როგორი იყო სოფიკო ჭიაურელის უკანასკნელი დღეები?

2 მარტი, 2015

chiaureli7772 მარტი ქართული კინოს და თეატრის ვარსკვლავის სოფიკო ჭიაურელის გარდაცვალების დღეა. წელს ამ დღეს მისი ოჯახის წევრები უკვე მეშვიდედ შეიკრიბნენ დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. მსახიობი 71 წლის ასაკში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. ამის მიუხედავად, ის სნეულებისგან დასუსტებული და დაუძლურებული არავის უნახავს, თავის კოლეგებსაც კი. სიცოცხლის ბოლო დღეებში ის მხოლოდ ოჯახის წევრების გარემოცვაში იმყოფებოდა.

მსახიობს მისი შვილი, მხატვარი ნიკუშა შენგელაია ყოველთვის დიდი სიყვარულით იხსენებს:

***

დედას თავისი პროფესია სულით ხორცამდე უყვარდა. ბევრი ამბობს, რომ მსახიობობა ცოდვაა. ასე რომ ჰგონებოდა დედასაც, ალბათ არ იქნებოდა მსახიობი. რა თქმა უნდა, სოფიკო თვლიდა, რომ მსახიობობა ცოდვა არ იყო. შეიძლება ანაფორა გეცვას ადამიანს, მაგრამ უფრო ცოდვილი იყო, მაგრამ შეიძლება მათხოვარი იყო, ქუჩაში ხელს იწვდიდე და უფრო “ბლაჟენნი” იყო. ეს ყველაფერი ადამიანზეა დამოკიდებული. მსახიობობა სხვა განცდაა. მსახიობობა არის ზუსტად ცხოვრების ის სარკე, რომელიც ადამიანს ეხმარება ზუსტად დაანახოს ის მორალი, რომელიც ცხოვრებაში საჭიროა. თუმცა არის ამორალური გზაც, ამაზე ჩვენ არ ვსაუბრობთ. მსახიობობა არის პროფესია, რომელიც ადამიანს ყოველთვის სჭირდებოდა, სჭირდება და მომავალშიც დასჭირდება, რომ დაინახოს თავისი თავი სარკეში.

***

მას შემდეგ, რაც დედა აღარ არის, ცოტა მოვუხშირე ტაძარში სიარულს, თუმცა ალბათ ისე ვერა, როგორც საჭიროა. საერთოდ შეიძლება ვცდები, მაგრამ ვფიქრობ, რომ როცა გულში წრფელად შენთვის ლოცულობ, ის ლოცვა მაინც მიდის ღმერთთან. ადგილს არ აქვს მნიშვნელობა, სად ლოცულობ. ჯობია, წრფელად ილოცო, ვიდრე ტაძარში იდგე და ლოცვას ვერ ახერხებდე.

***

როცა დედა ავად გახდა, გულზე წმინდა ნიკოლოზის ხატი დავიკიდე. მანამდე ჯვარი მეკიდა. ისევ იქამდე მივედით, მოვიდა განსაცდელი და შევევედრე წმინდა ნიკოლოზს. ეს ასეა, როგორც კი ადამიანი რაღაცის მიმართ ხდება უსუსური, იმ წუთში ღმერთი ახსენდება. ეს რომ ასე არ იყოს, კაცობრიობას შიზოფრენია ექნებოდა. ის გაჭირვებაც აუცილებელია, რომ ადამიანი გამოიწრთო და სულიერად გაძლიერდე. არ მიყვარს, როცა იძახიან, უფალი სჯის; უფალი არასოდეს სჯის. უფალი კი არ სჯის, თვითონ ვსჯით საკუთარ თავს. უფალი განსაცდელს კი არ დაუშვებს, გადაარჩენს იმ ნაწილს, რომელმაც სწორად და სიყვარულით იცხოვრა.

***

როგორ შეიძლება, ერთი დღე მაინც ისე გავიდეს, რომ სოფიკო არ გამახსენდეს. ახლაც მის სახლში ვართ, ჩვენ სულ აქ ვტრიალებთ. მარტო მე კი არა, სოფიკო ხალხსაც საოცრად ენატრება. ისეთი დატირება ვნახე ხალხის მიერ დედაჩემის, რომ ნამდვილად გაოგნებული დავრჩი. კი ვიცოდი, რომ სოფიკო უყვარდათ, მაგრამ ასე თუ ყვარებიათ, ნამდვილად არ ვიცოდი. ერთმანეთს უსამძიმრებდა ხალხი. დღესაც, სასაფლაოზე რომ მივდივარ, მეყვავილეები მეუბნებიან, სულ ხალხია, სულ ყვავილები დევს, გატანას ვერ ვასწრებთო. თან ხანდახან კეტავენ პანთეონს, ხალხმა იცის, სად არის დაკრძალული და კედლიდან ისვრიან ყვავილებს. იმხელა სიყვარული მაჩვენა ქართველმა ხალხმა დედაჩემის მიმართ, რომ ამ სიყვარულს, როგორც შევძლებ, ისე დავაბრუნებ.

გააზიარეთ