12 მარტი, 2015

მიშა გომიაშვილი: ,,შეურაცხყოფილი ვარ!”

m2მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი მიშა გომიაშვილი დიზაინერ ზვიად ცოკალიას განცხადებას ეხმაურება საქართველოს წილხვედრობასთან დაკავშირებით.

“მძიმე კაცთან” სტუმრობისას დიზაინერმა განაცხადა, რომ საქართველოს, რომელსაც მხოლოდ ხინკალი აქვს, წილხვედრი ქვეყნის სტატუსზე პრეტენზია არ უნდა ჰქონდეს:

“სიმართლე გითხრათ გაოგნებული ვარ… თქვენ დიდებული ადმიანების ოჯახში დაიბადეთ და გაიზარდეთ, ხელოვანი ხალხის ოჯახში, სკოლაც მგონი საქართველოში დაამთავრეთ, თქვენ სულ რაღაც ათი წლით ხართ ჩემზე ახალგაზრდა, მაშინ საქართველოს ისტორიას კარგად გვასწავლიდნენ სკოლაში… არ იწყება საქართველოს ისტორია 2003 წლიდან… სვეტიცხოველი ვინ და სად ააგო?… ან ვეფხისტყაოსანი ვინ დაწერა? ან თამარი არ ყავდა საქართველოს? ან დავითი? მიქელანჯელოს რომ ახსენებთ დამიანე არ გახსნდებათ? იყო ასეთი ფერმწერი XIV საუკუნის ქართველი მხატვარი, ვინც უბისის ეკლესია მოხატა… არც ფიროსმანი იყო ამქვეყნად? არც გუდიაშვილი? მსგავსი ბუმბერაზი მხატვრების სია ძალიან დიდი გამომივა…. პავაროტიო ბრძანებთ, რა ვუყოთ პაატა ბურჭულაძეს? და მთელ ქართველ ქალბატონებს, ოპერის მომღერლებს ვგულისხმობ, რომლებმაც დაიპყრეს მსოფლიო საოპერო სცენები, ფელინი ქართულ კინოზე რა აზრისაც იყო თავად მოგეხსენებათ, მგონია… მარტო ოთარ იოსელიანი უკვე საკმარისია, რომ არ ვახსენოთ სხვა დიდი რეჟსორები, მაგალითად მიხეილ კალატოზიშვილი, იმედია გაგიგიათ… კიდევ რომელ სფეროში გნებავთ? არ არსებობს თურმე ვაჟა, აკაკი, გალაკტიონი?

რატომ ვართო წილხვედრი ქვეყანაო? ბრძანებთ… “ქართლის ცხოვრება” გვამცნობს: “და შემდგომად ამაღლებისა უფლისა, რა ჟამს წილ იგდეს მოციქულთა, მაშინ ყოვლად წმიდასა ღმრთის მშობელსა წილად ხვდა მოქცევად ქვეყანა საქართველოსა” (“ქართლის ცხოვრება”, რედაქტორ-გამომცემელი ს. ყაუხჩიშვილი, I, გვ. 37).

ბატონო ზვიად, სხვა ვინ ან რომელი ქვეყანა იტყვის წილხვედრი ქვეყანა ვართო, ეს მათი ნებაა, უნდათ თქვან, უნდათ არა, ღმერთმა კარგად ამყოფოთ…

გეთანხმებით “ლამბორგინი”, “ბუგათი” და “ფერარიც” დიდებული მანქანებია… მაგრამ ეჭვი მეპარება, რომელიმე იტალიელმა თავისი ქვეყანა სპაგეტის შეადაროს… და თუ თქვენთვის საქართველო მხოლოდ სახინკლეა… ძალიან გული მწყდება, მეტსაც გეტყვით, შეურაცხყოფილი ვარ…”