27 მარტი, 2015

იოსებ კეჭაყმაძეს მემორიალური დაფა გაუხსნეს

ioseb4ცნობილ ქართველ კომპოზიტორს, ქართული საგუნდო მუსიკის ერთ-ერთ გამორჩეულ წარმომადგენელს იოსებ კეჭაყმაძეს 76 წლის იუბილეზე მემორიალური დაფა გაუხსნეს.

27 მარტს მის დაბადების დღეზე კომპოზიტორის პატივსაცემად “საქართველოს მუსიკალური საზოგადოების” თავმჯდომარის მანანა ახმეტელის ინიციატივით, თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე, იოსებ კეჭაყმაძის საცხოვრებელი სახლის ფასადზე მემორიალური დაფა გაიხსნა.

საქართველოს სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველის, ზაქარია ფალიაშვილისა და სახელმწიფო პრემიების ლაურეატი ქართული საგუნდო მუსიკის ნოვატორად და რეფორმატორად არის აღიარებული. კომპოზიტორს შექმნილი აქვს როგორც დიდი, ისე მცირე ფორმის 350-ზე მეტი საგუნდო ნაწარმოები, საეკლესიო საგალობლები, მუსიკა დრამატული სპექტაკლების, კინოფილმებისა და მიუზიკლებისთვის.

მანანა ახმეტელი:

“…კარგა ხანია ჩამოყალიბდა მაღალი აზრი იოსებ კეჭაყმაძის შემოქმედების შესახებ. იგი აღიარებული ოსტატია, საგუნდო მუსიკის ნოვატორია. ავტორია უნიკალური საგუნდო პარტიტურებისა. მათ შორისაა ჭეშმარიტი შედევრები, რომლებიც შევიდა ქართული მუსიკის საგანძურში.

იოსებ კეჭაყმაძემ მნიშვნელოვანი ძვრები მოახდინა საგუნდო აზროვნებისა და საკომპოზიტორო ტექნიკის სფეროში. ეროვნულ ნიადაგზე მყარად მდგარი კომპოზიტორი ოსტატურად და მახვილგონივრულად იყენებს თანამედროვე მუსიკალური ხელოვნების მიღწევებს, ამჟღავნებს გამომგონებლობასა და ფანტაზიას. მან საგრძნობლად გააფართოვა საგუნდო მუსიკის გამომსახველობითი ხერხებისა და საშუალებების წრე. გაამდრიდრა იგი ახალი ფორმებითა და იდეებით. კომპოზიტორი ვირტუოზულად ფლობს საგუნდო ბგერწერისა და კონტრაპუნქტული აზროვნების საიდუმლოებებს.

იოსებ კეჭაყმაძე კონცეპტუალურად მოაზროვნე კომპოზიტორია. პოეტური და ამაღლებულია მის მიერ შექმნილი სამყარო, რომელშიც თანაარსებობს ლირიკა და იუმორი, ტრაგიზმი და გროტესკი იგი მიმართავს ქართული პოეზიისა და ხალხური ზეპირსიტყვიერების მაღალმხატვრულ ნიმუშებს, მღელვარედ გადმოგვცემს სულიერსა და ფილოსოფიურ განცდებს.

იოსებ კეჭაყმაძე კომპოზიტორი – ფერმწერია. მდიდარი და მრავალფეროვანია მისი ტემბრული პალიტრა, რომელიც წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს ხატოვანი და ნატიფი აკუსტიკური ეფექტებით, ინტონაციური სახოვანებით. მისი მუსიკის სახვითი მხარე ზედმიწევნით დახვეწილია და კონცენტრირებული.

იოსებ კეჭაყმაძეს დაწერილი აქვს სასილიერო ჰიმნებიც, რომლებსაც ეკლესიებშიც გალობენ და მუსიკალურ სასწავლებლებშიც. მან ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო ქორალების წერა, როცა სასულიერო მუსიკა აკრძალული და მივიწყებული იყო.

ტექნიკურ-ტექნოლოგიური ნოვაციებით შეიარაღებული კომპოზიტორი არ ღალატობს ეროვნულ იდეალებსა და მარადიულ ეთიკურ-ესთეტიკურ ფასეულობებს. მას თამამად შეიძლება ეწოდოს კომპოზიტორი-ნოვატორი და კომპოზიტორი-კლასიკოსი.”