა რამდენჯერმე სცადეს. ედვარდ მუნკის განმარტებით, “ყვირილის” დახატვა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მეგობრებთან ერთად სეირნობისას დაინახა, როგორ სისხლისფრად გაწითლდა ცა. მხატვარმა შეიგრძნო ბუნების დაღლილობა და გარკვევით გაიგონა მისი განწირული ყვირილი. წლების განმავლობაში უცნობი იყო ამ ნახატის შექმნის რეალური მიზეზი და ყველაფერს მხატვრის ფანტაზიას მიაწერდნენ, თუმცა საბოლოოდ გაირკვა, რომ იმ დღეს ცა მართლაც სისხლივით წითელი იყო, რადგან ინდონეზიაში კრაკატოას ვულკანი ამოიფრქვა.

04

 

5. პიზას კოშკის უცნობი ავტორი

პიზას კოშკი ნამდვილად ერთ-ერთი შედევრია მსოფლიოში, თუმცა ის არის როგორც გამორჩეული ღირსშესანიშნაობა, ასევე დღემდე ამოუცნობი ნაგებობა. მთელი მსოფლიოსთვის ცნობილია მისი გადახრის მიზეზი, ეს სუსტი საძირკველია, მაგრამ ამ დრომდე გაურკვეველია ვინ ააშენა პიზას კოშკი. ამის მთავარი მიზეზი კი ის არის, რომ კოშკი 200 წლის განმავლობაში შენდებოდა. ისტორიკოსებს მიაჩნიათ, რომ მისი ავტორი ბონანო პიზანოა, თუმცა ესეც დავის საგანია. ასეთი ტიპის ნაგებობები მრავლად იყო X საუკუნეში, რომლებიც ქალაქის ძლიერების და სიმდიდრის სიმბოლოს წარმოადგენდნენ.

05

 

6. მიქელანჯელოს “საშინელი სამსჯავრო”

გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე რომის პაპმა კლიმენტ მეშვიდემ მიქელანჯელოს სთხოვა მოეხატა სიქსის კაპელის კედელი და მასზე “საშინელი სამსჯავრო” აღებეჭდა. ნამუშევარზე უნდა ასახულიყო იესო ქრისტეს მეორედ მოსვლა. ნამუშევარმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია იმის გამო, რომ მიქელანჯელომ რამდენიმე პერსონაჟი შიშველი დახატა, მათ შორის იესო ქრისტე და მისი დედა მარიამი. ეს არ მოეწონა კარდინალს და მან დაიწყო კამპანია, რომლის მიზანიც ფრესკის განადგურება იყო. გაკეთდა განცხადებები, რომ ეს ნახატი აბანოს ან რომელიმე ტავერნას უფრო შეესაბამებოდა, ვიდრე ეკლესიას. ამ ფაქტმა ისე გააბრაზა მიქელანჯელო, რომ მან ჯოჯოხეთის მეფე მინოსის სახის ნაცვლად, ჩეზენას სახე დახატა, თან ვირის ყურები მიახატა, რომ ჩეზენას სიბრიყვეზე მიეთითებინა. შიშველი ადამიანები ეკლესიის ფრესკაზე 1564 წლამდე დარჩნენ, სანამ სასულიერო პირებმა არ მიიღეს გადაწყვეტილება მათ შემოსვასთან დაკავშირებით. 1993 წელს ჩატარებული რესტავრაციისას, დაფარული სხეულები სპეციალისტებმა ისევ გააშიშვლეს და აღმოაჩინეს, რომ მიქელანჯელომ მინოსს ტანზე გველი შემოახვია, რომელიც მას სასქესო ორგანოზე კბენს.

06

 

7. თავისუფლების ქანდაკების საიდუმლო ჯაჭვი

მიუხედავად იმისა, რომ თავისუფლების ქანდაკება მთელს მსოფლიოშია ცნობილი, კაცობრიობის უმეტესობამ არ იცის ამ ქანდაკების კავშირი მონობასთან. ცნობილი ფრანგი პოლიტიკოსი და მონობის ლიკვიდაციის მხარდამჭერი ედუარდ დე ლაბულე პრეზიდენტ ლინკოლნის მხარდამჭერი იყო, რომელიც თავის მხრივ მონობის წინააღმდეგ იბრძოდა. ქანდაკება, რომელიც ამერიკას ფრანგებმა აჩუქეს, თავისუფლების, დემოკრატიის და ყველანაირი მონობის აღკვეთის სიმბოლოა. აი, ამიტომაც თავისუფლების ქანდაკების მარცხენა ფეხთან გაწყვეტილი ჯაჭვის ნახვაა შესაძლებელი. ტურისტები იშვიათად ხედავენ ამ ჯაჭვს, რადგან მისი დანახვა მხოლოდ ზემოდან არის შესაძლებელი.

