როგორ გაუძლო ლევან გოთუამ 22 წლიან პატიმრობას?

10 მარტი, 2015

levan-gotua710 მარტს ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ლევან გოთუას დაბადებიდან 110 წელი შესრულდა. ცხოვრების 68 წლიდან მან 22 წელი ციხეში გაატარა. ის გასული საუკუნის 20-იანი წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის თვალსაჩინო წარმომადგენელი და საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი იყო. საბჭოთა რეჟიმის მიერ სამჯერ იქნა დაპატიმრებული.

წითელი არმიის შემოსვლის დროს, ის მოხალისედ წავიდა წითელი ეპიდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად, თუმცა ჯანმრთელობის გაუარესების გამო უკან დააბრუნეს. 1924 წელს გოთუების ოჯახი “ჩეკისტებმა” “მოინახულეს” და ლევან გოთუა მამასთან, პართენ გოთუასთან ერთად დააპატიმრეს. 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ მამა-შვილი სრულიად მოულოდნელად გამოუშვეს ციხიდან, მაგრამ ერთი წლის შემდეგ მწერალი ისევ დააპატიმრეს. მისი ბინიდან ჩხრეკის შედეგად ამოიღეს 78-ფურცლიანი ანტისაბჭოთა მიწერ-მოწერა, რომელიც გაეგზავნა ლავრენტი ბერიას. მწერალი სოლოვეცკში გადაასახლეს და განსაკუთრებით მკაცრი ზედამხედველობა დაუწესეს. ერთი წლის შემდეგ ლევან გოთუა საკონცენტრაციო ბანაკიდან გაათავისუფლეს, მაგრამ მას პატიმრობა თავისუფალი გადასახლებით შეეცვალა, აეკრძალა 6 ცენტრალურ პუნქტსა და სასაზღვრო გუბერნიაში ცხოვრება. ოჯახმა ლევანს საცხოვრებლად ვლადიკავკაზი შეურჩია იმ იმედით, რომ სწავლას გააგრძელებდა. როგორც კი მწერალს გადასახლების ვადა ამოეწურა, მას ვადა კიდევ სამი წლით გაუზარდეს.

ლევან გოთუამ რამდენიმე ახალგაზრდასთან ერთად, საბჭოთა ტერორისაგან გაქცევის მიზნით საზღვარგარეთ გაქცევა გადაწყვიტა, მაგრამ ეს ცდა წარუმატებელი აღმოჩნდა. გაქცეულები მდინარე ჭოროხის გადაცურვისას დააკავეს და სამშობლოს მოღალატეებად და ჯაშუშებად მონათლეს.

ლევან გოთუას მიესაჯა სამი წლით ტუსაღობა საკონცენტრაციო ბანაკში. როცა ის ოჯახს დაუბრუნდა, ისევ აღრიცხვაზე აიყვანეს, პასპორტის გაცემასა და თბილისში ჩაწერაზე უარი უთხრეს და თბილისის დატოვების 24 საათიანი ვადა მისცეს. ამ პერიოდში მწერალი ცოტა ხანს წალკაში ცხოვრობდა.

ლევან გოთუას განსაცდელი ამით არ დასრულებულა. ის კვლავ დააპატიმრეს, ბრალად სამშობლოს ღალატი წაუყენეს და ვორკუტის შრომა-გასწორებით ბანაკში 10 წლით გაამგზავრეს. ლევან გოთუას გადასახლება გაპროტესტებულ იქნა დანაშაულის დაუმტკიცებლობის გამო და დღის წესრიგში მისი რეაბილიტაციის საკითხიც დადგა. პროტესტი გათვალისწინებულ იქნა და რეაბილიტირებული 55 წლის მწერალი სამშობლოში დაბრუნდა.

ლევან გოთუამ ცხოვრების ურთულეს წლებს ვაჟკაცურად გაუძლო, განსაკუთრებით გადასახლებაში, სამშობლოსგან შორს. პატიმარს ჩამორთმეული ჰქონდა წერის უფლება, მაგრამ ის მაინც წერდა, ფურცლებს მიწაში მალავდა და შემდეგ ეს ფურცლები ხის მორებში ჩამალული მალულად გამოჰქონდა.

ლიტერატურული მოღვაწეობა ლევან გოთუამ 36 წლის ასაკში დაიწყო. მისი შემოქმედება მთლიანად საქართველოს ისტორიას ეძღვნება, თუმცა გამორჩეულია რომანი “გმირთა ვარამი”. ეს ოთხნაწილიანი ისტორიული რომანი ლევან გოთუამ ვორკუტის საპატიმროში დაწერა.

„კრწანისის სევდა“, „ხანძთის ზარი“, „უგზო ქარავანი“, „ლეკვი ლომისა“, „ნისლი ნახატარის ტყეში“, „ფიქრები თოკის კიბეზე“, „ფრესკის მეორე დაბადება“, „მეფე ერეკლე“, „უძლეველნი“, „დავით აღმაშენებელი“, „სამსახეობა რაინდისა“ – ეს ის ნაწარმოებებია, რომელიც შეიყვარა მკითხველმა და ბევრი მათგანი ქართული თეატრის სცენაზეც იდგმებოდა.

მწერალი 68 წლის ასაკში გარდაიცვალა, მას ისტორიული რომანი „მითრიდატე“ დაუმთავრებელი დარჩა. თავდაპირველად ლევან გოთუა თავის საყვარელ არმაზში დაკრძალეს, მოგვიანებით კი მცხეთის სამთავროს ეზოში გადაასვენეს.

გააზიარეთ

 
...