07

 

8. მადამ იქსის პორტრეტი

მადამ იქსის პორტრეტი მსოფლიოში ცნობილი პორტრეტია და მასზე ფრანგი გოგონა ვირჯინია გორტოსია დახატული. მისი ავტორი ჯონ სინგერ სარჯენტომია. მართალია ამ პორტრეტმა მხატვარი პოპულარული გახადა, მაგრამ არა კარგი გაგებით. როცა ეს პორტრეტი პარიზის სალონში გამოფინეს, ის დაცინვის და კრიტიკის ობიექტი გახდა. მთავარი მიზეზი კაბის წვრილი სალტე იყო, რომელიც გოგონას მხარზე ჰქონდა ჩამოცურებული და საკმარისზე მეტად აშიშვლებდა მას. ამ ფაქტმა იმდენად დიდი სკანდალი გამოიწვია, რომ მხატვარი იძულებული გახდა საცხოვრებელი ადგილი შეეცვალა. მოდელის ოჯახი დაამცირეს, ამიტომაც მათ მხატვრისგან ნამუშევარში ცვლილების შეტანა მოითხოვეს. საზოგადოების დასაშოშმინებლად ჯონ სინგერ სარჯენტომმა კაბის სალტე “აწია” და გოგონას ზუსტად მხარზე დაუხატა. ნახატისთვის მეტი ანონიმურობის მინიჭებისთვის კი მას “მადამ იქსის პორტრეტი” დაარქვა.

08

 

9. დიდი სფინქსი წვერის გარეშე

დიდი სფინქსი – უზარმაზარი ლომი ადამიანის თავით ჰეფრენის პირამიდის მცველია. დამთვალიერებელთა უმრავლესობა მისი დათვალიერებისას მხოლოდ იმაზე ფიქრობს, რატომ არ აქვს ცხვირი, მაგრამ ძალიან ცოტამ თუ იცის ისტორია სფინქსის წვერის შესახებ. თავდაპირველად სფინქსს წვერიც არ ჰქონდა, თუმცა მოგვიანებით მას წვერი მიამაგრეს ეგვიპტის ერთ-ერთ ღმერთთან კავშირის გამო. მისი წვერი ეგვიპტელი ფარაონებისთვის ძალაუფლების სიმბოლო იყო. სფინქსის წვერის მესამედი ბრიტანეთის მუზეუმში ინახება. ის მუზეუმს იტალიელმა ეგვიპტოლოგმა ჯოვანი კავიგლიამ გადასცა. მან გათხრები ამ ტერიტორიაზე 1817 წელს აწარმოა. წვერის დანარჩენი ნაწილები კი 1925 და 1926 წლებში იქნა ნაპოვნი.

09

 

10. სალვადორ დალის “რბილი საათები”

სალვადორ დალის “რბილი საათები” სახვითიხელოვნების ერთ-ერთი შედევრია. ამ ნახატის შექმნასთან დაკავშირებით უამრავი ინტერპრეტაცია არსებობს, თუმცა თავად მხატვარს არასოდეს მოუყოლია ამ ნამუშევრის შექმნის ისტორია. ხელოვნებათმცოდნე დონ ედსმა ხანგრძლივი კვლევის შემდეგ დაადგინა, რომ დალის “რბილი საათები” გარემოსა და დროის ფარდობითობის ქვეცნობიერი სიმბოლოა. როდესაც მხატვარს ჰკითხეს, რამდენად სწორია ამ ნახატის დაკავშირება აინშტაინის ფარდობითობის თეორიასთან, მან უპასუხა, რომ ეს მისი სიურეალისტური ხედვაა მზეზე დარჩენილ მდნარ ყველთან დაკავშირებით.

10